სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ

ნომერი: გ-21-16 / 545

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2021 17:03

მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2021

 სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ

I. საქმის აღწერა

სს „სილქნეტის“ საჩივარი

1.  საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნულ   კომისიას   (შემდგომში:   „კომისია“) წარედგინა სს „სილქნეტის“ საჩივარი (№ შ-21-6/3168, 26.07.2021) შპს „მედია რაითს ჯორჯიას“,  შპს  „ტელეიმედის“,  სს  „მედია  ჰოლდინგის“,  შპს  „მთავარი  არხის“,  შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ.

2.  სს „სილქნეტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2021 წლის 28 ივნისს შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“ მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მაუწყებლებმა - შპს „ტელეიმედმა“, სს „მედია ჰოლდინგმა“, შპს „მთავარმა არხმა“, შპს „ტელეკომპანია პირველმა“, შპს „პოსტვ-იმ“ და შპს „ფორმულამ“ გადასცეს სამაუწყებლო ეთერის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების (გადახვევა-დაპაუზების უფლებით) გაფორმების, შესაბამისი ანაზღაურებისა და ტრანზიტის აკრძალვის უფლებები. წერილი შეეხებოდა მაუწყებლების „იმედის“, „პოსტვ-ის“ (საჩივრის ავტორის განმარტებით, შეცდომით  მითითებულია  „ჯი-დი-ეს  თი-ვი“  „პოსტვ-ის“  ნაცვლად)  „რუსთავი  2-ის“, „მთავარის“, „ტვ-პირველის“ და „ფორმულას“ ფასიანი ტრანზიტის უფლებას. ამავე წერილით სს „სილქნეტს“ განემარტა, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან აღნიშნული მაუწყებლების ტრანზიტის მოსაპოვებლად იგი უნდა დაუკავშირდეს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და მისი მეშვეობით მოიპოვოს აღნიშნული მაუწყებლების ტრანზიტი, რისი ყოველთვიური ღირებულება იქნება - 3 ლარი (დღგ-ს გარეშე) გამრავლებული შესაბამის საანგარიშო თვეში ტრანზიტორი აბონენტების რაოდენობის ჯამზე.

3. სს  „სილქნეტის“  განმარტებით,  სახეზეა  წარმოების  ერთსა  და  იმავე  დონეზე მოქმედი, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების - შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარმა არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ შეთანხმება/შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ა) მათ მიერ წარმოებულ ღია საეთერო საერთო სატელევიზიო არხებზე ტრანზიტის საფასურის ერთდროულად/პარალელურად დაწესება; ბ) მათ მიერ წარმოებული ექვსი სამაუწყებლო არხის ერთი აგენტის - შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მეშვეობით ერთიანი, შეთანხმებული ტარიფით და არასამართლიანი სავაჭრო პირობებით გაყიდვა და გ) ამგვარი შეთანხმებით მიღებული დამატებითი შემოსავლების შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს შორის გაყოფა-გადანაწილება. ამასთან, სს „სილქნეტი“ მიუთითებს, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯია“ განსახილველი ურთიერთობის ფარგლებში თითოეული ტელეკომპანიის აგენტია, რომელსაც დამოუკიდებლობის (კომერციული და ფინანსური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების) ხარისხი არ აქვს.

4.   საჩივრის   ავტორის   შეფასებით,   ყოველივე   ზემოაღნიშნული   „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევაა, ვინაიდან შეზღუდავს კონკურენციას: ა)კერძო საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის წარმოება-მიწოდების შესაბამის ბაზარსა და ბ) სატელევიზიო მაუწყებლობის ბაზართან მჭიდროდ დაკავშირებულ მიწოდების ქვედა ჯაჭვში მდგომ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების შესაბამის ბაზარზე, რაც ზიანს აყენებს ამ ბაზრების მონაწილეებს, მათ შორის, სს „სილქნეტს“.

5. სს „სილქნეტი“ საჩივარში წარმოადგენს მიმოხილვას ტელემაუწყებლობისა და ტრანზიტული მაუწყებლობის ბაზრებისა და მათი თავისებურებების შესახებ. მომჩივანის პოზიციით, კონკურენციის სამართლის დარღვევა ხდება კერძო საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის წარმოება/მიწოდების შესაბამის ბაზარზე, რომლის გეოგრაფიული საზღვარია მთელი საქართველოს ტერიტორია. ამასთან, აღნიშნულ ბაზარს არ გააჩნია დროითი ჩარჩო. სს „სილქნეტის“ განმარტებით, უფლებამოსილი უწყების მიერ სიღრმისეული კვლევის შედეგად, შესაბამისი ბაზარი შესაძლებელია, დადგინდეს უფრო ვიწროდ ან - ფართოდ, თუმცა, ამას დარღვევის იდენტიფიცირების მიზნებისთვის მნიშვნელობა არ ექნება.

6. საჩივარში აღნიშნულია, რომ დარღვევის მონაწილე ეკონომიკური აგენტები არიან მოპასუხე მაუწყებლები, რომლებიც წარმოების ერთსა და იმავე დონეზე ახორციელებენ საქმიანობას და ერთმანეთის კონკურენტები არიან. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ არ არის დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტი და შესაფასებელი გარიგების მიზნებისთვის უნდა იქნეს განხილული, როგორც „ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი“ თითოეულ მოპასუხე მაუწყებელთან კავშირში.

7.   სს „სილქნეტი“ საჩივარში მიუთითებს, რომ საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის წარმოება/მიწოდების შესაბამის ბაზარზე არსებული კონკურენტული წინაღობის თავიდან ასაცილებლად და ტრანზიტორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას საბაზრო ძალაუფლების გასამყარებლად კონკურენტ მაუწყებლებს შორის შედგა ჰორიზონტალური შეთანხმება. კერძოდ, ექვსმა კონკურენტმა ეკონომიკურმა აგენტმა ერთობლივად/ერთმანეთთან შეთანხმებულად განსაზღვრა ბაზარზე მოქმედების კურსი და საფასო პოლიტიკა. ამასთან, სახეზეა კონკურენციის საწინააღმდეგო მიზნის მქონე შეთანხმება, ვინაიდან მას უკვე გააჩნია საკმარისი ხარისხის კონკურენციის საწინააღმდეგო მიზანი და მისი განხორციელება შეზღუდავს კონკურენციას ა) კერძო საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის წარმოება/მიწოდებისა და ბ) მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების შესაბამის ბაზრებზე.

8. საჩივარში  ასევე  აღნიშნულია,  რომ  მოპასუხე  ეკონომიკური  აგენტების შეთანხმებასთან მიმართებით არ გამოიყენება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი, რომელიც კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველ შეთანხმებებს მიემართება, ვინაიდან აღნიშნული დებულება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

9.   სს „სილქნეტის“ განმარტებით, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ შეთანხმებაზე ასევე არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისები. აღნიშნული გამონაკლისების პირობები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის №526 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც, დადგენილება არ ვრცელდება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამონაკლისებისადმი მიკუთვნება დაუშვებელია, თუ შეთანხმება მოიცავს შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობის პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას (ფიქსირებას). მომჩივანის მტკიცებით, ვინაიდან საჩივარი შეეხება ფასის დადგენას და „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა წინაპირობა სახეზეა, არ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

10.   ამრიგად,  სს  „სილქნეტი“  მიიჩნევს,  რომ  სახეზეა  ექვს  კონკურენტ  ეკონომიკურ აგენტს შორის კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე ჰორიზონტალური შეთანხმება/შეთანხმებული ქმედება, რომელიც ემსახურება კონკურენტების დამოუკიდებელი  საფასო  და  კომერციული  პოლიტიკის  გატარების  შეზღუდვას,  რაც „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევაა.

11.  სს   „სილქნეტი“   ითხოვს 1.   წარმოდგენილი   საჩივრის   საფუძველზე   კომისიამ დაიწყოს            ადმინისტრაციული    წარმოება    მოპასუხე    ეკონომიკური    აგენტების    მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის დადასტურების მიზნით. 2. მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კომისიამ ბათილად ცნოს მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ყველა გადაწყვეტილება/შეთანხმება ან/და ქმედება, მათ შორის, მათი წარმომადგენლის შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ყველა ქმედება და წერილობითი კორესპონდენცია, რომელიც უკავშირდება ზემოაღნიშნულ ჰორიზონტალურ გარიგებას. 3. მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კომისიამ მოითხოვოს მათ მიერ განხორციელებული ქმედებების „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; 4. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-16 მუხლის შესაბამისად კომისიამ მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით  მოპასუხე  ეკონომიკური  აგენტების  ქმედებისა  და  მოთხოვნის  (შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მეშვეობით მაუწყებლობის ტრანზიტზე საფასურის მოთხოვნის) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით შეჩერების თაობაზე. 5. მიღებული გადაწყვეტილება კომისიამ მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

12.      გარდა ამისა, სს „სილქნეტი“ შუამდგომლობს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს დაევალოთ წარმოადგინონ: 1. თითოეულ მოპასუხე ტელეკომპანიას და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შორის არსებული ხელშეკრულება, შეთანხმება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც ეხება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დადების ან/და ანაზღაურების მიღების უფლების გადაცემას. 2. მოპასუხე ტელეკომპანიებს შორის არსებული ხელშეკრულება, შეთანხმება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც ეხება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დადებისა ან/და ანაზღაურების მიღების უფლების გადაცემას; 3. მოპასუხეებს შორის არსებული ხელშეკრულება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი  სხვა, მათ  შორის, ფინანსური  დოკუმენტაცია (მათ შორის,

კონფიდენციალური),                   რომელიც

ნებისმიერი

 

ფორმით/სახით

შეეხება/დაკავშირებულია/გამომდინარეობს

წინამდებარე

საქმის

ფაქტობრივი

გარემოებებიდან.

 

 

 


შპს
„მაგთიკომის“ საჩივარი

13. კომისიას ასევე წარედგინა შპს „მაგთიკომის“ საჩივარი (№ შ-21-6/3175, 27.07.2021) შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ. კომისიის მიმართვის შედეგად შპს „მაგთიკომმა“ აღმოფხვრა საჩივრის ფორმალური ხარვეზები და წარმოადგინა საჩივარი (№ შ-21-6/3248, 30.07.2021) შპს „მედია რაითს ჯორჯიას“,  შპს  „ტელეიმედის“,  სს  „მედია  ჰოლდინგის“,  შპს  „მთავარი  არხის“,  შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ.

14. შპს „მაგთიკომის“ საჩივრის მიხედვით, კომპანიას 2021 წლის 28 ივნისს წერილით ეცნობა, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და საქართველოში მოქმედ მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიებს  (შპს  „ტელეიმედი“,  სს  „მედია  ჰოლდინგი“,  შპს  „მთავარი  არხი“,  შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „პოსტვ“ და შპს „ფორმულა“) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ გადაეცა საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან ტელეარხების სამაუწყებლო ეთერის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების (გადახვევა-დაპაუზების უფლებით) დადებისა და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამასთან, აღნიშნული მაუწყებლების  (საჩივრის  ავტორის  განმარტებით,  წერილში  გამორჩენილია  „პოსტვ“, თუმცა თანდართული ცნობის მიხედვით, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შპს „პოსტვ-ის“ ტრანზიტის უფლებაც გადაეცა) ტრანზიტის ყოველთვიური ღირებულებაა - 3 ლარი (დღგ- ს გარეშე) გამრავლებული შესაბამის საანგარიშო თვეში აბონენტების რაოდენობის ჯამზე.

15.  შპს  „მაგთიკომი“  აღნიშნავს,  რომ  წერილის  მიხედვით,  ტელეარხების მაუწყებლობის ტრანზიტისათვის განკუთვნილ ქსელში ჩართვის სურვილის არსებობის შემთხვევაში შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ უნდა დაკავშირებოდნენ 2021 წლის 01 აგვისტომდე. ამასთან, წერილზე დართულია მაუწყებლების მიერ გაცემული ცნობები, რომელთა მიხედვითაც, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ გადაეცა უფლებამოსილება, 2021 წლის 01 ივნისიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით განახორციელოს საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან ტელეარხის ეთერის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმება, შესაბამისი ანაზღაურების მიღება და მაუწყებლობის ტრანზიტის აკრძალვა.

16.  შპს  „მაგთიკომის“ განმარტებით, საჩივრის  განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში, ვინაიდან „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა კომისიის   რეგულირებას    დაქვემდებარებულ    სფეროში    ხდება    და    მოპასუხეებიც რეგულირებულ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირები არიან. კერძოდ, მოპასუხეები  „მაუწყებლობის     შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მაუწყებლები არიან და დარღვევა მაუწყებლობის სფეროში კონკურენციის შეზღუდვას უკავშირდება. მართალია, შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ფორმალურად დამოუკიდებელი სუბიექტია, თუმცა, შინაარსობრივად, კანონის მიზნებისთვის იგი დამოუკიდებლად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან მაუწყებლებთან ერთად ქმნის „ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს“.

17.  შპს   „მაგთიკომის“   პოზიციით,   მოპასუხე   ეკონომიკურმა   აგენტებმა   ჩაიდინეს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დადებული ხელშეკრულება ან შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანი ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა - კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება).

18. საჩივარში აღნიშნულია, რომ, მართალია, მაუწყებლობის ტრანზიტის საფასური მოითხოვა შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“, რომელიც, ფორმალურად მოპასუხე მაუწყებლებისგან დამოუკიდებელი სუბიექტია, თუმცა, კანონის მიზნებისთვის იგი ასეთად ვერ მიიჩნევა, იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად მის ქმედებებზე არსებით ზეგავლენას ახდენენ ის მაუწყებლები, ვინც მასთან გააფორმა 2021 წლის 31 მაისის ხელშეკრულება. შესაბამისად, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია მოპასუხე მაუწყებლების მიერ, რომლებიც კონკურენტი ეკონომიკური აგენტები არიან, რაც კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელი კიდევ ერთ გარემოებაა.

19.  შპს „მაგთიკომის“ მითითებით, 2021 წლის 31 მაისის ხელშეკრულება (მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელშეკრულების კონკრეტული შინაარსი/პირობები მომჩივანისთვის უცნობია) და მოპასუხეების მიერ 31 მაისს გაცემული იდენტური შინაარსის ცნობები ცალსახად ადასტურებს მოპასუხეების ერთობლივ განზრახვას. კერძოდ, ამ ქმედებებში ვლინდება მოპასუხეების სურვილი, განსაზღვრონ/დააფიქსირონ საკუთარი ტელეარხების ფასიანი მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებაზე ერთიანი საფასური და მისი რეალიზება მოახდინონ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გამწევ ყველა ავტორიზებულ პირზე ერთიან, განუყოფელ პაკეტად. ნებათა თანხვედრის ამსახველი კონკრეტული ხელშეკრულების და გადაწყვეტილების არსებობის გამოვლინებაა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 28 ივნისის წერილი, რაც, თავის მხრივ, სხვა არაფერია თუ არა კონკურენტი ეკონომიკური აგენტების მიერ მითითებული ნების პრაქტიკაში გატარების/აღსრულების ფაქტი.

20. შპს „მაგთიკომის“ საჩივრის მიხედვით, კონკურენტი მაუწყებლების მიერ საკუთარი ტელეარხების მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების ერთი სუბიექტისთვის გადაცემა, ამ უკანასკნელის მიერ ერთიანი პაკეტის შექმნა და ერთიანი საფასურის დადგენა თავისთავად უკვე კონკურენციის შემზღუდველი ქმედებაა.  ბუნებრივი საბაზრო ქცევის პირობებში მაუწყებლები დაინტერესებული უნდა იყვნენ აწარმოონ ინდივიდუალური მოლაპარაკებები მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან და გააფორმონ მათთვის კომერციულად მისაღები ხელშეკრულებები. მომჩივანის მითითებით, არ არსებობს იმის ლოგიკური ახსნა, თუ რატომ უნდა იყვნენ კონკურენტი კომპანიები დაინტერესებული საკუთარი უფლებების ერთ პაკეტად და კონსოლიდირებულ ფასად რეალიზებით. ეს ყველაფერი აიხსნება კონკურენციის შეზღუდვის ინტერესით. კერძოდ, როდესაც, ერთი მხრივ, ადგილი აქვს ერთ კონკრეტულ მიზანს - აიძულონ ტრანზიტორები, რომ   მათ   არ   ჰქონდეთ   არჩევანის   თავისუფლება,   განახორციელონ   მხოლოდ   იმ მაუწყებლების ტელეარხების ფასიანი მაუწყებლობის ტრანზიტი, ვისაც კომერციულად გამართლებულად მიიჩნევენ, ხოლო, მეორე მხრივ, დადგინდეს შეუსაბამოდ მაღალი და ერთიანი ფასი კონკრეტული ტელე არხების (მოპასუხეების) მაუწყებლობის ტრანზიტზე.

21.  საჩივარში მითითებულია, რომ ზოგადად, ფასებისა და სხვა სავაჭრო პირობების ფიქსირება კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებად მიიჩნევა. აღნიშნული ეხება მათ პირდაპირ და არაპირდაპირ ფიქსირებას, რაც შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლაშიც. მოპასუხეების ქმედებებს აქვს კონკრეტული კონკურენციის საწინააღმდეგო მიზანი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას - აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა (შემდგომ – შეთანხმება), კერძოდ: შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება).

22.  შპს „მაგთიკომი“ მიუთითებს, რომ მოპასუხეების ქმედებებში ნათლად ვლინდება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის მიზანი, რაც საკმარისია კომისიის მხრიდან კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირების განხორციელებისათვის. მოპასუხეების დაგეგმილი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში გამოწვეულ პოტენციურ ზიანთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომს“ მაუწყებლობის ტრანზიტზე გაეზრდება ხარჯები და გაზრდილი ხარჯების სავარაუდო რაოდენობა ყოველთვიურად განისაზღვრება 1 300 000 (აბონენტების რაოდენობა გამრავლებული სამ ლარზე) ლარით, კომპანიას მოუწევს ფასიან ტრანზიტზე უარის თქმა ფასიან ან მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების საფასურის გაზრდა, რაც გამოიწვევს მაგთიკომის აბონენტების უკმაყოფილებას და შესაბამისად მათ დაკარგვას, რისი კონკრეტულად ციფრებში ასახვაც ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.

23.   ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   შპს   „მაგთიკომი“   ითხოვს:   1.„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე კომისიამ ბათილად ცნოს მოპასუხეებს შორის 2021 წლის 31 მაისს დადებული ხელშეკრულება ან მათ შორის არსებული ნებისმიერ სხვა შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც უნდა დადგინდეს საჩივრის წარმოების დროს კონკრეტული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად), რომლის მიზანია ერთიანი/კონსოლიდირებული პაკეტის შექმნა და ერთიანი ფასის/საფასურის დადგენა მოპასუხეების ტელეარხების მაუწყებლობის ტრანზიტზე; 2.„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მოპასუხეებს დაეკისროთ ამავე კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა; 3. კომისიამ გამოიყენოს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება და მიმართოს    სასამართლოს    შუამდგომლობით,  რათა მოპასუხეებს  აეკრძალოთ შპს „მაგთიკომს“ ყოველთვიურად მოსთხოვონ 3 ლარის (დღგ-ს გარეშე) გადახდა თითოეულ მაუწყებლობის ტრანზიტზე არსებულ აბონენტზე შემდეგი ტელეარხების - „იმედი“, „ჯი- დი-ეს თი-ვი“, „რუსთავი 2“, „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „პოსტვ“, მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებაში  ან მოპასუხეებს აეკრძალოთ  ამ არხების გათიშვის უფლებამოსილება იმ დრომდე, სანამ კომისიის მიერ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება და იგი არ შევა კანონიერ ძალაში.

შპს „ახალი  ქსელებისა“  და შპს „საქართველოს  ცენტრალური   კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრებ

24. კომისიას ასევე წარედგინა შპს „ახალი ქსელების“ (№ შ-21-6/3206, 28.07.2021) და შპს „საქართველოს    ცენტრალური    კავშირგაბმულობის    კორპორაციის“    (№    შ-21-6/3220, 29.07.2021) საჩივრები შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ. კომისიის მიმართვის შედეგად კომპანიებმა გამოასწორეს გამოვლენილი ხარვეზები და წარადგინეს დაზუსტებული საჩივრები - შპს „ახალი ქსელების“  საჩივარი  (№  შ-21-6/3306,  03.08.2021)  შპს  „მედია  რაითს  ჯორჯიას“,  შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივარი (№ შ-21-6/3357, 04.08.2021) შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ.

25.   შპს „ახალი ქსელები“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საჩივრებში აღნიშნავენ, რომ მოპასუხე ეკონომიკურმა აგენტებმა დაარღვიეს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები. კომპანიების მითითებით, შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“ 2021 წლის 28 ივნისის წერილით ეცნობათ, რომ 2021 წლის 31 მაისს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და შპს „ტელეიმედს“, სს „მედიაჰოლდინგს“, შპს „მთავარ არხს“, შპს „ტელეკომპანია პირველს“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ გადაეცა უფლება, საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან გააფორმოს ფასიანი ტრანზიტის უფლება, მათ შორის, გადახვევა-დაპაუზების უფლებით. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილს ერთვოდა მაუწყებლების გაცემული ცნობები.

26. საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ზემოაღნიშნული გარიგება კონკურენციის შემზღუდველია (კარტელურია). შეთანხმების საგნიდან გამომდინარე, აშკარაა ტელეარხების ტრანზიტის სრული პაკეტის ფასის ფიქსირება. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ უფლება გადასცა ექვსმა დამოუკიდებელმა მაუწყებელმა, რომლებიც ერთმანეთს კონკურენტები არიან. შესაბამისად, კონკურენტი მაუწყებლების კოლაბორაცია, რომელიც შეთანხმებულად ადგენს ბაზარზე არსებული ყველა რეიტინგული ტელევიზიის ტრანსლირების საერთო ფასს ეწინააღმდეგება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს.

27. გარდა ამისა, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საჩივარში მიუთითებენ, რომ მაუწყებლების გაცემული ოფოციალური   ცნობების   მიხედვით   შპს   „მედია   რაითს   ჯორჯია“   უფლებამოსილია „აკრძალოს მაუწყებლობის ტრანზიტი“, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ თავად მაუწყებლებს აღარ აქვთ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმების უფლება და ეს უფლებამოსილება ექსკლუზიურად შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ გადაეცა. შესაბამისად, თუ აქამდე ბაზარზე კონკურენცია არსებობდა და მაუწყებლები თავად განსაზღვრავდნენ უფლების ფასსა და გაყიდვის პირობებს, ამიერიდან შეთანხმების შედეგად მაუწყებლებს და ტრანზიტორ ავტორიზებულ პირებს წაერთვათ მაუწყებლობის ტრანზიტის პირობების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა.

28.  შპს   „ახალი   ქსელები“   მიუთითებს,  რომ  კომპანიას   მოპასუხეების   ქმედებით შესაძლოა,   მიადგეს   ზარალი.   კერძოდ,   აღნიშნული   ქმედებით   შპს   „ახალ   ქსელებს“ გაეზრდება ხარჯები, რაც საჩივრის წარდგენის მომენტისათვის არსებული მონაცემებით იქნება ყოველთვიურად 34221,25 ლარი (დღგ-ს გარეშე). შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მითითებით მის შემთხვევაში პოტენციური ზარალი იქნება 19269,25 ლარი (დღგ-ს გარეშე). წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე კომპანია იძულებული იქნება უარი თქვას ფასიან ტრანზიტზე ან მომხმარებლებს გაუზარდოს მაუწყებლობის ტრანზიტის საფასური, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებლების უკმაყოფილება და დაკარგვა, აღნიშნული ზარალის გამოთვლა კი წინასწარ შეუძლებელია.

29. შპს „ახალი ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განმარტებით, შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და მაუწყებლებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები ასევე ეწინააღმდეგება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს. კერძოდ, სახეზეა გარიგების დასადებად მხარისათვის ისეთი დამატებით პირობის დადგენა/ვალდებულების  დაკისრება,  რომელსაც  გარიგების  საგანთან  კავშირი  არ აქვს. ხელმომწერი მაუწყებლები და მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიები არიან სამოქალაქო ურთიერთობების დამოუკიდებელი მონაწილეები და თავისუფალი ბაზრის პირობებში უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ სატელევიზიო პაკეტში შემავალი არხები და მათი ღირებულება.

30.  საჩივრების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში კარტელური შეთანხმების მხარეები არიან მაუწყებლები, რომლებმაც უფლება გადასცეს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“. თავად შპს „მედია რაითს ჯორჯია“ კარტელის ფასილიტატორია, რომელიც კონკურენციის სამართლის მიზნებისთვის, შესაძლებელია, შეფასდეს ეკონომიკურ აგენტად და დაეკისროს პასუხისმგებლობა.

31.  საჩივრებში    დამატებით  აღნიშნულია,  რომ  შპს „ახალ    ქსელებს“  და შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას“ აქვთ მოქმედი ვადიანი ხელშეკრულებები სხვადასხვა მაუწყებელთან, მათ შორის, სს „მედია ჰოლდინგთან“ და შპს „ტელეიმედთან“, აგრეთვე ამ გაერთიანების სხვა ტელევიზიებისგან უფასო ტრანსლირების უფლება. სს „მედია ჰოლდინგს“ არ ჰქონდა მომიჯნავე უფლების სხვა პირზე გადაცემის უფლება, შესაბამისად, დარღვეულია ხელშეკრულების პირობები.

32.        ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   შპს   „ახალი   ქსელები“   და   შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საჩივრებით ითხოვენ: 1.„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კომისიამ ბათილად ცნოს შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და მაუწყებლებს შორის 2021 წლის 31 მაისს დადებული ხელშეკრულება; 2. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის   დადასტურების      შემთხვევაში  კომისიამ   მოპასუხეებს      დააკისროს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა; 3. დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებელთა უფლებების/საუკეთესო ინტერესების დასაცავად კომისიამ უზრუნველყოფს მაუწყებლების უწყვეტი ტრანსლირების უფლება შპს „ახალი ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“.

კონსულტაციები კომისიასა და სააგენტოს შორის

33. სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების განხილვაზე უფლებამოსილი     ორგანოს     განსაზღვრის     მიზნით     კომისიას     და     საქართველოს კონკურენციის    ეროვნულ    სააგენტოს    (შემდგომში:    „სააგენტო“)    შორის    გაიმართა „კონკურენციის    შესახებ"    საქართველოს    კანონის    31-ე    მუხლის    მე-3    პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციები. კონსულტაციები დასრულდა 2021 წლის 23 აგვისტოს  (სააგენტოს  წერილი  კომისიას  კონსულტაციების  თაობაზე  (№  შ-21-6/3787,23.08.2021);

34.  კონსულტაციების შედეგად კომისიამ და სააგენტომ მიიჩნიეს, რომ საჩივრები უკავშირდება კონკურენციის შესაძლო დარღვევას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სფეროებში და სახეზე არ არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული არცერთი პირობა. შესაბამისად, დადგინდა, რომ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ხსენებული საჩივრის განხილვა განეკუთვნება კომისიის კომპეტენციებს.

მოპასუხე ეკონომიკური აგენტების პოზიცია

35. კომისიის მიმართვის შედეგად წერილობითი პოზიცია წარმოადგინეს მოპასუხე ეკონომიკურმა აგენტებმა. კერძოდ, კომისიას მიმართა შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ და წარმოადგინა  მოპასუხეების  პოზიცია  (შპს  „მედია  რაითს  ჯორჯიას“  წერილი  (№  შ-21-6/4196, 17.09.2021, წერილი ხელმოწერილია შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და მოპასუხე მაუწყებლების მიერ).   მოპასუხეების   განმარტებით,   საჩივრები   ვერ   აკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლით და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებს. მოპასუხე ეკონომიკური აგენტები მიუთითებენ, რომ არ არსებობს საჩივრების განხილვის სამართლებრივი საფუძველი, გარდა ამისა, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან არსებობს საქმის მოკვლევის შედეგად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება.

36. მოპასუხეთა   წერილობითი   პოზიციის   მიხედვით,   კომისიამ   2017   წელს   უკვე განიხილა სავალდებულო ტრანზიტის ხელშეკრულების დადების გზით კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო დარღვევის ფაქტი და მიიღო გადაწყვეტილება, რითაც ტრანზიტორებს ეცნობათ, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ქმედებები შეესაბამებოდა კანონმდებლობას. მას შემდეგ საზღაურის მიღების პირობები არ შეცვლილა.

37.  ამავდროულად, მოპასუხეები კომისიას არ სთავაზობენ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-12 მუხლის შესაბამისად კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით ქმედებების განხორციელების თაობაზე ვალდებულებების მიღებას.

38.  შპს „მედია რაითს ჯორჯია“ და მოპასუხე მაუწყებლები მიუთითებენ, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული 2021 წლის 21 მაისის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნა, ვინაიდან მომჩივანებმა არც კი იციან აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსი. მოპასუხე ეკონომიკური აგენტების პოზიციით, არ არსებობს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა და ვერ იარსებობს მათთვის ამავე კანონის  33-ე  მუხლით  განსაზღვრული  ჯარიმის  დაკისრების  შესაძლებლობა.  ამასთან, მომჩივანები უკანონოდ სარგებლობენ მოპასუხე მაუწყებლების ტრანზიტით, თავად არიან სამართალდამრღვევნი, კომისიას უკვე ნამსჯელი აქვს ამ ფორმით მაუწყებლობის ტრანზიტზე და არ არსებობს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ     „კონკურენციის     შესახებ"     საქართველოს     კანონის     აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-16 მუხლის შესაბამისად კომისიის მიერ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისა და მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ქმედების დროებით შეჩერების მოთხოვნის საფუძველი.

39. მოპასუხეები  შუამდგომლობენ  კომისიის  წინაშე  და  ითხოვენ:  1.  დაევალოთ მომჩივან კომპანიებს ყველა იმ დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც უკავშირდება შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შეთავაზებული პირობების შესახებ წარდგენილ ნებისმიერ დოკუმენტაციას/საჩივარს, რომელიც ამ დრომდე წარდგენილი აქვთ კომისიაში; 2. დაევალოთ მომჩივან კომპანიებს, წარმოადგინონ ტრანზიტული მაუწყებლობის უფლების დამადასტურებელი ნებისმიერი საბუთი; 3. შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ წარმოადგინონ ინფორმაცია მომხმარებელთათვის შეთავაზებული სატელევიზიო პაკეტის ფასის ცვლილების შესახებ წლების მიხედვით.

სააგენტოს პოზიცია

40. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა სააგენტომ. სააგენტოს მოსაზრებით, საჩივრებითა და თანდართული დოკუმენტაციით წარმოდგენილი მტკიცებულებები საჭიროებს სიღრმისეულ გამოკვლევას მრავალი მიმართულებით, რადგან შესაძლოა, არსებობდეს კონკურენციის შეზღუდვის რისკები. ამ სავარაუდო რისკების იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია საკითხის დეტალური შესწავლა, მათ შორის, მოპასუხეთა პოზიციის გაცნობა, რათა, ერთი მხრივ, დადგინდეს კანონდარღვევის არსებობა/არ არსებობა, ხოლო, მეორე მხრივ, საკითხის სრულფასოვანი ანალიზის შედეგად - დაცული იყოს როგორც საჩივრების ავტორების, ასევე მოპასუხეებისა და დაინტერესებული მხარეების ინტერესები.

41.  სააგენტოს   წერილში   აღნიშნულია,   რომ   ამ   ეტაპზე   გამოსაკვლევია   მრავალი გარემოება. შესაბამისად, ნაკლებად არის შესაძლებელი, მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემა და სავარაუდო დარღვევის არსებობის გონივრული ეჭვის სრულად გაბათილება. ამასთანავე, მოკვლევის დაწყება თავისთავად არ მიიჩნევა დარღვევის დადასტურებისკენ გადადგმულ ნაბიჯად, არამედ, იგი ემსახურება საკითხის სიღრმისეული ანალიზს, რაც, თავის მხრივ, უნდა შედიოდეს ყველა მხარის ინტერესში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმის მოკვლევის დაწყებას „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტის დასადგენად.

 მოსამზადებელი სხდომა

42.  2021  წლის  28  სექტემბერს,  11:00  საათზე  გაიმართა  კომისიის  მოსამზადებელი სხდომა, სადაც განხილულ იქნა სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  საჩივრების დასაშვებობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების საკითხი.

43.  2021 წლის 28 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაში მონაწილეობდნენ სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო მომცელიძე, სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები კახი ყურაშვილი, ლევენ ბუჩუკური  და  თეა  ტყეშელაშვილი, შპს   „მაგთიკომის“ წარმომადგენლები ლევან გიორგაძე, გიორგი     გაგნიძე,     დავით     ძიძიგური     და ნიკოლოზ  დავითაშვილი,  შპს  „ტელეიმედის“  წარმომადგენელი  ანდრია  ლაშხი,  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი ნანა შარაშენიძე, შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ხათუნა ინჯია, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენლები გიორგი სულაძე და თინათინ მურჯიკნელი, სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი სალომე ჭელიძე, შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი დაჩი ბერუჩაშვილი, შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელი ნანა აბურჯანიძე, შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი ეთერ ქათამაძე და შპს „პოსტვ-ის“ წარმომადგენელი ნინო ელოშვილი.

44.  შპს   „მედია   რაითს   ჯორჯიას“   წარმომადგენელმა,    თინათინ   მურჯიკნელმა დაადასტურა წერილობით მოსაზრებაში დაფიქსირებული პოზიცია და აღნიშნა, რომ საჩივრები     დაუშვებლად    უნდა    იქნეს    ცნობილი,    ვინაიდან    სახეზეა    შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, არსებობს საქმის მოკვლევის შედეგად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, რაც „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის  24-ე  მუხლისა  და  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის თანახმად საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია. წარმომადგენელმა მიუთითა 2017 წლის კომისიის თავმჯდომარის წერილზე, რომლის მიხედვითაც, კომისიამ იმსჯელა ტრანზიტორების, მათ შორის, სს „სილქნეტის“ საჩივრის საფუძველზე და მაუწყებლებისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ანალოგიური სქემა კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნია.

45. შპს „პოსტვ-ის“ წარმომადგენელმა, ნინო ელოშვილმა გაიზიარა დასახელებული პოზიცია საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ და დამატებით განმარტა, რომ საჩივრები ასევე დაუშვებელია, ვინაიდან შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტს, რაც თავისი არსით, ინტელექტუალურ საკუთრებას უკავშირდება და მასზე არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონი. წარმომადგენელმა მიუთითა ამავე კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ეს კანონი არ ვრცელდება „ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უფლებები კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთისათვის გამოიყენება“.

46.  შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და შპს „პოსტვ-ის“ წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული პოზიცია გაიზიარა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა. მისი განმარტებით, საჩივრებთან დაკავშრებით უკვე არსებობს კომისიის გადაწყვეტილება და კანონმდებლობის სხვაგვარი ინტერპრეტაციის შემთხვევაში კომისია მიიღებს დაუსრულებელ დავებს, კანონმდებლობაში შესული ნებისმიერი ცვლილება გახდება უკვე დასრულებული წარმოების განახლების საფუძველი. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის მითითებით ინტელექტუალური საკუთრების მართვის საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით მასზე არ უნდა გავრცელდეს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, რაც განსახილველ საქმეზე სახეზე არ არის. გარდა ამისა, მისი პოზიციით, დაუსაბუთებელია მომჩივანი ეკონომიკური  აგენტების     მოთხოვნა     დროებითი     ღონისძიების     გამოყენებასთან დაკავშირებით    და    ემსახურება    მხოლოდ    პროცესის    გაჭიანურებას    და    დროის უსაფუძვლოდ გაყვანას.

47.   შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და მაუწყებლების წარმომადგენლების განმარტებით, მათ წერილში (შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, № შ-21-6/4196, 17.09.2021) დასახელებული შუამდგომლობები მომჩივანი ეკონომიკური აგენტებისგან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით რელევანტური და აქტუალური იქნება თუ კომისია საჩივრებს დასაშვებად ცნობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოების ამ ეტაპზე ისინი ხსნიან დასახელებულ შუამდგომლობებს.

48. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კახი ყურაშვილმა არ გაიზიარა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების პოზიცია   და მიუთითა, რომ 2017 წლის წერილი შეეხებოდა მაუწყებლების ქმედებების „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონთან, კერძოდ, ამ კანონის 401 მუხლთან და მაუწყებლის კონცენტრაციის მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობას. წინამდებარე საქმის ფარგლებში წარდგენილი საჩივრები კი უკავშირდება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევას, რაც კომისიის მიერ განხილული არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოპასუხეთა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ამ საფუძვლით საჩივარი არ უნდა იქნეს დასაშვები და არ არსებობს საჩივრის დაუშვებლად ცნობის არცერთი წინაპირობა.

49.  სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის ეს პოზიცია გაიზიარეს შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ახალი  ქსელების“  წარმომადგენლებმა,  გარდა  ამისა,  მიუთითეს,  რომ  2017  წელს  შპს „მაგთიკომი“ და შპს „ახალი ქსელები“ საერთოდ არ იყვნენ დავის მონაწილეები და მათ მიმართ მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მითითება ამ თვალსაზრისითაც უსაფუძვლოა.

50. მომჩივანი ეკონომიკური აგენტების პოზიციით, ასევე უსაფუძვლოა მოპასუხეთა არგუმენტაცია „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებები არ გამოიყენება კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთისთვის, საჩივრებში იდენტიფიცირებული დარღვევა კი შეეხება სწორედ ისეთ ვითარებას, როდესაც ინტელექტუალური საკუთრება კონკურენციის შეზღუდვისთვის გამოიყენება.

51. სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საჩივრებში დაყენებულ მოთხოვნას დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მიუთითეს, რომ სახეზეა კონკურენციის მნიშვნელოვანი შეზღუდვა - ფასების ფიქსაცია კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის, ხოლო ზიანი რაც შეიძლება მათ მიადგეთ საკმაოდ სერიოზულია, ვინაიდან მაუწყებლებისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ მათთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე საფასურის დაწესება გამოიწვევს მათი ხარჯების ზრდას ან - მაუწყებლობის ტრანზიტის საფასურის გაზრდას მომხმარებლებისთვის, ან საერთოდ უარის თქმას მაუწყებლობის ტრანზიტზე რაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მომხმარებელთა უკმაყოფილებისა და დაკარგვის მიზეზი გახდეს. კომისიის მიერ დარღვევის დადასტურების შემთხვევაში გართულდება ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან მათ მოუწევთ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გამოყენება.

52. მომჩივანმა ეკონომიკურმა აგენტებმა დაადასტურეს, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილში მითითებული ვადის (2021 წლის 1 აგვისტო) გასვლის მიუხედავად მათთვის    მაუწყებლებს    არ    მიუმართავთ    მაუწყებლობის    ტრანზიტის    შეწყვეტის მოთხოვნით. თავის მხრივ, მაუწყებლების და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენლების განმარტებით, არსებული მონაცემებით განჭვრეტად მომავალში არ იგეგმება მომჩივანი ეკონომიკური აგენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის შეწყვეტის მოთხოვნა.

53.   სააგენტოს წარმომადგენელმა, სოფიო მომცელიძემ სხდომაზე მიუთითა, რომ სააგენტო მხარს უჭერს წერილობით მოსაზრებაში დაფიქსირებულ პოზიციას (სააგენტოს წერილი კომისიას მოსაზრების წარმოდგენის თაობაზე (№შ-21-6/4179, 16.09.2021). მისი განმარტებით, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წელს ცვლილებების შეტანამდე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში არსებობდა პრობლემები, ვინაიდან ამ სფეროში კონკურენციის სამართალი არ აღსრულდებოდა არც სააგენტოს და არც შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ. აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად კანონში შევიდა ცვლილება და 2020 წლის ნოემბრიდან ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების მარეგულირებელ ორგანოებს მიენიჭათ უფლებამოსილება და დაეკისრათ ვალდებულება, აღასრულონ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული დებულებები, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლი.

54.  სოფიო მომცელიძის მითითებით, სააგენტო არ იზიარებს მოპასუხე ეკონომიკური აგენტების არგუმენტაციას საჩივრების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, არ არის მართებულო მოპასუხეთა მტკიცება, რომ საჩივრები დაუშვებელია იმ საფუძვლით, რომ  საკითხი  უკვე  გადაწყვეტილია.  2017  წელს  საკითხი  განხილული  არ  ყოფილა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, გარდა ამისა, მხარეებიც არ იყო ზუსტად იდენტური. გარდა ამისა, კონკრეტულ საქმეზე მოკვლევის დაწყება არ ნიშნავს, რომ დარღვევა აუცილებლად დადგინდება. ყველა მხარის ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ დაიწყოს მოკვლევა, ჩატარდეს სრულყოფილი წარმოება და დადგინდეს რელევანტური გარემოებები. შესაბამისად, სააგენტო მხარს უჭერს საქმის მოკვლევის დაწყებას.

  II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

  1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება, ამ კანონით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.

2. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება წარედგინება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ან სააგენტოს. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება სააგენტოს წარედგინა, იგი ამ საჩივარს/განცხადებას ან შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ეკონომიკის რეგულირებადი  სფეროს  მარეგულირებელ  ორგანოს,  გარდა  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.  „კონკურენციის   შესახებ"   საქართველოს   კანონის   31-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის თანახმად, სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს შეისწავლის, თუ არსებობს    ერთ-ერთი    შემდეგი    პირობა: ა) კანონის სავარაუდო დამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი; ბ) კანონის სავარაუდო დამრღვევი და კონცენტრაციის მონაწილე მხარეები ეკონომიკის სხვადასხვა რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტები არიან; გ) სავარაუდო კანონის საწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი სუბიექტი/სუბიექტები არის/არიან ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი/ეკონომიკური   აგენტები,    მაგრამ    ეს   ქმედება    (დავის    საგანი)    ეკონომიკის რეგულირებად სფეროში არ განხორციელებულა.

4. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკის რეგულირებადი სფერო განიმარტება როგორც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სფერო, მუნიციპალური მომსახურების სფერო, რომელშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ განისაზღვრება და სატარიფო რეგულირებას ექვემდებარება.

5.   „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით მაუწყებლობის სფეროში     საქმიანობას     არეგულირებს     კომისია,     „ელექტრონული კომუნიკაციების     შესახებ"   საქართველოს   კანონის   მე-5   მუხლის   მიხედვით   კი   - ელექტრონული       კომუნიკაციების    სფეროში    საქმიანობას    არეგულირებს    კომისია.

„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა.

6.   „კონკურენციის   შესახებ"   საქართველოს   კანონის 31-ე   მუხლის   მე-3   პუნქტის შესაბამისად, თუ საკითხის შესწავლის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვერ დადგინდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა 30 კალენდარულ დღემდე იზრდება, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით სააგენტოსა და           ეკონომიკის რეგულირებადი  სფეროს მარეგულირებელ ორგანოს  შორის კონსულტაციები გაიმართოს.

7. „კონკურენციის   შესახებ"   საქართველოს   კანონის   მე-4   მუხლის  მიხედვით,   ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო.

8.  „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 111  მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 331 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 111 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და 112, მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს,  თუ    ეკონომიკის    შესაბამისი    რეგულირებადი    სფეროს    მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. „კონკურენციის   შესახებ"   საქართველოს   კანონის   31-ე   მუხლის   მე-6   პუნქტის თანახმად, თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო განიხილავს, იგი სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.

10.  „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“  ქვეპუნქტის  თანახმად,  სააგენტო  ეკონომიკურ  აგენტთან  მიმართებით უფლებამოსილია „სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას“.

11.  კომისიის  2003 წლის 27  ივნისის  №1  დადგენილებით    დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ (შემდგომში ასევე: „წესი“) მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, მომჩივანი არის ეკონომიკური აგენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ კანონის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი საჩივრით მიმართავს კომისიას. მომჩივანმა კომისიას საჩივართან ერთად უნდა წარუდგინოს მტკიცებულებები. მომჩივანი განიხილება მხარედ და ეკისრება მტკიცების ტვირთი.

12.  „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   მიერ   „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მოპასუხე არის პირი, რომლის წინააღმდეგაც კომისიაში წარდგენილია საჩივარი კანონის შესაბამისი მუხლის/მუხლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე ან რომლის მიმართაც კომისიამ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის მოკვლევა.

13. „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   მიერ   „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჩივრის მატერიალურ დასაშვებობას და მის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობას კომისია შეისწავლის საჩივრის სრულყოფილი სახით რეგისტრაციიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს 15 სამუშაო დღით.

14. „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   მიერ   „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა იწყება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შემდგომ.

15.  „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   მიერ   „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია საჩივრის მატერიალური დასაშვებობის საკითხის განხილვის ფარგლებში შეისწავლის მხარეთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, დამატებით მოძიებულ ინფორმაციას და ახდენს მათ ურთიერთშეჯერებას. კომისია ასევე აანალიზებს, ხომ არ არსებობს საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლები და წარმოიშობა თუ არა გონივრული ეჭვი სავარაუდო დარღვევის არსებობის თაობაზე.

16. „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   მიერ   „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ: ა) საჩივარი უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია; ბ) საჩივარი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს; გ) არ არსებობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი; დ) კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში მომჩივანმა არ წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება; ე) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის პროცესი;      ვ)    არსებობს    საქმის    მოკვლევის    შედეგად    კომისიის    მიერ    მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება;ზ) არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებისა; თ) სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ი) საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, კომისია თანხმობას განაცხადებს ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე. კ) საჩივარში დაყენებული საკითხი არსებითად უკავშირდება  კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე დაკისრებულ ან/და დასაკისრებელ ვალდებულებას და კომისია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკითხის კანონის საფუძველზე განხილვას.

17.  „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   მიერ   „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. საქმის მოკვლევა იწყება კანონის შესაბამისი დებულების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

18.  „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   მიერ   „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის.

19.   „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   მიერ   „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი სუბიექტების მიერ მტკიცებულებების წარმოდგენის ვადა. კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ კომისიას წარუდგინონ დამატებითი მტკიცებულებები, თუ მათ აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ობიექტურად არ შეეძლოთ.

20.   „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   მიერ   „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-16 მუხლის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2176  მუხლით დადგენილი  წესით  მიმართოს  სასამართლოს  შუამდგომლობით  ეკონომიკური  აგენტის

გარკვეული ქმედების დროებით, კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად

   საჩივრების დასაშვებობისა და მოკვლევის დაწყების საკითხი

  „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების  გათვალისწინებით, კომისიამ უნდა შეისწავლოს საქმეზე    არსებული ინფორმაცია, მტკიცებულებები და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად გადაწყვიტოს: წარმოიშობა თუ არა გონივრული ეჭვი სავარაუდო დარღვევის არსებობის თაობაზე; ხომ არ არსებობს საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლები. ამასთანავე, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე  საჩივრების    დასაშვებობისა  და საქმის  მოკვლევის  დაწყების  თაობაზე გადაწყვეტილების  მიღებისას   უნდა   შეფასდეს,   ვრცელდება   თუ   არა   საჩივრებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.

ა) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობები

„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უფლებები კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთისათვის გამოიყენება“. მოპასუხე ეკონომიკური აგენტების წარმომადგენლების განმარტებით, საჩივრები უკავშირდება მაუწყებლების მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან - მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და მათზე არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.

„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კონკურენციის სამართლის რეგულირების სფეროს და მისი მოწესრიგების არეალიდან გამოჰყავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობები. ზემოაღნიშნული   საკანონმდებლო ნორმის მიზანია, დადგინდეს გონივრული ურთიერთმიმართება, ერთი მხრივ, კონკურენციის სამართალსა და მეორე მხრივ, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ სამართლის დარგებს შორის, როგორებიც არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართალი, სასაქონლო ნიშნების სამართალი, საპატენტო სამართალი და ა.შ.

კონკურენციის სამართალი არ ანაცვლებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტებს და არ არეგულირებს აღნიშნული უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ საკითხებს. შესაბამისად, როგორც წესი, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელების განსაკუთრებულ, ექსკლუზიურ  უფლებებთან  დაკავშირებული  ურთიერთობები  წესრიგდება  შესაბამისი, სპეციალური კანონმდებლობით და მათ მიმართ კონკურენციის სამართალი არ გამოიყენება,  მანამ,  სანამ აღნიშნული    უფლებებით სარგებლობა  არ მოხდება „კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთისთვის“.

ამრიგად, კონკრეტული ინტელექტუალური საკუთრების მფლობელების უფლებების ფარგლებთან და მოცულობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობით და მასზე არ ვრცელდება კონკურენციის სამართალი. კონკურენციის სამართალი გამოიყენება მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დგას ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელის მიერ აღნიშნული უფლების (როგორც დამოუკიდებლად, ისე - სხვა პირებთან ერთად) მეშვეობით კონკურენციის შეზღუდვის ან/და აღკვეთის საკითხი.

კომისია ვერ გაიზიარებს მოპასუხე ეკონომიკური აგენტის, შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის განმარტებას, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის მიხედვით „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონი მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან მიმართებით კონკურენციის შეზღუდვის საგამონაკლისო შემთხვევებზე ვრცელდება (მაგალითად, მაშინ, როდესაც მაუწყებელი სხვადასხვა ტრანზიტორ კომპანიას დისკრიმინაციულად ეპყრობა). „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ აკონკრეტებს კონკურენციის შეზღუდვის ან/და აღკვეთის სახეობებს, რომელთა არსებობისას გამოიყენება ეს კანონი. შესაბამისად, იგი ვრცელდება ყველა შემთხვევაზე, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებები გამოიყენება კონკურენციის შესაზღუდად ან/და აღსაკვეთად.

განსახილველ  შემთხვევაში  საჩივრის  ავტორები  მიუთითებენ,  რომ  მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ ინტელექტუალური საკუთრების (მაუწყებლობის ტრანზიტზე უფლების) უფლების გამოყენებით ხდება კონკურენციის შეზღუდვა. მათი მტკიცებით, სახეზეა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება/შეთანხმებული პრაქტიკა. შესაბამისად, საჩივრებში მითითებული სავარაუდო დარღვევა თავსდება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევებში, რომლებზეც ვრცელდება ეს კანონი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ვერ გაიზიარებს მოპასუხე ეკონომიკური აგენტების პოზიციას, რომლის მიხედვითაც, საჩივრებში დასახელებულ ურთიერთობებზე არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით არ არსებობს საჩივრების დაუშვებლად ცნობისა და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

ბ) „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი

გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე  საჩივრის  დასაშვებად  ცნობისა  და  მოკვლევის  დაწყების  წინაპირობაა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის გონივრული ეჭვის არსებობა. სააგენტოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, კონკურენციის სამართლის აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება/საჩივარი გონივრული ეჭვის სტანდარტს. ამასთან, ყურადღებით უნდა შეფასდეს განცხადებაში/საჩივარში მოცემული ინფორმაცია და მხედველობაში იქნეს მიღებული განცხადების/საჩივრის დასაბუთებულობა, აგრეთვე შეიცავს თუ არა განცხადება/საჩივარი კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის მტკიცებულებებს (იხ. mutatis mutandis სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 25 თებერვლის N25 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება „ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი"- ს 2015 წლის 29 დეკემბრის განცხადების საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ“).

განსახილველ შემთხვევაში „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის გონივრულ ეჭვს ქმნის შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ მომჩივანი ეკონომიკური    აგენტებისათვის    მიწერილი    წერილები,    რომლებშიც    მითითებულია მოპასუხე მაუწყებელი ეკონომიკური აგენტების არხების  ფასიანი ტრანზიტის პირობები, ასევე მოპასუხე მაუწყებელი ეკონომიკური აგენტების მიერ გაცემული ცნობები, რომლებიც მიუთითებს მათ მიერ მაუწყებლის ტრანზიტთან დაკავშირებული უფლებების ერთი სუბიექტისთვის,           შპს     „მედია     რაითს     ჯორჯიასათვის“          გადაცემის     თაობაზე. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და მხარეთა წარდგენილი არგუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს უჩენს გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებს შორის არსებობდეს კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება/შეთანხმებული პრაქტიკა და ირღვეოდეს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გონივრული ეჭვის მტკიცებულებითი სტანდარტის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის დადასტურებას. იგი მიუთითებს, რომ განცხადება/საჩივარი დასაშვებობის მიზნებისთვის საკმარისად არის დასაბუთებული და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ქმნის იმ ხარისხის ვარაუდის საფუძველს, რომ გამართლებული იყოს საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით მოკვლევის დაწყება.

ამრიგად, კომისიის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ინფორმაციის ურთიერთშეჯერებით იქმნება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი და ამ თვალსაზრისით არსებობს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის საკითხის შესწავლის მიზნით საქმის მოკვლევის შესწავლის დაწყების საფუძველი.

გ) იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილება

ამავდროულად,  როგორც  აღინიშნა,  კომისიამ  უნდა  შეაფასოს,  ხომ  არ  არის  სახეზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის დაუშვებლად ცნობის რომელიმე საფუძველი.

მოპასუხე ეკონომიკური აგენტები მიუთითებენ, რომ კომისიამ მსგავსი საკითხი უკვე განიხილა 2017 წელს და არსებობს საჩივრების დაუშვებლად ცნობის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ  „კონკურენციის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  აღსრულების  მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ არსებობს საქმის მოკვლევის შედეგად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება. ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კი საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი თუ „არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებისა“.

აღსანიშნავია,  რომ „საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნული  კომისიის  მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი აწესრიგებს შემთხვევებს, როდესაც კომისიას საქმის მოკვლევის შედეგად მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე. დაუშვებლად ცნობის აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი შეეხება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ჩატარებული საქმის მოკვლევის  შედეგად, ამავე  კანონის    შესაძლო  დარღვევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, იმავე მხარეებს შორის დავის შესახებ გადაწყვეტილება რომ დაუშვებლად ცნობის საფუძვლად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია იგი შეეხებოდეს უშუალოდ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის საკითხს და მოკვლევაც ამავე კანონის შესაბამისად იყოს ჩატარებული. ანალოგიურად, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე წარდგენილი საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას შეეხება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველიც.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ეკონომიკური აგენტები მიუთითებენ კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 28 სექტემბრის წერილზე (კომისიის თავმჯდომარის წერილი (№ 03/3236-17, 28.09.2017), რომელშიც მითითებულია, რომ ცალკეული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის (მათ შორის, სს „სილქნეტის“) საჩივრის საფუძველზე შეფასდა მაუწყებლობის ტრანზიტის ხელშეკრულების ინტეგრირებული, ერთიანი ტარიფით გაფორმების გზით კონკურენციის სავარაუდო დარღვევის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისით ზუსტად იდენტური არ არიან დავის მხარეები, მაგალითად, 2017 წელს საჩივარი არ წარუდგენიათ შპს „მაგთიკომს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2017 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომისიას საჩივარი არ შეუფასებია „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კომისია არ დაყრდნობია „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონს. სწორედ აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად შევიდა ცვლილებები „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დოკუმენტის ნომერი: 7126-Iს) და ნათლად განისაზღვრა, რომ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანოა კომისია.

2017 წელს შეფასდა მაუწყებლების ქმედების შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის იმ დებულებებთან, რომლებიც განსაზღვრავდა კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, მაუწყებლების ქმედებების შესაბამისობა შემოწმდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ რეგულაციებთან მიმართებით, რომლებიც უკავშირდება მაუწყებლობის სფეროში საკუთრების კონცენტრაციას, მაუწყებლობის ტრანზიტის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას და ხელშეკრულების დადებას. შესაბამისად, დადგინდა, რომ მაუწყებლების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის ერთიანი, ინტეგრირებული ტარიფის შემოღებით არ ირღვეოდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. კომისიის მიერ არ შეფასებულა მაუწყებლების ქმედებების შესაბამისობა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წერილი არ არის „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და არც ამავე კანონის თაობაზე წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად, სახეზე არ არის საჩივრების დაუშვებლად ცნობის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლები.

გარდა ამისა, კომისია მიიჩნევს, რომ ასევე არ არის სახეზე საჩივრის დაუშვებლად ცნობის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არცერთი სხვა საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია იზიარებს სააგენტოს პოზიციას და სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრები შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს  „პოსტვ-ის“  და  შპს  „ფორმულას“  წინააღმდეგ  უნდა  იქნეს  დასაშვებად ცნობილი. შესაბამისად, უნდა დაიწყოს საქმის მოკვლევა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს

„ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე.

მოპასუხე  ეკონომიკური  აგენტების    ქმედებების  დროებით შეჩერების თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის საკითხი

როგორც აღინიშნა, მომჩივანი ეკონომიკური აგენტები შუამდგომლობენ, რომ კომისიამ მიმართოს                    სასამართლოს   მოპასუხე   ეკონომიკური   აგენტების   ქმედების   დროებით შეჩერებისა და საჩივარში აღწერილი ქმედების საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აკრძალვის თაობაზე.

„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია „სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას“. ამასთან, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-16 მუხლის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2176 მუხლით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად.

ამრიგად, კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების თაობაზე სასამართლოსადმი შუამდგომლობის მიმართვის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუ სახეზეა „აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას. თავის მხრივ, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული კონკურენციის მნიშვნელოვანი შეზღუდვის აშკარა მტკიცებულებების არსებობის საკითხი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

მოქმედი კანონმდებლობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების გათვალისწინებით ყველა ეკონომიკურ აგენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, კანონის ფარგლებში თავად განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლები და ძირითადი მიმართულებები. კანონმდებლობით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიება ეკონომიკური აგენტის მოქმედების თავისუფლებას ზღუდავს იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული მის მიერ კანონდარღვევის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული ღონისძიება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში უნდა იქნეს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც კანონის სავარაუდო დარღვევის რეალურობა, ისე - იმ საფრთხის მასშტაბები და ხასიათი, რისი პრევენციისთვისაც გამოიყენება ხსენებული ღონისძიება.

ამრიგად, დროებითი ღონისძიების სახით ეკონომიკური აგენტის ქმედებების შეჩერების გამოყენება დასაშვებია, თუ სათანადო მტკიცებულებითი ხარისხით, არის წარმოდგენილი „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული კონკურენციის შეზღუდვის „აშკარა მტკიცებულება“ და დასაბუთებულია შეზღუდვის მნიშვნელობა. ამ კონტექსტში შეზღუდვის მნიშვნელობას განსაზღვრავს შეზღუდვის შედეგად მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი და ხასიათი. მოსალოდნელი საფრთხე უნდა იყოს იმ მასშტაბის, რომ ამართლებდეს კომისიის მიერ კანონდარღვევის დადასტურებამდე ეკონომიკური აგენტის მოქმედების თავისუფლების შეზღუდვას. ასეთად უნდა შეფასდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი ზიანის  დადგომის  საფრთხე,  რომელიც  კანონდარღვევის  დადასტურების  შემთხვევაში არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით ვერ გამოსწორდება ან განსაკუთრებით რთული იქნება მისი გამოსწორება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა, რომ სახეზეა ეკონომიკური აგენტის ქმედებით „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული კონკურენციის შეზღუდვის აშკარა მტკიცებულება, თუ დადგინდება, რომ: ა) სათანადო მტკიცებულებითი სტანდარტით დამაჯერებლად დასტურდება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 ან მე-7 მუხლის prima facie დარღვევა და ბ) არსებობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სერიოზული და გამოუსწორებელი (ან განსაკუთრებით რთულად გამოსწორებადი) ზიანის საფრთხე.

აღსანიშნავია,  რომ  იმის მიუხედავად,  რომ  უკვე  გავიდა  შპს  „მედია  რაითს  ჯორჯიას“ წერილში მითითებული ვადა (2021 წლის 1 აგვისტო) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს არ დაუწყიათ საჩივარში დასახელებული ქმედების განხორციელება და მომჩივანი ეკონომიკური აგენტები დაუბრკოლებლად ახორციელებენ მოპასუხე მაუწყებლების ტრანზიტს. ამასთან, მოპასუხე ეკონომიკურმა აგენტებმა მიუთითეს, რომ არსებული მონაცემებით განჭვრეტად მომავალში არ იგეგმება მომჩივანებისთვის დაბრკოლებების შექმნა. დასახელებულის გათვალისწინებით წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის არ იკვეთება მომჩივანი ეკონომიკური აგენტების მიერ იდენტიფიცირებული საფრთხის რეალურობის აშკარა მტკიცებულებები.

გარდა ამისა, საჩივრებში არ არის სათანადოდ დასაბუთებული, თუ რატომ გამოიწვევს მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ქმედებები სერიოზულ და გამოუსწორებელ ზიანს რომელიმე ბაზარზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლით გათვალისწინებული კონკურენციისათვის. ასევე არ იკვეთება, როგორ შეიძლება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე (მოკვლევის დაწყებიდან 6-18 თვის განმავლობაში) დასახელებული ქმედებების განხორციელებით დადგეს ისეთი ზიანი, რომლის გამოსწორებაც არ იქნება შესაძლებელი გონივრული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგინდება, რომ მოპასუხე ეკონომიკურმა აგენტებმა დაარღვიეს კონკურენციის კანონმდებლობა და ამით დადგა ზიანი (როგორც გაზრდილი ხარჯების, ისე - მომხმარებლების დაკარგვის სახით), მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში სათანადოდ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ შეიძლება გამოიწვიოს მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ შესაძლო კანონდარღვევის ჩადენამ ისეთი ზიანი, რომლის გამოსწორებისათვის საკმარისი არ იქნება მოკვლევის დასრულების შემდგომ მომჩივანი ეკონომიკური აგენტების მიერ დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ მომჩივანების შუამდგომლობა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ქმედებების დროებით შეჩერების შესახებ სასამართლოსადმი მიმართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამავდროულად, კომისია კანონმდებლობით არ არის შეზღუდული, რომ საქმის მოკვლევის დასრულებამდე შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და მიმართოს სასამართლოს მოპასუხე ეკონომიკური აგენტების რომელიმე ქმედების შეჩერების მიზნით.

ინფორმაციის გამოთხოვის საკითხი

„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-6 მუხლის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე.

კომისია მიიჩნევს, რომ საჩივრებში მოყვანილი გარემოებების შეფასებისა და მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ქმედებებში „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის იდენტიფიცირების მიზნით აუცილებელია გამოთხოვილ იქნეს ინფორმაცია, რომელიც შეეხება შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და შესაბამის მოპასუხე მაუწყებელ ეკონომიკურ აგენტებს შორის ურთიერთობებს მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ  უფლებების გადაცემასთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაცია, რომელიც შეეხება მოპასუხე მაუწყებელ   ეკონომიკურ   აგენტებს   შორის   მაუწყებლობის   ტრანზიტთან დაკავშირებული უფლებების მართვას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც არსებობს მომჩივანებსა და მოპასუხე მაუწყებელ ეკონომიკურ აგენტებს შორის მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია, რათა კომისიამ ზუსტად განსაზღვროს არსებული სამართლებრივი ურთიერთობები მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის, აგრეთვე - ურთიერთობები მომჩივან და მოპასუხე მაუწყებელ ეკონომიკურ აგენტებს შორის  და  დაადგინოს  არის  თუ  არა  სახეზე  მოპასუხე  ეკონომიკურ  აგენტებს  შორის „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების/შეთანხმებული პრაქტიკის ნიშნები. კომისია მიიჩნევს, რომ დასახელებული ინფორმაციის მოწოდების ვადად გონივრულია განისაზღვროს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვე.

მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით კომისია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს იმსჯელოს მოპასუხე ეკონომიკური აგენტების შუამდგომლობების თაობაზე, ვინაიდან, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების წარმომადგენლებმა მოხსნეს მოთხოვნა მომჩივანი ეკონომიკური აგენტებისგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და არც შესაბამისი დასაბუთება წარმოუდგენიათ. საქმის მოკვლევის პროცესში უფლებამოსილების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხარეებისგან გამოთხოვილ იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, 37-ე და 38-ე მუხლების, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-6, მე-10, მე-11, მე-13 მუხლების, მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-8 პუნქტების, მე-16 მუხლის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 1.  დასაშვებად  იქნეს  ცნობილი  სს  „სილქნეტის“  (№  შ-21-6/3168,  26.07.2021),  შპს „მაგთიკომის“   (№   შ-21-6/3248,   30.07.2021),   შპს   „ახალი   ქსელებისა“   (№   შ-21-6/3306,03.08.2021) და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (№ შ-21-6/3357,  04.08.2021)  საჩივრები  შპს  „მედია  რაითს  ჯორჯიას“,  შპს  „ტელეიმედის“,  სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ.

2.  დაიწყოს საქმის მოკვლევა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

3.  საქმის მოკვლევის უზრუნველყოფის მიზნით კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნოს მოკვლევის ჯგუფი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. არ   დაკმაყოფილდეს   მომჩივანი   ეკონომიკური   აგენტების   შუამდგომლობები მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ქმედებების დროებით შეჩერების შესახებ სასამართლოსადმი მიმართვის თაობაზე.

5. მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს დაევალოთ ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1თვის ვადაში კომისიას წარუდგინონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და შესაბამის მოპასუხე მაუწყებელ ეკონომიკურ აგენტს (შესაბამისად -  შპს „ტელეიმედს“, სს „მედია ჰოლდინგს“, შპს „მთავარი არხს“, შპს „ტელეკომპანია პირველს“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას) შორის არსებული ხელშეკრულება, შეთანხმება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ უფლებების, მათ შორის, მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ ავტორიზებულ პირებთან ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დადების, ანაზღაურების მოთხოვნის, მაუწყებლობის ტრანზიტის შეწყვეტის უფლების შესაბამისი მაუწყებლის მიერ შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ გადაცემას.

ბ)  მოპასუხე მაუწყებელ ეკონომიკურ აგენტებს (შესაბამისად -  შპს „ტელეიმედს“, სს „მედია ჰოლდინგს“, შპს „მთავარი არხს“, შპს „ტელეკომპანია პირველს“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას) შორის არსებული ხელშეკრულება, შეთანხმება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ უფლებების მართვას, მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ უფლებების, მათ შორის, მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ ავტორიზებულ პირებთან ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დადების, ანაზღაურების მოთხოვნის, მაუწყებლობის ტრანზიტის შეწყვეტის უფლების მაუწყებლის მიერ სხვა პირზე გადაცემას, სხვა პირის, მათ შორის, შპს

„მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ მოპასუხე მაუწყებელი ეკონომიკური აგენტების (შესაბამისად -   შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია   პირველის“,   შპს   „პოსტვის“   და   შპს   „ფორმულას)   მაუწყებლობის ტრანზიტით მიღებული შემოსავლების განაწილებას.

გ) მომჩივან ეკონომიკურ აგენტებს (შესაბამისად - სს „სილქნეტს“, შპს „მაგთიკომს“, შპს „ახალი ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“)  და  მოპასუხე  მაუწყებელ  ეკონომიკურ  აგენტებს  (შესაბამისად  -    შპს „ტელეიმედს“, სს „მედია ჰოლდინგს“, შპს „მთავარი არხს“, შპს „ტელეკომპანია პირველს“, შპს „პოსტვს“ და შპს „ფორმულას)   შორის მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებით არსებული ხელშეკრულება, შეთანხმება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

6.  მომჩივან ეკონომიკურ აგენტებს დაევალოთ ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში კომისიას წარუდგინონ მომჩივან ეკონომიკურ აგენტებს (შესაბამისად - სს „სილქნეტს“, შპს „მაგთიკომს“, შპს „ახალი ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“) და მოპასუხე მაუწყებელ ეკონომიკურ აგენტებს (შესაბამისად  -    შპს  „ტელეიმედს“,  სს  „მედია  ჰოლდინგს“,  შპს  „მთავარი  არხს“,  შპს „ტელეკომპანია პირველს“, შპს „პოსტვს“ და შპს „ფორმულას)   შორის მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებით არსებული ხელშეკრულება, შეთანხმება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

7.  მხარეების მიერ მტკიცებულებების (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა) წარმოდგენის მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 2021 წლის 31 დეკემბერი.

8. განემარტოთ მხარეებს, რომ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) დადგენილ ვადაში მიუწოდებლობამ, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება.

9.  განემარტოთ მხარეებს, რომ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მათ უფლება ექნებათ კომისიას წარუდგინონ დამატებითი მტკიცებულებები, თუ აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ობიექტურად არ შეეძლოთ.

10.  გადაწყვეტილება  ძალაშია  მისი  კომისიის  ვებგვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნების მომენტიდან.

11.  გადაწყვეტილება (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

12. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შესაბამისი მხარისათვის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

13.  დაევალოს  კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ)  წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის და სააგენტოსთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები