წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის განუხილველად დატოვებისა და დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: გ-21-16 / 451

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2021 11:44

მიღების თარიღი ივლისი 29, 2021

სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის განუხილველად დატოვებისა და დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2644; 17.06.2021) სს ,,სილქნეტის“ მიმართ. საჩივარში აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის დაწყების შემდეგ, შპს ,,ალტ ინფომ“ თხოვნით მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ კომპანიებს განეთავსებინათ სამაუწყებლო არხი მათ სამომხმარებლო პაკეტში. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,მაგთიკომის“ მიერ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო სს ,,სილქნეტმა“ უარი განაცხადა შპს ,,ალტ ინფოს“ სამაუწყებლო არხის მომხმარებლებისათვის შეთავაზებული  მომსახურების პაკეტში განთავსებაზე.

შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2644; 17.06.2021) თანახმად, სს ,,სილქნეტმა“ 2021 წლის 20 აპრილის წერილით დაუდასტურა შპს ,,ალტ ინფოს“ მისი სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებაზე მზადყოფნა ტექნიკური პირობების  დაკმაყოფილების  შემთხვევაში.  შპს  ,,ალტ  ინფოს“  განმარტებით,  მან  სს ,,სილქნეტს“ გაუგზავნა ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც გამოხატა მზადყოფნა დაეკმაყოფილებინა სს ,,სილქნეტის 2021 წლის 20 აპრილის წერილში მითითებული ტექნიკური პირობები. აღნიშნულის დასადასტურებლად მომჩივანი უთითებს საჩივარზე თანდართულ  სს    ,,სილქნეტის“  ინტერნეტმომსახურების პირობების ამსახველ დოკუმენტზე,  რომელსაც ხელს აწერს შპს ,,ალტ ინფოს“ დირექტორი. შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივარში ასევე, აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტმა“ საკუთარ აბონენტებს შეატყობინა, რომ 2021 წლის 4 ივნისიდან პაკეტში დაემატებოდა სამაუწყებლო არხი ,,ალტ ინფო“, რის დასადასტურებლად   მომჩივანი   უთითებს   საჩივარზე   თანდართულ   ამონარიდს   (ე.წ.,,სქრინშოთს“)  სს  ,,სილქნეტის“  ვებგვერდიდან.  შპს  ,,ალტ  ინფოს“  განცხადებით,  სს ,,სილქნეტის“ 2021 წლის 8 ივნისის წერილით, შპს ,,ალტ ინფოს“ ეცნობა, რომ გარკვეული ტექნიკური სირთულეების გამო, სს ,,სილქნეტი“ ვერ დააკმაყოფილებდა შპს ,,ალტ ინფოს“ მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ალტ ინფოს“ მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ავალდებულებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სავალდებული ტრანზიტი - მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება.

შპს  "ალტ  ინფოს“ განმარტებით, ავტორიზებული     მაუწყებელი     ვალდებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, თავისი ხარჯით ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალისთვის ქსელში გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის მიტანა. შპს ,,ალტ ინფოს“ განმარტებით, მის მიერ შესრულებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები (მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისთვის მიმართვა და ტექნიკური პირობების დაკმაყოფილება. შესაბამისად, სს ,,სილქნეტს“ წარმოეშვა ვალდებულება განეხორციელებინა შპს ,,ალტ ინფოს“ სამაუწყებლო არხის სავალდებულო ტრანზიტი.

შპს ,,ალტ ინფო“ თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტის“ 2021 წლის 8 ივნისის წერილით წარმოდგენილი არგუმენტაცია ,,IT   ტრანსფორმაცია - სატელეკომუნიკაციო ქსელის სრული გადაირაღება“ ყოვლად დაუსაბუთებელია, რადგან ასეთი სახის და მაშტაბის სამუშაოების დაგეგმვა ხორციელდება მის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე და ამდენად, შეუძლებელია, რომ ასეთი მაშტაბური სამუშაოების თაობაზე სს ,,სილქნეტს“ არ სცოდნოდა 4 ივნისს, მაშინ, როდესაც საკუთარ აბონენტებს აცნობა შპს ,,ალტ ინფოს“ სამაუწყებლო   არხის   განთავსების   თაობაზე.   შპს   ,,ალტ   ინფოს“   განცხადებით,   სს ,,სილქნეტის“ მიერ წერილში მითითებული სამუშაოების დაგეგმგვის შემთხვევაშიც კი, ასეთი გარემოება არ ათავისუფლებს სს ,,სილქნეტს“ კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისგან, მით უფრო, როდესაც სს ,,სილქნეტი“ თავის წერილში არ უთითებს სამუშაოების დასრულების თარიღს.

შპს ,,ალტ ინფოს“ განცხადებით, რეალურად ტექნიკური სახის შეფერხების არსებობის შემთხვევაში, ის დაელოდებოდა ასეთი ტექნიკური პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ზემოაღნიშნული  გარემოებების  გათვალისწინებით,  სს  ,,სილქნეტის“  წერილი წარმოადგენს დაუსაბუთებელ უარს მის მიერ კანონისმიერი ვალდებულების შესრულებაზე. სს ,,სილქნეტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მის ქსელში ჩართულია სამოცდაათამდე ქართული არხი და მხოლოდ შპს ,,ალტ-ინფოს“ ეთქვა უარი სიგნალის ქსელში განთავსებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ალტ ინფო“ ითხოვს კომისიამ დაავალდებულოს სს ,,სილქნეტი“ განახორციელოს სამაუწყებლო არხის ,,ალტ ინფოს“ სავალდებულო ტრანზიტი (განათავსოს სამაუწყებლო არხი ,,ალტ ინფო“ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში) და კომისიამ გამოიყენოს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია.

2021 წლის 24 ივნისს დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე კომისიამ მიიღო Nგ-21-23/379 გადაწყვეტილება ,,სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე“, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა დანიშნა 2021 წლის 15 ივლისს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ალტ ინფოს“ სს ,,სილქნეტის“ მიერ უარი ეთქვა მისი სამაუწყებლო არხის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებში განთავსებაზე, IT ტრანსფორმაციის ფარგლებში სს ,,სილქნეტის“ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელების სრულ გადაიარაღებაზე, კერძოდ, ამ მიზნით დაწყებულ ტექნიკურ სამუშაოებზე მითითებით, საკითხის სათანადოდ შესწავლის მიზნით, ამავე გადაწყვეტილებით, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს დაევალა დასკვნის მომზადება,  წარმოადგენდა თუ არა სს ,,სილნეტის“ 2021 წლის 8 ივნისის წერილში მითითებული ტექნიკური სამუშაოები შპს ,,ალტ ინფოსთვის“ სავალდებულო ტრანზიტზე უარის თქმის ობიექტურ გარემოებას.

კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი და შპს ,,ალტ ინფოს“ დირექტორი შ. მარტინენკო. კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ა. ქარუმიძემ იშუამდგომლობა საკითხის განხილვის ორი კვირის ვადით გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომისიის მოთხოვნის საფუძველზე სს ,,სილქნეტის“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ იყო სრული და საკითხი დამატებით საჭიროებდა შესწავლას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 29 ივლისი.

 2021 წლის 29 ივლისს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,ალტ ინფოს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3209; 29.07.2021), რომლითაც მან ითხოვა კომისიას შეეწყვიტა მისი 2021 წლის 17 ივნისის Nშ-21-6/2644 საჩივრის განხილვა.

  II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ–ერთი ფუნქციაა, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401  მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას;

7. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, აგრეთვე დაკავშირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;

8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,  განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა)       ქვეპუნქტის    თანახმად,    ადმინისტრაციული    წარმოების    დაწყების    ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ალტ ინფომ“ კომისიას აცნობა, რომ არ სურდა კომისიის მიერ მისი საჩივრის განხილვა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მოდავე მხარეებს შორის დავის განხილვის საფუძველია შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივარი და ამასთანავე, მომჩივანს არ სურს კომისიამ განიხილოს მისი საჩივარი სს ,,სილქნეტის“ მიმართ, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 401 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  განუხილველად  დარჩეს  სს  ,,სილქნეტის“  მიმართ  შპს  ,,ალტ  ინფოს“  საჩივარი    და შეწყდეს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ალტ ინფოსა“ და სს

,,სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4.   გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი

№64) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი 

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები