შპს ,,სტარნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2020 1:04
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020
შპს ,,სტარნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
შპს ,,სტარნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომ ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-183611.09.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სტარნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს,,სტარნეტისთვის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, ,,გ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1836; 11.09.2020) თანახმად, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ შეიცვალა შპს,,სტარნეტის“ დირექტორი და დამფუძნებელი; კომპანიას თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე მიღებული აქვს 2019 წლის 31 ოქტომბერს კომისიის Nგ-19-11/608 გადაწყვეტილებით, თუმცა, განხორციელებული ცვლილების შესახებ არ აცნობა კომისიას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,სტარნეტითვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 24 სექტემბერს, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებით (Nგ-20-03/2955; 17.09.20) ეცნობა შპს,,სტარნეტს“. ავტორიზებულ პირს ასევე, განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
2020 წლის 22 სექტემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,სტარნეტის“ წერილობითი შუამდგომლობა (Nშ-20-6/4928; 22.09.2020), რომლითაც შპს ,,სტარნეტის“ მიერ მოთხოვნილია კომისიამ არ გამოიყენოს სანქცია კომპანიის მიმართ და აპატიოს მას სამართალდარღვევის ჩადენა. შპს ,,სტარნეტის“ განცხადებით, კომპანიას 2020 წლის 17 სექტემბერს კომისიის მიერ ეცნობა, რომ ა/წ 24 სექტემბერს კომისია განიხილავდა შპს,,სტარნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს. კომპანიის განცხადებით, შპს ,,სტარნეტმა“ დაგვიანებით, თუმცა, საქმის განხილვამდე მიაწოდა კომისიას ინფორმაცია კომპანიის წილის მფლობელისა და დირექტორის ცვლილების თაობაზე. შპს ,,სტარნეტი“ ასევე უთითებს იმაზე, რომ დარღვეულია კანონით განსაზღვრული მოთხოვნის მხოლოდ ფორმალური ნაწილი, რომელიც რეალურად გავლენას არ ახდენს კანონის რეგულირების მიზანზე, რადგან კომპანიას კომისიისგან მიღებული აქვს წილის მფლობელის ცვლილებაზე თანხმობა კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის Nგ-19-608 გადაწყვეტილებით. შპს ,,სტარნეტი“ თავის წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ კომპანია აცნობიერებს ჩადენილ დარღვევას, თუმცა, მისი განმარტებით, ის ჩადენილი იყო გაუფრთხილებლობით, რაც განაპირობა რეორგანიზაციის თანმდევმა არეულობამ და მომეტებულმა დატვირთვამ. შპს,,სტარნეტის“ განმარტებით, გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული პანდემიური ფონი, რომელიც კიდევ უფრო აფერხებს დეტალებზე ორიენტირებულობას და სამუშაოს ჯეროვან შესრულებას. შპს ,,სტარნეტის“ განცხადებით, საქმის განხილვის მომენტისთვის სამართალდარღვევა აღმოფხვრილია.
კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს ,,სტარნეტის“ წარმომადგენელი დ. დოლიძე.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-1836; 11.09.2020) დანართით (კომპანიების ჩამონათვალი, მათზე კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მითითებით);
2. შპს ,,სტარნეტის“ შესახებ 2019 წლის 3 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. შპს ,,სტარნეტის“ შესახებ 2019 წლის 17 ოქტომბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
4. შპს ,,სტარნეტის“ შესახებ 2017 წლის 13 ნოემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
5. შპს ,,სტარნეტის“ წერილობითი შუამდგომლობა (Nშ-20-6/4928; 22.09.2020);
6. შპს ,,სტარნეტის“ წერილი (Nშ-20-6/4822; 17.09.20);
7. კომისიის შეტყობინება (Nგ-20-03/2955; 17.09.20) და მისი შპს ,,სტარნეტისთვის“ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
8. შპს ,,სტარნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,სტარნეტი“ (ს/კ: 423355354) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: ავტორიზებული საქმიანობის სახეები: 16.11.2017; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3.
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi;
2. შპს ,,სტარნეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. 2019 წლის 3 დეკემბერს, შპს ,,სტარნეტის“ სარეგისტრაციო მონაცემებში შევიდა ცვლილება, რომლის შედეგად ავტორიზებული პირის 100 % წილის მფლობელი გახდა შპს
,,აირკონექტი“ (400065683), რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2019 წლის 3 დეკემბრის ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B19129938; მომზადების თარიღი: 03/12/2019
17:13:04). აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე შპს ,,სტარნეტის“ 100 % წილის მფლობელი იყო ფიზიკური პირი კრისტინე ჟამკოჩიან, რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2019 წლის 17 ოქტომბრის ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B19109830; მომზადების თარიღი:
17/10/2019 17:31:47). კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის Nგ-19-11/608 გადაწყვეტილებით, შპს ,,სტარნეტს“ მიეცა კომისიის თანხმობა შპს ,,აირკონექტის“ მიერ შპს ,,სტარნეტის“ წილის 100 %-ის შეძენაზე. თუმცა, შპს ,,სტარნეტმა“ წილის მფლობელის ცვლილების განხორციელების თაობაზე არ შეატყობინა კომისიას წილის მფლობელის ცვლილების შემდეგ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული 7 სამუშაო დღის ვადაში;
4. 2019 წლის 17 ოქტომბერს შპს ,,სტარნეტის“ სარეგისტრაციო მონაცემებში შევიდა ცვლილება, რომლის შედეგად შპს ,,სტარნეტის“ დირექტორის გახდა დავით ცერცვაძე, რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2019 წლის 17 ოქტომბრის ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B19109830; მომზადების თარიღი: 17/10/2019 17:31:47). აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე შპს ,,სტარნეტის“ დირექტორი იყო რობერტ მანველიან, რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2017 წლის 13 ნოემბრის ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის თარიღი: B17124923; მომზადების თარიღი: 13/11/2017 13:21:55). შპს ,,სტარნეტმა“ კომისიას არ შატყობინა კომპანიის დირექტორის ცვლილების განხორციელების თაობაზე, დირექტორის ცვლილების შემდეგ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული 7 სამუშაო დღის ვადაში;
5. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,სტარნეტის“ მიმართ არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაციის დეკლარაციაში იურიდიული პირისათვის მითითებული უნდა იყოს საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
6. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,სტარნეტის“ წერილობით შუამდგომლობაში მოყვანილ არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ შპს ,,სტარნეტმა“ აღმოფხვრა სამართალდარღვევა დირექტორისა და წილის მფლობელის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში ა/წ 17 სექტემბერს წარმოდგენით, რის გამოც კომპანია უნდა გათავისუფლდეს ადმინისტარციული პასუხისმგებლობისგან. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სტარნეტი“ ვალდებული იყო კომისიაში წარმოედგინა ინფორმაცია წილის მფლობელისა და დირექტრის ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, რაც მან არ შეასრულა. შპს ,,სტარნეტმა“ ინფორმაცია წილის მფლობელისა და დირექტორის ცვლილების შესახებ, რომელიც კომისიამ თავად მოიპოვა და გამოავლინა დარღვევა, წარმოადგინა ა/წ 17 სექტემბერს, 15:30 საათზე მას შემდეგ, რაც კომისიისგან მიიღო შეტყობინება მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გამართვის შესახებ (კომისიის Nგ-20-03/2955 შეტყობინების გაგზავნის თარიღი და დრო: (17.09.20; 11:42 საათი). ამასთანავე, შპს,,სტარნეტს“ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ კომისიაში ინფორმაციის ვადის დარღვევით წარდგენას ობიექტური გარემოების გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სტარნეტის“ დირექტორისა და 100 % წილის მფლობელის ცვლილების განხორციელების თაობაზე ინფორმაციის კომისიისთვის კანონით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით შპს,,სტარნეტის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,სტარნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის, ავტორიზებულ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სტარნეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს
„სტარნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„სტარნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სტარნეტისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს„სტარნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
