შპს „სმარტ-მედიაკომისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2020 16:37
მიღების თარიღი ოქტომბერი 08, 2020
შპს „სმარტ-მედიაკომისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სმარტ-მედიაკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5250, 07.10.2020) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სმარტ-მედიაკომის“ ავტორიზაციის დეკლარაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, არ არის სწორად შევსებული საწარმოს რეგისტრაციის პარამეტრები, ასევე ავტორიზაციის დეკლარაცია არ არის ხელმოწერილი. ავტორიზაციის განცხადების თანდართულ დოკუმენტებში ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიებში არ არის შევსებული შესაბამისი საკომუნიკაციო ქსელის ველი. არ არის წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კომპანიის წესდება და დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „სმარტ-მედიაკომმა“ (ს/კ400292606) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5250, 07.10.2020) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;
2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „სმარტ-მედიაკომისთვის“ ჩაბარებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სმარტ-მედიაკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სმარტ-მედიაკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი