წვდომის მენიუ

შპს „დელტა კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 704

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2020 11:23

მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2020

შპს „დელტა კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის 6 აგვისტოს მიმართა შპს „დელტა კომმს“ წერილით Nგ-20-08/2527, სადაც კომპანიისგან ითხოვდა გლობალური ინტერნეტის საბითუმო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენას, კერძოდ რომელი კონტრაჰენტი ოპერატორებისს მეშვეობით და რა მოცულობის ინტერნეტ ტრაფიკის შეძენას ახორციელებს კომპნაია. ასევე გლობალურ ინტერნეტთან წვდომისა და მისი ტრანსპორტირების ხარჯების და სასაზღვრო დაერთების წერილებზე ინფორმაციას.

2020 წლის 21 აგვისტოს შპს „დელტა კომმა“ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4346) წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია და ამასთან მოითხოვა, რომ წარმოდგენილი მონაცემები კომისიის მიერ ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, საქართველოს  ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   27/2   მუხლის,   31-ე   მუხლის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2020 წლის 3 სექტემბერს შპს „დელტა კომმს“ წერილით Nგ-20-08/2788 ეთხოვა დაეზუსტებინა, თუ კონკრეტულად რომელი მონაცემები სურდა კომისიის მხრიდან ჩათვლილიყო კომერციული ფასეულობის მქონედ.

მიმდინარე წლის 7 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა დამაზუსტებელი წერილი შპს„დელტა კომმისგან“ Nგ-103/09-20 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4622) სადაც, შპს „დელტა   კომმი“   აღნიშნავს,  რომ  კონტრაჰენტ ოპერატორთან   გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „დელტა კომმი“ ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების კონფიდენციალობა, მათ შორის ხელშეკრულების კომერციული პირობები.

კომისიამ შეისწავლა შპს „დელტა კომმის“ 2020 წლის 21 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4346) და ამავე წლის 7 სექტემბერს Nგ-103/09-20 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4622) წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 21 მარტს შპს „დელტა კომმა“ განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი N6/1616-14) მიმართა კომისიას, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რიგი სტატისტიკური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ. კომისიამ 2014 წლის 7 აგვისტოს N448/20 გადაწყვეტილებით, შპს „დელტა კომმის“ განცხადება დააკმაყოფილა ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) კონტრაჰენტი ოპერატორების მიხედვით შეთავაზებული შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ ინფორმაცია (გარდა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა).

ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგად, კომისიამ 2015 წლის 29 იანვარს 57/9 გადაწყვეტილებით, შპს „დელტა კომმი“ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე დაადგინა საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირად. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაუდგინდათ ზედა ზღვრული ტარიფი 32 ლარის ოდენობით მგბტ/წმ-ზე, გადასახადების გარეშე.

კომისიის 2019 წლის 14 მაისის 19-9/285 გადაწყვეტილებით, ზედა ზღვრული ტარიფი შეიცვალა და განისაზღვრა 9 ლარით. აღსანიშნავია რომ ამ გადაწყვეტილებების ფარგლებში შპს „დელტა კომმი“ წარმოადგენდა მომსახურების ამ სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს თუმცა არ ფლობდა მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას.

კომისია მიიჩნევს, რომ ზემოთხსენებული გარემოება, რაც გულისხმობს აღნიშნული მომსახურების სეგმენტზე სატარიფო რეგულაციის დაწესებას, მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ ავტორიზებული პირების მიერ დადებული კომერიცული პირობები არ უნდა წარმოადგენდეს კომერციულ საიდუმლოებას. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმაში 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) წარმოდგენილი ინფორმაცია შემოსავლებისა და გადასახადების შესახებ შპს „დელტა კომმისთვის“ უნდა იქნას მიჩნეული ღიად, ისევე როგორც ყველა სხვა ავტორიზებული პირისთვის დღემდე აღნიშნული ინფორმაცია არის გახსნილი.

კომისია მიიჩნევს, რომ შპს „დელტა კომმის“ მიერ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4346) წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილი (როგორიცაა ჩართვის წერტილი, შესყიდული ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობა, გლობალური ინტერნეტის ღირებულება, საკუთარი/ნაქირავები ტექნიკური საშუალებები, და გამოყენებული ტექნოლოგია), წარმოადგენს იგივე ინფორმაციას, რასაც კომპანია 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4-ის სახით ყოველთვიურად წარუდგენს კომისიას. კომისიის შეფასებით, შპს „დელტა კომმის“ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ED-20/09/08-019 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4643), წარმოდგენილი დასაბუთება არ არის საკმარისი კომპანიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დელტა კომმის“ მოთხოვნა მის მიერ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4346) წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „დელტა კომმის“ მოთხოვნა 2020 წლის 21 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4346) წერილის დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ და ინფორმაცია სრულად იქნას მიჩნეული ღიად;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს N448/20 გადაწყვეტილება, და ამ გადაწყვეტილებით კომერციულ საიდუმლოებად ცნობილი ინფორმაცია გამოცხადდეს ღიად.

3.   ამ   გადაწყვეტილებით   განსაზღვრული   ინფორმაცია   ღია   გახდეს  წინამდებარე გადაწყვეტილების    მიღებიდან    15    დღის    შემდეგ,    თუ  შპს    „დელტა    კომმა“    ამ გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის  მე-6    პუნქტით    დადგენილი    წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „დელტა კომმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური      თავმჯდომარე ,

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები