წვდომის მენიუ

შპს ,,ალტ ინფოს“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ედუარდ მარიკაშვილის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-22-16 / 145

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2022 17:04

მიღების თარიღი მარტი 24, 2022

შპს ,,ალტ ინფოს“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ედუარდ მარიკაშვილის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ ფიზიკურმა პირმა ედუარდ მარიკაშვილმა შპს ,,ალტ ინფოს“ წინააღმდეგ საჩივრით (№22-10-246, 4.03.2022) მიმართა. საჩივარში აღნიშნულია, რომ ის არის ორი მცირეწლოვანი ბავშვის მშობელი, აქვს სურვილი მისი შვილები ცხოვრობდნენ თავისუფალ, უსაფრთხო საქართველოში, მიაჩნია, რომ რუსეთი, როგორც კაცობრიობის საფრთხე და მისი პროპაგანდა მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს აყენებს ზიანს და ახდენს მათზე პირდაპირ და უშუალო გავლენას, მათი მომავლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს რეალურ საფრთხეს. საჩივარში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია ,,ალტ ინფო“ სამართალდამრღვევად უნდა იქნეს ცნობილი არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მქონე ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის რესპუბლიკაში დაწყებულ ომის, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევას, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ამართლებს და აიდეალებს. საჩივარში მითითებულია, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის   შემთხვევაში   კომისია   ვალდებულია   განიხილოს   შესაბამისი   საკითხი.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე.

საჩივარში აღნიშნულია, რომ კომისიამ 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/236 გადაწყვეტილებით, დანაშაულის გამართლების საფუძვლით, სამართალდამრღვევად უკვე სცნო ტელეკომპანია ,,ალტ ინფო“. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, შპს ,,ალტ ინფოს“ ეთერში გადაცემული პროგრამა შეიცავდა ინფორმაციას და მოსაზრებებს, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში (მაგალითად არასრულწლოვნის აღზრდის მიზნით) ამართლებდა და დადებითად აფასებდა ქმედებებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,  118-ე, 120-ე, 126-ე მუხლების მიხედვით დანაშაულად არის კვალიფიცირებული, შესაბამისად, კომისიამ დაასკვნა, რომ პროგრამაში დადებითად იყო შეფასებული დანაშაული, რაც მას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროგრამად აქცევდა. ამდენად, კომისიის პრაქტიკიდან შეიძლება გამოტანილ იქნეს დასკვნა, რომ ზემოციტირებული საკანონმდებლო საფუძვლით მაუწყებლის სამართალდამრღვევად ცნობისთვის საჭიროა ზემოაღნიშნული კუმულატიური სამართლებრივი წინაპირობების დაკმაყოფილება: 1. სახეზე უნდა იყოს დანაშაულებრივი ქმედება 2. უნდა ხდებოდეს ამ დანაშაულის მოწონება/გამართლება ან/და კრიმინალის გაიდეალება. 3. პროგრამა განთავსებული უნდა იყოს 6 საათიდან 24 საათამდე პერიოდში.

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2022 წლის 2 მარტს, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით 37-მა სუვერენულმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  და  მოითხოვა  2022  წლის  24  თებერვალს რუსეთის   ფედერაციის  მიერ  უკრაინის  რესპუბლიკაში ინტერვენციის ფარგლებში რუსეთის  მიერ ლეტალური ძალის მშვიდობიანი მოსახლეობის წინაააღმდეგ არადისკრიმინაციულად გამოყენების  ფაქტებზე  გამოძიების დაწყება და რუსეთის ფედერაციის ცნობა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის  დამრღვევად. გავრცელებული ცნობებით, რუსეთის ფედერაციის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა ლეტალური  გამანადგურებელი  საშუალებების  სამოქალაქო დანიშნულების  მქონე ობიექტებზე  გამოყენებამ ასეულობით მშვიდობიანი მოსახლის   სიცოცხლე   შეიწირა (www.nbcnews.com/nightly-news/video/thousands-of-civilians-killed-as-russia-intensifies-attacks-in-ukraines-major-cities-134448197883;www.abc.net.au/news/2022-03-03/more-than-2000-ukrainian- civilians-killed-in-russian-invasion/100877338). გარდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა,  რუსეთის  ფედერაციის  ქმედება    დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს საქართველოს  სისხლის  სამართლის კოდექსის 404 - 413   მუხლების   კონტექსტშიც, რომლებიც   მიემართება  კაცობრიობის  მშვიდობის,   უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას. მაგალითად, კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კრიმინალიზებულია  დანაშაული  ადამიანურობის წინააღმდეგ, ხოლო 411-ე  მუხლის თანახმად, დანაშაულადაა გამოცხადებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების  განზრახ  დარღვევა  შეიარაღებული  კონფლიქტის  დროს.  ამდენად,  როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე საქართველოს სუვერენული პოზიციაა, რომ 2022 წლის 24  თებერვლის  შემდეგ რუსეთის  ფედერაციის  მიერ  უკრაინის რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის ფარგლებში რუსეთის ფედერაცია უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს და სჩადის  ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ,,ალტ ინფო“ ცდილობს ზემოაღნიშნული ინციდენტებისთვის  პოლიტიკური   და  მორალური გამართლების  მოძებნას, რითაც ამართლებს ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, გადაცემები გავიდა 6 საათიდან 24 საათამდე პერიოდში, კერძოდ: 28 თებერვლის გადაცემა ,,დილის კომენტარში“ 14:17:56 სთ-ზე ისმის გადამცემის წამყვანის შემდეგი კითხვა:  ,,ჩვენ  ვსაუბრობდით პაატა ზაქარეიშვილთან ერთად და მან აღნიშნა, რომ პუტინი არ იყო მზად იმ საფრთხისთვის, უფრო სწორად იმ პასუხისთვის, რომელიც მიიღო დასავლეთიდან: სანქციებისთვის, გაერთიანებული დასავლეთის  მიღებისთვის, იმ ყველაფრისთვის,  რაც  მას  მოუწყვეს  უკრაინაში  შეჭრის შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვლადიმერ პუტინი, პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი...ის არ არის ემოციურად გაუცნობიერებელი, როგორც არის, მაგალითად, ზელენსკი, რამდენად შესაძლებელია, რომ ვლადიმირ პუტინს გათვლილი არ ჰქონდა ყველა შესაძლო ნაბიჯი, ყველა შესაძლო  სანქცია და ყველა შესაძლო საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა წამოსულიყო დასავლეთიდან, ვიდრე ომს დაიწყებდა და რამდენად მოუმზადებელმა დაიწყო ეს სამხედრო მოქმედებები, თუ ამას მივაბამთ ბორელის განცხადებას, რომ მათ არ შეუძლიათ, რომ განსაკუთრებული სანქციები დაუწესონ (SWIFT-დან ამოაგდონ და ა.შ.)“ (www.myvideo.ge/tv/altinfo/2022-02-28/14:22:00), ხოლო 14:22:12  სთ-ზე გადაცემაში მოწვეული  სტუმარი  ამბობს  შემდეგს:  ,,ბრძოლის სხვა მეთოდზე არის ახლა რუსეთი გადასული და მაქსიმალურად ცდილობს მშვიდობიან მოსახლეობაში და მშვიდობიან დასახლებებში არ იყოს მსხვერპლი... რა თქმა უნდა გარდაიცვალნენ (ადამიანები), რა თქმა უნდა დაინგრა სახლები, მაგრამ არა ის რაოდენობა, რომელზეც იქნებოდა აქ სიტუაცია დაძაბული...“ (www.myvideo.ge/tv/altinfo/2022-02-28/14:22:00).  28  თებერვლის  გადაცემა ,,დღის კომენტარში“ 12:51:22 სთ-ზე, როდესაც გადაცემაში მოწვეული სტუმარი უარყოფითად აფასებს ვლადიმერ პუტინს და მის ქმედებებს, გადაცემის წამყვანისგან ხდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის და მისი ქმედებების გაიდეალიზება შემდეგი სტყვებით:,,მსოფლიოს აშინებს (ვლადიმერ პუტინი) თავის ჭკუაზე ატრიალებს, მისი ეშინია მთელს მსოფლიოს.“. (www.myvideo.ge/tv/altinfo/2022-02-28/12:51:01). 23 თებერვლის გადაცემა ,,დღის კომენტარი 16 საათზე“ 16:13:03 სთ-ზე ისმის წამყვანის შემდეგი სიტყვები:

,,დასავლეთის პროვოკაციული პოლიტიკა  არ  იცვლება,  ზუსტად  იგივე  სცენარით მიიყვანეს რუსეთსა და  უკრაინას შორის მდგომარეობა ამ  უკიდურეს წეერტილამდე, როგორც 2008 წელს მიიყვანეს საქართველოსა და რუსეთს შორის“, ხოლო 16:13:37 სთ-ზე:

,,ორი ქვეყანა დააჯახეს ერთმანეთს... ყველაზე მეტად დაზარალებული აღმოჩნდა უკრაინა, რომელმაც დაკარგა ტერიტორიები, გაუნადგურდა ეკონომიკა და ქვეყანა არის სრული კოლაფსის წინაშე... ვხედავთ, რომ რუსეთს თავის გეოპოლიტიკურ ოჯახში აუტეხეს ომი“. (www.myvideo.ge/tv/altinfo/2022-02-23/16:27:27). ამავე გადაცემაში, წამყვანი 16:18:13 სთ-ზე აჟღერებს შემდეგ პოზიციას: ,,რუსეთის პოზიცია არის ასეთი, რომ არ უნდა იქცე რუსეთის წინააღმდეგ იარაღად. უკრაინა დარტყმის ქვეშ ახლა არის იმიტომ, რომ მიზანმიმართულად კოლექტიურმა დასავლეთმა (პირველ  რიგში  აშშ-მ  და გაერთიანებულმა  სამეფომ)...  ის   მიზანმიმართულად აქცია   რუსეთის  წინააღმდეგ სამხედრო, გეოპოლიტიკურ  ინსტრუმენტად  და იარაღად...შესაბამისად,  რა თქმა უნდა დარტყმის ქვეშ ექცევა უკრაინა.“ (www.myvideo.ge/tv/altinfo/2022-02-23/17:27:27). განსაკუთრებით საგანგაშოა 27 თებერვალს გადაცემა ,,ალტ ანალიტიკში“ 21:27:50 სთ-ზე გადაცემის წამყვანის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები, როდესაც ის ამბობს: ,,სრული ძალისხმევით არ  ებრძვის (რუსული მხარე უკრაინას), შეიძლება ეს  ცოტა სასტიკად გაჟღერდეს, მაგრამ მე მირჩევნია ნაკლები ჯარისკაცი მე დამეხოცოს, ვიდრე მოწინააღმდეგეს ჯარისკაცი  და   შემთხვევით  ამ   მოწინააღმდეგის ჯართან  ერთად მშვიდობიანი მოსახლეობა. მე ეგეთი წარმოდგენა მაქვს. მე მირჩევნია უმართავი საავიაციო ბომბები გამოვიყენო და მძიმე საარტილერიო დანადგარები, ვიდრე შემთხვევით სახლი არ დაზიანდეს, ვინმე  არ  გამიბრაზდეს და  ამის  შედეგად უბრალოდ კოლონა გავუშვა შეტევაზე, რომელიც შეიძლება ჩასაფრებაში მოჰყვეს - ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა.“. (www.myvideo.ge/tv/altinfo/2022-02-23/17:27:27). 3 მარტს, 13:50:40 სთ-ზე, ,,ალტ ინფოს“ ეთერში გადაცემის წამყვანი სვამს კითხვას სტუმართან: ,,ერთ საკითხზე მინდა გკითხო აზრი. საქართველო იმ 38 ქვეყანას შორისაა, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ  ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს, ეს მედიაში ვრცელდება, ანუ საერთაშორისო სასამართლოს მიმართა 38 ქვეყანამ, რომ გამოიძიოს ამ ომის დროს განხორციელებული ქმედებები და მათ შორის არის საქართველო, უერთდება მოთხოვნას. როგორ ფიქრობთ ეს რამდენად გონივრული ნაბიჯია და  შეიძლება თუ  არა  ამან  რაიმე ფორმით ჩვენი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს?“ კითხვაზე სტუმარი პასუხობს: ,,იცი რა არის, არამგონია რაიმე მოთხოვნებმა... უკვე პრინციპში რუსეთს ისეთი ნაბიჯი აქვს გადადგმული, რომ ნებისმიერი შერაცხვა რუსეთის: სანქციებით, საზბუკის სასამართლო გადაწყვეტილებებით, რუსეთს უკვე ვეღარ შეაჩერებს. ბოდიში ამ სიტყვაზე, მას უკვე ფეხებზე კიდია, იმიტომ რომ მივიდა იმ კონდიციამდე, მიიყვანა მსოფლიოს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მამათავრებმა, ეს ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომ გაამხეცა და ახლა მის დაწყნარებას კი არ ცდილობენ, პირიქით აღიზიანებენ.“ შემდეგ სტუმარი აგრძელებს იმაზე საუბარს თუ რა ატომური შესაძლებლობები აქვს რუსეთს და ერთი გასროლით ამერიკას რომ გაანადგურებს.  www.myvideo.ge/tv/altinfo/2022-03-03/13:50:40).

საჩივრის ავტორის  განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ტელეკომპანია ,,ალტ ინფო“ ცდილობს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედრაციის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში ომის, ლეტალური ძალის არადისკრიმინაციულად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის მორალურ გამართლებას. ,,ალტ ინფო“ ხაზს უსვამს იმას, რომ თითქოს ,,რუსეთს უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა“, რომ იგი საკუთარ თავს იცავდა და მსხვერპლზე ბრალეულობა დასავლეთსა და უკრაინას ეკისრება. ,,ალტ ინფოს“ მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის პუტინის რუსეთის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამართლება უკრაინის ევრო- ატლანტიკური კურსით. ასევე სახეზეა ამ კონფლიქტის მთავარი შემოქმედის, ვლადიმერ პუტინის გაიდეალება, რომ ,,ვლადიმერ პუტინი არის პრაგმატიკოსი, ემოციურად ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, რომელსაც ყველა ნაბიჯი გათვლილი აქვს და ყველაფერს აკონტროლებს“. ამ პასაჟებით ტელეკომპანია ცდილობს რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის ეფექტების ნორმალიზაციას, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას. გამომდინარე აქედან, სახეზეა დანაშაულებრივი ქმედებების გამართლება და კრიმინალის გაიდეალება. ამასთან, ნახსენები პროგრამები განთავსებულია 6-დან 24 საათამდე პერიოდში, რაც წარმოადგენს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,ალტ ინფოს“ დააკისროს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და ამასთან, განახორციელოს შპს ,,ალტ ინფოს“ მაუწყებლობის მონიტორინგი მსგავსი ტიპის მართლსაწინააღმდეგო პროგრამის სრულად იდენტიფიცირების მიზნით. ასევე, ითხოვს მსოფლიოში და საქართველოში არსებული ურთულესი რეალობიდან გამომდინარე, საჩივრის მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას.

2022 წლის 9 მარტს, კომისიის მოთხოვნით, ე. მარიკაშვილმა კომისიაში წარმოადგინა პირადობის მოწმობისა და არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობების ასლები (Nშ-22-9/1034, 9.03.2022).

კომისიის 2022 წლის 17 მარტს დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ საჩივრის ავტორი ე. მარიკაშვილი, მისი წარმომადგენელი შ. ქობალია და შპს ,,ალტ ინფოს“ წარმომადგენელი ს. ხურციძე.

კომისიის 2022 წლის 17 მარტის კომისიის სხდომაზე ე. მარიკაშვილმა და მისმა წარმომადგენელმა შ. ქობალიამ აღნიშნეს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის  შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. ამავე კანონის 562  მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,    18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს, ხოლო 561 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით - ამ კონკრეტულ შემთხევაში, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი მასალა არ უნდა განთავსდეს 18:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში.  მათ აღნიშნეს, რომ სადავო არ არის უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულების საკითხი და ამას დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდება. საქართველოს მოქალაქეები ამ მოვლენებს ადევნებენ თვალს და ეს არის უდავო ფაქტი. ამაზე საუბრობს მთელი დასავლური ცივილიზებული სამყარო, მათ შორის, გუშინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ამ დანაშაულებებთან დაკავშირებით და მოსთხოვა რუსეთს ამ ქმედებების შეჩერება. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმავე დროებითი ღონისძიებების ფარგლებში, კონკრეტულად რუსეთს მიუთითა (თუ მანამდე სახელმწიფოს მიუთითებდა), რომ ომი შეეწყვიტა. მიაჩნიათ, რომ ერთი მხრივ, არის დანაშაული და მეორე მხრივ, შპს „ალტ ინფოს“ მხრიდან ამ დანაშაულის გამართლებას, დადებით კონტექსტში წარმოჩენას, კრიმინალის იდეალიზაციას აქვს ადგილი. შესაბამისად, კანონმდებლობის ნორმების საფუძველზე, კომისია არის უფლებამოსილი და მათ შორის, ვალდებულიც, რომ განსახილველად მიიღოს საჩივარი. ე. მარიკაშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა არ არის აკრძალვა, ან მკაცრი ღონისძიებების გამოყენება, მისი მოთხოვნაა სახელმწიფოს მხრიდან, კომისიის მანდატის ფარგლებში, მიეცეს შეფასება ამ მედიის მთლიან შინაარსს. რაც მათ საჩივარშია წარმოდგენილი, არის ზღვაში წვეთი, რადგანაც  მაუწყებელი ამაზე უფრო უარესი განცხადებებით  არის გაჟღენთილი. ამიტომ მისი თხოვნაა, კომისიამ  საჩივარი მიიღოს წარმოებაში და როგორც სახელმწიფომ, კონსტიტუციურმა ორგანომ, პასუხი გასცეს იმ საფრთხეებს, რომლებიც მომდინარეობს მაუწყებლების მხრიდან.

კომისიის 2022 წლის 17 მარტის სხდომაზე შპს ,,ალტ ინფოს“ წარმომადგენელმა ს. ხურციძემ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის განხილვამდე უნდა გაირკვეს თუ რა არის დანაშაული და დანაშაულებრივი ქმედება. დანაშაული არის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი და მასზე არის სანქცია გამოყენებული. მანამდე, ვიდრე ჩაითვლება არის თუ არა სახეზე დანაშაულებრივი ქმედება, ამისთვის აუცილებელი ეს დანაშაულებრივი ქმედება დადასტურდეს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ანუ იმისთვის, რომ ტელევიზია დადანაშაულდეს რაიმე დანაშაულებრივი ქმედების წახალისებაში, ამ ქმედებაზე მინიმუმ უნდა არსებობდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მომჩივან მხარეს მითითებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 404 – 413, ასევე,   408-ე და 411-ე მუხლები. ესენია: აგრესიის აქტის დაგეგმვა, დაწყება ან წარმოება; საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა; დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ; საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების განზრახ დარღვევა შეიარაღებული   კონფლიქტის   დროს.   ანუ,   იმისთვის   რომ,   კომისიამ  გამოიყენოს

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562  მომჩივანის მიერ მითითებული მუხლებიდან ერთ-ერთზე მაინც უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული საქართველოს სასამართლოს განაჩენი.  შპს ,,ალტ ინფოს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის, საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის (საუბარია რუსეთ-უკრაინის ომზე) საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და   მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან/და თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მინიმუმ საქართველოს სასამართლომ უნდა იმსჯელოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულზე, ან თუნდაც ამ ინტერვენციის დაწყებაზე, ამისთვის უნდა არსებობდეს ეს მუხლი, უნდა იყოს ის მითითებული და უნდა არსებობდეს ამაზე განაჩენი. ამ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გამოტანილი განაჩენი არ არის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყება არ არის დანაშაულის დადასტურება. წმინდა ადამიანურად, კარგად ესმის რაც ხდება უკრაინაში, ყველა ხედავს ამას და აღიქვამენ აბსოლუტურად რეალურად, თუმცა საუბრობს იურიდიულად. ყოველივე აღნიშნულიდან გამოდინარე მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში, არ უნდა განიხილოს იგი კომისიამ და უარი უნდა ეთქვას მომჩივან მხარეს საჩივრის განხილვაზე.

კომისიის 2022 წლის 17 მარტის სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, კომისიამ სხდომაზე გამოაცხადა შესვენება, რომლის გაგრძელება დანიშნა 2022 წლის 24 მარტს, 15 საათზე, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ კომისიის სხდომაზე.

2022 წლის 23 მარტს, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა სამსახურებრივი ბარათი (№ 22-10-     23.03.2022)  სადაც აღნიშნულია,  რომ  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიაში  მიმდინარეობს   მოქალაქე  ედუარდ მარიკაშვილის საჩივრის განხილვა ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ წინააღმდეგ. დეპარტამენტის მიერ საჩივრის შესწავლა განხორციელდა დასაშვებობის კუთხით, კერძოდ, რამდენად ვრცელდება საჩივარში მოყვანილ საკითხზე კომისიის კომპეტენცია. საჩივარში აღნიშნული მაგალითების შესწავლის შედეგად, მისი შინაარსის და კონტექსტის გათვალისწინებით, გამოიკვეთა ომის პროპაგანდის  ნიშნები. როგორც  მოგეხსენებათ, „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა.“ ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი  ვალდებულია   ქცევის კოდექსის საფუძველზე    შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ხოლო „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 591 მუხლის შესაბამისად, კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებზე (გარდა 56-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით საქართველოს  საკონსტიტუციო  სასამართლოს  გადაწყვეტილებით (10.10.2009  N1/3/421,422) დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა) რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი ამავე მუხლის (591) მე-2 პუნქტის თანახმად არ საჩივრდება არც სასამართლოში, არც კომისიაში და არც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საჩივარში დასმული საკითხის განხილვა წარმოადგენს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს კომპეტენციას.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-5   მუხლის   მე-3   პუნქტის   ვ) ქვეპუნქტის  შესაბამისად,  მაუწყებლობის  სფეროში  კომისიის  ფუნქციას  განეკუთვნება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა, მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლეებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

3. „მაუწყებლობის   შესახებ"   საქართველოს   კანონის   მე-14   მუხლის   მე-2   პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ  ნაწილში, რომელიც ეხება  56-ე  მუხლის  მე-4 პუნქტის  სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1).

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია  ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ...მუხლებით გათვალისწინებული  ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“).

კომისია აღნიშნავს,   რომ კომისიამ    გადაწყვეტილების    მიღების    მიზნით    უნდა განისაზღვროს წარმოადგენს  თუ არა  საჩივარში  მითითებული  საკითხის  გადაწყვეტა კომისიის უფლებამოსილებას და წარმოადგენს თუ არა საჩივრის ავტორი დაინტერესებულ პირს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს არასრულწლოვანი პირის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. ფიზიკურ პირ ე. მარიკაშვილის მიერ კომისიაში წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დაბადების მოწმობების საფუძველზე დგინდება, რომ ის წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. შესაბამისად, მას აქვს უფლება მაუწყებლის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს კომისიას.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლი ადგენს პროგრამულ შეზღუდვებს, რომლის თანახმად იკრძალება მთელი რიგი პროგრამების ეთერში განთავსება, მათ შორის, იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა (პუნქტი 1); იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის (პუნქტი 2); იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას (პუნქტი 3).

კომისია განმარტავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული პროგრამების მაუწყებლის ეთერში განთავსება სრულიად აკრძალულია. შესაბამისად, მაუწყებლის ეთერში ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი პროგრამები არ შეიძლება განთავსდეს არც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ დროის შუალედში და არც მას შემდეგ.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2    პუნქტის და 591  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 56-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის ნიშნების შემცველი პროგრამების მაუწყებლის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კომისიამ  განმარტა,  რომ  ,,შპს „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებულ პროგრამაში გამოყენებულია დისკრიმინაციული, ჰომოფობიური და  შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც შესაძლოა შეფასდეს, როგორც, კონკრეტული პირებისა და პირთა ჯგუფების გარკვეული ნიშნების მიხედვით, მათ შორის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და  მსოფლმხედველობის გამო  დისკრიმინაციის, შეურაცხყოფისა და სტიგმატიზებისკენ მიმართული. ამრიგად,  შპს   „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული პროგრამა, შესაძლოა, შეიცავდეს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის ნიშნებს. აღნიშნულის მიუხედავად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 და 591  მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით დასახელებულ საკითხზე რეაგირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში და კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა“. (იხ. კომისიის 2021 წლის 15 აპრილის №გ-21-18/236 გადაწყვეტილება).

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის ნიშნების შემცველი პროგრამის მაუწყებლის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კომისიამ განმარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტთან  მიმართებით კომისია ვერ განიხილავს საკითხს და ვერ განახორციელებს შესაბამის    რეაგირებას, ვინაიდან    რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში“. (კომისიის 2021 წლის 22 ივლისის №გ-21-23/439 გადაწყვეტილება).

კომისია აღნიშნავს, რომ საჩივარში  მითითებულ პროგრამებში გაკეთებული გამონათქვამები:

2022 წლის  23 თებერვლის  გადაცემაში  ,,დღის  კომენტარი  16 საათზე“,  16:13:03 სთ-ზე, წამყვანი აღნიშნავს: ,,დასავლეთის პროვოკაციული პოლიტიკა არ იცვლება, ზუსტად იგივე სცენარით მიიყვანეს რუსეთსა და  უკრაინას შორის მდგომარეობა ამ უკიდურეს წეერტილამდე, როგორც 2008 წელს მიიყვანეს საქართველოსა და რუსეთს შორის“, ხოლო 16:13:37 სთ-ზე:   ,,ორი ქვეყანა დააჯახეს ერთმანეთს...ყველაზე მეტად დაზარალებული აღმოჩნდა უკრაინა, რომელმაც დაკარგა ტერიტორიები, გაუნადგურდა ეკონომიკა და ქვეყანა არის სრული კოლაფსის წინაშე...ვხედავთ, რომ რუსეთს თავის გეოპოლიტიკურ ოჯახში აუტეხეს ომი“; ამავე გადაცემაში, წამყვანი 16:18:13 სთ-ზე აღნიშნავს:,,რუსეთის პოზიცია არის  ასეთი, რომ  არ  უნდა იქცე  რუსეთის წინააღმდეგ იარაღად. უკრაინა დარტყმის ქვეშ ახლა არის იმიტომ, რომ მიზანმიმართულად კოლექტიურმა დასავლეთმა (პირველ რიგში აშშ-მ და  გაერთიანებულმა სამეფომ)... ის მიზანმიმართულად აქცია რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო, გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად და  იარაღად... შესაბამისად, რა  თქმა უნდა დარტყმის ქვეშ  ექცევა უკრაინა“; 2022  წლის  3  მარტის გადაცემაში,  13:50:40  სთ-ზე  სტუმარი ამბობს:  ,,იცი რა არის, არამგონია რაიმე მოთხოვნებმა... უკვე  პრინციპში  რუსეთს  ისეთი  ნაბიჯი აქვს  გადადგმული, რომ ნებისმიერი შერაცხვა რუსეთის: სანქციებით, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებებით,  რუსეთს უკვე ვეღარ შეაჩერებს. ბოდიში ამ სიტყვაზე, მას უკვე ფეხებზე კიდია, იმიტომ რომ მივიდა იმ კონდიციამდე, მიიყვანა მსოფლიოს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მამათავრებმა, ეს ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომ გაამხეცა და ახლა მის დაწყნარებას კი არ ცდილობენ, პირიქით აღიზიანებენ“; 2022 წლის 28 თებერვალს, შპს,,ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებულ გადაცემაში ,,დილის კომენტარი“, 14:22:12 სთ-ზე გადაცემაში მოწვეული სტუმარი ამბობს: ,,ბრძოლის სხვა მეთოდზე არის ახლა რუსეთი გადასული და მაქსიმალურად ცდილობს მშვიდობიან მოსახლეობაში და მშვიდობიან დასახლებებში არ იყოს მსხვერპლი... რა თქმა უნდა გარდაიცვალნენ (ადამიანები), რა თქმა უნდა დაინგრა სახლები, მაგრამ არა ის რაოდენობა, რომელზეც იქნებოდა აქ სიტუაცია დაძაბული...“; ამავე გადაცემაში 14:17:56 სთ-ზე, გადაცემის წამყვანი აღნიშნავს: ,,თქვენ როგორ    ფიქრობთ,  ვლადიმერ  პუტინი,  პრაგმატიკოსი  პოლიტიკოსი...ის არ   არის ემოციურად გაუცნობიერებელი, როგორც არის,  მაგალითად, ზელენსკი -  რამდენად შესაძლებელია, რომ ვლადიმირ პუტინს გათვლილი არ ჰქონდა ყველა შესაძლო ნაბიჯი, ყველა შესაძლო    სანქცია და ყველა შესაძლო საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა წამოსულიყო დასავლეთიდან, ვიდრე ომს დაიწყებდა და რამდენად მოუმზადებელმა დაიწყო ეს სამხედრო მოქმედებები, თუ ამას მივაბამთ ბორელის განცხადებას, რომ მათ არ შეუძლიათ, რომ განსაკუთრებული სანქციები დაუწესონ (SWIFT-დან ამოაგდონ და ა.შ.)“ ;

2022 წლის 28 თებერვლის გადაცემა ,,დღის კომენტარში“ 12:51:22 სთ-ზე, როდესაც გადაცემაში მოწვეული სტუმარი უარყოფითად აფასებს ვლადიმერ პუტინს და მის ქმედებებს,  გადაცემის წამყვანი აღნიშნავს:  ,,მსოფლიოს აშინებს (ვლადიმერ პუტინი) თავის ჭკუაზე ატრიალებს, მისი ეშინია მთელს მსოფლიოს.“; 2022 წლის 27 თებერვალს გადაცემა ,,ალტ ანალიტიკში“, 21:27:50 სთ-ზე, გადაცემის წამყვანი აღნიშნავს: ,,სრული ძალისხმევით არ  ებრძვის (რუსული მხარე უკრაინას), შეიძლება ეს ცოტა სასტიკად გაჟღერდეს, მაგრამ მე მირჩევნია ნაკლები ჯარისკაცი მე დამეხოცოს, ვიდრე მოწინააღმდეგეს ჯარისკაცი  და   შემთხვევით  ამ   მოწინააღმდეგის ჯართან  ერთად მშვიდობიანი მოსახლეობა. მე ეგეთი წარმოდგენა მაქვს. მე მირჩევნია უმართავი საავიაციო ბომბები გამოვიყენო და მძიმე საარტილერიო დანადგარები, ვიდრე შემთხვევით სახლი არ დაზიანდეს, ვინმე  არ  გამიბრაზდეს და ამის  შედეგად უბრალოდ კოლონა გავუშვა შეტევაზე, რომელიც შეიძლება ჩასაფრებაში მოჰყვეს“ -  შეიძლება  შეფასდეს  როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამართლება და რაციონალიზაცია. საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და შეიძლება შეფასდეს როგორც ომის პროპაგანდა, რომელიც ისეთი შინაარსის მატარებელია, რომ მსგავსი შინაარსის პროგრამის გავრცელების ლიმიტირება კონკრეტული დროის შუალედით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსის დაუსაბუთებელი დავიწროება იქნება. ომის პროპაგანდა თავისი სიმძიმით და არსით ისეთი სახის დარღვევას წარმოადგენს, რომლის გავრცელება როგორც იდეურად, ასევე მოქმედი კანონმდებლობით   24 საათის განმავლობაში სრულად იკრძალება. ომის პროპაგანდის დაყვანა მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენ პროგრამამდე, წინააღმდეგობაში მოვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის არსთან და პრინციპებთან.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 56-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებზე რეაგირება (გარდა 56-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (10.10.2009 N 1/3/421,422) დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ალტ ინფოს“ წინააღმდეგ ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 56-ე მუხლის, 591  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ალტ ინფოს“ წინააღმდეგ ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი, ვინაიდან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 591 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჩივარზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

2.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,ალტ ინფოსთვის“ და ედუარდ მარიკაშვილისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური                  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე              წევრი

ეკატერინე იმედაძე          წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები