შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივართან (№შ-20-6/4767,15.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2020 19:24
მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2020 19:24
შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივართან (№შ-20-6/4767,15.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში: „კომისია“) შპს„სითი ტელეკომის“ მიმართ საჩივრით (№შ-20-6/4767, 15.09.2020) მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“. საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ვიონი საქართველო“ და შპს „სითი ტელეკომს“ შორის დადებულია ხელშეკრულება ურთიერთჩართვის მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „სითი ტელეკომს“ შპს „ვიონი საქართველოს მიმართ წარმოეშვა დავალიანება. ამასთან, 2018 წლის 15 მაისს კომპანიები შეთანხმდნენ, რომ შპს „სითი ტელეკომი“ დავალიანებას დაფარავდა 15 კალენდარული თვის განმავლობაში.
2. შპს „ვიონი საქართველო“ საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს „სითი ტელეკომი“ დავალიანებას მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იხდიდა. ამასთან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, შპს „სითი ტელეკომი“ არ ადასტურებს შპს „ვიონი საქართველოსთან“ შედარების აქტს. შპს „სითი ტელეკომის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს „ვიონი საქართველო“ იძულებულია შეწყვიტოს შპს „სითი ტელეკომთან“ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა და სასამართლოსათვის მიმართვის გზით მოითხოვოს დავალიანების გადახდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ვიონი საქართველო“ ითხოვს შპს „სითი ტელეკომთან“ არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობას.
3. შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივართან დაკავშირებით კომისიას მიმართა შპს „სითი ტელეკომმა“ (წერილი № შ-20-6/4917, 22.09.2020). შპს „სითი ტელეკომი“ მიუთითებს, რომ ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე შპს „ვიონი საქართველოს“ აქვს გადაუხდელი დავალიანება შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ, ამასთანავე, შპს „სითი ტელეკომს“ შპს „ვიონი საქართველოსთვის“ გადახდილი აქვს ნაკისრი ვალდებულების ნაწილი. გარდა ამისა, 2017 წლის პირველი მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში შპს „ვიონი საქართველო“ უკანონოდ, შეუსაბამოდ მაღალ ფასად ითვლის შპს „სითი ტელეკომიდან“ მის ქსელში შემავალი საერთაშორისო ზარების ღირებულებას. შპს „სითი ტელეკომი“ აღნიშნავს, რომ არასწორია საჩივარში მოყვანილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შპს„სითი ტელეკომი“ არაერთი მცდელობის მიუხედავად არ ადასტურებს შედარების აქტს. შედარებასთან დაკავშირებით შპს „ვიონი საქართველოდან“ მიღებულ წერილზე კომპანიიდან უპასუხეს მოთხოვნით, რომ წარმოდგენილი დავალიანება დაანგარიშებულიყო კონკრეტულ პერიოდებად ჩაშლილი ფორმით, რასაც შპს „ვიონი საქართველოსგან“ გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამრიგად, შპს „სითი ტელეკომი“ მიუთითებს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მოთხოვნა უსაფუძვლოა.
4. შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივართან (№შ-20-6/4767, 15.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 24 სექტემბერს, 15:00 საათზე. შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობითი შუამდგომლობის (შპს „ვიონი საქართველოს“ წერილი №შ-20-6/4917, 22.09.2020) საფუძველზე მოსამზადებელი სხდომა გადაიდო ერთი კვირით და გაიმართა 2020 წლის პირველ ოქტომბერს, 15:00 საათზე. მოსამზადებელ სხდომაზე მონაწილეობდნენ შპს„ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ხუციშვილი და შპს „სითი ტელეკომის“ წარმომადგენელი ნუგზარ ადეიშვილი.
5. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საჩივარს და მიუთითა, რომ კომპანიას წარმოდგენილი აქვს საქმესთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება, არსებობს საჩივრის განსახილველად მიღების საფუძველი. ამასთან, შპს„ვიონი საქართველო“ კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებებს.
6. შპს „სითი ტელეკომის“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ვიონი საქართველოს“ მოთხოვნა. მისი განმარტებით, შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ ფულადი ვალდებულების გამო შპს „სითი ტელეკომს“ აქვს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება, ასევე არასწორია შპს „ვიონი საქართველოს“ კალკულაცია ფულადი ვალდებულების ოდენობასთან დაკავშირებით.
II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების მიხედვით დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ“.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს შორის დავის თაობაზე წარდგენილი განცხადება „მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს“.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“.
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.
ამრიგად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია, განიხილოს ავტორიზებულ პირებს შორის დავა, რომელიც უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას. კომისიის უწყებრივი რეესტრის მიხედვით, შპს „ვიონი საქართველო“ და შპს „სითი ტელეკომი“ განეკუთვნებიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, რამდენად უკავშირდება საჩივრებში დაყენებული მოთხოვნები კომისიის მიერ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარის უფლებამოსილებას, მხოლოდ ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. ამრიგად, კომისიის კომპეტენციებს განეკუთვნება ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისთვის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედი ურთიერთჩართვის თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა.
როგორც აღინიშნა, შპს „ვიონი საქართველო“ ითხოვს კომისიის თანხმობას შპს„სითიტელეკომთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივრის განხილვა მიეკუთვნება კომისიის კომპეტენციებს და იგი მიღებული უნდა იქნეს განსახილველად.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, 62-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარი (№შ-20-6/4767,15.09.2020) მიღებულ იქნეს განსახილველად.
2. შპს „ვიონი საქართველოს“ და შპს „სითი ტელეკომს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2020 წლის 8 ოქტომბერს, 15:00 საათზე.
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
