წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

ნომერი: გ-21-21 / 240

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2021 10:48

მიღების თარიღი აპრილი 22, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

2014 წელს საქართველომ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში - „გაერო“) კონვენციის რატიფიკაცია განახორციელა, რითიც, ერთი მხრივ, ქვეყანამ აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო, მეორე მხრივ, იკისრა რიგი ვალდებულებები როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, კონვენცია წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვისა და გაძლიერების გზით, ისე შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამრღვევი პრაქტიკის შეცვლით.

გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კანონი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ გარანტიებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონის მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა. ამისათვის კანონი ითვალისწინებს რიგ ვალდებულებებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან (შემდგომში - კომისია) მიმართებით.

საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მთელ რიგ ვალდებულებებს. კერძოდ, კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია უზრუნველყოს: არსებული და მშენებარე შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის დანერგვა ან/და უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, თავისი მმართველობის სფეროში მოქმედი ყველა დაწესებულების სრული მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის თავის სისტემაში არსებული ყველა შესაბამისი სერვისის სრული ხელმისაწვდომობა, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული პროგრამებისა და მასალების (მათ შორის, აუდიოწიგნი, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი, სურდოთარგმანი, სუბტიტრი) შეთავაზების ჩათვლით. 

კომისიამ, აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ადაპტირებისა და უნივერსალური დიზაინის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა, განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი ვადების მითითებით და უზრუნველყოს მისი შესრულების ზედამხედველობა. კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე ვალდებულია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას; უზრუნველყოს შესაბამისი კადრების მუდმივი გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისათვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისია, ასევე ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში და ხელი შეუწყოს მათ იმპლემენტაციას. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და მათ შორის კომისიამ ასევე საქართველოს მთავრობის

2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიის შესაბამისად უნდა განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება 2021 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის სრულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნული ხედვის განსახორციელებლად, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა შესასრულებლად, კომისია შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმას 2021 წლისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, 2021 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1. დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა 2021 წლისთვის“ (დანართი N1).

2.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.cocmcom.ge) გამოქვეყნების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

5.   კონტროლს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე განახორციელებს კომისიის თავმჯდომარე.

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე  წევრი

ნათია კუკულაძე   წევრი

 

დანართი იხილეთ თანდართულ ფაილად

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები