შპს „ალტ ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 21, 2021 12:03
მიღების თარიღი აპრილი 15, 2021
შპს „ალტ ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№20-10-2618, 28/12/2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ალტ ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 561 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.
სამსახურებრივ ბარათში მითითებულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის წერილის საფუძველზე კომისიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეამოწმა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირის, შპს „ალტ ინფოს“ სამაუწყებლო ბადე. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 2021 წლის 5 მარტს, 21:00 საათზე აღნიშნული მაუწყებლის ეთერში განთავსებული იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა, თოქ- შოუ „ალტ-ანალიტიკა“. დასახელებული პროგრამა შეიცავდა უხამსობას. კერძოდ, გადაცემაში გამოყენებული იყო უცენზურო ლექსიკა, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. ამასთან, დეპარტამენტის დასკვნით, უხამსი ლექსიკის გამოყენებით შეილახა ადამიანის უფლებები.
სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებულ პროგრამაში ასევე განხორციელდა ბავშვზე ფიზიკური ძალადობის, ზოგადად ძალადობის და ბულინგის გამართლება. აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ პროგრამაში დადებითად არის შეფასებული ძალადობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულს განეკუთვნება.
შესაბამისად, მაუწყებელმა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალა განათავსა 21:00 საათზე, შესაბამისი წყალგამყოფის დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურებრივ ბარათში მითითებულია, რომ იკვეთება შპს „ალტ ინფოს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა.
შპს „ალტ ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2021 წლის 15 აპრილს, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი შოთა მარტინენკო. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, 2021 წლის 5 მარტს მაუწყებლის ეთერში გასული პროგრამა „ალტ-ანალიტიკა“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის არის, ხოლო მასში მონაწილე პირები არიან მაუწყებლის წარმომადგენლები - წამყვანები. მისი მითითებით, პროგრამა გამოხატავს მაუწყებლის იდეოლოგიას.
შოთა მარტინენკომ ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, სახალხო დამცველის მოადგილის საჩივარი, რომელშიც სახალხო დამცველის მოადგილე შპს „ალტ ინფოს“ ეთერში გავრცელებულ მასალას სიძულვილის ენად აფასებს, შერჩევითია, ვინაიდან, სახალხო დამცველი არ რეაგირებს სხვა მაუწყებლების მიერ სიძულვილის ენის გავრცელებაზე და მათ გამოხატვის თავისუფლებით დაცულად მიიჩნევს. შპს „ალტ ინფოს“ წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ კომპანია არ იზიარებს შეფასებას, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის ეთერში უცენზურო ლექსიკის გამოყენება ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, ვინაიდან არ არსებობს საზოგადოებაში დამკვიდრებული უნივერსალურად შეთანხმებული ეთიკური ნორმები, რაც ეთიკურად მიუღებელია საზოგადოების ერთი ჯგუფისთვის, შესაძლოა, მისაღები იყოს სხვებისთვის.
მაუწყებლის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ პროგრამის მონაკვეთი, რომელშიც დადებითად არის შეფასებული არასრულწლოვნის აღზრდის მიზნით გარკვეული ძალადობის, მაგალითად, ყურის აწევის გამოყენება, განეკუთვნება მაუწყებლის მოსაზრებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს კანონით, სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალულია, ამ კანონს მაუწყებელი არ ეთანხმება და არასწორად მიიჩნევს. შესაბამისად, მაუწყებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად გაავრცელოს საკუთარი მოსაზრება დღის ნებისმიერ მონაკვეთში. შოთა მარტინენკომ ასევე მიუთითა, რომ მისი აზრით, არასწორია შპს „ალტ ინფოს“ დაჯარიმება იმ პირობებში, როდესაც სხვა მაუწყებლები ავრცელებენ უცენზურო და კანონდარღვევის გამამართლებელ მასალას და მათ მიმართ კომისიას სანქცია არ გამოუყენებია.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ალტ ინფოს“ შესახებ;
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№ 21-10-637, 06/04/2021) თანდართული მასალებით;
3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (№ 21-10-669, 12/04/2021);
4. შპს „ალტ ინფოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ალტ ინფო“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ალტ ინფოს“ შესახებ.
2. 2021 წლის 5 მარტს, 21:00 საათზე შპს „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა, თოქ-შოუ „ალტ-ანალიტიკა“. პროგრამაში გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „ბ**ობას და სექსუალურ გარყვნილებას თუ არ ერქვა თავის სახელი...“; „ვიღაცა რო გამოხტება და ძალადობა აპრიორი არის საშინელება... ეგეთი გამო*ირებული გათვალისწინებული არ უნდა იყოს...“; „ეროვნული ბ**ი რო გვყავს, რა ქვია იმას, თინა მახარაძე...“, „ბიჭო რავი ერთმა პიდ***სტმა მეორეს დანა დაარტყა ჩვენ რა შუაში ვართ...“. „აი მაგალითად ჩემმა შვილმა დენის რაზეტკაში ჩანგალი რო ურჭოს და რო უთხრა არ აკეთოო და კიდე და კიდე მაინც აკეთებს, ვცემ, ვცემ იმიტომ რომ შეეშინდეს“;
„ძალადობა არის რაღაც შემთხვევებში, არის ზრუნვის აუცილებელი ნაწილი...“;„აუცილებელი პრევენციის საშუალებები, რაც არის ბულინგი ამორალობის, ბო*ობის, ავხორცობის, მათ შორის სექსუალური პერვერსიების მიმართ ბულინგი, ძალიან კარგი რაღაცაა, უმნიშვნელოვანესი რაღაცაა...“; „მანდ არის ძალიან მარტივად საკითხი... მარტო ორი არჩევანი თუ არის, ან 13 წლის გოგოებს გააუპატიურებენ ან მაგისი ცემის საშუალება უნდა იყოს, შენ რომელი გირჩევნია?!... მე მეტი კითხვა არ მაქვს, ან მშობელს ბავშვის ცემის უფლება უნდა ჰქონდეს ან იმ ბავშვს ვიღაცა მერე იხმ**ს...“; „რას ბოდიალობთ, რომელი ადგება და იტყვის, რომ მშობელს არასდროს არ უცემია... რავი, ყური არ აუწევია, კუთხეში არ დაუყენებია, არ დაუყვირია... მშობელს ყველაზე მეტად უყვარს თავისი შვილი და მაგას ყველაზე მეტად მშობელი ერიდება, რომ ზედმეტი არ გააკეთოს, მაგრამ აბა რა ქნას, რაღაც მომენტში იძულებულია...“.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№ 21-10-637, 06/04/2021)) თანდართული მასალებით, შპს „ალტ ინფოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
3. შპს „ალტ ინფოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ალტ ინფოს“ შესახებ.
4. შპს „ალტ ინფოს“ წლიური შემოსავლის 0,5% ნაკლებია 2500 ლარზე.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (№ 21-10-669, 12/04/2021).
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
2. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
3. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.
4. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით,
იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.
5. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ ქვეპუნქტის თანახმად უხამსობა განმარტებულია როგორც „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ- პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება“.
6. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1).
7. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ...მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ამ კანონის 561 ან 562 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე რეაგირებას ახდენს ამავე კანონის IX თავით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.
8. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა) 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.
9. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
11. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
12. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.
13. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
14. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითეული სამართალდარღვევისთვის ცალ-ცალკე. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.
1. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის საკითხი „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.
შპს „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებულ პროგრამაში გამოყენებულია დისკრიმინაციული, ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც შესაძლოა შეფასდეს, როგორც, კონკრეტული პირებისა და პირთა ჯგუფების გარკვეული ნიშნების მიხედვით, მათ შორის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და მსოფლმხედველობის გამო დისკრიმინაციის, შეურაცხყოფისა და სტიგმატიზებისკენ მიმართული.
ამრიგად, შპს „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული პროგრამა, შესაძლოა, შეიცავდეს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის ნიშნებს. აღნიშნულის მიუხედავად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 და 591 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით დასახელებულ საკითხზე რეაგირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში და კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
2. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით იკრძალება „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ პუნქტის თანახმად, უხამსობა განმარტებულია, როგორც „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება“.
დასახელებული ნორმების სამართლებრივი კონსტრუქციის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის იდენტიფიცირებისათვის პროგრამის განთავსების მართლზომიერება უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით:
(ა) შეიცავს თუ არა პროგრამა ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს;
(ბ) აქვს თუ არა საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედებას საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება;
(გ) ილახება თუ არა პროგრამის განთავსებით ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები.
2.1.ეთიკურ ნორმებთან წინააღმდეგობა
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, პროგრამის უხამსად მიჩნევის საკითხის გადასაწყვეტად პირველ რიგში დგინდება, შეიცავს თუ არა იგი ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად მორალის (და, შესაბამისად, უხამსობის) დეფინიციის უნივერსალური ცნება არ არსებობს. თავად უხამსობის კანონისმიერი დეფინიციის მიხედვით, ამა თუ იმ გამოხატვის უხამსობად მიჩნევის საკითხს განსაზღვრავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული ეთიკური ნორმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-1278-1298-2011).
აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის იდენტიფიცირებისას ქმედების უხამსობა ფასდება თვალსაზრისობრივად ნეიტრალურად. კერძოდ, ხსენებული დარღვევის დადგენის პროცესში კომისია არ აფასებს პროგრამის არაეთიკური კომპონენტი თვალსაზრისობრივად რა შინაარსის მატარებელია. ამ კონტექსტში კომისიის შეფასების მასშტაბია გადმოცემული თვალსაზრისის - ინფორმაციისა თუ მოსაზრების გადმოცემის არაეთიკური ფორმა უშუალოდ გადმოცემული მოსაზრების შინაარსის შეფასების გარეშე (იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ (№ გ-21-18 / 22,28.01.2021).
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 5 მარტს, 21:00 საათზე მაუწყებლის ეთერში განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა - თოქ შოუ „ალტ-ანალიტიკა“ შეიცავდა უხამსობას. კერძოდ, გადაცემაში გამოყენებულია უცენზურო ლექსიკა, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. კერძოდ, გადაცემაში გამოყენებულია შემდეგი გამონათქვამები: „ბ**ობას და სექსუალურ გარყვნილებას თუ არ ერქვა თავის სახელი...“; „ვიღაცა რო გამოხტება და ძალადობა აპრიორი არის საშინელება... ეგეთი გამო**რებული გათვალისწინებული არ უნდა იყოს...“; „ეროვნული ბ**ი რო გვყავს, რა ქვია იმას, თინა მახარაძე...“, „ბიჭო რავი ერთმა პიდ***სტმა მეორეს დანა დაარტყა ჩვენ რა შუაში ვართ...“.
კომისია ვერ გაიზიარებს მაუწყებლის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს არ ეწინააღმდეგება მაუწყებლის ეთერში უცენზურო და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის შემცველი ფრაზების გამოყენება. კომისიის და სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ობიექტურად იდენტიფიცირებადია გამონათქვამებისა თუ გრაფიკული გამოსახულებების ის კატეგორია, რომელთა საჯაროდ გავრცელება, მათ შორის, მაუწყებლობით გადაცემა მათი სექსუალური, თუ შეურაცხმყოფელი ფორმის გათვალისწინებით, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. მაგალითად, კომისიის პრაქტიკის მიხედვით, საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმების საწინააღმდეგოდ არის მიჩნეული მაუწყებლის მიერ მამაკაცის გენიტალიების (ასევე გენიტალიების სილუეტის) გრაფიკული გამოსახულების, აგრეთვე ადამიანებისა და გენიტალიების შედარების შემცველი გამონათქვამების გავრცელება (იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ (№ გ-21-18 / 22, 28.01.2021).
განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ სამაუწყებლო პროგრამაში ისეთი შეურაცხმყოფელი და უცენზურო გამონათქვამების გამოყენება, როგორებიც არის „ბო*ობა“, „ბო*ი“, „გამო*ირებული“, „პიდა*ასტი“ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. საზოგადოებაში არ არის მიღებული მაუწყებლის ეთერში დასახელებული ტერმინოლოგიის გამოყენება და ასეთი გამონათქვამებით ამა თუ იმ პირის ან პირთა ჯგუფის მოხსენიება. შესაბამისად, შპს „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული მასალა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.
2.2. ღირებულება
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, უხამსობის კვალიფიკაციისას ასევე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს აქვს თუ არა არაეთიკურ ქმედებას საზოგადოებრივ- პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება, იგი არ მიიჩნევა უხამსობად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისთვის.
კომისიის პრაქტიკის თანახმად, ამ თვალსაზრისით, უნდა შეფასდეს, აქვს თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება, არა მთლიანად იმ პროგრამას (ან სიუჟეტს), რომელშიც ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო კონტენტია განთავსებული, არამედ - უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა ამგვარი ღირებულება კონკრეტულ ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედებას (განცხადებას). არაეთიკური ქმედების (განცხადების) ეთერში განთავსებას შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და იყოს კონტექსტით გამართლებული, როდესაც პროგრამის თავისებურების გათვალისწინებით შეუძლებელია შესაბამისი საზოგადოებრივ- პოლიტიკური აზრის, ახალი ამბის, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული მასალის გადაცემა არაეთიკური ქმედების/განცხადების ეთერში განთავსების გარეშე“ (კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“(№ გ-21-18 / 22,28.01.2021). მაგალითად, კომისია კონტექსტით გამართლებულად მიიჩნევს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას მაშინ, როდესაც ეს განპირობებულია პერსონაჟის მახასიათებლებით და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით (იხ. mutatis mutandis კომისიის გადაწყვეტილება „შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ (№გ-20-18/966, 31.12.2020).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე უნდა შეფასდეს ეთიკის ნორმების საწინააღმდეგო კომპონენტებს - უცენზურო გამონათქვამებს ჰქონდა თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. კერძოდ, პროგრამის მახასიათებლების გათვალისწინებით არაეთიკური მონაკვეთების გამოყენება იყო თუ არა კონტექსტით გამართლებული და შესაძლებელი იყო თუ არა მასში მოცემული იდეისა თუ ინფორმაციის გადმოცემა არაეთიკური, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენების გარეშე.
კომისია მიიჩნევს, რომ პროგრამაში არანაკლები სიმწვავით შეიძლებოდა მასში გამოხატული ნებისმიერი აზრის გამოთქმა არაეთიკური გამონათქვამების გამოყენების გარეშე, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკის ნორმებთან შეუთავსებელი ქმედებები. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, თუ რა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერულ ღირებულება აქვს პროგრამის არაეთიკურ ნაწილს ან რატომ შეიძლება ის კონტექსტით გამართლებული ყოფილიყო.
ამრიგად, დგინდება, რომ შპს „ალტ ინფოს“ მიერ ეთერში განთავსებული სიუჟეტის კომპონენტები: (ა) ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და (ბ) მათ არ გააჩნიათ საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ განთავსებული პროგრამა შეიცავს უხამსობას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის.
2.3. ღირსების/ძირითადი უფლების დარღვევა
როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ირღვევა მაშინ, როდესაც უხამსობის შემცველი პროგრამის გადაცემა იწვევს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შელახვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნულ ნორმაში არ არის დაკონკრეტებული ის უფლება (უფლებები), რომელიც მაუწყებელმა შესაძლოა ხელყოს უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებით, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ კანონმდებელი პრაქტიკულად ნებისმიერი ძირითადი უფლების დარღვევის შესაძლებლობას უშვებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6).
თავის მხრივ, ძირითადი უფლების დარღვევის კონტექსტში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ კომისიას, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ მარეგულირებელ ორგანოს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ კანონმდებლობის ფარგლებში პოზიტიური ქმედებებით, დარღვევებზე ეფექტური რეაგირების გზით უზრუნველყოს მაუწყებლების მიერ ადამიანების და მოქალაქეების ძირითადი უფლებების დარღვევის აღკვეთა და პრევენცია. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონტექსტში უფლებების შელახვის საკითხი ფასდება იმ პრიზმიდან, იწვევს თუ არა კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტზე კომისიის უმოქმედობა ადამიანისა და მოქალაქის ძირითადი უფლების შელახვას (იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ (№ გ-21-18/22, 28.01.2021).
გარდა ამისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს პროგრამის განთავსებით გამოწვეული უფლების დარღვევა (ან დარღვევის საფრთხე) და დაუპირისპირდეს იგი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობას. უნდა განისაზღვროს გამოხატვის ფორმის და შინაარსის ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა და ის ზიანი, რომელიც ამ უფლების რეალიზაციამ გამოიწვია (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6).
კომისიის პრაქტიკის თანახმად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს (იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ (№ გ-21-18/22, 28.01.2021).
განსახილველ შემთხვევაში უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, 21:00 საათზე - დროის იმ მონაკვეთში, როდესაც განსაკუთრებით მაღალია ალბათობა, რომ აუდიტორია სრულწლოვანთან ერთად არასრულწლოვანი მაყურებლების/მსმენელებისგან შედგებოდეს. ასეთ შემთხვევაში ირღვევა არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებები, ვინაიდან უხამსობის შემცველი პროგრამის ნახვა/მოსმენა უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ განვითარებაზე. ამავდროულად, სახეზეა სრულწლოვანი აუდიტორიის უფლებების დარღვევა. ისინი კარგავენ შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების მეშვეობით შეუფერხებლად მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებისა და არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოსაზრებების შესახებ. ამ თვალსაზრისით ირღვევა როგორც იმ სრულწლოვანი აუდიტორიის უფლებები, ვინც არასრულწლოვნებთან ერთად ცხოვრობს და უყურებს/უსმენს სამაუწყებლო პროგრამებს - ისე - მათი, ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი პროგრამების ნახვა/მოსმენა (ვრცლად იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ (№ გ-21-18/22, 28.01.2021).
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში უხამსობა გამოიხატა განსაკუთრებულად მძიმედ შეურაცხმყოფელი და მასტიგმატიზებელი ფორმით. პროგრამაში გამოყენებულია მძიმედ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები -„გამო*ირებული“, „ბო*ობა“, „ეროვნული ბო*ი“, „პიდა*ასტი“, რომლებიც არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ - კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას, შესაძლოა, აძლიერებდეს მათ სტიგმატიზებას. ამრიგად, განსაკუთრებით მაღალია ამგვარი პროგრამის ეთერში განთავსებით სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, არ გამოკვეთილა, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამების გამოყენება აუცილებელი იყო ამა თუ იმ საკითხზე საჯარო დისკუსიისათვის ან რომელიმე მოსაზრების სათანადოდ გამოსახატად. აღნიშნულიდან გამომდინარე, უხამსობის შემცველი გამონათქვამების სიმწვავისა და აუდიტორიის ინტერესების შელახვის მასშტაბების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ აუდიტორიის უფლებების დაცვის ინტერესი გადაწონის მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ალტ ინფოს“ მიერ, 21:00 საათზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის განთავსებით დაირღვა როგორც სრულწლოვანი, ისე - არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებები. შესაბამისად, დასტურდება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა.
3. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს ამავე პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. აღნიშნული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ უნდა განთავსდეს 6 საათიდან 24 საათამდე. ამავე კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: „ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს“.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებულ პროგრამაში ხდება ბავშვზე ფიზიკური ძალადობის და ზოგადად ძალადობის გამართლება და დადებითად შეფასება. კერძოდ, პროგრამაში გამოყენებულია შემდეგი გამონათქვამები: „ბო**ბას და სექსუალურ გარყვნილებას თუ არ ერქვა თავის სახელი და სოციუმმა ბულინგი არ ახორციელა მაგაზე, ვაბშე ძალადობაზე ვიღაცა რო გამოხტება და ძალადობა აპრიორი არის საშინელება... ეგეთი გამო*ირებული გათვალისწინებული არ უნდა იყოს... აი მაგალითად ჩემმა შვილმა დენის რაზეტკაში ჩანგალი რო ურჭოს და რო უთხრა არ აკეთოო და კიდე და კიდე მაინც აკეთებს, ვცემ, ვცემ იმიტომ რომ შეეშინდეს“; „ძალადობა არის რაღაც შემთხვევებში, არის ზრუნვის აუცილებელი ნაწილი...“; „აუცილებელი პრევენციის საშუალებები, რაც არის ბულინგი ამორალობის, ბო**ბის, ავხორცობის, მათ შორის სექსუალური პერვერსიების მიმართ ბულინგი, ძალიან კარგი რაღაცაა, უმნიშვნელოვანესი რაღაცაა...“; „მანდ არის ძალიან მარტივად საკითხი... მარტო ორი არჩევანი თუ არის, ან 13 წლის გოგოებს გააუპატიურებენ ან მაგისი ცემის საშუალება უნდა იყოს, შენ რომელი გირჩევნია?!... მე მეტი კითხვა არ მაქვს, ან მშობელს ბავშვის ცემის უფლება უნდა ჰქონდეს ან იმ ბავშვს ვიღაცა მერე იხმ**ს...“; „რას ბოდიალობთ, რომელი ადგება და იტყვის, რომ მშობელს არასდროს არ უცემია... რავი, ყური არ აუწევია, კუთხეში არ დაუყენებია, არ დაუყვირია... მშობელს ყველაზე მეტად უყვარს თავისი შვილი და მაგას ყველაზე მეტად მშობელი ერიდება, რომ ზედმეტი არ გააკეთოს, მაგრამ აბა რა ქნას, რაღაც მომენტში იძულებულია...“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დანაშაულად არის გამოცხადებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ამავე კოდექსის 118-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით კი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
შპს „ალტ ინფოს“ ეთერში გადაცემული პროგრამა შეიცავს ინფორმაციას და მოსაზრებებს, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში (მაგალითად, არასრულწლოვნის აღზრდის მიზნით) ამართლებს და დადებითად აფასებს ქმედებებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე მუხლების მიხედვით დანაშაულად არის კვალიფიცირებული. შესაბამისად, პროგრამაში დადებითად არის შეფასებული დანაშაული, რაც მას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელ პროგრამად აქცევს.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ალტ ინფოს“ წარმომადგენლის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დანაშაულებრივი ქმედების დადებითად შეფასების შემცველი პროგრამა ეთერში განათავსოს 06:00-დან 24:00 საათამდე. კომისია მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოსაზრება, მათ შორის, ამა თუ იმ ქმედების კრიმინალიზაციის შესახებ მოსაზრება მაუწყებლის ეთერით შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ კანონმდებლობის დაცვით. მოქმედი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, დანაშაულად რაცხავს ნებისმიერ ფიზიკურ ძალადობას, ხოლო, მეორე მხრივ, 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევს დანაშაულის დადებითად შეფასების შემცველ პროგრამებს. შესაბამისად, კომისია ვალდებულია აღასრულოს მოქმედი კანონმდებლობა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასრულწლოვნებზე ფიზიკური ძალადობისა და, ზოგადად, ფიზიკური ძალადობის დადებითად შეფასება განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს 18 წლამდე ასაკის პირების ნორმალური ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური განვითარებისათვის. არსებობს საფრთხე, რომ არასრულწლოვნებმა საზოგადოებრივად მისაღებ, მოსაწონ ან დასაშვებ ქმედებად მიიჩნიონ ფიზიკური ძალადობა. აღნიშნული, ერთი მხრივ, ახალისებს არასრულწლოვნების მიერ ძალადობის ჩადენას და, მეორე მხრივ, აფერხებს არასრულწლოვნებზე ძალადობის აღკვეთას და ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების ეფექტურ დაცვას, ვინაიდან, შესაძლოა, არასრულწლოვნებმა აღარ მოინდომონ ფიზიკური ძალადობის ფაქტების გახმაურება და შესაბამისი ორგანოებისათვის შეტყობინება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, შპს „ალტ ინფოს“ ეთერში 06:00- დან 24:00 საათამდე შუალედში განთავსდა 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.
4. პასუხისმგებლობა
შპს „ალტ ინფომ“ ეთერში განათავსა ადამიანისა და მოქალაქის ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამა, რომელიც შეიცავს უხამსობას, აგრეთვე - 06:00-დან 24:00 საათამდე შუალედში გადასცა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამა. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" 56-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ალტ ინფოს“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორია შპს „ალტ ინფოს“ მიმართ პასუხისმგებლობის დაწესება იმ პირობებში, როდესაც სხვა მაუწყებლები ავრცელებენ უცენზურო და კანონდარღვევის გამამართლებელ მასალას და მათ მიმართ კომისიას სანქცია არ გამოუყენებია. კომისია მისი უფლებამოსილების ფარგლებში აღასრულებს კანონმდებლობას და ნებისმიერი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გამოიყენებს პასუხისმგებლობის კანონით დადგენილ ზომას.
აღსანიშნავია, რომ შპს „ალტ ინფოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევისათვის შპს „ალტ ინფოს“ ჩადენილ დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება, ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით, კომისია უფლებამოსილი არ არის ამავე კანონის 561 და 562 მუხლების დარღვევისათვის გამოიყენოს წერილობითი გაფრთხილება და იგი ვალდებულია მაუწყებელს შეუფარდოს ჯარიმა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კი ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. როგორც კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (№ 21-10-669, 12/04/2021) დგინდება, შპს „ალტ ინფოს“ წლიური შემოსავლის 0,5% ნაკლებია 2500 ლარზე.
ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე და 72-ე მუხლების გათვალისწინებით, შპს „ალტ ინფოს“ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევისთვის უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ალტ ინფოს“ 56-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევისთვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისთვის. შესაბამისად, შპს „ალტ ინფოს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 561 და 562 მუხლების, 71-ე მუხლის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის გათვალისწინებით კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ალტ ინფოს“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „ალტ ინფოს“ დაევალოს უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი -200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300773251.
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ალტ ინფოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ალტ ინფოსთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ალტ ინფოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
6. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი