წვდომის მენიუ

შპს „ბლუნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 504

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2021 11:19

მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2021

შპს „ბლუნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  „კომისია“)  აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N21- 10-1584 01.09.2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში   დაიწყო   მარტივი   ადმინისტრაციული   წარმოება   შპს   „ბლუნეტის“    მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს   კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის    აპარატის    სატელეკომუნიკაციო    ბაზრის    რეგულირების    დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N21-10-1584 01.09.2021)   და თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, ირკვევა, რომ შპს „ბლუნეტის“ მიერ 2021 წლის 11 ივნისს განხორციელდა ცვლილება სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, რომლის თანახმად შეიცვალა დამფუძნებელი და დირექტორი, კერძოდ, დამფუძნებლის მარიამ ბურდულის 100%-იანი წილი შეისყიდეს ფიზიკურმა პირებმა: ზაზა რამაზაშვილმა 34%, გიორგი ბადაგაძემ 33% და ფირანი ტურაშვილმა 33%, დირექტორი ნაცვლად მარიამ ბურდულისა გახდა   ფირანი ტურაშვილი. წილის გასხვისების ოპერაცია განხორციელდა კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე, ხოლო ცვლილებების განხორციელების თაობაზე კანონით განსაზღვრულ 7 დღიან ვადაში შპს „ბლუნეტს“ არ უცნობებია კომისიისთვის.

შპს „ბლუნეტის“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 9 სექტემბრის, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

2021 წლის 9 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ბლუნეტის“ წარმომადგენელი ზ.რამაზაშვილი, რომელმაც აღიარა სამართალდარღვევის ფაქტი.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.      კომისიის    აპარატის    აპარატის        სატელეკომუნიკაციო    ბაზრის    რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N21-10-1584 01.09.2021) თანდართული მასალით;

2. კომისიის  აპარატის  სატელეკომუნიკაციო  ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-1630  07.09.2021);

3. მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან    და    კომისიის    ავტორიზებულ    პირთა    უწყებრივი    რეესტრიდან    შპს „ბლუნეტის“ შესახებ.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ბლუნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა,  მათ   შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

 2. 2021 წლის 11 ივნისს შპს „ბლუნეტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შეიცვალა დამფუძნებელი და დირექტორი, კერძოდ, დამფუძნებლის მარიამ ბურდულის 100%-იანი წილიდან 34% წილის მფლობელი გახდა ზაზა რამაზაშვილი, 33%-ის გიორგი ბადაგაძე და 33%-ის ფირანი ტურაშვილი, დირექტორი ნაცვლად მარიამ ბურდულისა გახდა  ფირანი ტურაშვილი.

 3. შპს „ბლუნეტს“ თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მოუმართავს კომისიისათვის   და   არ   მიუღია   კომისიის   წინასწარი   თანხმობა   ამ   ტრანზაქციის განხორციელებასთან დაკავშირებით;

4. შპს „ბლუნეტის“ დირექტორის ცვლილების თაობაზე კომისიაში ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა კანონით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დარღვევით.

5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (N21-10-1630   07.09.2021) შესაბამისად,   წილის შეძენამდე და წილის შეძენის შემდგომ, შპს „ბლუნეტის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს „ბლუნეტის“   წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება   ის  აუცილებელი გარემოებები,     რომლის    თანახმადაც,  საჭირო   იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“  საქართველოს კანონის    27-ე    მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო  ადმინისტრაციული წარმოების დაწყება;

6.     შპს   „ბლუნეტის“   მიმართ   ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“     საქართველოს  კანონით  გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც   ერთი   სახე  მსგავსი/ანალოგიური   დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

 

IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-11 მუხლის პირველი   პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული   კომუნიკაციების     სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის   მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება,  შენარჩუნება  და  განვითარება,  ხოლო  გ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი  პუნქტის  შესაბამისად,  კომისია  აკონტროლებს  ავტორიზებულ  პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების   შესრულებას.    ამავე    კანონის    44-ე   მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს   კანონმდებლობის, მათ  შორის,  კომისიის   დადგენილებებითა   და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.  ამავე  პუნქტის  გ)  ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ავტორიზებული  პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად კი ავტორიზებულმა პირმა წარმომადგენლობაზე  უფლებამოსილი  პირის  ცვლილების  თაობაზე  კომისიას წერილობით უნდა აცნობოს ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში       ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.

7.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული  პირის  5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

8. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის    შესახებ    კომისიას    უნდა    ეცნობოს    შერწყმის  ან  შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

9.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული(აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის    მოცულობა;    ე)    ინფორმაცია    წილის    ან    აქციების    მფლობელთა    შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

10. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   27-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა    შერწყმაზე    ან    შეძენაზე    ან    ბაზრის    შესაბამის    სეგმენტზე    არსებულ კონკურენციაზე               შესაძლო     გავლენის     მოხდენის     დადგენის     მიზნით     მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც        მოხდა,   ფუნქციონალური   განცალკევება   (ფუნქციონალურად   გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია  უფლებამოსილია  დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

12. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება    ან     მინიჭებული უფლებამოსილება  -  გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბლუნეტს“ არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა. შესაბამისად, შპს „ბლუნეტის“ მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის     გარეშე, წილის გასხვისებით დარღვეულ იქნა  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. ამასთან, გარდა დამფუძნებლისა, შეიცვალა კომპანიის დირექტორი და აღნიშნული ცვლილებების თაობაზე კომისიას შპს „ბლუნეტმა“ ინფორმაცია   მიაწოდა   7   დღიანი   ვადის   დარღვევით,   რითაც   დარღვეული   იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  გ)   და   მ)   ქვეპუნქტები.   ზემოაღნიშნული   დარღვევები   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

კომისია მიუთითებს  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/648 გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ “… ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი  თანხმობის გარეშე გაყიდვის  შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის  აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში. ამასთან,  კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირის საბოლოო ბენეფიციარის წილის ან/და გავლენის ცვლილება ავტორიზებულ პირში საჭიროებს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში   კომისიის   მიერ   შეფასებას,   ვინაიდან ცალკეულ შემთხვევებში შუალედური ბენეფიციარის/ბენეფიციარის წილის ცვლილება შესაძლოა იწვევდეს საბოლოო ბენეფიციარის წილის    ან/და    გავლენის  ცვლილებას  თავად ავტორიზებულ პირში“.

კომისია ასევე მიუთითებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-18/729 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად,  „... „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა“.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N21-10-1630   07.09.2021) ირკვევა, რომ შპს „ბლუნეტის“ წილის შეძენამდე და წილის შეძენის შემდგომ, კომპანიის საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ავტორიზებული პირის წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ბლუნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის    მე-13    და    მე-14  პუნქტების, ,,ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) გ) მ) ქვეპუნქტების, 25-ე, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ბლუნეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;

2.   დაევალოს     კომისიის      აპარატის      ადმინისტრაციას  (ო.   ვოტ)  წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ბლუნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

 

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ბლუნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ბლუნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება   შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ბლუნეტისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-3 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე

თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები