ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2021 15:31
მიღების თარიღი მარტი 25, 2021
ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-513, 16/03/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებით ბარათის (N21-10-513, 16/03/2021) თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ რამდენიმე მაუწყებლის, მათ შორის, ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ააიპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა“ (ს/კ204429341) 2020 წლის 11 და 28 დეკემბერს განახორციელა ცვლილება სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, კერძოდ ცვლილება მოხდა აკადემიურ საბჭოში და გამგეობის ნაწილში. კომპანიამ კომისიაში ინფორმაცია წარმოადგინა 2021 წლის 11 მარტს (შ-21-6/1175) შესაბამისობის დეკლარაციის სახით.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 25 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებაც ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-21-03/820, 22/03/2021). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, კომპანიას ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, კომპანიას ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.comcom.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@comcom.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.comocm.ge).
კომისიის 2021 წლის 25 მარტის სხდომაზე გამოცხადდა ააიპ „ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ წარმომადგენელლი გ.ჯაბადარი, რომელმაც აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დაშვებულია არა მიზანმიმართული შეცდომა, რომელიც მაშინვე გასწორდა, რაც კომისიისგან მიიღეს შეტყობინება.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N21-10-513, 16/03/2021) თანდართული მასალით (ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის (შ-21-6/1175, 11.03.2021);
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (B20099631, 04/12/2020; B20101964, 11/12/2020; B20106788, 28/12/2020) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ შესახებ მონაცემები;
3. ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-21-03/820, 22/03/2021) კომისიის 2021 წლის 25 მარტის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ წარმოადგენს რადიომაუწყებელს (ლიცენზიის ნომერი : B12);
2. ააიპ „ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა“ (ს/კ204429341) 2020 წლის 11 და 28 დეკემბერს განახორციელა ცვლილება სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, კერძოდ ცვლილება მოხდა აკადემიურ საბჭოში და გამგეობის ნაწილში. კომპანიამ კომისიაში ინფორმაცია წარმოადგინა 2021 წლის 11 მარტს (შ-21-6/1175) შესაბამისობის დეკლარაციის სახით. ცვლილების თაობაზე ინფომრაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა კანონით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დარღვევით.
3. ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ „ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (ს/კ204429341) მიერ ცვლილების განხორციელებიდან დადგენილ ვადებში ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ ააიპ „ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა დაკისრებოდა წერილობითი გაფრთხილება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია ცვილების განხორციელების თაობაზე უკვე წარმოდგენილია, კომისიამ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნია სცნოს ააიპ „ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისაგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. ააიპ „ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. ააიპ „ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnccge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამნტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
