შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-21-20 / 544

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2021 16:59

მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2021

 შპს კავკასუს ონლაინისმიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  (შემდგომში  „კომისია“) 2021 წლის 21  სექტემბერს  შემოვიდა  შპს  „კავკასუს  ონლაინის“  წერილი  N01-02/11525  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4238).

შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურმა მმართველმა, თამარ ბოკუჩავამ, კომისიაში 2021 წლის 26 ივლისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/3170), დანართის სახით, წარმოადგინა მის მიერ 2021 წლის 15 აპრილიდან - 2021 წლის 25 ივლისის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში. ანგარიში კომისიის 2021 წლის 29 ივლისის N გ-21-20/454 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ცნობილი იქნა კომერციულ საიდუმლოებად, მათ შორის

2.2 მუხლი, რომელთან დაკავშირებითაც დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია 2021 წლის 2 სექტემბრის N გ-21-20/484 გადაწყვეტილებით  კომისიამ ასევე სცნო კომერციულ საიდუმლოებად.

სპეციალური მმართველის ანგარიშის აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2021 წლის 21 სექტემბრის წერილით კვლავაც წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია. შპს „კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა, კომისიამ არ გახადოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის შესაბამისად კომერციულ საიდუმლოებად იცნოს 2021 წლის 21 სექტემბრის N01-02/11525 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4238) წერილი და მისი დანართი, ვინაიდან ის მოიცავს შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ ისეთ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-

3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  გადაწყვეტილება  საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2021 წლის 21 სექტემბრის N01-02/11525 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4238) წერილით და მისი დანართით წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციული საქმიანობის ფარგლებში პარტნიორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ ხელშეკრულების საგნის, გადასახდელი და მისაღები თანხების, ანგარიშსწორების გეგმისა და პირობების შესახებ. შესაბამისად,    აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებით, შესაძლებელია, საჯაროდ გახდეს ცნობილი შპს „კავკასუს ონლაინის“ სამომავლო, კომერციული ფასეულობის მქონე გეგმებისა და კომერციული სტრატეგიის შესახებ, ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს, ხელი შეუშალოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.

შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნეს ცნობილი შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2021 წლის 21 სექტემბრის  N01-02/11525 (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-21-6/4238) წერილითა და მისი დანართით წარმოდგენილი ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის   2003   წლის   27   ივნისის   №1   დადგენილებით   დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“  მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს „კავკასუს ონლაინის“ 2021 წლის 21 სექტემბრის N01-02/11525 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4238) წერილი და მისი დანართი.

2.   წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია  შპს „კავკასუს ონლაინის“   კომერციულ   საიდუმლოებად   ჩაითვალოს  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.   გადაწყვეტილება   ძალაში შევიდეს მისი   სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6.  გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს   ქ.   თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ნათია კუკულაძე

წევრი

ვახტანგ აბაშიძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები