წვდომის მენიუ

შპს „პოსტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 881

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2020 18:16

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020

შპს „პოსტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-2316, 20/11/2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „პოსტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „პოსტვ“-ის ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა. 2020 წლის 10 ნოემბერს, კომისიამ წერილობით მიმართა მაუწყებელს და მოითხოვა ახსნა-განმარტების წარმოდგენა. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი განმარტების თანახმად, არც ერთ საარჩევნო სუბიექტს მაუწყებლისათვის დებატებში მონაწილეობის მოთხოვნით არ მიუმართავს. ამასთანავე, პანდემიიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სტანდარტის უზრუნველსაყოფად ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ეთერში მიწვევა სირთულეებს უკავშირდებოდა, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით დებატების გამართვა კი არაეფექტური იქნებოდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის საფუძველზე, საერთო მაუწყებლები ვალდებული არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „პოსტვ“-ის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევას.

შპს „პოსტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის  განხილვის  დღედ  განისაზღვრა  2020  წლის  3  დეკემბერი,  15:00 საათი,  რის თაობაზეც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მაუწყებელს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „პოსტვ“-ის წარმომადგენელი, ნ. ელოშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ ვერ უზრუნველყო დებატების მოწყობა, ვინაიდან მიაჩნდათ და ახლაც თვლიან, რომ ონლაინ პლატფორმა იქნებოდა არაეფექტური დებატების ფორმატისთვის. ამასთან, წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შპს „პოსტვ“-ის არ შეუთავაზებია დებატებში მონაწილეობა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის. ჯამში იყო 19 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მათთვის თანაბრად სტუდიაში მოწვევის შეთავაზება ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი.

II.  გამოკვლეული  მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედიამომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2316, 20/11/2020).

2. კომისიის მიერ შპს „პოსტვ“-ისათვის გაგზავნილი 2020 წლის 10 ნოემბრის წერილი (N გ-20-04/3629).

3. შპს „პოსტვ“-ის მიერ კომისიისთვის გამოგზავნილი 2020 წლის 13 ნოემბრის საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5758).

4. შპს „პოსტვ“-ისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5. შპს „პოსტვ“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტება.

6. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „პოსტვ“-ის შესახებ.

III.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „პოსტვ“-ი  წარმოადგენს  კერძო,  საერთო მაუწყებლობაზე  (მაუწყებლობის  სახე - ტელემაუწყებლობა) ავტორიზებულ პირს.

2. შპს „პოსტვ“-ის ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2316, 20/11/2020).

3. შპს „პოსტვ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტების მიმართ  დებატებში  მონაწილეობის მისაღებად       შეთავაზების დამადასტურებელი  მტკიცებულებები.

მტკიცებულება: კომისიის მიერ შპს „პოსტვ“-ისათვის გაგზავნილი 2020 წლის 10 ნოემბრის წერილი (N გ-20-04/3629) და შპს „პოსტვ“-ის მიერ კომისიისთვის გამოგზავნილი 2020 წლის 13 ნოემბრის საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/5758).

4.    შპს    „პოსტვ“-ის    მიმართ    ბოლო    ერთი    წლის    განმავლობაში    იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია  უზრუნველყოს მის  მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების    შესახებ    ინფორმაციის  საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში   განხორციელებული    ზედამხედველობისა და კონტროლისა.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული.

6.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ხოლო ამავე კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შპს „პოსტვ“-ი, როგორც საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პოსტვ“-ის ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა, რითიც მაუწყებლის მხრიდან დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საერთო მაუწყებლები ვალდებული არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. გამომდინარე  იქიდან,  რომ  შპს  „პოსტვ“-ის  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, მაუწყებელს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს  წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების,   451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს წერილობითი   გაფრთხილება   შპს   „პოსტვ“-ის   „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

2.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  გადაწყვეტილების შპს„პოსტვ“-ისათვის   დაუყოვნებლივ   გაგზავნა   და   კომისიის   ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „პოსტვ“-ისათვის ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64) შპს „პოსტვ“-ისათვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები