შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2020 13:38
მიღების თარიღი ივლისი 23, 2020
შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 17 ივლისს მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“ N494/20 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/3710), სადაც „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა კომისიის თანხმობა პაკეტი „ყვითელის“ ყოველთვიური აქტივაციის ღირებულების ცვლილებასთან დაკავშირებით.
შპს „ვიონი საქართველომ“ 2020 წლის 21 ივლისის N489/20 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20-6/3761 21.07.2020) დააზუსტა, რომ პაკეტში „ყვითელი“ გულისხმობდა პაკეტს „ყვითელი მაქსი“. შპს „ვიონი საქართველოს“ ამავე წერილებით (494/20 და 489/20) ასევე წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია პაკეტის ჭრილში: აბონენტების, აქტივაციის, შემოსავლების, მოხმარებული ტრაფიკების და დამატებით გააქტიურებული მომსახურებების შესახებ.
შპს „ვიონი საქართველო“ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ მონაცემებს და მისმა გადაცემამ მესამე პირებისთვის შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, კერძოდ, წარმოდგენილი დასაბუთება შეიცავს კომპანიის კომერციულ ხედვას კონკრეტული პაკეტის შესახებ.
შესაბამისად, კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე 2020 წლის 23 ივლისის N504/20 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3801 23.07.2020) შპს „ვიონი საქართველომ“ მოითხოვა Nშ-20-6/3710 17.07.2020 და Nშ-20-6/3761 21.07.2020 წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიის მიერ ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად,
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27/2 მუხლის, 31-ე მუხლის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
კომისიამ შეისწავლა შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ Nშ-20-6/3710 17.07.2020 და Nშ-20-6/3761 21.07.2020 წერილებით მოწოდებული ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს შპს „ვიონი საქართველოს“ მოთხოვნა და ცნობილ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად: შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ 2020 წლის 17 ივლისის Nშ-20-6/3710 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ დაგეგმილი ცვლილების თაობაზე და 2020 წლის 21 ივლისის Nშ-20-6/3761 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია ექსელის ცხრილის სახით;
2. ინფორმაცია შპს „ვიონი საქართველოს“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
