შპს „ფინჯგუფის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2022 11:37
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2022
შპს „ფინჯგუფის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ფინჯგუფმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/3967,01.11.2022) ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს„ფინჯგუფის“ ავტორიზაციის დეკლარაცია არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, განცხადების ფორმაში არ იყო შევსებული გრაფა -„საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სხვა პირი“, ვინაიდან კომპანიას წარმოდგენილი ქონდა მინდობილობა ანი მიქიაშვილს (პ/ნ 01019063083) სახელზე. ასევე განცხადების ფორმაში არ იყო შევსებული ვებ-გვერდის ველი. ავტორიზაციის განცხადების თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კომპანიის წესდება და დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი. ასევე გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ვერ დგინდებოდა თუ როგორ აპირებდა კომპანია მობილური საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდებას საჭირო გახდა კომპანიას წარმოედგინა დეტალური აღწერა და ტექნიკური სქემა, თუ როგორ მოხდებოდა მობილური ქსელის საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2022 წლის 03ნოემბრის Nგ-22-22/458 გადაწყვეტილებით შპს„ფინჯგუფს“ განესაზღვრა 5 დღე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების №შ-22-7/3967, 01.11.2022 და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით. შპს „ფინჯგუფს“ კომისიის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2021 წლის 9 ნოემბერს ელექტრონულ მისამართზე, კომპანიას ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „ფინჯგუფს” (ს/კ406341007) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/3967, 01.11.2022);
2. განემარტოს შპს „ფინჯგუფს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ფინჯგუფისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ფინჯგუფისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „ფინჯგუფისთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
