წვდომის მენიუ

შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 771

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2020 22:27

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2020

შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1954; 22/09/2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის  მე-14  პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში  დაიწყო  მარტივი  ადმინისტრაციული წარმოება შპს „გაზეთი აჭარა PS“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის   „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის   სამსახურებრივ   ბარათში   (N   20-10-1954;   22/09/2020)   აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის   მიერ  სამაუწყებლო ბადის წარმოდგენასთან დაკავშირებული პერიოდული მონიტორინგის განხორციელებისას შემოწმდა შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მაუწყებელს კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით 2020 წლის 5 ივნისის შემდეგ სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია.

2020 წლის 31 აგვისტოს კომისიამ წერილით (კომისიაში რეგისტრაციიის N გ-20-04/2743) მიმართა შპს „გაზეთი აჭარა PS“-ს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოსთხოვა სამაუწყებლო ბადის 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. კომისიის მოთხოვნას მაუწყებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.

კომისიას  2020  წლის  29  სექტემბერს  (კომისიაში  რეგისტრაციის თარიღი: შ-20-6/5083;29.09.2020) წერილით მომართა შპს „გაზეთმა აჭარა PS“-მა, სადაც კომპანია განმარტავს, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის 5-10 ივნისს ჰქონდათ ტექნიკური პრობლემა. კერძოდ, საიტზე, სადაც აგზავნიდნენ პროგრამებს, მასალები აღარ იტვირთებოდა, ამიტომ დაუკავშირდნენ კომისიის აპარატს, რის შედეგადაც, აპარატის თანამშრომლებმა ახსნეს პროგრამის მოწოდების ახალი მეთოდი, გაუგზავნეს კომპანიას შაბლონი, შესაბამისი ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც, ყოველკვირეულად აგზავნიდა კომპანია პროგრამას. თუმცაღა ახლახან გაიგეს, რომ თურმე პროგრამები არ აისახებოდა კომისიის პროგრამაში, რაც წმინდა ტექნიკური  პრობლემაა და რაც გამოწვეული არ ყოფილა  კომპანიის ბრალეულობით.      წერილში განმარტებულია, რომ კომპანია ზედმიწევნით პასუხისმგებლობით ასრულებდა შესაბამის მითითებებსა და ინსტრუქციას და ერთი წამითაც არ დაუშვიათ იმის ალბათობა, რომ მათ მიერ გზავნილი ინფორმაცია ვერ იგზავნებოდა კომისიამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გაზეთი აჭარა PS“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის პირველ ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „გაზეთი აჭარა PS“-ს ეცნობა შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის წარმომადგენელი, რომელმაც დააფიქსირა წერილში მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ ყოველ კვირა კომპანია ტვირთავდა სამაუწყებლო ბადე და პროგრამულად კომპანიის წარმომადგენელს ეგონა, რომ იგზავნებოდა სამაუწყებლო ბადე, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, აღმოჩნდა, რომ ტექნიკურად ვერ მოხერხდა კომისიაში სამაუწყებლო ბადის გამოგზავნა. ამასთან, კომპანიამ სხდომამდე აღმოფხვრა დარღვევა და ასევე ყოველ კვირა ატვირთავს სამაუწყებლო ბადეს.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1954; 22/09/2020).

2.   შპს   „გაზეთი   აჭარა   PS“-ისათვის   გაგზავნილი   კომისიის   წერილი  (N   გ-20-04/2743;31/08/2020).

3. შპს „გაზეთმა აჭარა PS“-ის მიერ კომისიაში 2020 წლის 29 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: შ-20-6/5083; 29.09.2020) გამოგზავნილი წერილი.

4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის შესახებ მონაცემები.

5. შპს „გაზეთი აჭარა PS“-ისათვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

III.  დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „გაზეთი აჭარა PS“-ი წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

2. შპს „გაზეთი აჭარა PS“-ს 2020 წლის 5 ივნისის შემდეგ კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით,  სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია.

3. შპს „გაზეთმა აჭარა PS“-მა გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით, კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო ბადე, რითაც აღმოფხვრა არსებული დარღვევა.

4. შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს  საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი  „საქართველოს საარჩევნო   კოდექსი“,   ეს   კანონი,   „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2.   ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე–5   მუხლის   მე–3   პუნქტის   „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   კომისიის  ფუნქციასა   და  ვალდებულებას   წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული   პირი   ვალდებულია  დაიცვას   მაუწყებლობის   სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

4.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   451 მუხლის  მე-10   პუნქტის   „დ“ ქვეპუნქტის  თანახმად,  ავტორიზებული პირი  ვალდებულია  ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს   და   კომისიას  მიაწოდოს  მომდევნო   კვირის   პროგრამების   განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით.

5.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   71-ე   მუხლის  პირველი   პუნქტის მაუწყებლის მიერ საქართველოს    კანონმდებლობის    დარღვევის ან     კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის  პირობების დარღვევის შემთხვევაში   კომისია  ვალდებულია   განიხილოს   შესაბამისი    საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი  უნდა   იყოს   დარღვევის   აღმოფხვრა   ან  პრევენცია.  კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს  გონივრულ  ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის მიერ კომისიის ელექტრონული პორტალის  საშუალებით    2020    წლის   5    ივნისის  შემდეგ სამაუწყებლო ბადის წარმოუდგენლობით დარღვეულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) და „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს  კანონის 451   მუხლის  მე-10  პუნქტის  „ა“  და  „დ“  ქვეპუნქტები, რომლის მიხედვითაც, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები და ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, რომელიც ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დარღვევა წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის  არც    ერთი    სახე გამოყენებული არ ყოფილა. ამასთან, ვინაიდან შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის მიერ გადაწყვეტილების მიღების  მომენტისათვის,   კომისიის   ელექტრონული   პორტალის საშუალებით, კომისიაში კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა სამაუწყებლო ბადე და კომპანიის მიერ აღმოფხვრილი იქნა დარღვევა, კომისია უფლებამოსილია სცნოს კომპანია სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტის,  451 მუხლის მე-10   პუნქტის „ა“ და   „დ“   ქვეპუნქტებისა  და   71-ე   მუხლის,    საქართველოს   ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის   95-ე   98-ე   და   99-ე   მუხლებისა   და   „საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   საქმიანობის   მარეგულირებელი  წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.   ცნობილ იქნეს შპს „გაზეთი აჭარა PS“-ი სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე)  დარღვევის გამო.

2. გათავისუფლდეს შპს „გაზეთი აჭარა PS“-ი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ)  გადაწყვეტილების შპს „გაზეთი აჭარა PS“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.geგამოქვეყნება.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის  სამართალდამრღვევად ცნობისა და      ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „გაზეთი აჭარა PS“-ისთვის ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,   №64) შპს „გაზეთი აჭარა PS“-ისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია  მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

ელისო ასანიძე        წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები