სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2020 13:29
მიღების თარიღი ივლისი 23, 2020
სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „სოციალური ქსელების პაკეტში“ და „სმარტფონ პაკეტში“ ცვლილებების თაობაზე, სს „სილქნეტის“ მიერ კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ“ საკითხის განხილვის ფარგლებში, სს „სილქნეტის“ მიერ 2020 წლის 23 ივლისს კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3786 23.07.2020) გამოგზავნილ იქნა პაკეტების ცვლილების დასაბუთება და შესაბამისი მონაცემები ექსელის ცხრილის სახით.
სს „სილქნეტი“ აღნიშნავს, რომ, წარმოდგენილი ინფორმაცია შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ მონაცემებს და მისმა გადაცემამ მესამე პირებისითვის შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, კერძოდ, წარმოდგენილი დასაბუთება შეიცავს კომპანიის კომერციულ ხედვას კონკრეტული პაკეტების შესახებ, ხოლო ექსელის ფაილით წარმოდგენილია არაგანზოგადებული ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს კონკრეტული მობილური სატარიფო გეგმებისა და პაკეტების მიხედვით სს „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობის, მიღებულ შემოსავლებისა და მოხმარებულ მოცულობების შესახებ; შესაბამისად, სს „სილქნეტის“ ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს წარმოდგენილი მონაცემების გასაჯაროება და მესამე პირებისათვის გადაცემა, ვინაიდან, ამ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა ზიანს მიაყენებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
ამასთან ერთად, სს „სილქნეტმა“ 2020 წლის 23 ივლისს კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3802 23.07.2020) მოითხოვა კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, სს „სილქნეტის“ მიერ 2020 წლის 3 ივლისს N3114/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3468 03.07.2020) წარმოდგენილი ინფორმაცია, სს „სილქნეტის“ მიერ დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე, მანამ, სანამ არ მოხდება განახლებული პირობებით პაკეტის აბონენტებისთვის შეთავაზება და შესაბამისად აბონენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
შესაბამისად, სს „სილქნეტმა“ მოითხოვა Nშ-20-6/3786 23.07.2020 და Nშ-20-6/3468 03.07.2020 წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიის მიერ ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27/2 მუხლის, 31-ე მუხლის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
კომისიამ შეისწავლა სს „სილქნეტის“ მიერ Nშ-20-6/3786 23.07.2020 და Nშ-20-6/3468 03.07.2020 წერილებით მოწოდებული ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად სს „სილქნეტის“ მიერ 2020 წლის 3 ივლისის Nშ-20-6/3468 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია სს „სილქნეტის“ მიერ დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე და 2020 წლის 23 ივლისის Nშ-20-6/3786 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია: „სოციალური ქსელების პაკეტში“ და „სმარტფონ პაკეტში“ ცვლილებების დასაბუთება და შესაბამისი მონაცემები ექსელის ცხრილის სახით.;
2. ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), სს „სილქნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
