შპს ,,სტანდარტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2020 0:50
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020
შპს,,სტანდარტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომ ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1836; 11.09.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სტანდარტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს ,,სტანდარტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, ,,გ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 26-ე მუხლის შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-1836; 11.09.2020) თანახმად, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამანეტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს შეიცვალა შპს ,,სტანდარტის“ დამფუძნებელი, კომისიის მიერ თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე აღნიშნულ კომპანიას არ აქვს მიღებული და ასევე განხორციელებული ცვლილების თაობაზე არ აცნობა კომისიას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,სტანდარტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 24 სექტემბერს, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებით (Nგ-20-03/2990; 21.09.2020) ეცნობა შპს ,,სტანდარტს“. ავტორიზებულ პირს ასევე, განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდა შპს,,სტანდარტის“ დირექტორი ლ. ქაშიბაძე.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-1836; 11.09.2020) დანართით (კომპანიების ჩამონათვალი, მათზე კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მითითებით);
2. შპს ,,სტანდარტის“ შესახებ 2020 წლის 18 ივნისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. შპს ,,სტანდარტის“ შესახებ 2020 წლის 9 ივნისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
4. სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შპს,,სტანდარტის“ 100 % წილის მფლობელის განცხადება (NB20044609; 17.06.20) და მისი მიღების ბარათი;
5. შპს ,,სტანდარტის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,სტანდარტი“ (ს/კ: 205033523 ) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 29.05.2017; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
2. შპს ,,სტანდარტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. 2020 წლის 18 ივნისს, შპს ,,სტანდარტის“ სარეგისტრაციო მონაცემებში შევიდა ცვლილება, რომლის შედეგად შპს ,,სტანდარტის“ 100 % წილის მფლობელი გახდა ფიზიკური პირი ლამზირა გორგოშიძე, რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2020 წლის 18 ივნისის ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B20044609, მომზადების თარიღი: 18/06/2020; 14:28:24). აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე შპს ,,სტანდარტის“ 100 % წილის მფლობელი იყო ფიზიკური პირი ანატოლ გორგოშიძე, რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2020 წლის 9 ივნისის ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B20041723, მომზადების თარიღი: 09/06/2020 21:25:14);
4. შპს ,,სტანდარტს“ არ მიუღია კომისიისგან წინასწარი თანხმობა ავტორიზებული პირის 100 % წილის სხვა პირის მიერ შეძენაზე (წილის მფლობელის ცვლილებაზე) და ფიზიკურ პირ ლამზირა გორგოშიძის კომპანიის წილის 100 % -ის მფლობელად განსაზღვრაზე. ავტორიზებული პირის წილის მფლობელის ცვლილების განზრახვის თაობაზე შპს,,სტანდარტმა“ კომისიას წინასწარ არ აცნობა და ასევე, არ შეატყობინა აღნიშნული ცვლილების განხორციელების თაობაზე, წილის მფლობელის ცვლილების შემდეგ;
5. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,სტანდარტის“ მიმართ არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, ხოლო მ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაციის დეკლარაციაში იურიდიული პირისათვის მითითებული უნდა იყოს საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);
6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოე ბის დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება-გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირის წილის შეძენის თაობაზე (წილის მფლობელის ცვლილების) განზრახვის თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობისა და ასევე, კომისიისგან წინასწარი თანხმობის გარეშე ავტორიზებული პირის 100 % წილის შეძენის (100 % წილის მფლობელის ცვლილების განხორციელების) შედეგად შპს ,,სტანდარტის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 25-ე და 26-ე მუხლები, ხოლო წილის მფლობელის ცვლილების განხორციელების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს ,,სტანდარტის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, გ) და მ) ქვეპუნქტები.
შპს ,,სტანდარტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის. ამ გარემოების გათვალისწინებით, ავტორიზებულ პირის მიერ ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით განსაზღვრულია წერილობითი გაფრთხილება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებების განხორციელება (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდოგმარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის (N20-10-1922; 21.09.2020) სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „სტანდარტი“ (ს/კ 205033523), ასევე შპს„სტანდარტის“ (ს/კ 205033523) წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირი ლამზირა გორგოშიძე სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „სტანდარტი“ (ს/კ 205033523) ახორციელებს ოპტიკურ- ბოჭკოვანი ქსელის ელემენტებთან დაშვების მომსახურებას. შესაბამისი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 2020 წლის 6 თვის მდგომარეობით 2500 ლარზე ნაკლებია. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის (N20-10-1922; 21.09.2020) სამსახურებრივი ბარათში ასევე, აღნიშნულია, რომ შპს „სტანდარტის“ (ს/კ 205033523) წილის შეძენამდე და წილის შეძენის შემდგომ, შპს „სტანდარტის“ (ს/კ
205033523) საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს „სტანდარტის“ (ს/კ 205033523) წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისია ასევე, ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, ფიზიკური პირი ლამზირა გორგოშიძე შპს ,,სტანდარტის“ 100 % წილის მფლობელი გახდა წილის მფლობელის გარდაცვალების გამო, წილის მემკვიდრეობით მიღების საფუძველზე, რაც დასტურდება სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შპს ,,სტანდარტის“ 100 % წილის მფლობელის განცხადებით (NB20044609; 17.06.20) და მისი მიღების ბარათით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ,,სტანდარტისთვის“ წილობრივი მფლობელობის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამოირიცხება და ობიექტურად შეუძლებელია ბაზარზე კონკურენტული გარემოსთვის ზიანის მიყენების საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი.
კომისია იღებს რა მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ფიზიკური პირი ლამზირა გორგოშიძე შპს ,,სტანდარტის“ წილის 100 %-ის მფლობელი გახდა მემკვიდრეობის საფუძველზე და ამასთანავე, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი მონაცემების მიხედვით არათუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არამედ კომპანიის ავტორიზაციის დღიდან (29.05.2017) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე მის მიმართ არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სტანდარტი“ ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 25-ე და 26-ე მუხლების დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით რეგლამენტირებულია კონკრეტული, ამომწურავი შემთხვევები, რაც შეიძლება ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებებად, რომლებსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებებს, მათი ჩამონათვალი 34-ე მუხლით ამომწურავი არ არის და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სტანდარტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 23-ე და 33-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სტანდარტი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 25-ე და 26-ე მუხლების დარღვევის გამო;
2. შპს,,სტანდარტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს„სტანდარტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.co,com.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„სტანდარტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სტანდარტისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს„სტანდარტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
