შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2021 19:01
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020
შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ (კომისიაში რეგისტრაციის N20-10-2570; 22/12/2020). აღნიშნული წერილობითი მიმართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) განცხადებებით მიმართა ფიზიკურმა პირმა გ. ყიფიანმა (2020 წლის 17 ნოემბერს N შ-20-9/5819, 4 დეკემბერსა N 20-10-2418 და 25 დეკემბერს N20-10-2612) შპს „ფორმულას“ მიერ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსებისა და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევის შესახებ. შესაძლო დარღვევის გამოვლენის მიზნით კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს „ფორმულას“ მონიტორინგი.
საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და განცხადებების მიხედვით, (გ. ყიფიანის განცხადების შესაბამისად) ტელეარხი ,,ფორმულა“ ყოველდღიურად, 12:30 საათიდან 14:00 საათამდე მონაკვეთში აჩვენებდა სერიალს ,,ჩემი ცოლის დაქალები“, რომლის თითქმის ყველა სერიაში არის შეურაცხმყოფელი ლექსიკა და გინება. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს ,,ფორმულას“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი (2020 წლის 18 დეკემბრის (N20-10-2538) და 2020 წლის 28 დეკემბრის (N 20-10-2619) სამსახურებრივი ბარათები). აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები“ მოიცავს ბილწისტყვაობის შემცველ სცენებს. კერძოდ, შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებულია ეპიზოდებში, რომლებიც მაუწყებლის ეთერში განთავსდა შემდეგ თარიღებში: 23 ოქტომბერს 13 საათსა და 50 წუთზე; 24 ოქტომბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 5 ნოემბერს 13 საათსა და 45 წუთზე; 20 ნოემბერს 13 საათსა და 57 წუთზე; 25 ნოემბერს 13 საათსა და 55 წუთზე; 29 ნოემბერს 12 საათსა და 50 წუთზე; 30 ნოემბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 1 დეკემბერს 13 საათსა და 50 წუთზე; 4 დეკემბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 6 დეკემბერს 12 საათსა და 45 წუთზე; 7 დეკემბერს 13 საათსა და 35 წუთზე; 8 დეკემბერს 13 საათსა და 30 წუთზე; 16 დეკემბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 20 დეკემბერს 13 საათსა და 35 წუთზე; 21 დეკემბერს 13 საათსა და 40 წუთზე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამა 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლადაა მიჩნეული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი გამოყენება კონტექსტით გამართლებულია. აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პროგრამაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებულია პროგრამის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინების კონტექსტით გამართლების საფუძველია. თუმცა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, შეურაცხმყოფელ ლექსიკას, მათ შორის კონტექსტით გამართლებულს 12 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევს. ამავე კანონის 561 მუხლის თანახმად კი, 12 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებელი ლექსიკა 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს. ამასთანავე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან მოახდინონ ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით. მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები“ მაუწყებლის მიერ მინიჭებული აქვს უნივერსალური კატეგორია, მაშინ როდესაც პროგრამა 12 წლამდე პირებისათვის შეუფერებელ კატეგორიაში ექცევა.
აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „ფორმულას“ მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განხორციელდა მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი პროგრამული ბადის მონიტორინგი (სამსახურებრივი ბარათი N 20-10-2651, 31/12/2020). მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ შპს „ფორმულას“ ეთერში სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ განთავსებულია ყოველდღიურად, დღის 12:30 საათიდან. შედეგად, მაუწყებელი აგრძელებდა აუდიო-ვიზუალური პროგრამის ეთერში განთავსებას.
შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 31 დეკემბერი, 12:00 საათი, რის თაობაზეც შპს „ფორმულას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მაუწყებელს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი, ე. ქათამაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სერიალი არის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის შინაარსიდან და სცენარიდან გამომდინარე, ზოგიერთ სერიაში გამოყენებული შეურაცხმყოფელი ლექსიკა კი გამომდინარეობს პერსონაჟის მახასიათებლების უკეთ წარმოსაჩენად და აქვს თავისი მხატვრული ღირებულება. წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „ფორმულას“ შეუძლია სერიალის ეთერში გასვლამდე განახორიელოს მონიტორინგი და ამოჭრას ან გადაფაროს სერიალის ის მონაკვეთი, სადაც პერსონაჟის მხრიდან ხორციელდება შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება, რის შედეგადაც პროგრამა უნივერსალური კატეგორიისთვის იქნება შესაბამისი. წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ გ. ყიფიანის საჩვარში არ არის დასაბუთებული რომელ კანონიერ ინტერესზე ახდენს უშუალო და პირდაპირ გავლენას სერიალი და რა ზიანი ადგება არასრულწლოვნებს. წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სანქციის სახით ჯარიმის გამოყენებისას კომისიამ უნდა იმსჯელოს, რომ აღნიშნული რეგულაცია არის ახალი და ამასთან, მაუწყებელი შეეცდება ხვალიდან განახორციელოს მონიტორინგი, რათა სერიალი უნივერსალური კატეგორიის ფარგლებში იქნას განთავსებული, აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვენ, რომ ჯარიმისგან მოხდეს მათი გათავისუფლება.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2619; 28/12/2020).
2. საზოგადოებრივი დამცველის წერილობითი მომართვა (კომისიაში რეგისტრაციის N 20-10-2570; 22/12/2020) კომისიას.
3. ფიზიკური პირის გ. ყიფიანის წერილობითი მიმართვა საზოგადოებრივი დამცველს (N შ-20-9/5819; N 20-10-2418; N20-10-2612).
4. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2538; 18.12.2020).
5. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2651, 31/12/2020).
6. მონაცემები შპს ,,ფორმულას“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
7. შპს ,,ფორმულას“ წარმომადგენლის, ე. ქათამაძის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ფორმულა“ (ს/კ 405345666) წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი; 22.07.2019);
მტკიცებულება: შპს „ფორმულას“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან.
2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ,,ფორმულას“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის განხორციელების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები“ მოიცავს ბილწისტყვაობის შემცველ სცენებს. კერძოდ, შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებულია ეპიზოდებში, რომლებიც მაუწყებლის ეთერში განთავსდა შემდეგ თარიღებში: 23 ოქტომბერს 13 საათსა და 50 წუთზე; 24 ოქტომბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 5 ნოემბერს 13 საათსა და 45 წუთზე; 20 ნოემბერს 13 საათსა და 57 წუთზე; 25 ნოემბერს 13 საათსა და 55 წუთზე; 29 ნოემბერს 12 საათსა და 50 წუთზე; 30 ნოემბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 1 დეკემბერს 13 საათსა და 50 წუთზე; 4 დეკემბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 6 დეკემბერს 12 საათსა და 45 წუთზე; 7 დეკემბერს 13 საათსა და 35 წუთზე; 8 დეკემბერს 13 საათსა და 30 წუთზე; 16 დეკემბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 20 დეკემბერს 13 საათსა და 35 წუთზე; 21 დეკემბერს 13 საათსა და 40 წუთზე;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამა 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლადაა მიჩნეული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი გამოყენება კონტექსტით გამართლებულია. აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში“ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებულია პროგრამის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინების კონტექსტით გამართლების საფუძველია. თუმცა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, შეურაცხმყოფელ ლექსიკას, მათ შორის კონტექსტით გამართლებულს 12 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევს. კანონის 561 მუხლის თანახმად კი, 12 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებელი ლექსიკა 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს.
გ) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან მოახდინონ ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით. მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები“ მაუწყებლის მიერ მინიჭებული აქვს უნივერსალური კატეგორია, მაშინ როდესაც პროგრამა 12 წლამდე პირებისათვის შეუფერებელ კატეგორიაში ექცევა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2619; 28/12/2020).
3. შპს „ფორმულას“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი, ხოლო „ტ2“ ქვეპუნქტის თანახმად, ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია.
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა) 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია; დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას; თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას; ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას; კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით; ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს; მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.
8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.
10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.
11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66- ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად „მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია, როგორც მაუწყებლის ვალდებულება მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, ისე პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები. კერძოდ, აღნიშნული კანონის 561 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას. მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად. მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: „ა) 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე. ამასთან, თუ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სამაუწყებლო ბადეში ასეთი პროგრამა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ იგი შესაბამისი ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ მასალას შეიცავს. გაფრთხილება მოიცავს სპეციალურ ვიზუალურ ნიშანდებას მასალის გადაცემისას განუწყვეტლად, აგრეთვე ტექსტურ და ვერბალურ გაფრთხილებას წინასწარ, მასალის გადაცემამდე. ფასიანი სამაუწყებლო არხი უფლებამოსილია არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ მოქმედებს სავალდებულო PIN- კოდით დაცული სისტემა ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის მხოლოდ უფლებამოსილი სრულწლოვანი აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ხოლო ამავე კანონის 562 მუხლით, დადგენილია პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში შესაძლო დარღვევის გამოვლენის მიზნით კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება კომისიის ინიციატივით, რომლის ფარგლებშიც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ იქნა შპს „ფორმულას“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კანონმდებლობით აკრძალულ დროსა და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსების გამო. ხოლო ამავე კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.
კომისია აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგებით დგინდება, რომ შპს „ფორმულას“ ეთერში განთავსებული სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები“ მოიცავს ბილწისტყვაობის შემცველ სცენებს. კერძოდ, შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებულია ეპიზოდებში, რომლებიც მაუწყებლის ეთერში განთავსდა შემდეგ თარიღებში: 23 ოქტომბერს 13 საათსა და 50 წუთზე; 24 ოქტომბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 5 ნოემბერს 13 საათსა და 45 წუთზე; 20 ნოემბერს 13 საათსა და 57 წუთზე; 25 ნოემბერს 13 საათსა და 55 წუთზე; 29 ნოემბერს 12 საათსა და 50 წუთზე; 30 ნოემბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 1 დეკემბერს 13 საათსა და 50 წუთზე; 4 დეკემბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 6 დეკემბერს 12 საათსა და 45 წუთზე; 7 დეკემბერს 13 საათსა და 35 წუთზე; 8 დეკემბერს 13 საათსა და 30 წუთზე; 16 დეკემბერს 13 საათსა და 40 წუთზე; 20 დეკემბერს 13 საათსა და 35 წუთზე; 21 დეკემბერს 13 საათსა და 40 წუთზე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამა 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლადაა მიჩნეული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი გამოყენება კონტექსტით გამართლებულია. კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პროგრამაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებულია პროგრამის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინების კონტექსტით გამართლების საფუძველია. თუმცა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, შეურაცხმყოფელ ლექსიკას, მათ შორის კონტექსტით გამართლებულს 12 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევს. ამავე კანონის 561 მუხლის თანახმად კი, 12 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებელი ლექსიკა 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს. ამასთანავე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან მოახდინონ ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით. შპს „ფორმულას“ მიერ განთავსებულ სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები“ მაუწყებლის მიერ მინიჭებული აქვს უნივერსალური კატეგორია, მაშინ როდესაც პროგრამა 12 წლამდე პირებისათვის შეუფერებელ კატეგორიაში ექცევა. შესაბამისად, 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი სერიალი შპს „ფორმულას“ მიერ ნიშანდებულია როგორც ნებისმიერი ასაკისთვის განკუთვნილი სერიალი (კატეგორიით უნივერსალი). შესაბამისად, შპს „ფორმულას“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კანონმდებლობით აკრძალულ დროსა და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსების გამო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ფორმულას“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და 562 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. ამასთან, კომისია შპს „ფორმულას“ წარმომადგენელის მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც, შპს „ფორმულას“ შეუძლია სერიალის ეთერში გასვლამდე განახორიელოს მონიტორინგი და ამოჭრას ან გადაფაროს სერიალის ის მონაკვეთი, სადაც პერსონაჟის მხრიდან ხორციელდება შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება, განმარტავს, რომ აღნიშნული უნდა განხორცილედეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, თუმცა აღნიშნული წარმოების ფარგლებში მსჯელობის საგანია შპს „ფორმულას“ მიერ უკვე ჩადენილი დარღვევა და სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დროს სათანადო ნიშანდებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71- ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე. აქვე კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაუწყებლის ვალდებულება მოახდინოს ფილმის კლასიფიკაცია მისთვის შესაბამისი კატეგორიისა და ნიშნის მინიჭებით, ასევე, განსაზღვრულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას არ აქვს დისკრეციული უფლებამოსილება მაუწყებელს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და ამ პროგრამებისთვის შესაბამისი კატეგორიისა და აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭების წესის დარღვევისთვის მაუწყებელს მისცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კომისიას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება განსაზღვროს მაუწყებლებისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობა, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შეფასების საფუძველზე, სათანადო დასაბუთებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.019588) არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების წესთან დაკავშირებით ამოქმედდა 2020 წლის პირველი სექტემბრიდან. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს გარემოება, რომ პირველად დაფიქსირდა შპს „ფორმულას“ მიერ მსგავსი დარღვევის ჩადენა, ზემოაღნიშნული გარემოება შესაძლოა მიჩნეულ იქნას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად. შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,ფორმულას“ მიერ, ვინაიდან პირველად გამოვლინდა მსგავსი დარღვევის ჩადენა, გამოყენებულ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა, 2500 ლარი. ამასთან, კომპანიას სამართალდარღვევის სრულად აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს უზრუნველყოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნიშანდებებისა და ამ ნიშანდებების შესაბამისი დროითი შეზღუდვების გათვალისწინებით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „ვ“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ფორმულას“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 53- ე მუხლის პირველი პუნქტის, 561 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 562 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს ,,ფორმულას“ დაევალოს რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნიშანდებისა და დროითი შეზღუდვების მოთხოვნები.
3. შპს „ფორმულას“ დაევალოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300773251.
ბ) ჯარიმის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ფორმულასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფორმულასთვის“ ჩაბარების დღიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფორმულასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
8. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი