წვდომის მენიუ

განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე

ნომერი: გ-20-22 / 603

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2020 23:31

მიღების თარიღი ივლისი 30, 2020

განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე

„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  33-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია“)  მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების  შესაბამისად, აწარმოოს  ქსელის  შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება ქსელის ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით.

კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ შესაბამისად არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისამდე.

მნიშვნელოვანი  საბაზრო   ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ  პირებს,  რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიური ვალდებულება  წარმოადგენენ:  შპს „მაგთიკომი“,  სს  „სილქნეტი“,  შპს  „ვიონი  საქართველო“,  შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს„საქართველოს ცენტრალური  კავშირგაბმულობის   კორპორაცია“, შპს „კავაკასუს ონლაინი“, შპს „რკინიგზის ტელეკომი“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“, შპს „პისი მაქსი“, სს“ საქართველოს რკინიგზა“ და შპს „დელტაკომი“.

შპს „ვიონი საქართველომ“ კომისიაში 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში წარმოადგინა 2020 წლის 24 ივნისს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3271); შპს „მაგთკომმა“  2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში წარმოადგინა 2020 წლის 30 ივნისს (წერილის კომისიასი რეგისტრაციის Nშ-20-6/3394); სს „სილქნეტმა“ 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში  წარმოადგინა 2020 წლის 1 ივლისს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3399).

შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“, შპს „პისი მაქსს“, სს“ საქართველოს რკინიგზას“ და    შპს „დელტა კომმს“ 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დადგენილ ვადებში ანუ  2020 წლის 1 ივლისამდე არ წარმოუდგენიათ.

გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”)  და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების  მქონე  პირებს:  შპს  „დელტაკომს,  შპს“  რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით პირველად დაეკისრა შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.

2020 წლის 15 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „პისი მაქსის“ წერილი Nშ-20-6/3670. კომპანია აცხადებს, რომ შპს „პისი მაქსის“ საქმიანობის სფერო შემოიფარგლება მხოლოდ გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურებით და ითხოვს შეთანხმებას, რათა 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მოხდეს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებით. ანგარიშგებაში დართული იქნება აღწერილობითი სახით, რომ შპს „პისი მაქსი“ ნამდვილად არ ეწევა სხვა საქმიანობას, გარდა გამოყოფილი არხებით მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტისა. ასევე აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”)  და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი და შესაბამისი დანახარჯები გამოყოფილი იქნება ცალკე ცხრილში. 2019 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასევე მოცემული იქნება აღნიშნული რეგულირებული სეგმენტის დატვირთული კაპიტალის უწყისი. ამ ინფორმაციის წარმოდგენას კომპანია შპს „პისი მაქსი“ კომისიაში შეძლებს 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის.

2020 წლის 16 ივლისს კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი Nშ-20-6/3695. კომპანია აცხადებს, რომ გამოყოფილი არხებით მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”) და „Backhaul”  გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე არ ეწევა რაიმე კომერციულ საქმიანობას და ორიენტირებულია მხოლოდ შიდა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე. ასევე  რკინიგზის თავისუფალი რესურსები და შესაბამისად ტექნიკური შესაძლებლობები მომსახურების ამ სეგმენტზე მომსახურება გაუწიოს სხვა კომპანიებს არ გააჩნია.     კომპანია ითხოვს შეთანხმებას, რათა 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მოხდეს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებითი ცხრილების სახით. ამ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენას სს „საქართველოს რკინიგზა“ კომისიაში შეძლებს 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის. აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში დართული იქნება აღწერილობითი სახით, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ ნამდვილად არ ეწევა კომერციულ საქმიანობას გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”)     და „Backhaul”     გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და არ გააჩნია აღნიშნული სეგმენტიდან მიღებული კომერციული შემოსავალი. ამასთანავე აუდირებულ ანგარიშგებაში გამოყოფილი არხებით   მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul”   გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტიდან მიღებული პირობითი შიდა შემოსავალი და შესაბამისი დანახარჯები, ასევე დატვირთული კაპიტალი გამოყოფილი იქნება ცალკე ცხრილებში.

კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების”     მე-14 მუხლის მე -9 პუნქტის თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, ამ დადგენილების მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსოლია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაითვალისწინა რა კომისიამ ავტორიზებული პირების მოთხოვნები და ამ მოთხოვნების გათვალისწინების რეალური შესაძლებლობები, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური   წესების”    მე-14   მუხლის   მე-9 პუნქტის,   საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104- ე, და 105-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად

გადაწყვიტა:

 

1. დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირების - შპს „პისი მაქსს“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესებში” გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებისაგან განსხვავებული ვადები:

ა) შპს „პისი მაქსისთვის“ 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მოხდეს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით - ანგარიშის წარდგენის ვადა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მომზადებული იქნება დასკვნა,   სადაც შეფასებული იქნება უზრუნველყოფილია თუ არა შპს „პისი მაქსის“   მიერ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 და 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

ბ) სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მოხდეს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით - ანგარიშის წარდგენის ვადა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მომზადებული იქნება დასკვნა, სადაც შეფასებული იქნება უზრუნველყოფილია თუ არა სს „საქართველოს რკინიგზის“    მიერ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 და 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

2. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს  მისი კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი   №64)  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები