შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2021 17:03
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2021
შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N21-10-1482 11.08.2021) საფუძველზე, შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად,
2021 წლის 9 აგვისტოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა წერილობით (N 16/100661) აცნობა კომისიას, რომ შპს „ტელეიმედს“ 2019 წლის ანგარიშგება კვლავ არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში.
2021 წლის 24 ივნისის Nგ-21-18/386 გადაწყვეტილებით შპს „ტელეიმედი“ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული 2019 წლის აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების წარუდგენლობისთვის და დარღვევის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 2021 წლის პირველ აგვისტომდე. აღნიშნულ ვადაში შპს „ტელეიმედს“ ვალდებულება არ შეუსრულებია.
შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 2 სექტემბრის კომისიის სხდომაზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელეიმედს“ ეცნობა შეტყობინებით და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2021 წლის 2 სექტემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეიმედის” წარმომადგენელი ა. ლაშხი, რომელმაც, განაცხადა, რომ ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი მომზადებულია, დოკუმენტის სამუშაო ვერსია წარმოდგენილია კომისიაში და ითხოვა ერთი კვირით სხდომის გადადება, ანგარიშგების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენისა და გასაჯაროების პროცედურების დასრულების მიზნით. კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ტელეიმედის“ შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 2021 წლის 9 სექტემბრისთვის.
2021 წლის 9 სექტემბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ტელეიმედის“ მიერ 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება 2021 წლის 8 სექტემბერს გადაგზავნილია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში და გასაჯაროებულია ანგარიშგების პორტალზე, თუმცა დახარვეზებულია სამსახურის უფროსის 2021 წლის 8 სექტემბრის N003219 ბრძანებით, ანგარიშგების წარდგენის წესთან შეუსაბამობის საფუძვლით. ხარვეზის აღმოსაფხვრელად შპს „ტელეიმედს“ განესაზღვრა ვადა 10 სამუშაო დღის ოდენობით.
2021 წლის 9 სექტემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ი. კობახიძე, რომელმაც განმარტა, რომ შპს „ტელეიმედის“ ანგარიშგების დოკუმენტს ხარვეზი დაუდგინდა ციფრულ ფორმებში შპს „ტელეიმედის“ დამფუძნებელი კომპანიის მიუთითებლობის გამო, რაც მარტივად გამოსწორებადი ხარვეზია. სხდომაზე ასევე გამოცხადდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა.ლაშხი, რომელმაც განაცხადა, რომ დადგენილი ხარვეზი აღმოიფხვრებოდა უმოკლეს ვადებში.
2021 წლის 23 სექტემბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (22.08.2021 N16/116842) აცნობა, რომ მიმდინარე წლის 08 სექტემბრის სამსახურის უფროსის N003219 ბრძანებით დადგენილი ხარვეზი შპს „ტელეიმედის“ მხრიდან აღმოფხვრილი იქნა და კომპანიის ანგარიშგება გასაჯაროვდა ანგარიშგების პორტალზე, უხარვეზო სტატუსით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს.
2021 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ი. კობახიძე და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა.ლაშხი, რომლებმაც დაადასტურეს შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ფაქტი.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N21-10-1482 11.08.2021) თანდართული დოკუმენტაციით;
2. კომისიის 2021 წლის 24 ივნისის Nგ-21-18/386 გადაწყვეტილება „შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხიმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“;
3. შპს „ტელეიმედისთვის“ კომისიის 2021 წლის 24 ივნისის Nგ-21-18/386 გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 8 სექტემბრის N003219 ბრძანება შპს „ტელეიმედის“ მიერ წარდგენილ ანგარიშგებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ;
5. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (22.08.2021 N16/116842) კომისიას;
6. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის ა.ლაშხისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ი.კობახიძის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს;
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის მიხედვით, შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ II კატეგორიის საწარმოს;
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ტელეიმედი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომისიის 2020 წლის 24 ივნისის Nგ-20-18/386 გადაწყვეტილებით, შპს „ტელეიმედი“ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, ამასთან განესაზღვრა ვადა 2021 წლის პირველ აგვისტომდე, 2019 წლის აუდირებული ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენად.
5. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, შპს „ტელეიმედს“ 2021 წლის პირველ აგვისტომდე არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 2019 წლის ფინანსური დოკუმენტი - აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს „ტელეიმედს“ შესრულებული აქვს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ შპს „ტელეიმედის“ ანგარიშგებები წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში და 22 სექტემბრის მდგომარეობით გასაჯაროებულია სამსახურის პორტალზე, კანონით დადგენილი წესით.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მმართველობის ანგარიშგება მოიცავს:
ა) საქმიანობის მიმოხილვას; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები;
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო;
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;
5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2019 წლის შესაბამისი ანგარიშგებების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში კანონით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით დარღვეულია
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, შპს „ტელეიმედს“ შესრულებული აქვს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შპს „ტელეიმედი“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ტელეიმედი“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ტელეიმედი“ განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
