შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2020 18:28
მიღების თარიღი მაისი 21, 2020
შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-1019; 08.05.2020) თანახმად, შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ სამაუწყებლო ბადის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის 23-27 აპრილის პერიოდში მაუწყებლის ეთერში განთავსდა უცხოური წარმოების ფილმები „ბოროტების სავანე აპოკალიფსი“, „გადამზიდი 3“ და „გამოქვაბული“, რომელთა მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია.
2020 წლის 29 აპრილს კომისიამ წერილით (Nგ-20-04/1457) მიმართა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ და მოითხოვა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის 5 სამუშაო დღეში წარმოდგენა. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათში (N20-10-1019; 08.05.2020) აღნიშნულია, რომ 2020 წლის 6 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ საპასუხო წერილი (Nშ-20-6/2428), რომელშიც საუბარია ფილმების არასახელმწიფო ენაზე განთავსების თაობაზე, თუმცა ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. მაუწყებლის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციისგან წევრი ტელევიზიები ღებულობდნენ მზა პროდუქციას ეთერში განსანთავსებლად. ეს ფილმები და სხვა სახის პროგრამებიც დაცულია მათ არქივში და დროდადრო ხდება მისი გამოყენება. მაუწყებლის განმარტებით, ასე მოხვდა ეთერში 23-27 აპრილს პროგრამაში ჩასმული ფილმები. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ მიერ მოხდა შესაბამისი უფლებების გარეშე აუდიო- ვიზუალური პროდუქციის ეთერში განთავსება.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-1019; 08.05.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 21 მაისს, რის თაობაზეც შპს ,,ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-20-03/1626; 15.05.2020). ამავე შეტყობინებით კომპანიას განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით. შეტყობინებით, მაუწყებელს ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდა სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, კომპანიას ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს ,,ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).
კომისიის 2020 წლის 21 მაისის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ დირექტორი ანდრო ლომთაძე, რომელმაც დაადასტურა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ მიერ უცხოური წარმოების ფილმების „ბოროტების სავანე აპოკალიფსი“, „გადამზიდი 3“ და „გამოქვაბული“ არამართლზომიერი ჩვენების ფაქტი. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2015 წელს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციისგან მათ შეისყიდეს 300 ტიტრირებული ფილმი ერთწლიანი ლიცენზიით, ლიცენზიის ვადა ამოწურულია და ამ ფილმების ეთერში გაშვების უფლება არ ჰქონდათ. მან ასევე, აღნიშნა, რომ თუ კომისია მოითხოვს მაუწყებელმა ეს ფილმები არ გაუშვას, ამას აღარ გააკეთებენ, მაგრამ მათი ტელევიზიის და მისი პირადი თხოვნაა, რომ არარეიტინგული 300 ფილმის ჩვენების უფლება კომისიამ მათ მისცეს.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-1019; 08.05.2020);
2. კომისიის წერილი შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ (Nგ-20-04/1457; 29.04.2020);
3. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ საპასუხო წერილი (Nშ-20-6/2428; 06.05.2020);
4. 2020 წლის 23-27 აპრილს ჩატარებული შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ შემოწმების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;
5. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
6. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებული/ლიცენზირებული პირების რეესტრიდან;
7. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ დირექტორის ა. ლომთაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“ რის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 14.07.2015; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა). შესაბამისად, შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;
მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
2. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ სამაუწყებლო ბადის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის 23-27 აპრილის პერიოდში მაუწყებლის ეთერში განთავსდა უცხოური წარმოების ფილმები „ბოროტების სავანე აპოკალიფსი“, „გადამზიდი 3“ და „გამოქვაბული“, რომელთა მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია.
მტკიცებულება:
3. 2020 წლის 29 აპრილს კომისიამ წერილით (Nგ-20-04/1457) მიმართა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ და მოითხოვა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის 5 სამუშაო დღეში წარმოდგენა. 2020 წლის 6 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ წერილი (Nშ-20-6/2428), რომელშიც მაუწყებელმა დაადასტურა თავის სამაუწყებლო ბადეში 2020 წლის 23-27 აპრილის პერიოდში უცხოური წარმოების ფილმების „ბოროტების სავანე აპოკალიფსი“, „გადამზიდი 3“ და „გამოქვაბული“ განთავსების ფაქტი, თუმცა, არ წარმოუდგენია ამ ფილმების მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ აღნიშნული დოკუმენტაცია კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვისაც არ წარმოუდგენია, ხოლო კომპანიის დირექტორმა კომისიის სხდომაზე დაადასტურა მაუწყებლის მიერ ზემოაღნიშნული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების ფაქტი. შესაბამისად, შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგომ“ 2020 წლის 23-27 აპრილის პერიოდში სამაუწყებლო ბადეში უცხოური წარმოების მხატვრული ფილმები „ბოროტების სავანე აპოკალიფსი“, „გადამზიდი 3“ და „გამოქვაბული“ განათავსა შესაბამისი ნებართვების გარეშე;
მტკიცებულება: კომისიის წერილი (Nგ-20-04/1457;29.04.2020) შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“; შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ საპასუხო წერილი (Nშ-20-6/2428; 06.05.2020); შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ დირექტორის ა. ლომთაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-- განმარტება.
4. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ესკან ონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და „საავტორო უფლებების შესახებ“ 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის და ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების გატარების ვალდებულება.
5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით, ნება დართონ თავისი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი საშუალებით;
6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული უფლებაა. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 23-27 აპრილის პერიოდში შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ ეთერში მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსდა უცხოური წარმოების ფილმები „ბოროტების სავანე აპოკალიფსი“, „გადამზიდი 3“ და „გამოქვაბული“. კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 42-ე, 50-ე მუხლები და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რისთვისაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება, თუკი მაუწყებლის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის ჩადენას პირველად აქვს ადგილი. შესაბამისად, შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ზემოაღნიშნულისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით, კომისია ვერ დააკმაყოფილებს შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ დირექტორის თხოვნას ფილმების არარეიტინგულობაზე მითითებით მხატვრული ფილმების შესაბამისი ნებართვების გარეშე ჩვენების უფლების მიცემასთან დაკავშირებით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე, 50-ე და 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე, 42-ე და 50-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
