შპს „REAL PALACE“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2021 16:13
მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2021
შპს „REAL PALACE“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N N 21-10-1664, 13/09/2021) თანახმად, 2021 წლის 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რადიომონიტორინგის პროცესში, დაფიქსირებული იქნა სამშენებლო კომპანიების მიერ რადიოკავშირის სიხშირეების (441.750 მჰც, 462.625 მჰც, 469.975 მჰც, 443.000 მჰც და 444.325 მჰც) უკანონო გამოყენება, რაც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წარმოადგენს სამართალდარღვევას.
საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა აღნიშნული რადიოკავშირის გადამცემი სადგურების ადგილმდებარეობა, აგრეთვე მფლობელების ვინაობა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში შპს „REAL PALACE“ 441.750 მჰც სიხშირეს იყებებდა სამშენენბლო ობიექტზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის (ს/კ 445394591. ქ. ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირი №16 მისამართზე, შედგენილია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000345“).
შპს „REAL PALACE“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 16 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა შპს „REAL PALACE“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის უფლება.
კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „REAL PALACE“-ის დირექტორი, ე. ხიმშიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სამწუხაროდ, დღემდე ამ სფეროს სპეციალისტი არ ჰყავდათ და არ იცოდნენ რადიოსადგურები რა სიხშირეებზე მუშაობდნენ. აპარატურა შეძენილია თანამშრომლების მიერ. მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ რაიმე დარღვევას ან უკანონოდ სიხშირის გამოყენებას ჰქონოდა ადგილი, მათთვის ცნობილიც არ იყო, აღნიშნული სიხშირით თუ მუშაობდნენ რადიოსადგურები. საქმის წარმოების მასალებს გაცნობილია და პრეტენზია არ გააჩნია არც მონიტორინგის ჩამტარებელ კომისიის თანამშრომლების და არ კომისიის წევრების მიმართ. ოქმი სწორად არის შედგენილი.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 21-10-1664, 13/09/2021).
2. 2021 წლის 9 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000345 თანდართული ფოტო/ვიდეო მასალით.
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „REAL PALACE“ -ის შესახებ მონაცემები.
4. კომისიის სხდომაზე შპს „REAL PALACE“-ის დირექტორის მიერ მიცემული ახსნა- განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. 2021 წლის 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რადიომონიტორინგის პროცესში, დაფიქსირებული იქნა სამშენებლო კომპანიის მიერ რადიოკავშირის სიხშირეების უკანონო გამოყენება, კერძოდ, საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა, რადიოკავშირის გადამცემი სადგურების ადგილმდებარეობა, აგრეთვე მფლობელების ვინაობა, კერძოდ, შპს „REAL PALACE“ ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირი
№16 მისამართზე, 441.750 მჰც სიხშირეს იყენებდა სამშენებლო ობიექტზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის. შედგენილია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000345“.
მტკიცებულება: 2021 წლის 9 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000345; კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი N 21-10-1664, 13/09/2021).
2. შპს „REAL PALACE“-ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის (მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა) განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. 2021 წლის 9 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000345 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები ნ. კონდოლელი და გ. წიკლაური, ასევე, სამართალდამრღვევი შპს „REAL PALACE“-ის დირექტორი ე. ხიმშიაშვილი.
მტკიცებულება: 2021 წლის 9 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი№000345.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.
7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად,ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 21-10-1664, 13/09/2021) შესაბამისად, შპს „REAL PALACE“ (ს/კ445394591) ქ. ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირი №16 მისამართზე, 441.750 მჰც სიხშირეს იყებებდა სამშენენბლო ობიექტზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 9 სექტემბერს სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ფაქტზე შპს „REAL PALACE“-ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000345. კომისია აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის ფოტო/ვიდეო მასალა) ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ შპს „REAL PALACE“-ის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ასევე, ადგილი არ აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, შპს „REAL PALACE“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 228-ე, 239-ე, 240-ე 260-ე, 262-ე, 264-ე და 273-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „REAL PALACE“-ს (ს/კ 445394591) დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
2. შპს „REAL PALACE“-მა უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი- სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „REAL PALACE“- ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „REAL PALACE“-ისთვის ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით მისი დამოწმებული ასლის შპს „REAL PALACE“-ისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი