ააიპ „მთის სათემო ქსელისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2020 13:09
მიღების თარიღი ივლისი 23, 2020
ააიპ „მთის სათემო ქსელისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ „მთის სათემო ქსელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/3732, 20.07.2020) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „მთის სათემო ქსელის“ ავტორიზაციის დეკლარაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, არ არის შევსებული ვებგვერდის ველი. ავტორიზაციის განცხადების თანდართულ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიები, თუ რაზე სურს კომპანიას ავტორიზაციის გავლა, წარმოდგენილია ძველი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ააიპ „მთის სათემო ქსელს“ (ს/კ 429324965) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/3732, 20.07.2020) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;
2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ააიპ „მთის სათემო ქსელისთვის“ ჩაბარებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „მთის სათემო ქსელისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ააიპ „მთის სათემო ქსელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
