სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2020 15:30
მიღების თარიღი ოქტომბერი 08, 2020
სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2020 წლის 22 სექტემბერს მიმართა სს „სილქნეტმა“ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4922), სადაც ითხოვდა კომისიის თანხმობას, სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში ყოველთვიურად წარმოდგენილ სტატისტიკურ ანგარიშგება ფორმა 5.4 - ში მითითებული კონტრაჰენტი ოპერატორების, ჩამოტვირთვა/ატვირთვის სიჩქარე (მბ), შემოსავალი/ხარჯი და დღგ-ს შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სს „სილქნეტის“ განმარტებით, სტატისტიკური ანგარიშგება ფორმა 5.4 შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, კერძოდ, აღნიშნულ ფორმაში მიეთითება სს „სილქნეტის“ მიერ გლობალური ინტერნეტის შესყიდვასთან დაკავშირებული კონტრაჰენტი მხარეები, ჩამოტვირთვის/ატვირთვის სიჩქარე (მგ), შემოსავლების/ხარჯების და შესაბამისად დღგ-ს ოდენობა, აღნიშნული პირობების საჯაროდ დატოვება და გამჟღავნება მესამე პირებისთვის ზიანს მიაყენებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, რადგან კონკურენტი კომპანიებისთვის ცნობილი გახდება ის კომერციული და ფინანსური პირობები, რა პირობების გათვალისწინებითაც ხელშეკრულებების მხარეები შესულნი არიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში. გარდა ამისა, სს „სილქნეტი“ ასევე აღნიშნავს, რომ კონტრაჰენტ მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები შეიცავს კონფიდენციალურობის მუხლებს, რომლითაც მხარეებს შეზღუდული აქვთ აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების მესამე პირებისთვის გამჟღავნება.
აღნიშნული საკითხის განხილვა გაიმართა 2020 წლის 1 ოქტომბერს, სადაც სს„სილქნეტის“ წარმომადგენლმა დააყენა შუამდგომლობა, რათა დამატებითი დასაბუთება წარმოედგინა კომპანიას. კომისიამ დააკმაყოფილა სს „სილქნეტის“ შუამდგომლობა და საკითხი გადაიდო მიმდინარე წლის 8 ოქტომბრისთვის. სს „სილქნეტმა“ 2020 წლის 6 ოქტომბერს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5218), წარმოადგინა დამატებითი დასაბუთება, კერძოდ კომპანია აღნიშნავს, რომ საბითუმო ინტერნეტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოების პროცესში გამოიკვეთა, რომ მხარეების მიერ ხშირად ხდება აპელირება სტატისტიკური ანგარიშგება ფორმა 5.4 - ით გათვალისწინებული ინფორმაციის საჯაროობაზე, როგორც დამაბრკოლებელ გარემოებაზე შესთავაზონ სს „სილქნეტს“ შესყიდვის დაბალი ფასები. გარდა ამისა კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმებზე, ხდება ამ მონაცემების საჯარო განხილვა ძირითადად უარყოფით კონტექსტში რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც კონტრაჰენტ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოებაზე, ასევე ზიანს აყენებს კომპანიის საქმიან რეპუტაციას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი - კომერციული საიდუმლოება განმარტებულია როგორც „ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას“. შესაბამისად, სს„სილქნეტის“ განცხადების დაკმაყოფილების საკითხის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს, განეკუთვნება თუ არა მის მიერ მითითებული ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებას, ე.ი. არის ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ შეისწავლა სს „სილქნეტის“ 2020 წლის 22 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4922) და 2020 წლის 6 ოქტომბრის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5218) განცხადებები, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“, 2020 წლის 22 სექტემბერის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4922), დაფიქსირებული არგუმენტი, რომლის მიხედვითაც კონტრაჰენტ ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულება შეიცავს კონფიდენციალურობის მუხლებს არ არის საკმარისი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მისაჩნევად. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობისთვის მნიშვნელოვანია დასაბუთებული იყოს, რომ მისმა გამჟღავნებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს პირის კონკურეტუნარიანობას. შესაბამისად, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობისთვის მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის შინაარსი და არა ის გარემოება, ფორმალურად არის თუ არა იგი მხარეებს შორის ხელშეკრულებით კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული. სხვაგვარი განმარტების პირობებში ავტორიზებულ პირებს ექნებოდათ თვითნებობის საფუძველი, ვინაიდან ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ ხელშეკრულებით გაითვალისწინებდნენ კონფიდენციალურობის დათქმას და ბოროტად გამოიყენებდნენ კომერციულ საიდუმლოებად ცნობას მათთვის კომერციულად არასასურველი ინფორმაციის დასახურად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მიხედვით ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული იმ ბაზრის სპეციფიკა, რომელშიც საქმიანობას ახორციელებს ამ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მომთხოვნი სუბიექტი და რომლის ფარგლებშიც უნდა შეფასდეს მისი კონკურენტუნარიანობისადმი ზიანის მიყენების საფრთხე.
განსახილველ შემთხვევაში სს „სილქნეტის“ განცხადება შეეხება ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზარს. ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგად, კომისიამ 2013 წლის 20 მარტის N176/9 გადაწყვეტილებით, სს „სილქნეტი“ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე დაადგინა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად. ამავე გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის მიხედვით, სს „სილქნეტს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს დაეკისრა ინფორმაციის გამჭირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება.
კომისიის მიერ, დამატებითი რეგულაციების შემოღების მიზნით, 2015 წლის 57/9 და 2019 წლის 14 მაისის 19-9/285 გადაწყვეტილებების ფარგლებში, კვლავ იქნა შესაბამისი ბაზრის კვლევა ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებების ფარგლებში სს„სილქნეტი“ წარმოადგენდა მომსახურების ამ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს.
როგორც აღინიშნა, კომისიამ არა ერთი კვლევა ჩაატარა ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე. 2013 წლის 20 მარტის N176/9, 2015 წლის 57/9 და 2019 წლის 14 მაისის 19-9/285 კვლევის ფარგლებში დადგენილ იქნა ავტორიზებული პირების საბაზრო ხვედრითი წილი და საერთო მოცულობები, სადაც გამოყენებულია კომპანიების მიერ იმპორტირებული გლობალური ინტერნეტ რესურსების მოცულობების და შესაბამისი ხარჯების შესახებ მონაცემები, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა იმისა, რომ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებები იყოს ღია, გამჭვირვალე და თვალსაჩინო დაინტერესებული პირებისთვის (მათ შორის რეზიდენტი/არარეზიდენტი კონტრაჰენტი ოპერატორებისთვის).
კომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციია ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება და წახალისება. აღნიშნული ფუნქციის შესრულებისა და შესაბამისად კონკურენტული გარემოს შენარჩუნებისათვის, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, რომელიც გულისხმობს საბითუმო ინტერნეტის ყიდვა/გაყიდვას, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომ ყველა ავტორიზებული პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს შესაბამის ბაზარზე იყოს თანაბარ კონკურენტულ პირობებში. აღნიშნულის მისაღწევად კი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომ კონტრაჰენტი ოპერატორების მიხედვით შეთავაზებული მოცულობებისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი.
კომისია მიიჩნევს, რომ ზემოთხსენებული გარემოება, რაც გულისხმობს აღნიშნული მომსახურების სეგმენტზე სატარიფო რეგულაციის დაწესებას, მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ ავტორიზებული პირების მიერ დადებული კომერციული პირობები არ უნდა წარმოადგენდეს კომერციულ საიდუმლოებას. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმაში 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) წარმოდგენილი ინფორმაცია სს „სილქნეტისთვის“ უნდა იქნას მიჩნეული ღიად, ისევე როგორც ყველა სხვა ავტორიზებული პირისთვის დღემდე აღნიშნული ინფორმაცია არის გახსნილი.
აღსანიშნავია, რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4 - ის სახით სს „სილქნეტი“, ისევე როგორც სხვა ავტორიზებული პირები, ყოველთვიურად წარმოადგენდნენ შესაბამის ინფორმაციას მიმდინარე პერიოდისთვის. სს „სილქნეტს“ 2020 წლის 22 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4922) და 2020 წლის 6 ოქტომბრის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5218) წერილებში არ არის წარმოდგენილი სარწმუნო არგუმენტაცია, რომელიც კომისიას დაანახვებდა, თუ რა შეიცვალა ამ პერიოდის შემდგომ, რატომ გახდა სს „სილქნეტის“ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მომტანი ამ ინფორმაციის გამჟღავნება ან/და რა გარემოებები გამოვლინდა წარსულში ამ კატეგორიის ინფორმაციის გამჟღავნებით, რამაც, შესაძლოა, განაპირობოს მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
გარდა ამისა, კომისია ვერ გაიზიარებს სს „სილქნეტის“ 2020 წლის 6 ოქტომბრის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5218) წერილში მოყვანილ არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევას განაპირობებს ის ფაქტი, რომ სს „სილქნეტის“ კონტრაჰენტის მიერ ინფორმაციის საჯაროობა მისთვის დაბალი ფასის შეთავაზების დამაბრკოლებელი გარემოებაა. საბითუმო ინტერნეტის ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით კონტრაჰენტთან პირობების დამალვის გზით უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობის დაკარგვა ვერ ჩაითვლება კონკურენტუნარიანობის დაზიანებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მიზნებისთვის. საბითუმო ინტერნეტის ბაზარი საქართველოში კომისიის მიერ რეგულირებას ექვემდებარება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სფეროში კონკურენცია მიმდინარეობდეს ღიად, თანასწორობის საწყისებზე, სადაც თითოეულ ავტორიზებულ პირს აქვს კონკურენტული უპირატესობის თანასწორად მოპოვების შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობის ხელოვნურად, ინფორმაციის დამალვის გზით მოსპობა ვერ ჩაითვლება კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ლეგიტიმურ შესაძლებლობად. შესაბამისად, საბითუმო ინტერნეტის შესყიდვის პირობების გამჟღავნებისგან დაცვა იმ მიზნით, რომ საბაზრო უპირატესობა მიიღოს მხოლოდ ერთმა ავტორიზებულმა პირმა, არ წარმოშობს ინფორმაციის კომერციული საიდუმლოებად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
სს „სილქნეტი“ 2020 წლის 6 ოქტომბრის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5218) დამატებით მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ ინტერნეტფორუმებზე უარყოფით კონტექსტში განიხილება ინფორმაცია და ამიტომ არსებობს მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საფუძველი. როგორც აღინიშნა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მიხედვით ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას განაპირობებს ის გარემოება, რომ მისი გამჟღავნება გამოიწვევს პირის კონკურენტუნარიანობის დაზიანებას. შესაბამისად, ამა თუ იმ ინტერნეტფორუმზე ინფორმაციის განხილვა და თუნდაც ავტორიზებული პირის ან მისი საქმიანობის უარყოფით კონტექსტში განხილვა არ არის ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თვითკმარი საფუძველი. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შესაძლებელია, ამა თუ იმ ინტერნეტფორუმზე განიხილებოდეს ნებისმიერი ინფორმაცია ავტორიზებული პირის შესახებ და უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებოდეს იგი, თუმცა ეს არ ნიშნავს ავტორიზებული პირის კონკურენტუნარიანობის დაზიანებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მიზნებისთვის. სს „სილქნეტის“ არგუმენტაციის გაზიარების პირობებში, შესაძლოა, კომერციულ საიდუმლოებად ცნობას დაექვემდებაროს ნებისმიერი ინფორმაცია ავტორიზებული პირის შესახებ, ვინაიდან არ არის შეზღუდული იმ საკითხების წრე, რომელიც შეძლება უარყოფითად განიხილებოდეს სოციალურ ქსელებში. სს „სილქნეტის“ წერილში არ არის დასაბუთებული, რა კავშირშია ინტერნეტფორუმზე ინფორმაციის უარყოფით კონტექსტში განხილვა მის კონკურენტუნარიანობასთან.
კვლევის ფარგლებში, შესწავლილ იქნა სხვა რეგულირებადი სექტორის პრეცენდენტული უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება ბს-1290(კ-18), რომელიც საბითუმო ურთიერთობებში ფასების გამჟღავნების საკითხს ეხება, რომელიც თანხვედრაშია კომისიის მსჯელობასთან, რომ კონკურენტული გარემოს შენარჩუნებისათვის, ფუნდამენტურია რომ კონტრაჰენტი ოპერატორების მიხედვით შეთავაზებული მოცულობებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სს „სილქნეტის“ 2020 წლის 22 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4922) და 2020 წლის 6 ოქტომბრის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5218) მოთხოვნა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ 2020 წლის 22 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4922) და 2020 წლის 6 ოქტომბრის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5218) წერილებით მოთხოვნილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4-ის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ დასახელებული პირობებით და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად;
2. ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია ღია გახდეს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სს „სილქნეტმა“ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე(WWW.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც სს „სილქნეტმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
