ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2020 14:37
მიღების თარიღი მარტი 26, 2020
ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის N20-10-266 30.01.2020 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიამ 2020 წლის 9 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება Nგ-20-18/03, რომლის თანახმადაც ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ მიეცა გაფრთხილება და დაევალა არასახელმწიფო ენაზე კანონდარღვევით განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან ამოღება. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2020 წლის 23 იანვარს და კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოხდა ააიპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ შემოწმება რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2020 წლის 28 იანვარს 22 საათსა და 26 წუთზე „ობიექტივის“ ეთერში გავიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „ყველას გასაგონად“ არასახელმწიფო ენაზე (რუსულ ენაზე). გადაცემას არ ჰქონდა სუბტიტრები სახელმწიფო ენაზე და მისი ხანგრძლივობა იყო 51 წუთი და 44 წამი.
„ობიექტივის“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებული გადაცემები 50 წუთს აღემატება, შესაბამისად არასახელმწიფო ენაზე განთავსებული გადაცემების ხანგრძლივობა გასცდა დასაშვებ საუკეთესო დროის 300 წუთის 10%-ს, 30 წუთს. გარდა ამისა გადაცემას არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები.
ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 19 მარტს, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2020 წლის 19 მარტის სხდომა, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2020 წლის 26 მარტის სხდომაზე განსახილველად.
კომისიის 2020 წლის 26 მარტის დისტანციურ სხდომაზე მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლებმა ბ.ფერაძემ და ზ.ავალიანმა, რომლებმაც აღიარეს კანონის დარღვევის ფაქტი, თუმცა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან და მათი შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის N20-10-266 30.01.2020 სამსახურებრივი ბარათი თანდართული შემოწმების დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერით;
2. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ თაობაზე მონაცემები საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;
3. კომისიის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 19.03.2020 სამსახურებრივი ბარათი.
4. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის 2020 წლის 26 მარტის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 15.07.2015). შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;
2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის 28 იანვარს 22 საათსა და 26 წუთზე „ობიექტივის“ ეთერში გავიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „ყველას გასაგონად“ არასახელმწიფო ენაზე (რუსულ ენაზე). გადაცემას არ ჰქონდა სუბტიტრები სახელმწიფო ენაზე და მისი ხანგრძლივობა იყო 51 წუთი და 44 წამი.
3. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წლიური შემოსავლის 0,5% არ აღემატება 2500 ლარს.
4. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ბოლო ერთი წლის მანძილზე, კერძოდ 2020 წლის 9 იანვარს დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - წერილობითი გაფრთხილება ანალოგიური/მსგავსი სამართალდარღვევისთვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა;
5. „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამას სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), გადაცემული პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებული გადაცემები არ განეკუთვნებიან „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებს (უცხოური ენის შემსწავლელი გადაცემა, მუსიკალური ნაწარმოები, ხმოვანი ბილიკის მეშვეობით არასახელმწიფო ენაზე გადაცემული პროგრამა, გადაცემაში უზრუნველყოფილი მიმდევრობითი თარგმანის თანხლებით გადაცემული გადაცემა). შესაბამისად, სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროგრამის არასახელმწიფო ენაზე, სახელმწიფო ენის სუბტიტრების გარეშე განთავსებით, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტი და „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ბოლო ერთი წლის მანძილზე დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - გაფრთხილება ანალოგიური/მსგავსი სამართალდარღვევისთვის, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ამავდროულად, უნდა დაევალოს დარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71- ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო;
2. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300773251;
ბ) გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის, გადახდიდან 3 დღის ვადაში კომისიაში წარმოდგენა.
3. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ უზრუნველყოს სამაუწყებლო ბადიდან არასახელმწიფო ენაზე კანონდარღვევით განთავსებული პროგრამების დაუყოვნებლივ ამოღება.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა (თ.ხუხუნაიშვილი);
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) და კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი