შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ (ს/კ 204563123) წილის 100%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2021 12:00
მიღების თარიღი იანვარი 28, 2021
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ (ს/კ 204563123) წილის 100%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 20 იანვარს განცხადებით მიმართა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ (ს/კ 204563123) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/143 21.01.2021) რომლის თანახმადაც, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ (ს/კ 204563123) დაგეგმილია პარტნიორის ცვლილება, კერძოდ “Media finance Group B.V.”-ს (დაწესებულების ნომერი: 000034517979, მისამართი: ლოკატელიკადეს#1, 1076AZ, ამსტერდამი, ნიდერლანდები, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 15.04.2016) განზრახული აქვს შეიძინოს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ (ს/კ 204563123) წილის 100%, რომლის მფლობელია ფიზიკური პირი ინა გუდავაძე (510723300, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და მიმართავს კომისიას წილის შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის გავლის თარიღი: 28.01.2010) და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ინა გუდავაძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე, პასპორტის N 510723300.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის 11 თვეში შეადგინა 17 769 ლარი.
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დირექტორია კობა კვანტალიანი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, ასევე კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ წილების 100%-ს ფლობს შპს „ტელეიმედში“ (ს/კ 202188612), შპს „ჯი- დი-ეს თი-ვი“-ში (ს/კ 404947475) და შპს „რადიო იმედში“ (ს/კ 204982206).
შპს „ტელეიმედი“ (ს/კ 202188612) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, ავტორიზაცია გავლილი აქვს 2014 წლის 1 სექტემბერს.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ტელეიმედის“ შემოსავლებმა 2020 წლის 9 თვეში შეადინა 17 074 347 ლარი.
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ (ს/კ 404947475) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, ავტორიზაცია გავლილი აქვს 2015 წლის 15 ივლისს.
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შემოსავლებმა 2020 წლის 9 თვეში შეადინა 1 611 072 ლარი.
შპს „რადიო იმედი“ (ს/კ 204982206) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, ავტორიზაცია გავლილ აქვს 2012 წლის 17 ოქტომბერს (გავრცელების ტექნოლოგია - ინტერნეტი); ფლობს ლიცენზიას რადიომაუწყებლობაზე (30.12.2011).
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „რადიო იმედის“ შემოსავლებმა 2020 წლის 9 თვეში შეადინა 460 706 ლარი.
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ Nშ-21-6/143 21.01.2021 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის შეძენის განზრახვა გააჩნია კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებას „Media Finance Group B.V.“ ლოკატელიკადეს N1, 1076AZ, ამსტერდამი, ნიდერლანდები.
ნიდერლანდების სახელმწიფოს კომერციული რეესტრის ამონაწერის თანახმად, „Media Finance Group B.V.“. ლოკატელიკადეს N1, 1076AZ, ამსტერდამი, ნიდერლანდები, ერთადერთი აქციონერია „Stichting Media Finance International“, ლოკატელიკადეს N1, 1076AZ, ამსტერდამი, ნიდერლანდები. (რეგისტრაციის N67965458, რეგისტრაციის თარიღი 18.11.2020).
ნიდერლანდების სახელმწიფოს კომერციული რეესტრის ამონაწერის თანახმად, „Stichting Media Finance International“ წარმოადგენს ფონდთან გათანაბრებულ კომპანიას.
„Stichting Media Finance International“-სა (ფიდუციარი) და „Media Finance Group B.V.“-ს ბენეფიციარ მფლობელებს შორის 2020 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულია ფიდუციური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ფიდუციარი იღებს ვალდებულებას შეიძინოს და იურიდიულად ფლობდეს „Media Finance Group B.V.“-ს მიერ გამოცემულ სხვა აქციებსა და ფასიან ქაღალდებს, ბენეფიციარი მფლობელების ანგარიშის, რისკისა და სარგებლის მისაღებად.
ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის „Media Finance Group B.V.“-ს საწესდებო კაპიტალის აქციები შეადგენდა 100 აქციას, რომელთაგან თითოეულის ნომინალური ღირებულებაა 0,01 ევრო (ერთი ევროცენტი).
„Media Finance Group B.V.“-ს ბენეფიციარი მფლობელები არიან:
იგორ ალექსეევი (პასპორტის N488074145) - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე; ირაკლი ოთარ რუხაძე (პასპორტის N546216229) - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე; ბენჟამინ ალბერტ მარსონი (პასპორტის N761335390) - დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. თითოეული ბენეფიციარი ფლობს „Media Finance Group B.V.“-ს წილის ერთ მესამედ ნაწილს.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად: იგორ ალექსეევი შპს „მაგთიკომში“ არაპირდაპირ ფლობს წილის 2,17%-ს, ირაკლი ოთარ რუხაძე შპს „მაგთიკომში“ არაპირდაპირ ფლობს წილის 4,65%-ს, ხოლო ბენჟამინ ალბერტ მარსონი შპს „მაგთიკომში“ არაპირდაპირ ფლობს წილის 4,34%-ს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის შეძენამდე და წილის სავარაუდო შეძენის შემდეგ, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება.
შესაბამისად, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის „Media Finance Group B.V.“-ის მიერ შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის „Media Finance Group B.V“-ს მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის „Media Finance Group B.V“-ს მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი