წვდომის მენიუ

შპს „არკომის“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-22-11 / 503

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2022 11:58

მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2022

შპს „არკომის“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2022 წლის 9 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „არკომ“-მა (ს/კ 404458840) (კომისიაში რეგისტრაციის N შ-22-6/4099, 09.11.2022), კომპანიის წილის 50%-ის მფლობელი ფიზიკური პირი ვერიკო დუნდუასგან წილის 25%-ის ფიზიკური პირის ბორის მინაკოვის და წილის 25%-ის ფიზიკური პირის გიორგი იმერლიშვილის მიერ შეძენაზე (შემდგომში „ტრანზაქცია“) წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „არკომ“ 2016 წლის 11 მაისიდან წარმოადგს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს„არკომ“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო სატელეფონო მომსახურებას VoIP ტექნოლოგიით ქ. თბილისში, ქ. ბათუმში და ქ. ფოთში. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წელს სრულად და 2022 წლის პირველი 9 (ცხრა) თვის მანძილზე შეადგინა 72,351 ლარი (დღგ-ს გარეშე) და 57,440 ლარი (დღგ-ს გარეშე) შესაბამისად, ხოლო აბონენტების რაოდენობამ    2022 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 429 აბონენტი (24 ფიზიკური პირი და 405 იურიდიული პირი აბონენტები).

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერისა (განაცხადის  რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B16097931, 06/07/2016 15:07:04) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს„არკომ“-ის პატნიორები არიან ფიზიკური პირები ვერიკო დუნდუა (პ/ნ 01007012478) კომპანიის წილის 50%-ის მფლობელი და ალექსანდრე ბურჭულაძე (პ/ნ 01026007585) კომპანიის წილის 50%-ის მფლოებლი, რომელიც ასევე წარმოადგენს კომპანიის დირექტორს.

შპს „არკომ“-ის 2022 წლის 9 ნოემბრის განცხადების თანახმად კომპანიის წილის 50%-ის მფლობელ ფიზიკურ პირს ვერიკო დუნდუას განზრახული აქვს გაასხვისოს   მის საკუთრებაში არსებული კომპანიის წილი სრულად (50%) ფიზიკურ პირებზე ბორის მინაკოვსა (პ/ნ01030031729) და გიორგი იმერლიშვილზე (პ/ნ 01027045264) თანაბრად (25%-25%).

კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრიდან  ამონაწერის  თანახმად შპს„არკომ“, მისი პარტნიორები და დირექტორი, ასევე კომპანიის წილის 50%-ის პოტენციური მყიდველები ბორის მინაკოვი და გიორგი იმერლიშვილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებთან ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არ არიან.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შპს„არკომ“-ის წილის 50%-ის ფიზიკური პირების ბორის მინაკოვისა და გიორგი იმერლიშვილის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „არკომ“-ის წილის 50%-ის მფლობელი ფიზიკური პირი ვერიკო დუნდუასგან კომპანიის წილის 25%-ის ფიზიკური პირის ბორის მინაკოვის და წილის 25%-ის გიორგი იმერლიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია  კომისიის  მიერ  გაცემული შესაბამისი  თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  25-ე,  26-ე  და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს„არკომ“-ს, შპს„არკომ“-ის წილის 50%-ის მფლობელი ფიზიკური პირი ვერიკო დუნდუასგან კომპანიის წილის 25%-ის ფიზიკური პირის ბორის მინაკოვის და წილის 25%-ის გიორგი იმერლიშვილის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს  შპს„არკომ“-ს,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს„არკომ“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან  6 (ექვსი) თვის განმავლობაში.  აღნიშნულ  ვადაში    ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს„არკომ“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

4. დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  შპს„არკომ“-ისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „არკომ“- ისათვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება   გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64), შპს „არკომ“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე          თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები