წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 791

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2020 15:07

მიღების თარიღი ოქტომბერი 08, 2020

შპს „ვიონი საქართველოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.          საქმის აღწერა

1.     საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის  (შემდგომში  „კომისია“) აპარატის   სამართლებრივი   დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათის (№20-10-1836,11.09.2020) მიხედვით, შპს „ვიონი საქართველოს“ 51%-იანი წილის მფლობელი კომპანია “Watertrial Industries ltd”-ს 100%-იანი წილის მფლობელი “Vimpel Communications”-ის ნაცვლად გახდა “Veon Georgia Holding BV”, ხოლო 29%-იანი წილის მფლობელი კომპანია “Investico Alliance LTD”-ს 100%-იანი წილის მფლობელი “Vip Georgia Holding BV (NL)” -ის ნაცვლად გახდა “Veon Georgia Holding BV”. წილის გასხვისების თაობაზე კომისიის წინასწარი თანხმობა აღნიშნულ კომპანიას არ აქვს მიღებული. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის მიზნით.

2. შპს „ვიონი საქართველოს“ წილის მფლობელი კომპანიების ცვლილების თაობაზე დასკვნა წარმოადგინა კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა (სამსახურებრივი ბარათი N 20-10-1921, 21/09/2020). დეპარტამენტის განმარტებით, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანია „Veon Georgia Holding BV“ სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ვიონი საქართველოს“ შუალედური ბენეფიციარების ცვლილებამდე და ცვლილების შემდგომ, მისი საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოს“ შუალედური ბენეფიციარების ცვლილება ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია   შეიძლება   მიჩნეულ   იქნეს   თავსებადად   ელექტრონულ  საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.    სატელეკომუნიკაციო    ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

3. კომისიის მოთხოვნის საფუძველზე შპს „ვიონი საქართველომ“ წარმოადგინა ინფორმაცია დასახელებული ტრანზაქციების შესახებ. შპს „ვიონი საქართველოს“ წერილის (№შ-20-6/5226, 06.10.2020) მიხედვით, შპს „ვიონი საქართველოს“ 51%-იანი წილის მფლობელი კომპანია “Watertrial Industries ltd”-ს 100%-იანი წილის მფლობელი “Vimpel Communications”-ის ნაცვლად გახდა “Veon Georgia Holding BV” 2020 წლის 14 მაისს. რაც შეეხება შპს „ვიონი საქართველოს“ 29%-იანი წილის მფლობელი კომპანია “Investico Alliance LTD”-ს 100%-იანი წილის მფლობელ “Vip Georgia Holding BV (NL)” -ს მას მხოლოდ სახელი შეეცვალა და გახდა “Veon Georgia Holding BV”.

4. შპს  „ვიონი  საქართველოსთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2020 წლის 8 ოქტომბერს 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5. სხდომაში მონაწილეობდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის განმარტებით, “Investico Alliance LTD”-ს 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის ცვლილება არ მომხდარა და ამ შემთხვევაში სახეზე იყო მხოლოდ სახელის ცვლილება. კერძოდ -  “Vip Georgia Holding BV (NL)” -ს სახელის ცვლილების შემდგომ ეწოდა “Veon Georgia Holding BV”. რაც შეეხება Watertrial Industries ltd”-ს 100%-იანი წილის მფლობელი “Vimpel Communications”-ის შეცვლას “Veon Georgia Holding BV-ით“, შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა დაადასტურა ამ ტრანზაქციის კომისიის თანხმობის გარეშე განხორციელება. ამასთან, მისი მტკიცებით, დარღვევა ჩადენის მომენტისათვის კომისიის პრაქტიკის არარსებობით იყო განპირობებული და კომპანია სამომავლოდ დაიცავს კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, შპს „ვიონი საქართველოს“ წილის არაპირდაპირ გასხვისებით ფაქტობრივად არ შეცვლილა კომპანიის დამფუძნებლები, ეს მხოლოდ ჯგუფის შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის გადაწყობა იყო და შეიძლება დამფუძნებელი კომპანიის სახელის ცვლილებას გაუთანაბრდეს.

II.        გამოკვლეული მტკიცებულებები

1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ.

2.  კომისიის  აპარატის  სამართლებრივი  დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი (№20-10-1836, 11.09.2020) თანდართული მასალებით.

3. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№ 20-10-1921, 21/09/2020).

4. „შპს  „ვიონი  საქართველოსთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე" კომისიის (Nგ-19-18/469 08.08.2019) გადაწყვეტილება და საფოსტო გზავნილი გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე).

5. შპს „ვიონი საქართველოს“ წერილი (№შ-20-6/5226, 06.10.2020).

III.       დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.     შპს  „ვიონი  საქართველო“  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებული პირია (მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან).

6.  2020  წლის  17  მაისს  შპს  „ვიონი  საქართველოს“  51%-იანი  წილის მფლობელი კომპანია “Watertrial Industries ltd”-ს 100%-იანი წილის მფლობელი “Vimpel Communications”-ის ნაცვლად გახდა “Veon Georgia Holding BV” (მტკიცებულება: კომისიის აპარატის  სამართლებრივი დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი  (№20-10-1836,11.09.2020) თანდართული მასალებით, შპს „ვიონი საქართველოს“ წერილი (№შ-20-6/5226,06.10.2020) თანდართული მასალებით).

7. „შპს  „ვიონი  საქართველოსთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე" კომისიის (Nგ-19-18/469 08.08.2019) გადაწყვეტილებით შპს „ვიონი საქართველოს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ვიონი საქართველოს“ ჩაბარდა  2019  წლის  21  აგვისტოს  (მტკიცებულება: „შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე" კომისიის (Nგ-19-18/469 08.08.2019) გადაწყვეტილება და  საფოსტო  გზავნილი  გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე).

8.  შპს  „ვიონი  საქართველოს“  51%-იანი  წილის  მფლობელი  კომპანია “Watertrial Industries ltd”-ს 100%-იანი წილის მფლობელი “Vimpel Communications”-ის ნაცვლად “Veon Georgia Holding BV” გახდომით არ შეცვლილა შპს „ვიონი საქართველოს“ საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეები, საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები (მტკიცებულება: კომისიის   აპარატის   სატელეკომუნიკაციო ბაზრის   რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№ 20-10-1921, 21/09/2020).

9.  შპს „ვიონი საქართველო“ აღიარებს ჩადენილ სამართალდარღვევას. მისი წარმომადგენელი მიუთითებს, რომ დარღვევა ჩადენის მომენტისათვის კომისიის პრაქტიკის არარსებობით იყო განპირობებული და კომპანია სამომავლოდ დაიცავს კანონმდებლობის  მოთხოვნებს  (მტკიცებულება: შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომაზე).

IV.       სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და  ნებართვის მფლობელების  მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი  დარღვევებისათვის ამ  კანონით  განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანებს განეკუთვნება მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული    სპეციფიკური    ვალდებულებების დაკისრება  და  მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

4.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა  და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

5.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების    წილის    ან    აქციების    შეძენის    შემთხვევაში,    თუ    შემძენი    პირის  ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ)  პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

8.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის    შესახებ    კომისიას    უნდა  ეცნობოს    შერწყმის ან    შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

10.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

11.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: „ბრალეულის გულწრფელი მონანიება“. ამავე მუხლის  მიხედვით,  „საქართველოს  კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში“.

ამრიგად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის შეძენისას, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ პირთა მფლობელობაში  აღმოჩნდება  ავტორიზებული  პირის  წილის  ან  აქციების  5%  ან  მეტი ავტორიზებული პირი ვალდებულია წინასწარ აცნობოს კომისიას წილის გასხვისების შესახებ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებამდე.

კომისიის დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული წინასწარ შეტყობინების ვალდებულება ვრცელდება არა მხოლოდ ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირ შეძენის შემთხვევებზე, არამედ - მაშინაც, როდესაც ავტორიზებული პირის წილის შეძენა ხდება არაპირდაპირ. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლი მოიაზრებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც, მართალია არ იცვლება უშუალოდ ავტორიზებული პირის წილის მფლობელები, თუმცა ხდება ავტორიზებული პირის წილის შეძენა არაპირდაპირ, მისი პარტნიორი კომპანიის წილის შეძენის  გზით  (იხ.  კომისიის  (Nგ-20-18/648,  20/08/2020) გადაწყვეტილება სს„სილქნეტისთვის“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე“). კომისია მიიჩნევს, რომ სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში ავტორიზებული პირების შეძენის მსურველი პირები ყოველთვის შეიძენდნენ ავტორიზებული პირის პარტნიორი კომპანიის (კომპანიების) წილს, ასეთ შემთხვევებზე არ გავრცელდებოდა წინასწარ თანხმობის მიღების ვალდებულება და იარსებებდა ავტორიზებული პირის წილის არაპირდაპირ შეძენის გზით კანონის მოთხოვნების გვერდის ავლის მარტივი საშუალება. ამ პირობებში კომისიას არ ექნებოდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის ეფექტიანად უზრუნველყოფის გონივრული შესაძლებლობა და აზრს დაკარგავდა ავტორიზებული პირის წილისა და აქციების შეძენის წინასწარი კონტროლის მექანიზმი.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდება, რომ შპს„ვიონი საქართველოს“ 51%-იანი წილის მფლობელი კომპანია “Watertrial Industries ltd”-ს 100%-იანი წილის მფლობელი “Vimpel Communications”-ის ნაცვლად გახდა “Veon Georgia Holding BV”. წილის გასხვისების თაობაზე კომპანიას კომისიისთვის წინასწარ არ უცნობებია და წინასწარი თანხმობა არ მიუღია. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის მოთხოვნები.

ამასთან, შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ სამართალდარღვევის ჩადენამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი  დარღვევისთვის  გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება.       კერძოდ,  „შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე" კომისიის (Nგ-19-18/469 08.08.2019) გადაწყვეტილებით შპს „ვიონი საქართველოს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ავტორიზებული პირისათვის მისი ჩაბარების მომენტიდან 2019 წლის 21 აგვისტოდან. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია შპს „ვიონი საქართველოს“ დაეკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული      თვის      შემოსავლის      (საქართველოს    საგადასახადო      კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

ამავდროულად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს კომისიის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, გამოიყენოს ფინანსური სანქცია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისია ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირების შედეგად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად კი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის  შემამსუბუქებელ  გარემოებებად  ითვლება:  „ბრალეულის გულწრფელი მონანიება“. ამავე მუხლის მიხედვით, „საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში“.

განსახილველ შემთხვევაში იკვეთება, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ დარღვევა არ ჩაუდენია განზრახ. მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა რომ კომპანია აღიარებს ჩადენილ სამართალდარღვევას და მზადყოფნას გამოთქვამს, სამომავლოდ ზედმიწევნით დაიცვას კანონმდებლობის მოთხოვნები, მათ შორის, კანონის მოთხოვნა წილის გასხვისებისას კომისიის წინასწარი თანხმობის მიღების თაობაზე. გარდა ამისა, შპს „ვიონი საქართველოს“ წილის არაპირდაპირ გასხვისებით არ შეცვლილა კომპანიის საბაზრო მდგომარეობა და ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე არ დამდგარა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის დაზარალების საფრთხე. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში კომპანიის მიმართ გამოსაყენებელი სახდელის ზომა არის არა წერილობითი გაფრთხილება, არამედ ფინანსური ჯარიმა, რაც გაცილებით მკაცრი სანქციის ფორმაა. შესაბამისად, ჩადენილი დარღვევის ხასიათის, გულწრფელი აღიარების, მოსალოდნელი სახდელის სიმკაცრისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დარღვევას არ მოჰყოლია   სატელეკომუნიკაციო   ბაზრისთვის   რეალური   ზიანის   შექმნის   საფრთხე, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული ჯარიმა. იგი ცნობილი უნდა იქნეს სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

გარდა ამისა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, კომისიის ძირითად ამოცანებს მიეკუთვნება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, აგრეთვე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კომისიის მიერ აღნიშნული ფუნქციების შესრულება, სატელეკომუნიკაციო ბაზრისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად ცალკეულ შემთხვევებში მოითხოვს სამართალდამრღვევი ავტორიზებული პირისათვის დარღვევის აღმოფხვრის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების დაკისრებას.

„ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ"    საქართველოს    კანონის    26-ე    მუხლის მოთხოვნების დარღვევისა   და   კომისიისთვის     წინასწარ შეტყობინების     გარეშე ავტორიზებული პირის შერწყმის, წილის/აქტივების გასხვისებისას, შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში პასუხისმგებლობის  დაკისრებასთან ერთად წარმოიშვას დარღვევის აღმოფხვრის  და უკანონოდ  განხორციელებული ტრანზაქციის შებრუნების ვალდებულების  დაკისრების  აუცილებლობა. მსგავსი ვალდებულების დაკისრება, შესაძლებელია,            განპირობებული    იყოს  ელექტრონული    კომუნიკაციების    ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოსათვის საფრთხის პრევენციის საჭიროებით. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს.

დარღვევის აღმოფხვრის და უკანონოდ განხორციელებული ტრანზაქციის შებრუნების ვალდებულების დაკისრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, ასეთ შემთხვევებში არ არის აუცილებელი კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობის დადგენა. კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა.

შესაძლებელია, ცალკეული ავტორიზებული პირის საბაზრო მდგომარეობის, მის მფლობელობაში არსებული აქტივების მოცულობის, და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შერწყმის ან/და აქტივების/წილების შეძენის გარიგების უკანონოდ განხორციელების შემთხვევაში ბაზრისთვის ამ გარიგების უარყოფითი გავლენის კომისიის მიერ შესწავლას გარკვეული პერიოდი დასჭირდეს. ამასთან, ავტორიზებული პირის საბაზრო ძალაუფლების, მის მფლობელობაში არსებული აქტივებისა და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, შესაძლოა, არსებობდეს საფრთხე, რომ კომისიის მიერ ბაზრის კვლევის ჩატარებამდე პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვლება სატელეკომუნიკაციო ბაზრის სტრუქტურა, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება საკომუნიკაციო     მომსახურების     სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოსა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ ინტერესებს. ასეთ   შემთხვევებში   აუცილებელია,   ავტორიზებულმა   პირმა  დააბრუნოს   უკანონო გარიგებამდე     არსებული     მდგომარეობა     და    კომისიას  მიეცეს შესაძლებლობა, სრულყოფილად შეისწავლოს გარიგების გავლენა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.

ამასთანავე,    უკანონო    ტრანზაქციის    შებრუნების    აუცილებლობა    არ  წარმოიშობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის ყველა შემთხვევაში. კერძოდ, როდესაც უკანონო ტრანზაქციის განხორციელების გავლენის შეფასება ხანგრძლივ ვადას არ მოითხოვს და როცა აშკარაა, რომ გარიგება მასში მონაწილე ავტორიზებული პირის (ავტორიზებული პირების) საბაზრო ძალაუფლების, აქტივების მოცულობის, გარიგებით შეცვლილი მდგომარეობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით კომისიის მიერ მისი შესწავლის პროცესში არ არსებობს ბაზრის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის ლეგიტიმური ინტერესებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე.

როგორც აღინიშნა, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1921, 21/09/2020) თანახმად, შპს „ვიონი საქართველოს“ წილის არაპირდაპირ გასხვისებამდე და გასხვისების შემდგომ, შპს „ვიონი საქართველოს“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოს“ შუალედური ბენეფიციარების ცვლილება ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

ამრიგად, განსახილველ საქმეზე დადგენილი გარემოებები აშკარად მიუთითებს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ წილების არაპირდაპირ გასხვისება არ ქმნის რეალურ საფრთხეს ელექტრონული  საკომუნიკაციო  მომსახურების  სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოსა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ვიონი საქართველოსთვის“ სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრისათვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის თავიდან აცილებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების დამატებითი ვალდებულების დაკისრების აუცილებლობა.

V.        სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე, მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე და 34-ე მუხლების,   „საქართველოს  კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ვიონი საქართველოს“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო.

2. შპს  „ვიონი  საქართველო“  გათავისუფლდეს  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

3.  დაევალოს   კომისიის  ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების   შპს   „ვიონი საქართველოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახაძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება ნ.ჟანელიძე;

4.   გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    მისი    დამოწმებული    ასლის  შპს    „ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ლ. მაისურაძე) შპს „ვიონი  საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილების    სარეზოლუციო    ნაწილის    მე-3    პუნქტის    შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

8. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები