წვდომის მენიუ

შპს „გოლდ-ნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 770

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2020 22:16

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2020

შპს „გოლდ-ნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1836, 11/09/2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გოლდ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის  გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 20-10-1836, 11/09/2020) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამანეტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ 2020 წლის 22 იანვარს შეიცვალა შპს „გოლდ-ნეტის“ დირექტორი და დამფუძნებელი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან B20005588, 22/01/2020), თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე კომპანაის მიღებული აქვს „შპს „გოლდ-ნეტის“ (ს/კ 438728780) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 31 ოქტპმბრის N გ-19-11/609 გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით შპს „გოლდ-ნეტს“ განემარტა, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „გოლდ-ნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.   თუმცა განხორციელებული ცვლილების შესახებ კომპანიამ არ აცნობა კომისიას.

შპს „გოლდ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 24 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (N გ-20-03/2950, 17/09/2020). შეტყობინებით, შპს „გოლდ- ნეტ“ მოწვეულ იქნა  ადმინისტრაციულ   წარმოებაში   მონაწილეობის   მისაღებად   და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე გამოცადდა შპს „გოლდ-ნეტის“ წარმომადგენელი ალექსანდრე მიქაძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომისიის მიერ წილის გასხვისების თაობაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, ვაინაიდან ყურადღებით არ გაეცნო კომისიის გადაწყვეტილებას, გამორჩათ იმ ვალდებულების შესრულება, რომელზეც გადაწყვეტილებაშიც იყო აღნიშნული, კერძოდ, წილის მფლობელთა ცვლილების  განხორციელებიდან,  მათ  შორის,  დირექტორის  ცვლილების რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში ინფორმაციის წარმოდგენა. მან დასძინა, რომ აღნიშნულის თაობაზე ნამდვილად არ იცოდა და ითხოვა კომისიამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისას გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება.

საკითხის დამატებითი მოკვლევის მიზნით კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის პირველ ოქტომბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „გოლდ- ნეტის“ წარმომადგენელი ალექსანდრე მიქაძე სხდომაზევე გაფრთხილდა.

კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე ალექსანდრე მიქაძემ აღნიშნა, რომ კომპანიას გააჩნია გარკვეული სახის პრობლემები, ვერ უწევენ კონკურენციას დიდ ოპერატორებს და რეალურად კომპანიას დღეის მდგომარეობით 41 აქტიური აბონენტი დარჩა. შესაბამისად, 3000 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში კომპანიას საქმიანობის შეჩერება მოუწევს. კომპანიის შემოსავალი იკლებს და დღეის მდგომარეობით შეადგენს 1000 ლარიდან მაქსიმუმ 1100 ლარს. აღნიშნული შემოსავალი სრულად ხმარდება კომპანიას, რათა მოხდეს მისი შენაჩუნება. ალექსანდრე მიქაძემ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას მოგება არ გააჩნია. მან აღიარა დარღვევის ფაქტი და ითხოვა, კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და არ დააკისროს ჯარიმა.

II.  გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1836, 11/09/2020) თანდართული მასალით;

2.   „შპს „გოლდ-ნეტის“ (ს/კ 438728780) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 31 ოქტპმბრის N გ-19-11/609 გადაწყვეტილება;

3.  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ( B19061903, 03/06/2019 და B20005588, 22/01/2020) და კომისიის ავტორიზებულ        პირთა    უწყებრივი    რეესტრიდან    შპს    „გოლდ-ნეტის“    შესახებ მონაცემები;

4. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1883, 16/09/2020);

5.   შპს   „გოლდ-ნეტისთვის“   გაგზავნილი   შეტყობინება   (N   გ-20-03/2950,   17/09/2020) კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

6.   შპს „გოლდ-ნეტის“ წარმომადგენლის მიერ   კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის და პირველი ოქტომბრის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III.         დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს  „გოლდ-ნეტ“  არის  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებული პირი. შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

2.   „შპს „გოლდ-ნეტის“ (ს/კ 438728780) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის N გ-19-11/609 გადაწყვეტილებით მიეცა თანხმობა შპს „გოლდ-ნეტს“, შპს„გოლდ-ნეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე; ამავე გადაწყვეტილებით შპს „გოლდ-ნეტს“ განემარტა, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „გოლდ-ნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. კომისიის   აპარატის   სამართლებრივი   დეპარტამანეტის  ავტორიზებისა  და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ 2020 წლის 22 იანვარს შეიცვალა დირექტორი        და   დამფუძნებელი   (ამონაწერი   საჯარო  რეესტრიდან   B20005588,22/01/2020); შპს „გოლდ-ნეტს“ კომისიისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია წილის მფლობელთა ცვლილების    და დირექტორის ცვლილების თაობაზე, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში;

4. „შპს  „გოლდ-ნეტისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N გ-19-18/582 გადაწყვეტილებით შპს„გოლდ-ნეტს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო (კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე თავისი წილის გასხვისების, ცვლილების განხორციელებიდან და დირექტორის ცვლილების რეგისტრაციიდან, კანონით დადგენილი ვადებში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო).

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს  ავტორიზებული  პირების    საქმიანობის    ან/და რადიოსიხშირული     სპექტრით     ან/და    ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის,   კომისიის   დადგენილებებითა   და   გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად,   ავტორიზებულ   პირთა   მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  საქართველოს  კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“    ქვეპუნქტის    შესაბამისად,    ავტორიზებული  პირივალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

6.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს   იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და  არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული    პირების    რეესტრში  რეგისტრაციის  შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში     კომისია     უფლებამოსილია     დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული   პირის   ან/და   ლიცენზიის  მფლობელის   ბოლო  12 კალენდარული თვის     შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო  კოდექსით განსაზღვრული  ერთობლივი  შემოსავალი  დღგ-ის  გარეშე)  0,5  პროცენტი,  მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

9.   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის„ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე  მუხლის  თანახმად,  ადმინისტრაციული  სახდელი  წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებებს, მათი ჩამონათვალი 34-ე მუხლით ამომწურავი არ არის და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „გოლდ-ნეტის“ მიერ, წილის მფლობელთა ცვლილების და დირექტორის ცვლილების რეგისტრაციიდან, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის    წარმოუდგენლობით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები. ზემოაღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის   სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ქონდა გაფრთხილება, მას უნდა დაკისრებოდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, თუმცა კომისიამ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია კომპანიის გულრწფელი მონანიება, მისი ფინანსური მდგომარეობა, ასევე, გაითვალისწინა ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი და მიიჩნია, რომ შპს „გოლდ-ნეტი“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან მცირე ზომის კომპანია განიცდის მძაფრ კონკურენციას და ინტენსიურად კარგავს აბონენტებს. კომისიაში წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისად კომპანიას ივლისის თვეში უფიქსირდება 84 აბონენტი, ხოლო კომპანიის განმარტებით დღეის მდგომარეობით   41 აქტიური აბონენტი დარჩა და კომპანიის შემოსავალი შეადგენს 1000 ლარიდან 1100 ლარს (კომისიაში დაცული მონაცემებით ივლისის თვეში კომპანიის შემოსავალი შეადგენდა 1557.24 ლარს). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა აბონენტების მკვეთრი შემცირება, რაც ასევე აისახება კომპანიის შემოსავალზეც. შესაბამისად, კომისიის მიერ ფინანსური სანქციის გამოყენების შემთხვევაში კომპანიას მიადგება დიდი ზიანი და ის ვეღარ განაგრძობს ფუნქციონირებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს,,გოლდ-ნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით

 V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე,   99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    შპს„გოლდ-ნეტი“     ცნობილ     იქნას     სამართალდამრღვევად    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. შპს„გოლდ-ნეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.    დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     (ო.     ვოტ)    წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „გოლდ-ნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „გოლდ- ნეტის“ სამართალდამრღვევად  ცნობისა და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე  ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „გოლდ-ნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ     საქმეთა     კოლეგიაში     (მისამართი:    ქ.  თბილისი,  დავით აღმაშენებლის  ხეივანი,  №64)  შპს„გოლდ-ნეტისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7.    გადაწყვეტილების  შესრულებაზე  კონტროლი  (გარდა  მე-4  პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები