წვდომის მენიუ

შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-21-20 / 200

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2021 15:56

მიღების თარიღი მარტი 25, 2021

შპს კავკასუს ონლაინისსპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

2021 წლის 09 მარტს   კომუნიკაციების კომისიას  (შემდგომში  „კომისია“) წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/1103) მიმართა შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურმა მმართველმა მარიამ სულაბერიძემ, სადაც ითხოვდა მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. აღნიშნული მომართვა შემდგომ დაზუსტდა 2021 წლის 12 მარტის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/1191).

შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი იყო მის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2020  წლის  1  ოქტომბრის  Nგ-20-18/747 გადაწყვეტილებით (შემდგომში კომისიის გადაწყვეტილება) მარიამ სულაბერიძე დაინიშნა შპს „კავკასუს ონლაინის“ (ს/კ 211380833) სპეციალურ მმართველად. ამავე გადაწყვეტილებით მას დაევალა კომისიისთვის მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა.

შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურმა მმართველმა მოითხოვა კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი მის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, რათა არ მოხდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ ისეთი მონაცემების გამჟღავნება, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს კომპანიის ბიზნეს ოპერაციების შესახებ ისეთ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  გადაწყვეტილება  საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

კომისია მიიჩნევს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობას შეიძლება ზიანი მიაყენოს სპეციალური მმართველის ანგარიშში მოცემული იმ ინფორმაციის გამჟღავნებამ, რომელიც მოიცავს   იმ კონკრეტული საკითხების ჩამონათვალს, რომლებიც შეეხება შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციული საქმიანობის ფარგლებში (ინტერნეტის მიწოდება და ქსელის ინფრასტრუქტურული შეთანხმებები) დადებულ შეთანხმებებს. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებით, შესაძლებელია, საჯაროდ გახდეს ცნობილი შპს „კავკასუს ონლაინის“ სამომავლო, კომერციული ფასეულობის მქონე გეგმებისა და კომერციული სტრატეგიის შესახებ, რაც ხელს შეუშლის კომპანიის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.

სპეციალური მმართველის ანგარიშში მოცემული დანარჩენი ინფორმაცია, შეეხება სპეციალური მმართველის საქმიანობის აღწერას, რაც არის ზოგადი ხასიათის და არ შეიცავს ისეთ მონაცემებს რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნას კომერციული საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და მისი გამჟღავნება არ გამოიწვევს შპს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობის შეზღუდვას.

შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნეს ცნობილი შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ 2021 წლის 09 მარტის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/1103) მე-4 გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილი, რომელიც მოიცავს იმ კონკრეტული საკითხების ჩამონათვალს, რომლებიც შეეხება შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციული საქმიანობის ფარგლებში (ინტერნეტის მიწოდება და ქსელის ინფრასტრუქტურული შეთანხმებები) დადებულ შეთანხმებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის   2003   წლის   27   ივნისის   №1   დადგენილებით   დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ 2021 წლის 09 მარტის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის  N შ-21-6/1103) წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილი, რომელიც მოიცავს იმ კონკრეტული საკითხების ჩამონათვალს, რომლებიც შეეხება შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციული საქმიანობის ფარგლებში (ინტერნეტის მიწოდება და ქსელის ინფრასტრუქტურული შეთანხმებები) დადებულ შეთანხმებებს.

2.   შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ 2021 წლის 09 მარტს და 2021 წლის 12 მარტს წერილებით (N შ-21-6/1103 და N შ-21-6/1191) წარმოდგენილი ინფორმაცია, გარდა ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლით განსაზღვრული მონაცემებისა, მიჩნეულ იქნას ღიად.

3.  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია   შ პს„კავკასუს ონლაინის“   კომერციულ   საიდუმლოებად   ჩაითვალოს  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია გახდეს ღია კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა; 

6.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

8. გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-4 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს   ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების  დღიდან ერთი თვის ვადაში;

9. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ, ქ.   თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „კავკასუს ონლაინმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

10.  კონტროლი  აღნიშნული   გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს    კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ეკატერინე იმედაძე  წევრი

ნათია კუკულაძე  წევრი

 

ანგარიშის დახურული ვერსია იხილეთ თანდართულ ფაილად

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები