შპს ,,მალტისოფტსა“ და შპს ,,სისტემ ნეტს“ შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2021 13:57
მიღების თარიღი თებერვალი 18, 2021
შპს ,,მალტისოფტსა“ და შპს ,,სისტემ ნეტს“ შორის დავის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს, შპს ,,მალტისოფტმა“ საჩივრით მიმართა კომისიას შპს ,,სისტემ ნეტის“ წინააღმდეგ. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს, შპს ,,მალტისოფტმა“ წერილობით მიმართა შპს ,,სისტემ ნეტს“ და მოითხოვა გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს ,,სისტემ ნეტის“ შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვება 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად. 2020 წლის 23 დეკემბერს, შპს ,,მალტისოფტმა“ კვლავ მიმართა შპს ,,სისტემ ნეტს“ და მოსთხოვა 2 სამუშაო დღის ვადაში მიეცა მისთვის პასუხი და გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები ურთიერთჩართვის უზრუნველსაყოფად. შპს ,,სისტემ ნეტმა“ 2020 წლის 24 დეკემბრის წერილით უარი განაცხადა შპს ,,მალტისოფტის“ მის ქსელებთან გაფართოებული ურთიერთჩართვით უზრუნველყოფაზე და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“ და შპს ,,სერვისბოქსს“, რომლებიც წარმოადგენენ შპს ,,მალტისოფტის“ აფილირებულ კომპანიებს, გააჩნიათ დავალიანება შპს ,,სისტემ ნეტის“ წინაშე.
შპს ,,მალტისოფტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება ან/და ურთიერთჩართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.
შპს ,,მალტისოფტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის №608/9 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ გაფართოებული ურთიერთჩართვა, ისევე როგორც ხმოვანი ურთიერთჩართვა, კანონით დადგენილი ვალდებულებაა. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №გ-20-16/893 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, ურთიერთჩართვის მთავარი მიზანი არის ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, ხოლო ეს დაკავშირება უნდა განხორციელდეს ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით. ამდენად, ურთიერთჩართვა კანონმდებლის მიერ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით შექმნილი სიკეთეა, რომელიც ყველა ავტორიზებული პირისთვის უნდა იყოს შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული.
შპს ,,მალტისოფტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომისიის ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ შპს ,,მალტისოფტის“ ან მისი აფილირებული ნებისმიერი პირის ფულადი ვალდებულება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ასეთი ვალდებულების რეალური არსებობა დადგინდება, ვერ გახდება ურთიერთჩართვის დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, შპს ,,სიტემ ნეტის“ მიერ 2020 წლის 24 დეკემბრის წერილით შპს ,,მალტისოფტისთვის“ გაცხადებული უარი იმ საფუძვლით, რომ შპს ,,მალტისოფტთან“ აფილირებულ კომპანიებს - შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“ და შპს ,,სერვისბოქსს“ შპს ,,სისტემ ნეტის“ წინაშე გააჩნიათ დავალიანება, წარმოადგენს ,,ელექტრონული კომუნკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.
შპს ,,მალტისოფტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკური და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება, ხოლო მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურენციის რეგულირების მიზნებისთვის კომისიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მალტისოფტი“ ითხოვს: 1. დაეკისროს შპს ,,სისტემ ნეტს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შპს ,,მალტისოფტისთვის“ გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით. 2. დაევალოს შპს ,,სისტემ ნეტს“ გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს ,,მალტისოფტის“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაშვება საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან 10 გბ/წმ გამტარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად და აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,მალტისოფტთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება.
2021 წლის 28 იანვარს შპს ,,სისტემ ნეტმა“ შპს ,,მალტისოფტის“ საჩივართან დაკავშირებით კომისიაში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (შ-21-6/390, 28.01.2021). შპს ,,სისტემ- ნეტის“ განმარტებით შპს ,,მალტისოფტის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შპს ,,სისტემ ნეტს“ შპს ,,მალტისოფტისთვის“ არაერთხელ აქვს წერილობით განმარტებული, რომ შპს ,,სისტემ ნეტს“, ,,ელექტრონული კომუნიიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლება აქვს დაადგინოს საკუთარ ქსელთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობები. მარეგულირებელი კომისიის მიერ ურთიერთჩართვებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის დადგენილი პრაქტიკა და ოპერატორების მიერ გამოქვეყნებული ოფერტების პირობები ადგენს ურთიერთჩართვის მაძიებელი პირისთვის უარის თქმის ისეთ საფუძველს, როგორიცაა მისი აფილირებული პირის დავალიანება. კომისიის 2020 წლის 18/6 გადაწყვეტილების მე-18 ფაქტობრივი გარემოებით დადგენილია, რომ შპს ,,სერვისბოქსს“, რომელიც წარმოადგენს შპს ,,მალტისოფტის“ აფილირებულ პირს და აფილირების შესახებ მტკიცებულებები კომისიას აქვს, გააჩნია სოლიდური ფინანსური ვალდებულებები შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ. როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ დავალიანება გააჩნია, ასევე, შპს ,,მალტისოფტის“ მეორე აფილირებულ პირს - შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“. შპს ,,სისტემ ნეტი“ განმარტავს, რომ შპს ,,მალტისოფტი“ არ უარყოფს მისი აფილირებული პირების დავალიანების ფაქტს, მეტიც, ადასტურებს, რომ მათ გააჩნიათ დავალიანება, მაგრამ, მისი შეფასებით, ეს არ შეიძლება იყოს ურთიერთჩართვაზე უარის თქმის საფუძველი, რასაც ამართლებს კომისიის 2020 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტაციით. შპს ,,სისტემ ნეტს“ მიაჩნია, რომ კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,მალტისოფტის“ აფილირებული პირის დავალიანება შპს „სისტემ ნეტის“ მიმართ არ შეიძლება უარის თქმის საფუძველი გახდეს შპს ,,ახალი ქსელის“ და შპს ,,ახტელის“ მიერ შპს ,,მალტისოფტისთვის“ ურთიერთჩართვაზე, სწორედ ამ შინაარსის გამომხატველია, რომ ეს უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს შპს ,,სისტემ ნეტისთვის“ შპს ,,მალტისოფტის“ ურთიერთჩართვაზე. შპს ,,სისტემ ნეტი“ განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ინტერნეტის ურთიერთჩართვის წერტილი (IXP), რომელთანაც შპს ,,სისტემ ნეტს“ გააჩნია პირდაპირი მიერთება. მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოს (ITU) რეკომენდაციების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. სწორედ ITU-ს D-52 რეკომენდაციით მარეგულირებელ კომისიას აკისრია ვალდებულებები: წევრმა სახელმწიფოებმა და მარეგულირებელმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ ქსელების პოპულარიზაციას და გაფართოებას ეროვნულ, სუბრეგიონალურ და რეგიონალურ დონეზე, ისეთი ღონისძიებებით როგორიცაა: 5.1.1 - ეფექტური გზების შემუშავება, რათა ინტერნეტის მომსახურების მიმწოდებლებს დეტალური და გამჭირვალე ინფორმაცია მიეწოდოს ადგილობრივ და რეგიონალურ ინტერნეტის ურთიერთჩართვის წერტილების(IXP) შესახებ; 5.2 - ეროვნულ და რეგიონალურ ინტერნეტის ურთიერთჩართვის წერტილებთან (IXP) ურთიერთდაკავშირება. წევრმა სახელმწიფოებმა და ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა აქტიური როლი უნდა ითამაშონ ინტერნეტის ურთიერთჩართვის წერტილების (IXP) შექმნაში, როგორც ეს მოცემულია 5.1 პუნქტში. შექმნისთანავე მათ ყურადღება უნდა მიაქციონ მათ მიერ შეთავაზებული კავშირის შენარჩუნებას და იმ გავლენას, რაც მათ შეიძლება მოახდინონ ზოგადად (IIC)-ის ხარჯების შემცირებაზე. ამ კონტექსტში, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა: 5.2.1. გამოიყენონ საერთო და რეგიონალური ინტერესი ინტერნეტის ურთიერთჩართვის წერტილების განვითარებისთვის, როგორიცაა რეგიონალური ორგანიზაციის წევრობა, ვაჭრობის განვითარება, რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებზე წვდომა და ინვესტიციების შესაძლებლობები. შესაბამისად, ასეთი დავების საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა კომისიის მხრიდან საკუთარი ვალდებულებების სწორად შესრულება და რეკომენდაციების გაცემა ურთიერთჩართვის განხორციელების ეფექტური გზებით განხორციელების შესახებ. შპს ,,სისტემ ნეტი“ განმარტავს, რომ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, შპს ,,მალტისოფტს“ შესთავაზებენ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას (peering) მხოლოდ ერთი პირობით, რომ ორივე მხარეს ინტერნეტ ტრაფიკის 1 გბ/წმ-ის ფასი იქნება 0.01 თეთრი, როგორც ეს მიღებულია და დადგენილია. ურთიერთჩართვის ხელშეკრულება (peering) მიიჩნევა უსასყიდლო ხელშეკრულებად, განსხვავებით ინტერნეტის ტრანზიტის ხელშეკრულებებისაგან.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 28 იანვრის Nგ-21-16/37 გადაწყვეტილებით შპს ,,მატისოფტის“ საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დავის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 11 თებერვალს.
2021 წლის 3 თებერვალს, შპს ,,მალტისოფტმა“ კომისიაში წარმოადგინა ახსნა-განმარტება (შ-21-6/510, 3.02.2021), სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,სისტემ ნეტი“ შპს ,,მალტისოფტისთვის“ გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის და შპს ,,სერვისბოქსის“ მხრიდან შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტს, რომლებიც, მისი განმარტებით წარმოადგენენ შპს ,,მალტისოფტის“ აფილირებულ პირებს. შპს ,,მალტისოფტის“ განმარტებით აღნიშნული პოზიციის საფუძვლიანობაზე მსჯელობა შეუძლებელია, რადგან შპს ,,სისტემ ნეტს“ არ წარმოუდგენია დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულება. შპს ,,მალტისოფტის“ მიერ არც საჩივარში და არც კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე არ მომხდარა დავალიანების არსებობის აღიარება, შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება შპს ,,სისტემ ნეტის“ განცხადება იმის შესახებ, რომ შპს ,,მალტისოფტის“ მიერ მოხდა დავალიანების აღიარება. შპს ,,მალტისოფტი“ აღნიშნავს, რომ აღნიშნული კომპანიების წილობრივ მონაწილეობაში არის გარკვეული კავშირები, თუმცა გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ადგენს შპს ,,სისტემ ნეტი“ აფილირების არსებობას და რომელ სამართლებრივ ნორმებს ეყრდნობა. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“, შპს ,,სერვისბოქსი“ და შპს ,,სისტემ ნეტი“ არიან სრულიად დამოუკიდებელი კომპანიები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა სეგმენტზე და ავტორიზებული არიან სხვადასხვა საქმიანობაზე. შპს ,,მალტისოფტი“ არ მონაწილეობს დასახელებული კომპანიების მართვაში და იგი ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ დავალიანების არსებობას. შპს ,,მალტისოფტი“ განმარტავს, რომ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის და შპს ,,სერვისბოქსის“ მხრიდან შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ დავალიანების არსებობის დადასტურება ვერ გახდება შპს ,,სისტემ ნეტის“ მიერ შპს ,,მალტისოფტისთვის“ გაფართოებულ ურთიერთჩართვაზე უარის თქმის საფუძველი და შესაბამისად, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ლეგიტიმური საფუძველი. შპს ,,მალლტისოფტი“ აღნიშნავს, რომ კომისია 2020 წლის 3 დეკემბრის №გ-20-16/893 გადაწყვეტილებაში ნათლად განმარტავს, რომ ურთიერთჩართვის მთავარ მიზანს წარმოადგენს აბონენტის ინტერესების დაცვა, რის საფუძველზე მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა დაუკავშირდეს და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, რომელიც უნდა განხორციელდეს ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით. სწორედ აღნიშნულ ღირებულებებზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ გაფართოებული ურთიერთჩართვა მომხმარებელების ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული სიკეთეა, ,,კომისია“ აღნიშნავს, რომ შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ შპს ,,მალტისოფტის“ ან მისი აფილირებული ნებისმიერი პირის ფულადი ვალდებულება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ასეთი ვალლდებულების არსებობა დგინდება, ვერ გახდება აღნიშნული ურთიერთჩართვის დამაბრკოლებელი გარემოება. შპს ,,მალტისოფტი“ განმარტავს, რომ ურთიერთჩართვის მომსახურება არ არის უსასყიდლო და არ ეთანხმება შპს ,,სისტემ ნეტის“ შემოთავაზებას შპს ,,მალტისოფტთან“ გააფორმოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება იმ პირობით, რომ ორივე მხარეს ინტერნეტ ტრაფიკის 1 გბ/წმ-ის ფასი იქნება 0.01 თეთრი. შპს ,,მალტისოფტი“ თანახმაა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება დარეგულირდეს მხოლოდ სტანდარტული საბაზრო პირობებით, რომელიც 1 გბ/წმ-ზე წარმოადგენს 250 ლარს დღგ-ს გარეშე, რაც წარმოადგენს ბაზარზე დამკვიდრებულ, ხარჯზე ორიენტირებულ და წლების მანძილზე დამკვიდრებულ და შენარჩულებულ ტარიფს, რომელზეც კომისიამ 2014 წლის 30 ოქტომბრის №608/9 გადაწყვეტილებაში მიუთითა.
კომისიის 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე, შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ შპს ,,მალტისოფტი“ შპს „სისტემ ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად მიუთითებს შემდეგი შინაარსის ნორმას - ,,ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, ვალდებულია დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოსაძიებლად იქონიოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობა“, რომელიც არ წარმოადგენს შპს „სისტემ ნეტის“ სანქცირების საფუძველს. ამასთან, შპს ,,სისტემ ნეტს“ შპს ,,მალტისოფტის“ მიერ მითითებული სხვა ნორმაც არ დაურღვევია, რადგან ურთიერთჩართვის სამართლებრივი ინსტიტუტი იცნობს უარის თქმის იმ საფუძვლებს, რაც წლების განმავლობაში დამკვიდრდა ბაზარზე და ეს არის აფილირებული პირების დავალიანება, რომლის დაფარვის შემდეგ მიეწოდება მომსახურება მეორე მხარეს. შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენლის განმარტებით დავალიანების ფაქტი დადასტურებულია არა მხოლოდ მათ მიერ, არამედ დადასტურებულია კომისიის გადაწყვეტილებით და რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა არამიზნობრივად მიიჩნიეს. გარდა ამისა, დავალიანების გამო ურთიერთჩართვაზე უარის თქმა გამოყენებულია კომისიის 2020 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მოყვანილ მსჯელობაში, რაც ადასტურებს, რომ მიმართვის შემთხვევაში, შპს ,,სისტემ ნეტს“ უარის თქმის საფუძველი ექნებოდა დავალიანების არსებობისას. შესაბამისად, შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ შპს „სისტემ ნეტის“ მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა, ასევე განმარტა, რომ მხარეს გაუკეთეს შეთავაზება, რომ განახორციელებდნენ ურთიერთჩართვას იმ პირობით, რა პირობასაც აღნიშნული სახის ურთიერთჩართვების ხელშეკრულებები იცნობს საერთაშორისო რეგულაციების ფარგლებში. ეს მომსახურება არ არის უსასყიდლო, სასყიდლიანია და 0.01 თეთრიც არის სასყიდლის ფასი. ასევე, ხარჯზე ორიენტირებულობა არ ნიშნავს იმას, რომ ხარჯის მინიმუმამდე დაწევის საშუალება არ იყოს. თუ მეორე მხარეს მიაჩნია, რომ 250 ლარი არის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი, მაშინ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც უნდა არსებობდეს. მათთვის ცნობილია, რა არის რეალური ხარჯი. ამას ხარჯი არ აქვს. პირველადი ხარჯი გაიწევა ერთჯერადად, შემდგომ კი ხდება ტრაფიკის გაცვლა. ასეა მთელ მსოფლიოში მიღებული და ეს არის Peering-ის ხელშეკრულების პრინციპი - უსასყიდლობა. რაც შეეხება 250 ლარს, რაც მიღებულია წლების განმავლობაში სხვა ოპერატორებს შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოპერატორი Peering-ს ბიზნესის საკეთებლად არ იყენებს. ყველა ოპერატორი ცდილობს დააბალანსოს ერთმანეთს შორის ტრაფიკი ისე, რომ ზედმეტი გადასახდელი არცერთ მათგანს ერთმანეთის მიმართ არ წარმოეშვას. ეს ბაზარი დარეგულირებულია, მოწესრიგებულია და ახლა ხელოვნურად ამის არევა იმიტომ, რომ ერთმა ოპერატორმა ამით ბიზნესის კეთება გადაწყვიტა, მათი აზრით, არაგონივრულია. ასეთი ოპერატორი არ არის შპს „სისტემ ნეტი“ იმ ტარიფიდან გამომდინარე, რასაც მხარეს სთავაზობს. თუ მხარესაც იგივე მიდგომა აქვს და მისი მთავარი სიკეთე არის აბონენტების დაშვება თავის კონტენტთან, მაშინ არალოგიკურია, რომ მას რაიმე პრეტენზია ჰქონდეს ტარიფთან 0.01 თეთრის ოდენობით.
შპს ,,სისტემ ნეტის” წარმომადგენელმა განმარტა, რომ მის მარწმუნებელს არ ჩაუდენია არანაირი სამართალდარღვევა. ჰქონდა საფუძველი, რომ უარი ეთქვა მხარისთვის, რადგან პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დავალიანების გამო მეორე მხარეს ამ მომსახურებაზე უარს ეუბნებიან ურთიერთჩართვაზე. თუ მიუხედავად ამისა, კომისია ჩათვლის, რომ შპს „სისტემ ნეტი“ ვალდებულია გააფორმოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, გაუგზავნიან შპს „მალტისოფტს“ ამ ხელშეკრულებას. თუ მხარე არ დაეთანხმება ამ პირობებს, მომართავენ კომისიას თხოვნით, დაადგინოს ურთიერთჩართვის სახელშეკრულებო პირობები. მან იმედი გამოთქვა, რომ კომისია შეინარჩუნებს ბაზარზე მოწესრიგებულ მდგომარეობას, რაც უკვე არსებობს - ყველა ოპერატორი ცდილობს შეინარჩუნოს ერთმანეთს შორის ნულოვანი სალდირება. 250 ლარი არის სიმბოლური გადასახადი და არც 250 ლარი არის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი და არც 0.01 თეთრი. ერთადერთი ხარჯი ამ მომსახურებისას არის მიერთების დროს გაწეული ხარჯი, შემდეგ ხარჯი ითვლება, რომ აღარ არის.
შპს ,,მალტისოფტის’ წარმომადგენელმა თ. ხარაზიშვილმა აღნიშნა, რომ მათ მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმა ქმნის საფუძველს ურთიერთჩართვისთვის, რომელიც თავად კომისიას აქვს მითითებული შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში. მთავარი სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც უთითებენ, არის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც პირდაპირ საუბრობს ურთიერთჩართვაზე, მართალია სატელეფონო ურთიერთჩართვაზე, მაგრამ კომისიის პრაქტიკით და არაერთი გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ეს ასევე ეხება გაფართოებულ, ანუ ინტერნეტ ურთიერთჩართვებსაც. აქვე დაამატებს მე-19 მუხლის ა) ქვეპუნქტს, რომელიც ავტორიზებული პრის უფლებამოსილებებზე საუბრობს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უფლებამოსილებაზე, რომ ერთ ავტორიზებულ პირს აქვს უფლება მოსთხოვოს მეორე ავტორიზებულ პირს მის ქსელთან დაშვება და გაფართოებული ურთიერთჩართვა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე კომისიამ დაასრულა მხარეთა პოზიციების მოსმენა და კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო 2021 წლის 18 თებერვლისთვის.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:
1. შპს „მალტისოფტის“ 2020 წლის 30 დეკემბრის საჩივარი შპს „სისტემ ნეტის“ წინააღმდეგ თანდართულ მასალასთან ერთად (შპს „მალტისოფტის“ 2020 წლის 16 დეკემბრის და 23 დეკემბრის წერილები შპს „სისტემ ნეტს“; შპს ,,სისტემ ნეტის“ 2020 წლის 24 დეკემბრის წერილობითი პასუხი შპს ,,მალტისოფტს“).
2. შპს „სისტემ ნეტის“ 2021 წლის 28 იანვრის წერილობითი პოზიცია (28.01.2021, შ-21-6/390).
3. შპს ,,მალტისოფტის“ 2021 წლის 3 თებერვლის ახსნა-განმარტება(შ-21-6/510, 3.02.2021).
4. კომისიის 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მხარეთა მიერ მიცემული ახსნა- განმარტებები.
5. შპს „მალტისოფტის“ და შპს „სისტემ ნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „მალტისოფტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (21.02.2019), რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ მომსახურებებზე: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფაზე (ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა); ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე, ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე (პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა). პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება.
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები
2. შპს ,,სისტემ ნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (05.02.2010), რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება (კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); ინტერნეტ მომსახურება (სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა;ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა.
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები
3. 2020 წლის 16 დეკემბერს, შპს ,,მალტისოფტმა“ წერილობით მიმართა შპს ,,სისტემ ნეტს“ და მოითხოვა ურთიერთჩართვის მიზნით შპს ,,სისტემ ნეტის“ შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვება 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად. 2020 წლის 23 დეკემბერს, შპს ,,მალტისოფტმა“ კვლავ მიმართა შპს ,,სისტემ ნეტს“ და მოსთხოვა 2 სამუშაო დღის ვადაში მიეცა მისთვის პასუხი და გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები ურთიერთჩართვის უზრუნველსაყოფად.
მტკიცებულება: შპს „მალტისოფტის“ 2020 წლის 30 დეკემბრის საჩივარი შპს „სისტემ ნეტის“ წინააღმდეგ; შპს „მალტისოფტის“ 2020 წლის 16 დეკემბრის და 23 დეკემბრის წერილები შპს „სისტემ ნეტს“.
4. .შპს ,,სისტემ ნეტმა“ 2020 წლის 24 დეკემბრის წერილით უარი განაცხადა შპს ,,მალტისოფტის“ მის ქსელებთან ურთიერთჩართვით უზრუნველყოფაზე და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“ და შპს ,,სერვისბოქსს“, რომლებიც წარმოადგენენ შპს ,,მალტისოფტის“ აფილირებულ კომპანიებს, გააჩნიათ დავალიანება შპს ,,სისტემ ნეტის“ წინაშე.
მტკიცებულება: შპს „მალტისოფტის“ 2020 წლის 30 დეკემბრის საჩივარი შპს „სისტემ ნეტის“ წინააღმდეგ; შპს „მალტისოფტის“ 2020 წლის 16 დეკემბრის და 23 დეკემბრის წერილები შპს „სისტემ ნეტს“;შპს ,,სისტემ ნეტის“ 2020 წლის 24 დეკემბრის წერილობითი პასუხი შპს ,,მალტისოფტს“.
5. შპს „მალტისოფტმა“ 2020 წლის 30 დეკემბერს საჩივრით მომართა კომისიას შპს „სისტემ ნეტის“ მიმართ ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის მიზნით და მოითხოვა: 1. დაეკისროს შპს ,,სისტემ ნეტს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შპს ,,მალტისოფტისთვის“ გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით. 2. დაევალოს შპს ,,სისტემ ნეტს“ გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს ,,მალტისოფტის“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაშვება საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან 10 გბ/წმ გამტარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად და აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,მალტისოფტთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება.
მტკიცებულება: შპს „მალტისოფტის“ 2020 წლის 30 დეკემბრის საჩივარი შპს „სისტემ ნეტის“ წინააღმდეგ.
6. შპს ,,სისტემ ნეტი“ აცხადებს, რომ შპს ,,მალტისოფტს“ შესთავაზებს ურთიერთჩართვის (peering) ხელშეკრულებას იმ პირობით, რომ ორივე მხარეს ინტერნეტ ტრაფიკის 1 გბ/წმ-ის ფასი იქნება 0.01 თეთრი. შპს ,,სისტემ ნეტს“ არ წარმოუდგენია აღნიშნული ტარიფის დანახარჯებზე ორიენტირებულობის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ტკიცებულება: შპს „სისტემ ნეტის“ 2021 წლის 28 იანვრის წერილობითი პოზიცია (28.01.2021, შ-21-6/390)
7. შპს ,,მალტისოფტი“ თანახმაა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება დარეგულირდეს მხოლოდ სტანდარტული საბაზრო პირობებით, რომელიც 1 გბ/წმ-ზე წარმოადგენს 250 ლარს დღგ-ს გარეშე, რაც წარმოადგენს ბაზარზე დამკვიდრებულ, ხარჯზე ორიენტირებულ და წლების მანძილზე დამკვიდრებულ და შენარჩულებულ ტარიფს.
მტკიცებულება: შპს ,,მალტისოფტის“ 2021 წლის 3 თებერვლის ახსნა-განმარტება (შ-21-6/510, 3.02.2021)
8. შპს „სისტემ ნეტს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისათვის.
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ც) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი არის ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ამავე მუხლის ჰ18) ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ერთიანი სისტემა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებლისთვის საზოგადოებისათვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29) ქვეპუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვა არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ს) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მსურველი არის ავტორიზებული პირი, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისაგან მოითხოვს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებას და/ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი განმარტებულია, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, ან ამ ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.თ)ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ15) ქვეპუნქტის შესაბამისად, პირდაპირი დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის უშუალოდ დაშვება.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არაპირდაპირი დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მომხმარებლის ან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება სხვა ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორის ქსელების გავლით.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი უფლებამოსილია საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება, ბ) ქვეპუნქტის თანახმად, თავისი საქმიანობისას, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს ამოწურვადი რესურსით და დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ 2014 წლის 30 ოქტომბრის №608/9 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „გაფართოებული ურთიერთჩართვა, ისევე როგორც ხმოვანი ურთიერთჩართვა, კანონით დადგენილი ვალდებულებაა. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება“.
კომისიამ 2020 წლის 3 დეკემბრის № გ-20-16/893 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,გაფართოებული ურთიერთჩართვა არის პრაქტიკაში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც ეტიმოლოგიურ სათავეს იღებს „ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურებიდან“ და გულისხმობს ინტერნეტ პროვაიდერების ქსელების ურთიერთჩართვას. დღეს მოქმედი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ურთიერთჩართვას არ ყოფს ქვესახეებად და ტერმინ ურთიერთჩართვაში მოიაზრებს ნებისმიერი სახის ურთიერთჩართვას. ურთიერთჩართვის პირობებში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირის გზით ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელი უკავშირდება სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს ან/და სარგებლობს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით (მათ შორის წვდომა აქვს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონტენტთან), ამასთანავე მიწოდების ხარისხი არის მაღალი. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის შემთხვევაში აბონენტების ერთმანეთთან დაკავშირება ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდება უნდა მოხდეს პირდაპირ, ლოკალურად“.
კომისიამ 2020 წლის 3 დეკემბრის № გ-20-16/893 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, ურთიერთჩართვის მთავარი მიზანი არის ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, ხოლო ეს დაკავშირება უნდა განხორციელდეს ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით. ამდენად, ურთიერთჩართვა კანონმდებლის მიერ, უპირველესად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით შექმნილი სიკეთეა, რომელიც ყველა ავტორიზებული პირისთვის უნდა იყოს შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული“.
კომისიამ 2020 წლის 3 დეკემბრის № გ-20-16/893 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ტექნოლოგიების განვითარებასთან და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შესაძლებლობების გაფართოებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ინტერნეტ პროვაიდერების მომხმარებლებისა და სერვისების ერთმანეთთან დაკავშირება სხვადასხვა ლოკალური თუ გლობალური ქსელების/არხების გამოყენებით, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა არ ათავისუფლებს ინტერნეტ პროვაიდერებს, მოთხოვნის შემთხვევაში, შეუზღუდავი ურთიერთჩართვა განახორციელონ მსურველ ავტორიზებულ პირთან, რაც გულისხმობს ქსელებისა და მომხმარებლების მაღალსიჩქარიანი და მაღალხარისხიანი დაკავშირების შესაძლებლობას“.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი უფლებამოსილია საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება, ხოლო, ამავე მუხლის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანარხაჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვა. შესაბამისად, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს დააკისროს დანარხაჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის ვალდებულების შესრულებაზე ავტორიზებული პირის უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს მის მიმართ ურთიერთჩართვის მსურველი ავტორიზებული პირის აფილირებული პირების ფულადი ვალდებულების არსებობა. შესაბამისად, კომისიას მოცემული დავის განხილვის ფარგლებში საჭიროდ არ მიაჩნია დაადგინოს წარმოადგენენ თუ არა შპს ,,მალტისოფტის“ აფილირებულ პირებს შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ი და შპს ,,სერვისბოქსი“ და გააჩნიათ თუ არა მათ ფულადი ვალდებულება შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სისტემ ნეტი“ აცხადებს, რომ შპს ,,მალტისოფტს“ სთავაზობს ურთიერთჩართვის (peering) ხელშეკრულებას იმ პირობით, რომ ორივე მხარეს ინტერნეტ ტრაფიკის 1 გბ/წმ-ის ფასი იქნება 0.01 თეთრი, თუმცა შპს ,,სისტემ ნეტს“ არ წარმოუდგენია აღნიშნული ტარიფის დანახარჯებზე ორიენტირებულობის დამადასტურებელი მტკიცებულება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის N608/9 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს №513/9 გადაწყვეტილება „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” და ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტი ცნობილი იქნა კონკურენციის წინასწარი რეგულირების საჭიროების არმქონე ქვესეგმენტად.
კომისიამ 2014 წლის 30 ოქტომბრის N608/9 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განმარტა, რომ ,,ადეკვატურად უნდა მოხდეს გაფართოებული ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ყველა ურთიერთობის მოწესრიგება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: ა) ინტერნეტ პროვაიდერებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაფართოებული ურთიერთჩართვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ბ) უნდა მოხდეს გაფართოებული ურთიერთჩართვის და ჰოსტინგის მომსახურების მიწოდების პირობების, აგრეთვე „კონტენტის მწარმოებლებსა” და ინტერნეტ პროვაიდერების ურთიერთობის ადეკვატურად მოწესრიგება. შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო გამოცდილება ანგარიშსწორების პრინციპების კუთხით; მხარეთა ინტერესები ურთიერთმისაღები და კანონიერი სახელშეკრულებო პირობებით უნდა დარეგულირდეს; გ) ინტერნეტ პროვაიდერმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ბოლო მომხმარებლის, ასევე კონტენტის მწარმოებლის მოთხოვნები ინტერნეტში განთავსებულ კონტენტთან შეუზღუდავი წვდომის, აგრეთვე ინტერნეტის ქსელთან შეუზღუდავი დაშვების შესახებ; მხარეთა შეთანხმებისა და შესაბამისი ანგარიშსწორების გათვალისწინებით; დ) მომსახურების ერთი სახიდან მიღებული შემოსავლებით არ უნდა ხდებოდეს სხვა მომსახურების ხარჯების სუბსიდირება; ე) ავტორიზებული პირის მიერ გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი უნდა დადგინდეს ქსელების მხოლოდ ტექნიკური შეერთებისათვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით; ვ) მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში კომისია განიხილავს დავას ინტერნეტ პროვაიდერებს შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის საკითხებზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანარხაჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვა კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის N608/9 გადაწყვეტილებაში მითითებული პრინციპების გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სისტემ ნეტის“ მიერ, შპს ,,მალტისოფტისთვის“ ურთიერთჩართვაზე უარის თქმით იმ საფუძვლით, რომ შპს ,,მალტისოფტის“ აფილირებულ პირებს შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ გააჩნიათ დავალიანება, დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. იმის გათვალიწინებით, რომ შპს ,,სისტემ ნეტს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისათვის, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,სისტემ ნეტს“ უნდა დაევალოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანარხაჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით შპს ,,მალტისოფტთან“ ურთიერთჩართვა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კ), რ), ს), ტ), ც), ჰ15), ჰ18), ჰ29) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, VI თავის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „მალტისოფტის“ საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „სისტემ ნეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
3. დაევალოს შპს ,,სისტემ ნეტს“ უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით, 10 გბ/წმ გამტარიანობის არხით, შპს ,,მალტისოფტთან“ ურთიერთჩართვა და აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,მალტისოფტთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ასლის შპს ,,მალტისოფტისთვის“ და შპს ,,სისტემ ნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე)
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
