წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 255

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2021 16:06

მიღების თარიღი აპრილი 15, 2021

შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში„კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის  მოხსენებითი  ბარათის  (N21-10-344 25.02.2021) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს

„ტელეიმედის“ მიერ   „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის მიზნით. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა წერილობით (24.02.2021 N16/21987) აცნობა კომისიას, რომ შპს „ტელეიმედს“ 2019 წლის ანგარიშგება კვლავ არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში.

კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-18/976 გადაწყვეტილებით შპს „ტელეიმედს“ დაეკისრა   გაფრთხილება   „ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგებისა   და   აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული 2019 წლის აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების წარუდგენლობისთვის და დარღვევის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ერთთვიანი ვადა. კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-18/976 გადაწყვეტილება შპს„ტელეიმედს“ ჩაბარდა 2021 წლის 22 იანვარს. შესაბამისად, 2021 წლის 22 თებერვალს ამოიწურა შპს „ტელეიმედისთვის“ კომისიის მიერ განსაზღვრული ერთთვიანი ვადა. შპს„ტელეიმედს“ ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.

შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 11 მარტის კომისიის სხდომაზე. აღნიშნულის თაობაზე შპს„ტელეიმედს“    ეცნობა  შეტყობინებით  და  განემარტა  საქართველოს     ზოგადი ადმინისტრაციული     კოდექსის    98-ე და 99-ე   მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2021 წლის 11 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელეიმედის” წარმომადგენელი, თუმცა მაუწყებელმა წერილობით (11.03.2021 Nშ-21-6/1179) იშუამდგომლა კომისიის წინაშე, საკითხის ერთი თვით გადადების თაობაზე და აცნობა, რომ ორგანიზაციაში შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით არ არის შესრულებული ვალდებულება შპს„ტელეიმედის“ მიერ. საკითხის განხილვა გადაიდო 2021 წლის 8 აპრილის სხდომისთვის.

2021 წლის 8 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ნ.ფაშალიშვილი და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ი. კობახიძე. მისი განმარტებით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პოლიტიკა სანქციის სახით ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებით, ეფუძნება პანდემიიდან გამომდინარე ფორს- მაჟორულ ვითარებას. ი. კობახიძემ აღნიშნა, რომ საწარმოთა ნაწილმა, რომლებმაც მოცემულ მომენტამდე ვერ წარადგინეს ანგარიშგება, მომართეს სამსახურს თხოვნით, რომ პანდემიიდან გამომდინარე შეწყვიტეს ფუნქციონირება ან არ გააჩნდათ აუდიტის ჩატარებისთვის   მატერიალური     რესურსი.     სამსახურმა,     საქართველოს     ფინანსთა სამინისტროს მიდგომების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღო ასეთი სუბიექტების თხოვნა და მოცემულ მომენტამდე დიდ ნაწილს გადაუვადა ანგარიშის წარდგენა ან არარელევანტურად მიიჩნია მათ მიმართ ჯარიმის გამოყენება. ჯარიმებზე არის დროებითი მორატორიუმი და ბმაშია სამთავრობო პოლიტიკასთან და HORECA-ს სექტორის საწარმოების მიმართ არსებულ შეღავათებთან. ი. კობახიძის აზრით შპს „ტელეიმედის“ საქმიანობის  სპეციფიკა   არის   საკმაოდ   განსხვავებული,   მითუფრო   რომ   მას   არც სამსახურისთვის, არც  კომისიისთვის      მოუმართავს      ანგარიშგების      წარდგენის შემაფერხებელ ობიექტურ ფაქტორებზე მითითებით და გადავადების თხოვნით. გარდა ამისა, აღნიშნული მაუწყებელი არ წარმოადგენს პანდემიისგან დაზარალებულ სუბიექტს.

შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ნ.ფაშალიშვილმა, აღნიშნა რომ კომპანიას დიდი სურვილი აქვს, წარადგინოს ანგარიშგება, თუმცა არის ორი ფაქტორი, რის გამოც არ აქვს ანგარიში     დასრულებული.     მათ     შორის     პირველი     ფინანსურ     საკითხს     ეხება. ნ.ფაშალიშვილის განმარტებით, HORECA-ს სექტორისგან შპს „ტელეიმედი“, რა თქმა უნდა, განსხვავდება და შესაძლოა ჩანდეს, რომ ნაკლები ზიანი მიადგა, მაგრამ სხვადასხვა სფეროს ფინანსურად დაზიანებამ გამოიწვია რეკლამის განთავსების მოთხოვნისა და რეკლამის ფასების განახევრება, რაც პირდაპირ აისახება ტელეკომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. ნ.ფაშალიშვილის განცხადებით, კომპანიაში  ჯერჯერობით    არ დასრულებულა აუდიტი, ხოლო წინა სხდომის დროს შპს „ტელეიმედის“ მიერ საკითხის განხილვის გადადების    თხოვნა    შესაძლოა    ჩაითვალოს    ანგარიშგების    წარდგენის შემაფერხებელი ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე კომისიისთვის მომართვად.

საკითხის განხილვა გადაიდო 2021 წლის 15 აპრილის სხდომისთვის და შპს „ტელეიმედს“ დაევალა მისთვის მომსახურების გამწევი აუდიტორული კომპანიის წერილობითი წინადადების წარმოდგენა, თუ რა ვადაში იქნება შესაძლებელი შესაბამისი აუდირებული ანგარიშგებების წარდგენა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურში.

2021 წლის 15 აპრილს კომისიას წერილობით (შ-21-6/17227) მომართა შპს „ტელეიმედმა“ და წარმოადგინა შპს „მართვის საკონსულტაციო ჯგუფის“ წერილი, საიდანაც ირკვევა, რო აღნიშნული კომპანია წარმოადგენს შპს „ტელეიმედის“ აუდიტორს და, რომ აუდიტის პროცედურები გათვალისწინებით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გამოცემული ფინანსურ ანგარიშგებაზე აუდიტორის მოსაზრების გამოხატვის სავარაუდო თარიღად მიჩნეულია 2021 წლის 1 ივნისი.

2021 წლის 15 აპრილის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა  შპს „ტელეიმედის“  წარმომადგენელი  ა.ლაშხი, რომელმაც     დაადასტურა,  რომ შპს     „ტელეიმედი“ თანამშრომლობს  შპს   „მართვის    საკონსულტაციო    ჯგუფთან“,  რომლის    წერილი წარმოდგენილია კომისიაში და რომ 2021 წლის პირველი ივნისისთვის შესაბამისი ანგარიშგებები იქნება მომზადებული და წარდგენილი კანონით დადგენილი წესით.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (24.02.2021 N16/21987);

2. კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის    Nგ-20-18/976    გადაწყვეტილება   „შპს„ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

3. შპს „ტელეიმედისთვის“ კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-18/976 გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

4.  შპს  „ტელეიმედის“  წერილები  კომისიას  (11.03.2021  Nშ-21-6/1179,  15.04.2021  შ-21 6/17227);

5. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლების ნ.ფაშალიშვილისა და ა.ლაშხის მიერ კომისიის 2021 წლის 8 და 15 აპრილის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

6. ბუღალტრული აღიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ი.კობახიძის მიერ კომისიის 2021 წლის 8 აპრილის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს;

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის  მიხედვით,    შპს    „ტელეიმედი“    წარმოადგენს    „ბუღალტრული    აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ II კატეგორიის საწარმოს;

3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ტელეიმედი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით  გათვალისწინებულ შემთხვევებში    აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ   არაუგვიანეს საანგარიშგებო   პერიოდის   მომდევნო   წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;

4. კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-18/976 გადაწყვეტილებით, შპს „ტელეიმედს“ დაეკისრა გაფრთხილება და განესაზღვრათ ერთთვიანი ვადა, 2019 წლის აუდირებული ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში  წარსადგენად.

5. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, შპს „ტელეიმედს“ დღემდე არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 2019 წლის ფინანსური დოკუმენტი - აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები;

6. შპს „ტელეიმედს“ მომსახურებას უწევს აუდიტორული კომპანია შპს „მართვის საკონსულტაციო ჯგუფი“ და აღნიშნული კომპანიის განმარტებით შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება დასრულდება 2021 წლის პირველი ივნისისთვის.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის,  კონსოლიდირებული    ანგარიშგება),  სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;

2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მმართველობის ანგარიშგება მოიცავს: ა) საქმიანობის მიმოხილვას; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები;

3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო;

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.      ხოლო    მეორე    პუნქტის    თანახმად,    ამ    მუხლის    პირველი    პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;

5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2019 წლის შესაბამისი ანგარიშგებების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურში  წარუდგენლობით დარღვეულია „ბუღალტრული    აღრიცხვის,    ანგარიშგებისა    და   აუდიტის    შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია. კომისიამ მხედველობაში მიიღო პანდემიის გათვალისწინებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პრაქტიკა პანდემიის პერიოდში საწარმოებისთვის   შეღავათების მიცემისა და ჯარიმების არ დაკისრებასთან დაკავშირებით. ასევე კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შპს         „ტელეიმედმა“   წარმოადგინა  მტკიცებულება   იმისა,   რომ   შპს   „ტელეიმედის“ აუდირებული ანგარიშგებების მოსამზადებლად აუდიტორულ კომპანიას დაწყებული აქვს მუშაობა და   ანგარიშგების   წარდგენის  თარიღად აუდიტორული   კომპანიის   მიერ დასახელებულია  2021 წლის პირველი      ივნისი.    აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით,    კომისია    მიზანშეწონილად    მიიჩნევს    საკუთარი  დისკრეციის ფარგლებში შპს „ტელეიმედი“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაანთავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისგან. ამავდროულად განუსაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელეიმედი“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „ტელეიმედი“ განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3. უზრუნველყოს შპს „ტელეიმედმა“ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 2019 წლის აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა, ერთი თვის ვადაში;

4.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული  გადაწყვეტილების    შპს„ტელეიმედისთვის“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს„ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული   ასლის   შპს„ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძემ          წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები