წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „ტელეიმედის“, შპს „მთავარი არხისა“ და შპს„ტელეკომპანია მაესტროს“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ საჩივრის (შ-20-6/5005; 24.09.2020) განსახილველად მიღებისა და არსებითად განხილვის თარიღის დანიშვნის თაობაზე

ნომერი: გ-20-16 / 774

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2020 13:07

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2020

შპს   „ტელეკომპანია   პირველის“,   შპს   „ტელეიმედის“,   შპს   „მთავარი  არხისა“ და შპს„ტელეკომპანია მაესტროს“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ საჩივრის (შ-20-6/5005; 24.09.2020) განსახილველად მიღებისა და არსებითად განხილვის თარიღის დანიშვნის  თაობაზე

I.  საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - „კომისია“) 2020 წლის 22 სექტემბერს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-6/5005; 24.09.2020) მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“. საჩივარში აღნიშნულია,  რომ  2020  წლის  15 სექტემბრიდან  შპს  „ტელეკომპანია  პირველის“,  შპს„ტელეიმედის“, შპს „მთავარი არხისა“ და შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ ეთერით გადაიცემა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომელიც წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, მიმართულია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციისაკენ.

საჩივრის  თანახმად,  შპს  „ტელეკომპანია  პირველის“,  შპს  „ტელეიმედის“, შპს„მთავარი    არხისა“    და    შპს    „ტელეკომპანია    მაესტროს“    ეთერში  განთავსებული „თავისუფალი საქართველოს“ უფასო პოლიტიკურ რეკლამაში, პარტიის დიდუბე- ჩუღურეთის მაჟორიტარობის  კანდიდატის, თენგიზ ომანიძის გამოსახულების გვერდით ნაჩვენები იყო ვიდეო ამონარიდი „ლელო საქართველოს“ საჯარო გამოსვლიდან, სადაც ჩანს პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და პარტიის სხვა ლიდერები. ვიდეორგოლში თენგიზ ომანიძე მიუთითებს აღნიშნულ ვიდეოზე და ამბობს: „ამ მევახშემ ათასობით ადამიანი უკვე გაასახლა საკუთარი ბინებიდან. ორას ოთხმოცი ათასი ადამიანი ყოველ დღე ელოდება აღსრულების დაწყებას...ჩვენ, „თავისუფალი საქართველო“ უკვე წლებია ვიბრძვით ბანკების და იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ და 200-ზე მეტი ადამიანი გადავარჩინეთ ღია ცის ქვეშ დარჩენას“. საჩივარში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულ ფრაზებს  მოსდევს ვიდეო კადრები,  საიდანაც  იქმნება შთაბეჭდილება,  რომ მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი და შემდეგ მაჟორიტარი კანდიდატი აჟღერებს პარტიის საარჩევნო დაპირებებს.

საჩივრის მიხედვით, აღნიშნული რეკლამა წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, კერძოდ,  არის  არაეთიკური  და  შეცდომაში  შემყვანი  რეკლამა. „რეკლამის  შესახებ“ საქართველოს   კანონის   მე-3   მუხლის   თანახმად,  არაეთიკურია   რეკლამა,   რომელიც „ბღალავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს“; შეცდომაში შემყვანი რეკლამაა რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეცდომაში შეჰყავს რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი“. აღნიშნული გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ რეკლამაში გამომსვლელი პირი, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი პირდაპირ მამუკა ხაზარაძეს სდებს ბრალს ათასობით ადამიანის ბინიდან გამოსახლებაში, მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძეს არ ჰქონია არანაირი შემხებლობა საკრედიტო პროცესთან, ბანკის მსესხებელთან და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ სააღსრულებო წარმოებებთან. შესაბამისად, ზემოთ მითითებულ პოლიტიკურ   რეკლამაში  გაჟღერებული   ფრაზები,   მათ   პარალელურად   გაშვებულ, „ლელოს“ ლიდერების ამსახველ ვიდეო ამონარიდთან ერთად, წარმოადგენს სიცრუეს და მიმართულია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისაკენ და პოლიტიკურ ოპონენტის დისკრედიტაციისაკენ. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად:

„აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით პასუხისმგებლობას“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მოთხოვნაა: შპს„ტელეკომპანია პირველის“, შპს „ტელეიმედის“, შპს„მთავარი არხისა“ და შპს„ტელეკომპანია მაესტროს“ ეთერით გადაცემული პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ უფასო პოლიტიკური რეკლამა, წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, შესაბამისად, კომისიის მიერ იქნეს მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები მითითებული პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების შეწყვეტის მიზნით.

შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „ტელეიმედის“, შპს „მთავარი არხისა“ და შპს„ტელეკომპანია მაესტროს“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ საჩივრის (შ-20-6/5005; 24.09.2020) განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2020 წლის პირველ ოქტომბერს, 15:00 საათზე.

კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, მ. ჯაფარიძე, შპს „ტელეიმედის“ და შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ წარმომადგენელი ნ. ფაშალიშვილი და  შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი თ. მურადაშვილი. შპს „ტელეიმედის“ და შპს„ტელეკომპანია მაესტროს“ წარმომადგენელმა ნ. ფაშალიშვილმა განაცხადა, რომ ფორმალურად არ არის ამ საჩივრის ადრესატი, რადგან ორივე არხზე გავიდა უკვე კორექტირებული ვიდეო-რგოლი, რომელშიც სიტყვა „მევახშეს“ „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე აღარ ამბობს. საჩივრის ავტორმა, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ კლიპში შეცვლილი იყო მხოლოდ ერთი ფრაზა, კერძოდ, „მევახშეს“ ნაცვლად იყო გამოყენებული სიტყვა „ბანკირი“, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვის ცვლილება საჩივრის შინაარსს არ შეცვლის და ამ ცვლილებითაც მათი საჩივარი ძალაში დარჩებოდა. შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა თ. მურადაშვილმა აღნიშნა, რომ კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელია თავად დამკვეთი, ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ და იმის გამო, რომ პოლიტიკური რეკლამის დეფინიციის მიხედით, რეკლამა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი, მაუწყებელი ასეთ კლიპს ვერ დაბლოკავს და მაუწყებელს მხოლოდ რეკლამის გავრცელებისთვის არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს.

II.   სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას ასევე, წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

5.  „მაუწყებლობის     შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა.

6. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171  მუხლის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია; გ) უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ორგანოებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.

7. „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

8. „რეკლამის     შესახებ“ საქართველოს     კანონის     მე-3     მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო   რეკლამა  განმარტებულია   როგორც  მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული,  სოციალური  ან წინასაარჩევნო  რეკლამა, გარდა  მაუწყებლის  მიერ საკუთარ ან  დამოუკიდებელ  პროგრამასთან  დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების,   სამუშაოს,   იდეისა  და  წამოწყებისადმი ინტერესის  ფორმირებასა  და შენარჩუნებას,   აგრეთვე   საქონლის,   მომსახურების,   სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან  დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა,      რომელიც    არის    ფიზიკურ    ან    იურიდიულ  პირზე,  საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

10. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამა არის - რეკლამა, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა.

11. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის  შეშლას,   რომელშიც   ნაჩვენებია   საარჩევნო   სუბიექტი   ან/და   მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერუნდომოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხების გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

12. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

13. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

14. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს  ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

16.  „მაუწყებლობის   შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-14  მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით,   ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო   საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს  მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

18. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

კომისია, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციის  დაკისრება,  ხოლო  ამავე  პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტის  მიხედვით,  საავტორო  და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ხოლო „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს სამაუწყებლო ბადეში არასათანადო რეკლამის განთავსებას. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ხოლო ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „ტელეიმედი“, შპს „მთავარი არხი“ და შპს „ტელეკომპანია მაესტრო“ არიან მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირები. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულის, სამართლებრივი საფუძვლებისა და  დასაბუთების გათვალისწინებით, საჩივარში დასმული საკითხი უკავშირდება მაუწყებლების მიერ სამაუწყებლო რეკლამის, კერძოდ, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობით განთავსების საკითხს, რომლის განხილვაც, კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს და განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „ტელეიმედის“, შპს „მთავარი არხისა“ და შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ საჩივარი უნდა იქნეს მიღებული განსახილველად.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. განსახილველ შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად კომისიამ უნდა დაადგინოს, განეკუთვნება თუ არა შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს„ტელეიმედის“, შპს „მთავარი არხისა“ და შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ საჩივრის მიხედვით წარდგენილი ვიდეორგოლი არასათანადო რეკლამას და დაარღვია თუ არა მაუწყებელმა კანონმდებლობის მოთხოვნები აღნიშნული ვიდეორგოლის ეთერში განთავსებით. კომისია მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას და კომისია უფლებამოსილია საკითხი განიხილოს მარტივი ადმინისტრაციული წესით.

III.   სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“, „წ“ და „ჰ14“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-15 პუნქტების, 171 მუხლის, 21-ე მუხლის 21 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „ტელეიმედის“, შპს „მთავარი არხისა“ და შპს„ტელეკომპანია მაესტროს“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ საჩივარი მიღებულ იქნეს განსახილველად.

2. შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „ტელეიმედის“, შპს „მთავარი არხისა“ და შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ საჩივრის არსებითი განხილვა დაინიშნოს 2020 წლის 8 ოქტომბერს, 15:00 საათზე.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან.

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია      მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს შეისწავლოს  შპს„ტელეკომპანია    პირველის“,    შპს„ტელეიმედის“, შპს „მთავარი არხისა“ და შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ საჩივარი და 2020 წლის 8 ოქტომბრამდე წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა (ი. მახარაძე).

6. დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ)  წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „ტელეიმედის“, შპს „მთავარი არხისა“ და შპს „ტელეკომპანია მაესტროსათვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები