შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ არჩილ შატბერაშვილის, გიორგი ყიფიანის, გიორგი გოცირიძის, გიგა გუდაძის, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2021 0:39
მიღების თარიღი თებერვალი 18, 2021
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ არჩილ შატბერაშვილის, გიორგი ყიფიანის, გიორგი გოცირიძის, გიგა გუდაძის, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ (კომისიაში რეგისტრაციის N 21-10-246, 09/02/2021). აღნიშნული წერილობითი მიმართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) ერთობლივი საჩივრით (შ- 21-9/594, 09.02.21) მიმართა ფიზიკურმა პირმა არჩილ შატბერაშვილმა, გიორგი ყიფიანმა, გიორგი გოცირიძემ, გიგა გუდაძემ, მამია გრიგოლიამ და ბესარიონ წულაიამ შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების დღის საათებში ჩვენების გამო.
კომისიაში წარმოდგენილი ერთობლივი საჩივრის თანახმად:
1. შპს „ფორმულამ“ 2021 წლის 11 იანვრის დღის 11 საათზე (11 საათი და 30 წუთზე) აჩვენა სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მორიგი ეპიზოდი, რომელშიც იყო ადვილად იმიტირებადი ძალადობის სცენა ახლო ხედით, რაც 15 წლამდე დაუშვებელ მასალას წარმოადგენს. ა/წ 12 იანვრის 11 საათზე ეპიზოდში კი ნაჩვენები იყო თვითმკვლელობის მცდელობა. ა/წ 11 იანვრიდან ამ სერიალში შეურაცხმყოფელ ლექსიკაზე ჩამხშობია დადებული, მაგრამ მოზარდში იგი აღიქმება მაინც როგორც ბილწსიტყვაობა. ამასთან, ამდაგვარი ეპიზოდები იმდენად ხშირია, რომ ყოველ სერიაში დიალოგების ერთ მესამედს შეადგენს, რაც აშკარად ნეგატიურ გავლენას მოახდენს არასრულწლოვნებზე და მაყურებელში დაამკვიდრებს განწყობას, რომ ბილწსიტყვაობა ვერბალური ურთიერთობის ნორმაა. ამავე დროს ყურადსაღებია, რომ შეურაცხმყოფელ ლექსიკას ხშირად რამდენიმე პერსონაჟი იყენებს, მათ შორის, ქალები და თანაც ბავშვების თანდასწრებით. ეს კი არასრულწლოვნებისთვის შეუსაბამო მასალას წარმოადგენს.
სერიალში ასევე ვითარდება რამდენიმე სიუჟეტური ხაზი, რომლებიც მოიცავს პერსონაჟის მიერ მეუღლეთა ღალატს და პარტნიორების ცვლას, რაც ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორები ითხოვენ დაჯარიმდეს მაუწყებელი და სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ გადატანილ იქნას 22 საათის შემდეგ, არასრულწლოვნებისთვის ნეგატიური ზემოქმედებისა და საოჯახო ჩვენებისათვის სრული შეუსაბამობის გამო.
2. შპს „ტელეკომპანია პირველი“ განაგრძობს დღის საათებში ასაკისათვის შეუფერებელი ფილმების ჩვენება, კერძოდ: ა) ა/წ 23 იანვარს დილის 9 საათზე აჩვენა ფილმი „დაარტყი და გაიქეცი“ ძალადობის და ნარკოტიკის მოხმარების სცენით კატეგორიით „12“; ბ) ა/წ 24 იანვარს დილის 9 საათზე კი ფილმი „მატარებელი ბუსანში“. ამ ფილმებს სხვა ქვეყნებში აქვთ კატეგორია „15 წლამდე არაა რეკომენდირებული“, მაგრამ ტელეარხი პრინციპულად არ ითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს და დასვენების დღეებში დღის საათებში, როდესაც სხვა არხებზე საბავშვო პროგრამებია, ზრდასრულებისთვის განკუთვნილ ფილმებს აჩვენებს, რითაც შეცდომაში შეჰყავს როგორც არასრულწლოვნები ისე მათი მშობლები.
3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ა/წ 24 იანვარს, კვირა დღეს, დღის 12:30 საათზე გაიმეორა გადაცემა „შორენას ეფექტი“. გადაცემა იწყება არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ტექსტით: „პირველი ქართველი სექს- სიმბოლო, რომელმაც „პლეიბოისთვის“ გაიხადა“... შემდეგ კი მონოლოგს კითხულობს წამყვანი ასეთი ტექსტით : „ძალიან მინდოდა ტორტის ნაჭერი. დავიწყე მოპარვა... რაომ გავიხადე? იმიტომ რომ ქმარმა მიღალატა... რატომ გავიხადე? იმიტომ რომ ფული მჭირდებოდა. რატომ გავიხადე? იმიტომ რომ მსახიობი ვარ. ჩემი ცხოვრება იყო სკანდალი... იყო რომანები... დღეს კი შემდგარი, ძლიერი ქალი ვარ“. ეს ტექსტი აშკარად არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალაა, კერძოდ მოზარდში ამკვიდრებს აზრს, რომ წარმატების მისაღებად ყველანაირი საშუალება, მათ შორის, ასოციალური დასაშვებია. ამას მოჰყვება ისტორია თვითმკვლელობაზე და გადაცემაში არის თვითმკვლელობის სცენის და საშუალების აღწერა, რაც წარმოადგენს 15 წლამდე მაყურებლისათვის შესაზღუდ ინფორმაციას. გადაცემაში ასევე მსახიობ ია ფარულავასთან ხდება სექსის სცენების გადაღების დეტალების განხილვა, რომლის დროსაც მსახიობი ბილწსიტყვაობს, მართალია ეს სიტყვები დაფარულია, მაგრამ მაყურებლისთვის აშკარაა მნიშვნელობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორები ითხოვენ მაუწყებლების დაჯარიმებას. ასევე ითხოვენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლებს დაევალოთ მოახდინონ მომხდარი დარღევების დეკლარირება და გაეცეთ რეკომენდაცია არ მოახდინონ არასრულწლოვანთათვის შეუსაბამო მასალის დემონსტრირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ არჩილ შატბერაშვილის, გიორგი ყიფიანის, გიორგი გოცირიძის, გიგა გუდაძის, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2021 წლის 18 თებერვალს, რის თაობაზეც შეტყობინებებით (N გ-21-03/311, 11/02/2021 და N გ-21-03/310, 11/02/2021) ეცნობათ ფიზიკურ პირ არჩილ შატბერაშვილს, გიორგი ყიფიანს, გიორგი გოცირიძეს, გიგა გუდაძეს, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას მათ მიერ საჩივრებში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, ასევე ეცნობათ შპს ,,სამაუწყებლო კომპანი რუსთავი 2“-ს, შპს ,,ფორმულას“ და შპს„ტელეკომპანია პირველს“.
კომისიის 2021 წლის 18 თებერვლის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ საჩივრის ავტორები გიორგი ყიფიანი, არჩილ შატბერაშვილი და გიგა გუდაძის წარმომადგენელი ლევან გორხელაშვილი და ასევე, ესწრებოდნენ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი სალომე ჭელიძე, შპს ,,ფორმულას“ წარმომადგენელი ქეთევან დევდარიანი, ეთერ ქათამაძე და შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელი ნანა აბურჯანიძე, ქეთი ზანდუკელი და ნინო ციციშვილი.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
2. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია არის ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე მუხლის კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა) 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს
6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი;
8. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში
9. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები“ 121 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კომისიას კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, შეუძლია მიიღოს საოქმო გადაწყვეტილება კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგითობის შეცვლასთან, ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხების გაერთიანებასთან, საკითხის განხილვის გადადებასთან, სხდომაზე შესვენების გამოცხადებასთან, მხარესთან შეთანხმებით კომისიის სხდომის სამუშაო დროის გაგრძელებასთან, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის აპარატში დასაქმებულებზე დავალების გაცემასთან, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორები ითხოვენ მაუწყებლების მიერ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმების და პროგრამების შეწყვეტას და დამრღვევ პირთა მიმართ სანქციის გამოყენებას. ასევე, ითხოვენ, მაუწყებლებს დაევალოთ მოახდინონ მომხდარი დარღევების დეკლარირება და გაეცეთ რეკომენდაცია არ მოახდინონ არასრულწლოვანთათვის შეუსაბამო მასალის დემონსტრირება.
კომისია განმარტავს, რომ კომისიამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა განსაზღვროს წარმოადგენს თუ არა საჩივრებში აღნიშნული საკითხები კომისიის რეგულირების სფეროს და წარმოადგენენ თუ არა საჩივრის ავტორები დაინტერესებულ პირებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ზოგად წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებების კოდექსი“, რომლის მიხედვით ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვას ზედამხედველობს კომისია (იხ. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლი). ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროით შეზღუდვებს, ხოლო 562 მუხლი განსაზღვრავს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კატეგორიებს.
2019 წლის 20 სექტემბრის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონზე (5021-Iს) საქართველოს პარლამენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი1“ ქვეპუნქტის პროექტი ადგენს მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამებზე კონტროლის უფლებამოსილებას.
,,ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საქართველოს პარლამენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კოდექსის მე-9 თავი (62-68 მუხლები) აწესრიგებს ბავშვის დაცვას მედია სივრცეში, რომლის ფარგლებშიც დადგენილია მასმედიის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის სამართლებრივ შეზღუდვები. შეზღუდვებს საფუძვლად უდევს ბავშვის ასაკობრივი ზღვარი და დღეღამის კონკრეტული დროის მონაკვეთი. განმარტებით ბარათში ასევე, აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კომპანიები ვალდებულნი არიან ფილმების და გასართობი პროგრამების მაუწყებლობა მოახდინონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების საფუძველზე. სატელევიზიო გადაცემებისთვის განსაზღვრული ნიშანდების რეგულაცია ვრცელდება, ასევე, საჯარო კინოჩვენებებზე და კომპიუტერულ პროგრამებზე.
ამდენად, როგორც თავად საკანონმდებლო დანაწესებიდან, ასევე, საქართველოს პარლამენტის განმარტებითი ბარათებიდან დგინდება, რომ კომისიის უფლებამოსილება ზედამხედველობა გაუწიოს მაუწყებლის მიერ ბავშვისთვის შეუფერებელი ინფორმაციის განთავსების დროითი შეზღუდვების დაცვაზე.
ასევე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს არასრულწლოვანი პირის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.
ფიზიკურ პირ გიორგი ყიფიანს და არჩილ შატბერაშვილს კომისიაში არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ის წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. ხოლო გ.გოცირიძის, გ.გუდაძის, მ.გრიგოლიას და ბ.წულაიას მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და დაბადების მოწმობების საფუძველზე დგინდება, რომ ისინი წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ აქვთ უფლება საჩივრით მიმართონ კომისიას და მოითხოვონ მაუწყებელთა მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ განსახილველად უნდა მიიღოს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ფორმულას“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ გ.გოცირიძის, გ.გუდაძის, მ.გრიგოლიას და ბ.წულაიას საჩივარი მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვების სავარაუდო დარღვევის თაობაზე, ხოლო იგივე საჩივარზე ხელმომწერ გიორგი ყიფიანის და არჩილ შატბერაშვილის მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.
მოცემულ შემთხვევაში ა. შატბერაშვილისთვის და გ. ყიფიანისთვის საჩივრების განხილვაზე უარის თქმის შედეგად მაუწყებლის მიერ კანონის სავარაუდო დარღვევის საკითხი არ დარჩენილა რეაგირების მიღმა, რადგან იგივე საკითხი იმავე მაუწყებლების მიმართ კომისიის მიერ განხილული იქნება გიორგი გოცირიძის, გიგა გუდაძის, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას საჩივრის საფუძველზე.
კომისია აქვე აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 4 თებერვლის გ-21-23/53 გადაწყვეტილებით შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივარი ( Nშ-21-9/207, 22.01.2021) მიღებულ იქნა განსახილველად და საჩივრის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 18 თებერვალი, 15:00 საათი. ფიზიკური პირები ა. შატბერაშვილი, გ. გოცირიძე, ბ. წულაია და გ. გუდაძე ასაჩივრებენ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულის“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების სამაუწყებლო ბადეში კანონდარღვევით განთავსებას და მოითხოვენ შპს ,,მთავარი არხის“, შპს„ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ დაჯარიმებას, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ფორმულას“ ლიცენზიების შეჩერებას, რადგან არხები ერთხელ უკვე დაჯარიმდნენ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების სამაუწყებლო ბადეში კანონდარღვევით განთავსების გამო.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.
ხოლო, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები“ 121 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კომისიას კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, შეუძლია მიიღოს საოქმო გადაწყვეტილება კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგითობის შეცვლასთან, ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხების გაერთიანებასთან, საკითხის განხილვის გადადებასთან, სხდომაზე შესვენების გამოცხადებასთან, მხარესთან შეთანხმებით კომისიის სხდომის სამუშაო დროის გაგრძელებასთან, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის აპარატში დასაქმებულებზე დავალების გაცემასთან, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია განმარტავს, რომ ვინაიდან არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჩივარი მიღებულ იქნას განსახილველად და მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ 2021 წლის 18 თებერვალს იხილება იგივე პირების მიერ და იგივე კომპანიების წინააღმდეგ ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საჩივარი, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივრის ( Nშ-21-9/207, 22.01.2021) განხილვის საკითხი და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ფორმულას“ და შპს„ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, გიგა გუდაძის, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას საჩივრის (შ-21-9/594, 09.02.21) განხილვის საკითხები გაერთიანდეს.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ფორმულას“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, გიგა გუდაძის, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას საჩივარი (შ-21-9/594, 09.02.21) მიღებულ იქნას განსახილველად;
2. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ფორმულას“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ არჩილ შატბერაშვილის და გიორგი ყიფიანის საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის, შპს„ფორმულასთვის“ და შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“, გიორგი გოცირიძისთვის, გიგა გუდაძისთვის, მამია გრიგოლიასთვის, ბესარიონ წულაიასთვის, გიორგი ყიფიანისთვის და არჩილ შატბერაშვილისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება (გარდა მე-2 პუნქტისა) ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებიდან;
5. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ძალაში შევიდეს მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება (გარდა მე-2 პუნქტისა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
7. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი