შპს „ლაიქ ჰაუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2021 16:07
მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2021
შპს „ლაიქ ჰაუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N N 21-10-1664, 13/09/2021) თანახმად, 2021 წლის 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რადიომონიტორინგის პროცესში, დაფიქსირებული იქნა სამშენებლო კომპანიების მიერ რადიოკავშირის სიხშირეების (441.750 მჰც, 462.625 მჰც, 469.975 მჰც,
443.000 მჰც და 444.325 მჰც) უკანონო გამოყენება, რაც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წარმოადგენს სამართალდარღვევას.
საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა აღნიშნული რადიოკავშირის გადამცემი სადგურების ადგილმდებარეობა, აგრეთვე მფლობელების ვინაობა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში შპს „ლაიქ ჰაუსი“ 443.000 მჰც და 444.325 მჰც სიხშირეებს იყენებდა სამშენებლო ობიექტზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის (ს/კ 445478563, ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №13 მისამართზე, შედგენილია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000344).
კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N N 21-10-1664, 13/09/2021) თანახმად, აღნიშნული კომპანიის ტერიტორიაზე (ტბელ აბუსერიძის ქ.№13), სადაც მიმდინარეობს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, აღმოჩენილ იქნა რადიოკავშირის პორტატული სადგურები, რომელსაც იყენებდნენ მშენებლები. ობიექტზე მომუშავე პერსონალთან გასაუბრებისას ვერ იქნა მიღებული ზუსტი ინფორმაცია, თუ იმ დროისთვის ვინ წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს და ვინ ჩაიბარებდა აღნიშნულ „სამართალდარღვევის ოქმი №000344“-ს. აგრეთვე ვერ მოხერხდა სამართალდარღვევის ადგილიდან ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელებისთვის და ინფორმირება კომისიის უფლებამოსილი თანამშრომლების ვიზიტის შესახებ. მოკვლეულ იქნა შპს „ლაიქ ჰაუსი“-ს სათაო ოფისის მისამართი, სადაც კომისიის უფლებამოსილი თანამშრომლები მივიდნენ კომპანიის დირექტორს ბ. ბაჯელიძესთან, რომელსაც ადგილზე განემარტა აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ და მიემართა თხოვნით, რათა მობრძანებულიყო სამშენებლო ობიექტზე, გაგვეცნო არსებული ვითარება და დასწრებოდა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000344“-ის შედგენას, რაზეც კომპანიის დირექტორმა ბ. ბაჯელიძემ განაცხადა თანხმობა, რის შემდეგაც კომისიის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა ოფისიდან გადაინაცვლეს სამშენებლო ობიექტზე (ტბელ აბუსერიძის ქ.№13). ბ. ბაჯელიძე არ გამოცხადდა ადგილზე და არც სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 2021 წლის 8 სექტემბერს შედგა შესაბამისი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000344“ და კომპანიის დირექტორს წარედგინა 2021 წლის 9 სექტემბერს, რაზეც გამოხატა თავისი მოსაზრება და ოქმი დაადასტურა ხელმოწერით.
შპს „ლაიქ ჰაუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 16 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა შპს „ლაიქ ჰაუსს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის უფლება.
კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ლაიქ ჰაუსის“ წარმომადგენელი ა. ცეცხლაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ არც ბათუმში და არც საქართველოს მასშტაბით, არცერთ სამშენებლო კომპანიას არ აქვს სამართალდარღვევის ჩადენის თვითმიზანი. მისი განმარტებით, კანონის თანახმად, სამართალდარღვევაზე რეაგირების ამოცანა არის არა კომპანიის დაჯარიმება, განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური კრიზისის პერიოდში, არამედ სამართალდარღვევაზე რეაგირების დანიშნულება არის პრევენცია და არსებული ხარვეზების გამოსწორება. ა. ცეცხლაძის განმარტებით, საქმის კონკრეტული და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნას მიღბული დარღვევის მცირე მნიშვნელობა, რომელიც განმარტებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლში. შპს „ლაიქ ჰაუსის“ შემთხვევაში განსხვავებული მოცემულობაა. სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია სხვა ობიექტზე, რაზეც ოქმში განმარტება გააკეთა კომპანიის დირექტორმა. 2021 წლის 8 სექტემბერს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს, იმ საათზე, რომელიც ოქმშია მითითებული, არა ოქმში მითითებულ მისამართზე არსებულ ტერიტორიაზე, არამედ ქალაქ ბათუმში ექვთიმე თაყაიშვილის 12 ნომერში გამოცხადდნენ ოქმის შემდგენელი პირები კომპანიის ოფისში. ამ გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სამართალდარღვევა არ არსებობს და სამართალდამრღვევად არ უნდა იქნეს ცნობილი შპს „ლაიქ ჰაუსი“. თუ კომისია გაითვალისწინებს ამ გარემოებას და მცირე მნიშვნელობის დარღვევად მიიჩნევს და კომპანიის გაფრთხილებით შემოიფარგლება, ზემდგომ ინსტანციებში აღარ გაასაჩივრებენ ასეთ გადაწყვეტილებას.
კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი ინჟინრები გ. წიკლაური და ნ. კონდოლელი (ოქმის შემდგენი პირები). ნ. კონდოლელის განმარტებით, შპს „ლაიქ ჰაუსის“ სამშენებლო ობიექტი მდებარეობს სამი ქუჩის კვეთაზე - აბუსერიძის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა და შარტავას ქუჩა, ამიტომ იყო გაჟღერებული დირექტორთან საუბარში ფიროსმანის და შარტავას ქუჩები. ნ. კონდოლელის განცხადებით, მარკეტ „კარფურიდან“ ზღვის მიმართულებით პირველივე არის შპს „ლაიქ ჰაუსის“ სამშენებლო ობიექტი და შემდეგ მოდის დასრულებული ობიექტები. ნ. კონდოლელმა განაცხადა, რომ მტკიცება იმისა, რომ მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა სხვა მისამართზე, არ მიაჩნია მართებულად. ნ. კონდოლელის განმარტებით მონიტორინგის ჩატარების მომდევნო დღეს, 2021 წლის 9 სექტემბერს მივიდნენ კომპანიის ოფისში, კომპანიის ხელმძღვანელისთვის სამართალდარღვევის ოქმის გადასაცემად.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი(N 21-10-1664, 13/09/2021).
2. 2021 წლის 8 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000344 თანდართული ფოტო/ვიდეო მასალით.
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ლაიქ ჰაუსის“ შესახებ მონაცემები.
4. კომისიის სხდომაზე შპს „ლაიქ ჰაუსის“ წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა- განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. 2021 წლის 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რადიომონიტორინგის პროცესში, დაფიქსირებული იქნა სამშენებლო კომპანიის მიერ რადიოკავშირის სიხშირეების უკანონო გამოყენება, კერძოდ, შპს „ლაიქ ჰაუსი“ ს/კ 445478563. ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №13 მისამართზე, 443.000 მჰც და 444.325 მჰც სიხშირეებს იყენებდა სამშენებლო ობიექტზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის. შედგენილია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000344“.
მტკიცებულება: 2021 წლის 8 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000344; კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი N 21-10-1664, 13/09/2021).
2. შპს „ლაიქ ჰაუსის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის (მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა) განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. 2021 წლის 8 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000344 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები ნ. კონდოლელი და გ. წიკლაური, ასევე, სამართალდამრღვევი შპს „ლაიქ ჰაუსის“ დირექტორი, ბ. ბაჯელაძე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში განმარტავს, რომ 2021 წლის 8 სექტემბერს ქ. ბათუმში, თაყაიშვილის 12-ში მდებარე ოფისში მივიდნენ მასთან ნიკოლოზ კონდოლელი და გიორგი წიკლაური, რომლებმაც განუმარტეს სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ, როდესაც დაეკითხა რომელ სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდნენ, მათ უპასუხეს, რომ ფიროსმანის და შარტავას ქუჩის კვეთაში, მეორე მისამართზე, რაც არ შეესაბამება მათი სამშენებლო ობიექტის მისამართს და შესაბამისად მიუთითა, რომ მათ სამშენებლო ობიექტზე სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მტკიცებულება: 2021 წლის 8 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000344.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: ) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.
7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად,ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 21-10-1664, 13/09/2021) შესაბამისად, შპს „ლაიქ ჰაუსი“ (ს/კ 445478563) ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №13 მისამართზე, 443.000 მჰც და 444.325 მჰც სიხშირეებს იყენებდა სამშენებლო ობიექტზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის. შესაბამისად, სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე სარგებლობდა რადიოსიხშირული სპექტრით. რადიოსიხშირული სპექტრით უკანონო სარგებლობის ფაქტზე 2021 წლის 8 სექტემბერს შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000344.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის სრული დაცვით, ოქმი შეიცავს ყველა საჭირო რეკვიზიტს, მითითებულია ტერიტორია, სადაც კომისიის უფლებამოსილმა პირებმა დააფიქსირეს სამართალდარღვევა- რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი უფლების მოპოვების გარეშე გამოყენების ფაქტი. ოქმში მითითებულია სამართალდამრღვევი კომპანიის ვინაობა, რეკვიზიტები, სამართალდარღვევის ოქმი დადასტურებულია შემოწმების ჩამტარებელი პირების ხელმოწერებით. წარმოების მასალებით, უტყუარად დგინდება, რომ სამშენებლო ობიექტი განთავსებულია ქ. ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქ. №13 მისამართზე, ხოლო მშენებლობის ნებართვის მფლობელი არის შპს „ლაიქ ჰაუსი“ (ს/კ 445478563“), ხოლო ამავე მისამართზე 443.000 მჰც და 444.325 მჰც სიხშირეების გამოყენებას კი ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული წარმოების ფოტო/ვიდეო მასალა. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის ფოტო/ვიდეო მასალის, ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ შპს „ლაიქ ჰაუსის“ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა -5000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრი წარმოადგენს ამოწურვად რესურსს და რადიოსიხშირით სარგებლობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია კომისიის მიერ შესაბამისი უფლების არსებობა, რომლის ერთი წლის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს. აღნიშნული სამართალდარღვევა, თავისი ხასიათის გათვალისწინებით ჩადენილია სამართალდამრღვევის უკანონო ქმედებით და ვერ იქნება მიჩნეული მცირემნიშვნელოვან გადაცდომად, შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს სამართალდამრღვევის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ სახეზეა მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე, ასევე, ადგილი არ აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და შპს „ლაიქ ჰაუსს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილისა და 228-ე, 239-ე, 240-ე 260-ე, 262-ე, 264-ე და 273-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ლაიქ ჰაუსს“ (ს/კ 445478563) დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
2. შპს „ლაიქ ჰაუსმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ლაიქ ჰაუსისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ლაიქ ჰაუსისთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით მისი დამოწმებული ასლის შპს „ლაიქ ჰაუსისთვის“ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი