წვდომის მენიუ

მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-20-19 / 775

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2020 15:11

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020

მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს „მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“, შპს „ვიონი საქართველო” - ამავე გადაწყვეტილებით  განსაზღვრულ   გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO)  ქსელთან  დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით:

3.1 ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება,

3.2 ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება,

3.3 დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება

3.4 სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება

აღნიშნული  გადაწყვეტილების   სარეზოლუციო   ნაწილის   3.1.   პუნქტის   თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.“

2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, კომისიას მიმართეს ავტორიზებულმა პირებმა შპს „ვიონი საქართველომ“ და სს „სილქნეტმა“ MVNO დაშვებასთან დაკავშირებით დამატებითი საკითხების შესასწავლად.

კერძოდ, გამოიკვეთა ისეთი სპეციფიური საჭიროებები, როგორიცაა ფინანსური სეგმენტის MVNO ოპერატორის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებული ეკონომიკური ფაქტორების შესწავლა და შესაბამის მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები. კერძოდ, გაჩნდა მოთხოვნა რომ კომისიას დამატებით შეესწავლა საქართველოს ბაზარზე ფინანსური სექტორის MVNO-ს გაჩენით გამოწვეული გავლენა მობილურ ბაზარზე, მოემზადებინა ბიზნეს გავლენის დეტალური ანალიზი და განვითარების შესაძლო სცენარები. გამომდინარე ამ მიმართულების შესწავლის მაღალი ინტერესიდან, კომისია მზადაა ამ საკითხის საფუძვლიანად გამოსაკვლევად საერთაშორისო რანგის საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად წარმართოს პროექტი და ოპერატორების მიერ დასმულ დამატებით კითხვებს ბაზარზე შესაძლო გამოწვევების და ეკონომიკური რისკების შესაფასებლად, კიდევ ერთხელ უპასუხოს.

იმის გათვალისწინებით, რომ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას და შესაბამისი მომსახურების გაწევას სჭირდებოდა გარკვეული დრო, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1. პუნქტის თანახმად განსაზღვრული ოფერტის გამოქვეყნების ვადა იწურებოდა 2020 წლის 27 მაისს, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა და ოფერტის ვადის გადაწევა. კერძოდ, 2020 წლის 18 მაისის გ-20-19 / 518 გადაწყვეტილების თანახმად, ოფერტის ახალ ვადად განისაზღვრა 2020 წლის 28 სექტემბერი.

გამომდინარე იმ გარემოებებიდან, რომ საკონსულტაციო პროექტის საბოლოო ფორმატის მომწოდებლებთან შეთანხმებამ და შესყიდვის პროცესის დასრულებამ მოითხოვა დამატებითი დრო, რაც პროექტის დაგეგმვის ეტაპზე ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, კომისია კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნევს რომ მოხდეს 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 ს გადაწყვეტილების 3.1. პუნქტით განსაზღვრული მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების ვადაში ცვლილების შეტანა რათა უზრუნველყოფილი იყოს საკონსულტაციო პროექტის დასრულება და დაინტერესებული მხარეებისთვის შედეგების გაცნობა აღნიშნული ვალდებულების ამოქმედებამდე.

ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ აუარესებს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) მდგომარეობას, რადგანაც მიუხედავად ოფერტის გამოქვეყნების ვადის გადაწევისა, არ ხდება კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის #გ-20-9/156 გადაწყვეტილებით     მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) დაშვების საბოლოო ვადის გაზრდა. ოფერტის გამოქვეყნების ვადის გადაწევა ხდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ 2019 წლის 31 დეკემბრის #გ-20-9/156 გადაწყვეტილებით განსაზღვრული დაშვების მსურველი ავტორიზებული პირისაგან წერილობითი განაცხადის განხილვისა და ხელშეკრულების გაფორმებისათვის განსაზღვრული ვადის 3 (სამი) კალენდარულ თვემდე ცვლილების ხარჯზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.“ ვინაიდან, 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წესით, შესაბამისად კომისიამ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაატარა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის, VII და IX თავების შესაბამისად,

გადაწყვიტა:

1. შევიდეს  ცვლილება  კომისიის      2019  წლის  31  დეკემბრის  გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების:

ა) 3.1.პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3.1 ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 9 (ცხრა) კალენდარული თვის ვადაში. მოწვევის ოფერტა უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: შეთავაზებული ტექნოლოგიების, მომსახურების ტიპების, ქსელური ელემენტების (ქვესისტემების დონეზე) ჩამონათვალს და მათთან დაშვების პირობებს, ნუმერაციის რესურსის გამოყენების პირობებს;“

ბ)  3.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.2 ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია, დაშვების მსურველი პირველი ავტორიზებული პირისაგან წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 (სამი) კალენდარული თვის, ხოლო ყველა მომდევნო ავტორიზებული პირისაგან წერილობითი განაცხადის მიღების თარიღიდან და პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის, ვადაში შეათანხმოს და გააფორმოს ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ხელშეკრულება და ასლი წარუდგინოს კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. უარის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია განაცხადის მიღების თარიღიდან 10 დღის ვადაში, დაშვების მსურველ პირსა და კომისიას წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარის მიზეზები. ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, ვალდებულია დაშვების მსურველ პირს მიაწოდოს საკუთარი მობილური ქსელის მომსახურებების (ხმოვანი, ინტერნეტი და მოკლე ტექსტური შეტყობინება) მოთხოვნილი მოცულობა, მომსახურების არადისკრიმინაციული პირობებით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული დაშვების ვალდებულება არ იქნება უზრუნველყოფილი, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია განაცხადის მიღების თარიღიდან 10 დღის ვადაში, დაშვების მსურველ პირსა და კომისიას წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარის მიზეზები.“

გ) 3.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.4 სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების მიზნით შესთავაზოს დაშვების ტარიფები კომერციული პირობებით. თუ დაშვების მსურველი პირველი ავტორიზებული პირისაგან წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 (სამი) კალენდარული თვის, ხოლო ყველა მომდევნო ავტორიზებული პირისაგან წერილობითი განაცხადის მიღების თარიღიდან და პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას დაშვების ტარიფებთან დაკავშირებით, კომისია დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე შეამოწმებს დაშვების ტარიფებს „Retail Minus“ მეთოდოლოგიით (რომელიც განმარტებულია საკონსულტაციო კომპანია „PriceWaterhouseCoopers Advisory, s.r.o“ (“PwC”)-სთან ერთად შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტში და გამოქვეყნებულია კომისიის ვებ გვერდზე) და ამ მიზნით იგი უფლებამოსილია გამოითხოვოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის აღნიშნული მეთოდოლოგიით შედგენილი აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები. დაშვების ტარიფის აღნიშნულ მეთოდოლოგიასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიანგარიშოს და დააკორექტიროს ტარიფები კომისიის შენიშვნებისა და მოთხოვნების შესაბამისად.“

2. ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები არ აუქმებს/ანაცვლებს მობილური ქსელით მომსახურების ბაზარზე კომისიის ამ გადაწყვეტილების და სხვა გადაწყვეტილებებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის განსაზღვრულ სხვა ვალდებულებებს;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე(www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  №64)  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  სს  „სილქნეტისთვის“,  შპს „მაგთიკომისთვის“ და შპს „ვიონი საქართველოსათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე)

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ელისო ასანიძე  წევრი

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები