წვდომის მენიუ

შპს„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მიმართ ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივართან (№შ-20-6/4641, 08.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-16 / 726

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2020 0:09

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020

შპს„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი  2-ის“ მიმართ ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივართან  (№შ-20-6/4641,  08.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის შესახებ

I.      საქმის აღწერა

1.   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნულ   კომისიას  (შემდგომში:  „კომისია“) საჩივრით  (№შ-20-6/4641,  08.09.2020) მიმართა ა(ა)იპ  „თანასწორობის მოძრაობამ“. საჩივარში მითითებულია, რომ ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობამ“ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“   სამაუწყებლო    ბადეში    სოციალური    რეკლამის  სახით განსათავსებლად წარუდგინა ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებული    ვიდეორგოლი.  შპს„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა წარდგენილი მასალის სოციალური   რეკლამის   სტატუსით  განთავსების  თაობაზე. მაუწყებელმა მიუთითა, რომ ვიდეორგოლის შინაარსი არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ა(ა)იპ„თანასწორობის მოძრაობის“ განმარტებით, ორგანიზაციამ  ვიდეორგოლის მომზადებისას სრულად გაითვალისწინა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. აღნიშნული ვიდეორგოლის მიზანია ლგბტ+ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ჩაგვრის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაში თანასწორობისა და ჰუმანურობის პრინციპების განმტკიცება.

3.   საჩივარში  მითითებულია,  რომ  ა(ა)იპ  „თანასწორობის  მოძრაობის“  მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეების პერიოდში სოციალური  რეკლამის  სახით  განთავსდა  5  მაუწყებლის  (შპს „მთავარი  არხი“,  შპს„ფორმულა“,   საზოგადოებრივი   მაუწყებელი,  საზოგადოებრივი   მაუწყებლის   აჭარის ტელევიზია,  TV  პირველი ეთერში. საჩივრის  ავტორი  ითხოვს,  კომისიამ  შეისწავლოს საკითხი და მოახდინოს რეაგირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საჩივარს თან ერთვის ვიდეორგოლის ჩანაწერი.

4.  ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ ვიდეორგოლთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა (სამსახურებრივი ბარათი№20-10-1976, 23/09/2020). აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, ვიდეორგოლში ასახულია ღირებულებების ზოგადი დეკლარირება (მაგ.: „იმ სამყაროში სადაც თანასწორობა არაა, ყველა იჩაგრება; თავისუფლება შენი არის თავისუფლება ჩემი, რა გვაქვს ჩვენ უფრო ძვირფასი“). შესაბამისად, ვიდეორგოლი არ ემსახურება კონკრეტული პროექტის ან პროცესის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ვიდეორგოლში არ იკვეთება რაიმე კონკრეტულ პროექტთან ან/და პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე აქტივობები. რგოლის შინაარსი ზედმეტად განზოგადებულია იმისთვის, რომ ის მიჩნეულ იქნეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სოციალურ რეკლამად და მაუწყებელს დაევალოს აღნიშნული ვიდეორგოლის განსათავსებლად საეთერო დროის უფასოდ გამოყოფა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ვიდეორგოლი არ თავსდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ7 პუნქტის დეფინიციაში.

5.  საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2020 წლის 24 სექტემბერს, 15:00 საათზე. სხდომაში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელი ანა აფციაური და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წარმომადგენელი თინათინ მურჯიკნელი.

6.  ა(ა)იპ   „თანასწორობის   მოძრაობის“   წარმომადგენელმა,   ანა  აფციაურმა   მხარი დაუჭირა საჩივარს. მისი განმარტებით, სადავო ვიდეორგოლი ემსახურება მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მიჩნეულ უნდა იქნეს სოციალურ რეკლამად. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ უკანონოდ თქვა უარი ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სახით ეთერში განთავსებაზე და სათანადოდ არ განმარტა უარის თქმის მიზეზი.

7. შპს  „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“  წარმომადგენლის,  თინათინ მურჯიკნელის მითითებით, ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სახით განთავსებაზე უარის თქმის მიზეზი იყო რგოლის ბუნდოვანი შინაარსი და ის გარემოება, რომ იგი არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისთვის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

II.        გამოკვლეული მტკიცებულებები

1.  ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ შესახებ;

2.  ა(ა)იპ  „თანასწორობის მოძრაობის“  საჩივარი (№შ-20-6/4641,    08.09.2020) თანდართული მასალებით;

3. კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური  მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-1976, 23/09/2020).

4.  მხარეთა ახსნა-განმარტებები.

III.   დადგენილი გარემოებები

1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია (მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ შესახებ).

2. ა(ა)იპ  „თანასწორობის  მოძრაობამ“  შპს  „სამაუწყებლო  კომპანია რუსთავი  2-ს“ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სახით განსათავსებლად წარუდგინა მის მიერ მომზადებული  ვიდეორგოლი (მტკიცებულება: ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივარი (№შ-20-6/4641, 08.09.2020) თანდართული მასალებით, მხარეთა ახსნა- განმარტებები).

3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ უარი განაცხადა ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის   სახით განთავსებაზე   (მტკიცებულება: ა(ა)იპ  „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივარი (№შ-20-6/4641, 08.09.2020) თანდართული მასალებით, მხარეთა ახსნა- განმარტებები).

IV.   სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის  თანახმად,  მაუწყებლობის  სფეროში  კომისიის ფუნქციებს  განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით კი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

2.    „მაუწყებლობის   შესახებ"   საქართველოს   კანონის   მე-14   მუხლის  21 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

3. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა.

4. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეკლამა  არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

5. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო  მიზნების  მიღწევისკენ,  მნიშვნელოვან საზოგადოებრივ  საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული  და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს,    კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

6.   „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და  არადისკრიმინაციულად     დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს მაუწყებლის    ვალდებულებას,    უსასყიდლოდ  და   არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90  წამისა ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას.

როგორც აღინიშნა, ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მიუთითებს, რომ მან სოციალური რეკლამის სახით განსათავსებლად შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ წარუდგინა ვიდეორგოლი, რომელმაც უარი თქვა აღნიშნული ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ქმედება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ითხოვს სათანადო რეაგირებას. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად,   შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. შესაბამისად, იმის დასადგენად, ვალდებულია  თუ  არა  შპს  „სამაუწყებლო  კომპანია რუსთავი  2“  განათავსოს  ა(ა)იპ„თანასწორობის მოძრაობის მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი, უნდა განისაზღვროს, განეკუთვნება თუ არა აღნიშნული რგოლი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ „სოციალურ რეკლამას“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

ამა თუ იმ აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების სოციალურ რეკლამად შესაფასებლად, მნიშვნელოვანია, იგი ექცეოდეს ზემოთდასახელებული დეფინიციის ფარგლებში. გარდა ამისა, კომისიის დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აუდიო-ვიზუალურ პროდუქციაში ზოგადად საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობების აბსტრაქტული დეკლარირება კონკრეტული პროექტის, პროცესისა და იდეის რეკლამირების გარეშე არ მიიჩნევა სოციალურ რეკლამად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისთვის (იხ. „შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვის თაობაზე" კომისიის გადაწყვეტილება (№543/16, 17.08.2017), ასევე იხ.„ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ განცხადებების განხილვის თაობაზე“ კომისიის (№187/12, 23.03.2017) გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში, როგორც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის დასკვნაშია  აღნიშნული,  ა(ა)იპ„თანასწორობის მოძრაობის მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი შეიცავს თანასწორობისა და თავისუფლების ღირებულებების ზოგად დეკლარირებას (მაგალითად, რგოლში გახმოვანებულია შემდეგი ტექსტი: „იმ სამყაროში სადაც თანასწორობა არაა, ყველა იჩაგრება; თავისუფლება შენი არის თავისუფლება ჩემი, რა გვაქვს ჩვენ უფრო ძვირფასი.“). ამგვარი ზოგადი, დეკლარაციული ხასიათის გამო ვიდეორგოლი არ ემსახურება კონკრეტული პროექტის, პროცესის ან პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. შესაბამისად, იგი ვერ შეფასდება საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართულ რეკლამად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიდეორგოლი არ თავსდება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოციალური რეკლამის ლეგალურ დეფინიციაში. შესაბამისად, ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ წარდგენილი აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები არ არის იმ შინაარსის, რომ მიჩნეულ იქნეს სოციალურ რეკლამად, რომლის განთავსებაც შეიძლება დაევალოს მაუწყებელს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი  2-ის“  მიმართ  ა(ა)იპ  „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივარი (შ-20-6/4641,08.09.2020)არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამრიგად, როგორც უკვე დადგინდა, ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი, დააკისროს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ აღნიშნული ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსება. ამავდროულად, სადავო ვიდეორგოლში დეკლარირებულია მნიშვნელოვანი ადამიანური ღირებულებები - თანასწორობა და თავისუფლება, ვიდეორგოლი არ შეიცავს კომერციული ან/და წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნებს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო  სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული    მომსახურების     რეკლამირებას.     კომისიის     პრაქტიკის     თანახმად,    შპს„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში უფლება აქვს, წარმოდგენილი ზოგადი ადამიანური ღირებულებების (თანასწორობა და თავისუფლება) დეკლარაციის შემცველი ვიდეო მასალა უსასყიდლოდ განათავსოს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში, ისე, რომ არ დაირღვეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით  (განთავსების მიზნით მაუწყებლისთვის წარდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად უნდა დაეთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა) გათვალისწინებული   მოთხოვნები   სხვა   რეკლამის   დამკვეთთა  მიმართ   (იხ.   „შპს„ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვის თაობაზე" კომისიის გადაწყვეტილება (№543/16, 17.08.2017).

V.   სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 451 მუხლის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    შპს   „სამაუწყებლო   კომპანია   რუსთავი   2-ის“   მიმართ   ა(ა)იპ  „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივარი (№შ-20-6/4641, 08.09.2020) არ დაკმაყოფილდეს.

2.    დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     (ო. ვოტ)    წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

4.   გადაწყვეტილება     ძალაში     შევიდეს     მისი     დამოწმებული    ასლის     ა(ა)იპ„თანასწორობის მოძრაობისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისთვის“ ჩაბარებისთანავე.

5.  გადაწყვეტილების   შესრულებაზე   კონტროლი   დაევალოს   კომისიის  აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ელისო ასანიძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები