შპს „ენდსამფიშ“, შპს „ბეთერფლაი მედია“, შპს „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, შპს „მაგი მედია“, შპს „sky media” და შპს „ტვ ინტერნეიშენალის“ მიერ მაუწყებლებისათვის წარმოსადგენი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

ნომერი: გ-20-20 / 581

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2020 11:49

მიღების თარიღი ივლისი 23, 2020

შპს „ენდსამფიშ“, შპს „ბეთერფლაი მედია“, შპს „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, შპს „მაგი მედია“, შპს „sky media” და შპს „ტვ ინტერნეიშენალის“ მიერ მაუწყებლებისათვის წარმოსადგენი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - “კომისია“)  აღნიშნავს, რომ სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტის“ პარტნიორმა, ქალბატონმა სოფიო როინიშვილმა (მინდობილობების საფუძველზე წარმოდგენილია შემდეგი სარეკლამო კომპანიების ინტერესები: შპს „ენდსამფიშ“, შპს „ბეთერფლაი მედია“, შპს „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, შპს „მაგი მედია“, შპს „sky media” და შპს „ტვ ინტერნეიშენალი“) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3613; 13.07.2020) მიმართა კომისიას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 30 აპრილის კომისიის Nგ-20-19/426 გადაწყვეტილებით, კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება, რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე, ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა) შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ და ავტორიზებულ პირებს დაევალათ აღნიშნული ფორმის შევსება კვარტალურად შესაბამისი კვარტალის თვეებისათვის ცალ-ცალკე და გაწეული დაფინანსების ოდენობის მითითება, ნაცვლად სეგმენტისა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაუწყებლებისათვის ზემოაღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია მაუწყებლის საქმიანობისა და მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუმცა მაუწყებლის მიერ ანგარიშგების ფორმა 1.7-ში სავალდებულოდ წარსადგენი ინფორმაცია შეიცავს ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს კომერციულ პირობას მაუწყებლის მეშვეობით რეკლამის განმთავსებელი სარეკლამო კომპანიებისათვის. კერძოდ, მაუწყებელი ვალდებულია წარადგინოს ინფორმაცია გაწეული დაფინანსების ოდენობის შესახებ, რომლის გამჟღავნებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს სარეკლამო კომპანიების კონკურენტუნარიანობას, არა მხოლოდ ადგილობრივ ქართულ ბაზარზე, არამედ საზღვარგარეთ. იმ შემთვევაში თუ ინფორმაცია, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება, სარეკლამო კომპანიების კონკურენტებმა შეიძლება გამოიყენონ იგი სარეკლამო კომპანიების წინააღმდეგ, რათა შეამცირონ ფასები ან მოახდინონ დამკვეთების გადაბირება.

ამასთან, განცხადების მიხედვით, კომისიისათვის ამ ინფორმაციის წარდგენა ხდება მაუწყებლების და არა უშუალოდ სარეკლამო კომპანიების მიერ. შესაბამისად,ეს უკანასკნელნი მოკლებული არიან შესაძლებლობას, ანგარიშგების ფორმებთან ერთად წარმოადგინონ განცხადება მასში მოცემული გაწეული დაფინანსების ოდენობის შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად აღიარების თაობაზე. ფაქტობრივად, ინფორმაცია რომლის წარდგენაც ევალება მაუწყებელს წარმოადგენს არა მისი, როგორც უშუალოდ ანგარიშგებაზე ვალდებული პირის, არამედ მესამე პირისათვის სენსიტიურ ინფორმაციას და კომერციულ საიდუმლოებას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარეკლამო კომპანიები მოკლებული არიან შესაძლებლობას დააყენონ მოთხოვნა აღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნის დაყენება კანონით გათვალისწინებული პროცედურით არ ხდება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს ზოგადი შინაარსის ნორმას და ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი მიმართვის საფუძველზე არ გაასაჯაროოს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა. 

აღნიშნულიდან     გამომდინარე,    სარეკლამო    კომპანიები    წინასწარ    მომართავენ    კომისიას განცხადებით იმ მიზნით რომ მოხდეს ანგარიშგების 1.7-ში ფარგლებში წარდგენილი ინფორმაციის გაწეული დაფინანსების ოდენობის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის პირველი და 272  მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კომერციულ საიდუმლოებად აღიარება.

შპს „ენდსამფიშ“, შპს „ბეთერფლაი მედია“, შპს „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, შპს „მაგი მედია“, შპს „sky media” და შპს „ტვ ინტერნეიშენალის“ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხის განხილვა გაიმართა 2020 წლის 23 ივლისს, 15:00 საათზე.

კომისიის 2020 წლის 23 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ენდსამფიშ“, შპს „ბეთერფლაი მედია“, შპს „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, შპს „მაგი მედია“, შპს „sky media” და შპს „ტვ ინტერნეიშენალის“ შპს „ენდსამფიშ“, შპს „ბეთერფლაი მედია“, შპს „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, შპს „მაგი მედია“, შპს „sky media” და შპს „ტვ ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლები. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენელი, სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტის“ პარტნიორი, ქალბატონი სოფიო როინიშვილი დაეთანხმა მის მიერ წარმოდგენილი განცხადების შინაარსს.

II.  კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.        სპს  „საადვოკატო  ბიურო  კორძახია,  ჟღენტის“  პარტნიორის,  ქალბატონ  სოფიო როინიშვილის (მინდობილობების საფუძველზე წარმოდგენილია შემდეგი სარეკლამო კომპანიების ინტერესები: შპს „ენდსამფიშ“, შპს „ბეთერფლაი მედია“, შპს „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, შპს „მაგი მედია“, შპს „sky media” და შპს „ტვ ინტერნეიშენალი“) 2020 წლის 10 ივლისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3613; 13.07.2020) თანდართული მასალებით.

2.  განმცხადებლების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები;

III.  კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

სარეკლამო კომპანიებმა შპს „ენდსამფიშ“, შპს „ბეთერფლაი მედია“, შპს „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, შპს „მაგი მედია“, შპს „sky media” და შპს „ტვ ინტერნეიშენალი“ კომისიას წინასწარ მიმართავს ანგარიშგების ფორმა 1.7-ის ფარგლებში მაუწყებლების მიერ კომისიისათვის წარსადგენი გაწეული დაფინანსების ოდენობის შესახებ ინფორმაციის   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის პირველი და 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კომერციულ საიდუმლოებად აღიარების მოთხოვნით.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან           მიღებული      შემოსავლების      თაობაზე.      ანგარიშგების      ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის 42  პუნქტის მიხედვით, კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულობამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოებაა ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით.

კომისიამ განიხილა სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტის“ პარტნიორის, ქალბატონი სოფიო როინიშვილის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3613; 13.07.2020) ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ კომისიისადმი მომართვა განხორციელდა არაუფლებამოსილი პირების მიერ, კერძოდ, იმ პირთა მიერ, რომელთაც კანონმდებლობის მიხედვით, უშუალოდ არ ევალებათ კომისიაში ინფორმაციის წარდგენა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები. შესაბამისად, დაფინანსების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენა, რისი შევსების ვალდებულებაც დადგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, წარმოადგენს უშუალოდ ავტორიზებული პირების, მაუწყებლების ვალდებულებას და იმ არა სარეკლამო კომპანიების, რომლებიც განცხადებით მიმართავენ კომისიას.

თავის მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის   მე-3 ნაწილის მიხედვით, მხოლოდ იმ პირს აქვს უფლება მოითხოვოს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, ვინც წარადგენს აღნიშნულ ინფორმაციას. კომისია აღნიშნავს, რომ სარეკლამო კომპანიები არ წარმოადგენენ შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმდგენ პირებს. ამრიგად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს არაუფლებამოსილი პირის განცხადება იმ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, რომლის კომისიისთვის წარდგენაც კანონის მიხედვით უშუალოდ მათ არ ევალებათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სპს „საადვოკატო ბიურო, კორძახია ჟღენტის“ პარტნიორ, ქალბატონ სოფიო როინიშვილს 2020 წლის 10 ივლისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3613;13.07.2020) კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და 42  პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ენდსამფიშ“, შპს „ბეთერფლაი მედია“, შპს „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, შპს „მაგი მედია“, შპს „sky media” და შპს „ტვ ინტერნეიშენალის“ მიერ მაუწყებლებისათვის წარმოსადგენი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3613; 13.07.2020)  დარჩეს განუხილველი.

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სპს „საადვოკატო ბიურო, კორძახია ჟღენტის“ პარტნიორ, სოფიო როინიშვილსათვის გაგზავნა.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სპს „საადვოკატო ბიურო, კორძახია ჟღენტის“ პარტნიორ, სოფიო როინიშვილსათვის ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (თ. ტატულიშვილი).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

მერაბ ქათამაძე  წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები