წვდომის მენიუ

“მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-21-23 / 546

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2021 17:03

მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2021

მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდეგში  „კომისია“)  მიერ  2019 წლის 31 დეკემბერს  მიღებულ იქნა Nგ-20-9/156 გადაწყვეტილება  “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განისაზღვრა 3 (სამი)     მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების   მქონე   ავტორიზებული   პირი:   შპს   „მაგთიკომი”,   სს   „სილქნეტი“   და შპს „ვიონი საქართველო”.

კომისიის  2019  წლის  31  დეკემბრის  გ-20-9/156 გადაწყვეტილებით  მობილური  ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს „მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“, შპს „ვიონი საქართველო” - ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისირათ მობილური     ვირტუალური     ქსელის     ოპერატორის     (MVNO)     ქსელთან     დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით:

1. ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება

2. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება,

3. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება

4. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება აღნიშნული გადაწყვეტილებისა და მასში კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის   Nგ-20-19/775 გადაწყვეტილებით შესული ცვლილებების შედეგად გ-20-9/156 გადაწყვეტილების სარეზოლუციო  ნაწილის 3.1. პუნქტი  ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

„3.1 ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული  პირობებით:  მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების  მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 9(ცხრა) კალენდარული  თვის  ვადაში. მოწვევის  ოფერტა უნდა შეიცავდეს     დეტალურ ინფორმაციას: შეთავაზებული ტექნოლოგიების, მომსახურების ტიპების, ქსელური ელემენტების (ქვესისტემების დონეზე) ჩამონათვალს და მათთან დაშვების პირობებს, ნუმერაციის რესურსის გამოყენების პირობებს;“

შესაბამისად,  კომისიის  Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს მოწვევის ოფერტა უნდა გამოექვეყნებინათ არაუგვიანეს 2020 წლის 27 ნოემბრისა. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ოპერატორებთან დღემდე გრძელდება მუშაობა მოწვევის ოფერტის პირობების დაზუსტებისა და წარმოდგენის შესახებ.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების  მიღების  შემდეგ,  2021  წლის ივნისში ოპერატორებმა საჯაროდ გამოთქვეს მზაობა მობილურ ქსელზე დაშვების მსურველი ავტორიზებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აწარმოონ მოლაპარაკება და უზრუნველყონ ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით, კომერციულად მისაღები პირობებით   მსურველი   მობილური   ვირტუალური   ქსელის   ოპერატორის(შემდეგში „MVNO“) თავიანთ ქსელზე დაშვებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილება, რასაც კომისია მიესალმება და ეს არაერთხელ დაფიქსირდა კიდეც როგორც საჯარო, ასევე, აღნიშნულ ოპერატორებთან ოფიციალურ კომუნიკაციაში.

გარდა  ამისა,  Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების  მიღების  შემდეგ,  „კონკურენციის  შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებისა და კომისიის მიერ 2021 წლის 15 ივლისს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებში“ შესული ცვლილების შემდეგ (რომლითაც დამტკიცდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესი) უფრო ეფექტური გახდა კომისიის ფუნქციები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების ნაწილში.

 აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე გამოიკვეთა MVNO დაშვების მსურველ ავტორიზებულ პირებსა და    ქსელის    მფლობელ    ოპერატორებს    შორის    კომერციულ    საწყისებზე მოლაპარაკების მცდელობა.

კომისია, როგორც დარგის მარეგულირებელი ორგანო, მხარეთა მიერ ორმხრივად გამოთქმული მზაობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ დააკვირდეს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების  დაშვების პროცესს.

ამასთან, კომისია ითვალისწინებს რა იმ უფლებამოსილებებს, რომელიც მას გააჩნია, კონკურენციის  შესახებ    საქართველოს    კანონმდებლობის აღსრულების    კუთხით, მიზანშეწონილად  მიიჩნევს,  რომ  ცვლილება  შევიდეს კომისიის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებაში  და  ამავე  გადაწყვეტილებით  განსაზღვრულ  მნიშვნელოვანი ძალაუფლების  მქონე    ოპერატორებს    განუსაზღვროს    დამატებითი ვადა მოწვევის ოფერტების დაზუსტებისა და წარმოდგენისთვის.

სწორედ იმისათვის, რომ შეფასდეს, რამდენად მოხდება ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვება კომერციულ საწყისებზე, რისი მზაობაც ოპერატორებს ღიად აქვთ დაფიქსირებული, კომისია დააკვირდება პროცესებს. ამასთან, აღნიშნული დაშვება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს კონკრეტულ ავტორიზებულ პირებს შორის დაშვების სამართლიან და არადისკრიმინაციულ პირობებზე მოლაპარაკების გზით.

ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ამ პერიოდში ადგილი ექნება კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს, კომისიას შესაძლებლობა ექნება მოახდინოს რეაგირება კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად შესაძლებელი გახდება ერთის მხრივ, ბაზრის მოთამაშეებისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრა, რათა მათ კომერციულ საწყისებზე შეძლონ მოლაპარაკება, ხოლო მეორეს მხრივ, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, კომისიას ექნება შესაძლებლობა განახორციელოს სათანადო რეაგირება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.“ ვინაიდან, 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წესით, შესაბამისად საჭიროა, რომ ამ გადაწყვეტილებაში ცვლილებაც შევიდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”  კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2.   ზეპირი   მოსმენა   გაიმართოს   2021   წლის   11   ნოემბერს   15:00   საათზე,   ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა) შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის, წინამდებარე გადაწყვეტილებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მომზადებული “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. გადაწყვეტილება  ცალკე   გასაჩივრებას   არ   ექვემდებარება;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები