წვდომის მენიუ

შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“- სთვის (ს/კ 423352124) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 462

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2021 17:00

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2021

 შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“- სთვის (ს/კ 423352124) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

 I. აღწერილობითი ნაწილი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№ 21-10/1344, 22.07.2021) თანახმად, 2021 წლის 21 ივლისს, დეპარტამენტის თანამშრომლები მივლინებით იმყოფებოდნენ სამცხე-ჯავახეთში ტელე და რადიო სამაუწყებლო სიხშირეებზე გეგმიური რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად. რადიომონიტორინგის შედეგად ქ. ახალქალაქში გამოვლინდა ანალოგური ტელემაუწყებლობა მე-12 არხზე (226 მჰც +/- 4 მჰც) სათანადო ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წარმოადგენს სამართალდარღვევას. საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა მე-12 სატელევიზიო არხის გადამცემი სადგურის განთავსების ადგილი - ქ. ახალქალაქი, თუმანიანის ქ. №36 და მფლობელი - შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“ (ს/კ 423352124). აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შპს ,,ტელე რადიო კომპანია ატვ-12“ -ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000342.

შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი განხილულ იქნა კომისიის 2021 წლის 29 ივლისის და 5 აგვისტოს სხდომებზე, რის შესახებ ეცნობა შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს და განემარტა     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის უფლება.

კომისიის 2021 წლის 29 ივლისის სხდომაზე შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს გენერალურმა დირექტორმა ვ. ქთოიანმა დაადასტურა შპს ,,ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის ტელემაუწყებლობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე და განმარტა, რომ ტელეკომპანია ჩართული იყო ციფრულ მაუწყებლობაში დამალზე განთავსებული ანძის მეშვეობით. დაახლოებით თვენახევრის წინ შეჩერდა ანძის ფუნქციონირება, რაც მფლობელებმა ახსნეს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებით, რომელიც ერთ თვეში დასრულდებოდა, თუმცა,   სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე დამთავრებული არ არის. ვინაიდან, კომპანიას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სიხშირეების გამოყენებით დაიწყო მაუწყებლობა. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს

გენერალურმა დირექტორმა, ასევე განმარტა, რომ ამჟამად სიხშირეებს არ იყენებენ და როგორც კი დასრულდება ანძის რეაბილიტაცია, დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან მულტიპლექსში.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№ 21-10/1344, 22.07.2021).

2. 2021 წლის 21 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000342.

3. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს გენერალური დირექტორის მიერ კომისიის 2021 წლის 29 ივლისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. 2021 წლის 21 ივლისს, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ ქ. ახალქალაქში ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შპს ,,ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის ტელემაუწყებლობა მე-12 სატელევიზო არხზე  სიხშირული სპექტრის (226 მჰც +/- 4 მჰც) გამოყენებით ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, თუმანიანის ქ. №36- ში განთავსებული გადამცემი სადგურის მეშვეობით, რაზედაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000342.

მტკიცებულება: 2021 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000342; კომისიის  აპარატის  სპექტრის  და  ტექნოლოგიის  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათი  (№  21-10/1344, 22.07.2021).

2.  2021 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი №000342  შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული   მოთხოვნების დაცვით. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები ნ. კონდოლელი და გ. წიკლაური, ასევე, სამართალდამრღვევი შპს ,,ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის დირექტორი ვაირად ქთოიანი. შპს ,,ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას.

მტკიცებულება: 2021 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000342.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

2. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

3.   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445  და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. 

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.

7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000342 ოქმის, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№21-10/1344, 22.07.2021) და შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს გენერალური დირექტორის ახსნა- განმარტების შესაბამისად, 2021 წლის 21 ივლისს შპს ,ტელერადიო კომპანია ატვ-12“ ახორციელებდა ტელემაუწყებლობას სიხშირული სპექტრის გამოყენებით ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441  მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რისთვისაც განსაზღვრულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა სახელმწიფო რესურსის - რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება სათანადო ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ამასთან, ადგილი არ აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, შპს ,,ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ  მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრით, როგორც მნიშვნელოვანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის წინაპირობებს, რაც გულისხმობს დადგენილი წესით ლიცენზიის ან/და სარგებლობის მინიჭებას. შესაბამისად, სწორედ კანონმდებლობით დადგენილი წესით არის შესაძლებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა. მულტიპლექსპლატფორმის ფუნქციონირების შეფერხება ან/და სხვა პირის მიერ შესაძლო   სამართალდარღვევის   ჩადენა   არ   გამორიცხავს   სიხშირული   რესურსით   უკანონოდ

სარგებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. კომისია აღნიშნავს, რომ საეთერო მულტიპლექსპლატფორმის ფუნქციონირების შეჩერების გამო, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირთან, კერძოდ, ააიპ   „სამცხე- ჯავახეთის   მედიის   ხელშეწყობის ფონდთან“ დავის არსებობის შემთხვევაში, შპს ,,ტელერადიო კომპანია ატვ-12“ უფლებამოსილი იყო კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №5 დადგენილებით დამტკიცებული ,,ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით საჩივრით მიემართა კომისიისთვის, რომელიც დავას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

V. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 228-ე მუხლის, 260-ე, 262-ე, 264-ე, 266-ე და 273-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს (ს/კ 423352124) დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

2. შპს ,,ტელერადიო კომპანია ატვ-12“ - მა უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით   გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი   - TRESGE22;

სახაზინო კოდი - 300603251.

ბ) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა.

3.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს ,,ტელერადიო კომპანია ატვ-12“- სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელერადიო კომპანია ატვ-12“- სთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

6. გადაწყვეტილების   მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

7. გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის  სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები