წვდომის მენიუ

შპს „იბერია-TV“-ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-21-23 / 445

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2021 12:06

მიღების თარიღი ივლისი 29, 2021

შპს „იბერია-TV“-ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011  წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12  მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ)  არ  წარუდგენს  კომისიას  რეგულირების  საფასურის  გაანგარიშებებს  ან  წარუდგენს  ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იბერია-TV“ (ს/კ 201950594) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია (BR-320) განახლებული აქვს 2020 წლის 5 მაისიდან  შემდეგი  პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში:18 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი);

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 5 მაისის წერილით (№გ-20-03/1510) შპს „იბერია-TV“-ს ეცნობა  ავტორიზაციის  განახლების  თაობაზე.  ასევე  ამავე  წერილით  კომპანიას  განემარტა,  რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ. შესაბამისად კომპანიას კომისიისთვის უნდა ეცნობებინა მაუწყებლობის განახლების თარიღი, რაც შპს „იბერია-TV“-ს დღემდე არ მოუწოდებია.

კომისია აღნიშნავს, რომ  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2021 წლის 30 ივნისის (Nშ-21-10-1205) და ბაზრის ანალიზის, სტრატეგიული განვითარების   დეპარტამენტის 2021 წლის 7 ივლისის (N შ-21-10-1250) სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „იბერია-TV“-ს 2020 წლის მაისიდან დღემდე წარმოდგენილი აქვს ნულოვანი რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები და 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს.

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  95-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

შპს „იბერია-TV“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის შესახებ შეტყობინება 2021 წლის 27 ივლისს გაეგზავნა ელექტრონულ მისამართზე (Nგ-21-03/2206). კომპანიამ შეტყობინების მიღება დაადასტურა 2021 წლის 27 ივლისს Nშ-21-6/3187 წერილით და ამასთანავე გვაცნობა, რომ   შპს „იბერია-TV“-ს წარმომადგენელი ვერ დაესწრება კომისიის 29 ივლისის სხდომას.

კომისიის 2021 წლის 29 ივლისის სხდომაზე აღინიშნა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის  შეჩერება  ხორციელდება  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოების  წესით.  ასევე, სხდომაზე აღინიშნა, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „იბერია-TV“ -ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „იბერია-TV“ (ს/კ 201950594) ავტორიზაციის

(BR-320, 05.05.2020) შეჩერების თაობაზე;

2.   ზეპირი   მოსმენის   სხდომა   გაიმართოს   2021   წლის   2   სექტემბერს   15:00   სთ-ზე,   ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იბერია-TV“ -ისთვის გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი 

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები