შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ნირაკოს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2021 15:25
მიღების თარიღი მარტი 25, 2021 15:25
შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ნირაკოს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ 2021 წლის 16 მარტს, შპს „ნირაკომ“ საჩივრებით (კომისიაში რეგისტრაციის: 16.03.2021; Nშ-20-6/1241 და 16.03.2021; Nშ-20-6/1242) მომართა კომისიას შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ წინააღმდეგ. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 25 თებერვალს შპს
„ნირაკომ“ წერილობით მიმართა შპს „ახტელს“ და შპს „ახალ ქსელებს“ და მოითხოვა გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვება 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად, რომლის მიღებაც კომპანიებმა იმავე თარიღზე დაადასტურეს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს
„ნირაკოს“ 2021 წლის 25 თებერვლის წერილზე შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ არ მომხდარა შპს „ნირაკოსთვის“ საპასუხო წერილის გაგზავნა, შპს „ნირაკომ“ კვლავ მიმართა კომპანიებს 2021 წლის 10 მარტს წერილით და დაუნიშნა კომპანიებს 2 სამუშაო დღე, რა ვადაშიც შპს „ახტელს“ და შპს „ახალ ქსელებს“ უნდა დაედასტურებინათ შესაბამისი პასუხი შპს „ნირაკოსთვის“ და აგრეთვე გადაედგათ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები ურთიერთჩართვის უზრუნველსაყოფად. შპს „ნირაკომ“ კომპანიებს მოცემული წერილი ასევე გაუგზავნა 2021 წლის 11 მარტს ფოსტის საშუალებით.
საჩივარში აღნიშნულია, რომ მიუხედავად შპს „ნირაკოს“ მიერ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელისათვის“ გაგზავნილი 2021 წლის 25 თებერვლისა და 10 მარტის წერილებისა, კომპანიების მიერ დღემდე არ ხდება შპს „ნირაკოსთვის“ შესაბამისი პასუხის დაბრუნება და მათი მხრიდან ურთერთჩართვისათვის საჭრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
შპს „ნირაკო“ საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. შპს ,,ნირაკო“ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის №608/9 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ გაფართოებული ურთიერთჩართვა, ისევე როგორც ხმოვანი ურთიერთჩართვა, კანონით დადგენილი ვალდებულებაა, რომელიც ინტერნეტ პროვაიდერებმა უნდა უზრუნველყონ ერთმანეთისთვის კანონის მე-3 პუნქტის შესაბამისად. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ცხადყოფს, რომ ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის უფლება გაფართოებული ურთერთჩართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ არის დაუცველი და მოცემული პუნქტი სწორედ მისი დაცვის სამართლებრივი ბერკეტია. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. საჩივარში აღნიშნულია, რომ კომისია აგრეთვე 2020 წლის 3 დეკემბრის Nგ-20-16/893 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, ურთიერთჩართვის მთავარი მიზანი არის ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, ხოლო ეს დაკავშირება უნდა განხორციელდეს ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით. ამდენად, ურთიერთჩართვა კანონმდებლის მიერ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით შექმნილი სიკეთეა, რომელიც ყველა ავტორიზებული პირისთვის უნდა იყოს შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული. შპს ,,ნირაკო“ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომისიის ამავე გადაწყვეტილებით კომისიამ ერთხელ უკვე დაადგინა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ ურთერთჩართვის ვალდებულების დარღვევის ფაქტი, თუმცა აღნიშნული პრეცედენტის მიუხედავად, შპს „ახტელი“ და შპს „ახალი ქსელები“ დღემდე განაგრძნობენ მსურველი ავტორიზებული პირებისათვის გაფართოებული ურთერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევას. კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ნირაკომ“ შპს „ახალი ქსელებს“ და შპს „ახტელს“ უკვე ორჯერ, 2021 წლის 25 თებერვლისა და 10 მარტის წერილებით მიმართა, გაფართოებული ურთერთჩართვის მოთხოვნით, თუმცა კომპანიების მხრიდან არცერთ წერილს დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია და მათი მხრიდან არ გადადგმულა ურთერთჩართვისათვის საჭრო ქმედითი ნაბიჯები. აღნიშნული ადასტურებს შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მხრიდან შპს „ნირაკოსთვის“ გაფართთოებულ ურთერთჩართვაზე განცხადებულ უარს, რითაც კომპანიები უგულვებელყოფენ აბონენტების ინტერესებს, რომლის ეფექტური დაცვისთვის შექმნილ სიკეთესაც წარმოადგენს ურთერთჩართვა და შედეგად არღვევენ ,,ელექტრონული კომუნკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
შპს ,,ნირაკო“ საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკური და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება, ხოლო ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურენციის რეგულირების მიზნებისთვის კომისიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ნირაკო“ ითხოვს: 1. დაეკისროს შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შპს ,,ნირაკოსთვის“ გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით. 2. დაევალოს შპს ,,ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს ,,ნირაკოს“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაშვება საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან 10 გბ/წმ გამტარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად და აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,ნირაკოსთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ზემოაღნიშნული საჩივრების ავტორი ერთი და იგივე იურიდიული პირია - შპს „ნირაკო“, მოწინააღმდეგე მხარეები კი შპს „ახტელი“ და შპს „ახალი ქსელები“ აფილირებული იურიდიული პირები არიან და აღნიშნულ კომპანიებს კომისიაში წარმოადგენენ ერთი და იგივე პირები, საჩივრების დავის საგანი, ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნები არის იდენტური, საქმის სრულყოფილად შესწავლისა და დავების სწრაფად განხილვის მიზნით, ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად გაერთიანდა ზემოაღნიშნული საჩივრების განხილვა.
შპს ,,ნირაკოს“ და შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ შორის დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 25 თებერვალს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობათ მხარეებს. შეტყობინებით, მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვნის უფლება.
კომისიის 2021 წლის 25 მარტის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ნირაკოს“ წარმომადგენლები დ. ჯიქია, გ. სანებლიძე და შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელი ხ. ინჯია. კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, დ. ჯიქია დაეთანხმა საჩივარს. ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წარმოდგენილი საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილებაში, მაგრამ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს. კომისიის ვებ გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, შპს „ნირაკო“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და არ ჰყავს საკუთარი აბონენტები, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ეწევა თუ არა შპს „ნირაკო“ ავტორიზებად საქმიანობას, გააჩნია თუ არა საკუთარი პროდუქტი. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რაც პირდაპირ კავშირშია მხარის კეთილსინდისიერებასა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დადების შესახებ გამოვლენილი ნების მიზნებთან. ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ კომისიამ უნდა დაავალდებულოს მხარეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ არსებობს ლეგიტიმური მიზანი ურთიერთჩართვის განხორციელებისთვის. შესაბამისად, უნდა შეჩერდეს საჩივრის განხილვა, ვინაიდან მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი კონკრეტული მიზანი და ნება იმისა თუ ურთერთჩართვის მოთხოვნილი მომსახურების განხორციელება რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. ასევე არ არის მიზანშეწონილი მსგავსი შინაარსის წარმოების გამართვა, რადგან სასამართლოს მიერ შეჩერებულ იქნა ანალოგიური შინაარსის კომისიის გადაწყვეტილება.
მხარეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახტელი“ და შპს „ახალ ქსელები“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და ავტორიზაცია გავლილი აქვთ სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე და ა.შ.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ნირაკო“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 08/02/2021) და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; ტელემაუწყებლობის ტრანზიტის; ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურებასა და ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურებაზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს. კომისიის მიერ არ ყოფილა დამატებითი დოკუმენტაცია მოთხოვნილი ფორმალური წინაპირობების ნაწილში, ვინაიდან ფორმალურად საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) განმცხადებლის გვარი, სახელი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ან დაფუძნების აქტის მონაცემები, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში); ბ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს; გ) იმ პირის დასახელება, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება; დ) განმცხადებლის მოთხოვნა; ე) ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს განმცხადებელი თავის მოთხოვნას; ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებებს. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე კომისია მსჯელობს, არის თუ არა საკითხი კომისიის განსახილველი, მხარეებმა კი უნდა დააფიქსირონ პოზიცია მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, არის თუ არა საკითხი კომისიის განსახილველი, ვინაიდან მოსამზადებელ სხდომაზე განიხილება საჩივრის დასაშვებობის საკითხი. საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 83- ე მუხლის მიხედვით, კომისიის მხრიდან ვადა არ ყოფილა განსაზღვრული საჩივრის ავტორისადმი დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოსადგენად, ვინაიდან საჩივარი აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნულ ფორმალურ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ამასთან, თუ არსებითი განხილვისთვის კომისიას დასჭირდება დამატებითი დოკუმენტაცია, კომისია აღნიშნულ დოკუმენტაციას გამოითხოვს მხარეებისგან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ნირაკო“ და შპს „ახტელი“, შპს „ახალ ქსელები“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და არსებობს მათ შორის დავა ურთიერთჩართვასთან/დაშვებასთან დაკავშირებით, კომისიის ძირითადი ფუნქცია კი არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ნირაკოს“ შორის ურთიერთჩართვასთან/დაშვებასთან დაკავშირებული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე და 38-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ახალ ქსელებს“, შპს ახტელს“ და შპს „ნირაკოს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2021 წლის 8 აპრილს, 15:00 საათზე.
2. დავის განხილვის დღის შესახებ მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2021 წლის 25 მარტის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და მხარეებისთვის გაგზავნა.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
