შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მიმართ ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივართან (№შ-20-6/4641, 08.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2020 10:49
მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2020
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მიმართ ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივართან (№შ-20-6/4641, 08.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში: „კომისია“) საჩივრით (№შ-20-6/4641, 08.09.2020) მიმართა ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობამ“. საჩივარში მითითებულია, რომ ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობამ“ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სახით განსათავსებლად წარუდგინა ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეორგოლი. შპს„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა წარდგენილი მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების თაობაზე. მაუწყებელმა მიუთითა, რომ ვიდეორგოლის შინაარსი არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ განმარტებით, ორგანიზაციამ ვიდეორგოლის მომზადებისას სრულად გაითვალისწინა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. აღნიშნული ვიდეორგოლის მიზანია ლგბტ+ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ჩაგვრის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაში თანასწორობისა და ჰუმანურობის პრინციპების განმტკიცება.
3. საჩივარში მითითებულია, რომ ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეების პერიოდში სოციალური რეკლამის სახით განთავსდა 5 მაუწყებლის (შპს „მთავარი არხი“, შპს„ფორმულა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, TV პირველი) ეთერში. საჩივრის ავტორი ითხოვს, კომისიამ შეისწავლოს საკითხი და მოახდინოს რეაგირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საჩივარს თან ერთვის ვიდეორგოლის ჩანაწერი.
4. საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2020 წლის 17 სექტემბერს, 15:00 საათზე. მოსამზადებელ სხდომაში მონაწილეობდნენ საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ანა აფციაური და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წარმომადგენელი სალომე ჭელიძე.
5. ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და ითხოვა საჩივრის მიღება არსებითად განსახილველად. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მაუწყებელმა ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სახით ეთერში განთავსებაზე უარი განაცხადა იმის გამო, რომ მისი შინაარსი არ შეესაბამებოდა სოციალური რეკლამის მიმართ კანონმდებლობით წაყენებულ მოთხოვნებს.
II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით კი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
2. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
3. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა.
4. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.
5. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია; გ) უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ორგანოებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.
6. „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.
10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.
ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“. ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს, უკავშირდება თუ არა საჩივარში დასმული საკითხი კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას.
როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ფუნქციებში შედის „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“. თავის მხრივ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლისა და 21-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო რეკლამის, მათ შორის, სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებებს.
ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მიუთითებს, რომ მან სოციალური რეკლამის სახით განსათავსებლად შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ წარუდგინა ვიდეორგოლი, რომელმაც უარი თქვა აღნიშნული ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ქმედება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ითხოვს სათანადო რეაგირებას. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. ამრიგად, საჩივარში დასმული საკითხი უკავშირდება მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო რეკლამის, კერძოდ, სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების კონტროლს და მისი გადაწყვეტა განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივარი (№შ-20-6/4641, 08.09.2020) უნდა იქნეს მიღებული განსახილველად.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. განსახილველ შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად კომისიამ უნდა დაადგინოს, განეკუთვნება თუ არა ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ შპს„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისთვის“ წარდგენილი ვიდეორგოლი „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სოციალურ რეკლამას და დაარღვია თუ არა მაუწყებელმა კანონმდებლობის მოთხოვნები აღნიშნული ვიდეორგოლის განთავსებაზე უარის თქმით. კომისია მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი უშვებს მსგავსი ფორმატის დავების გადაწყვეტას ორგანიზებული პროცედურების განხორციელებისა და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გარეშე. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 21 პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. მართალია, დასახელებული ნორმით მოწესრიგებულია სოციალური რეკლამის განთავსების თაობაზე დავა ადმინისტრაციულ ორგანოსა და მაუწყებელს შორის, თუმცა, აღნიშნული კატეგორიის დავებზეც არსებითად იდენტურია გადასაწყვეტი საკითხი - განეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ვიდეორგოლი სოციალურ რეკლამას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილია ა(ა)იპ„თანასწორობის მოძრაობის“ საჩივარი (№შ-20-6/4641, 08.09.2020) განხილულ იქნეს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის 21, მე-3 პუნქტების და მე-4 პუნქტების, მე-15 მუხლის, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 50-ე და 591 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის 171 მუხლის, 21-ე მუხლის 21 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მიმართ ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივარი (№შ-20-6/4641, 08.09.2020) მიღებულ იქნეს განსახილველად.
2. ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობას“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2020 წლის 24 სექტემბერს 15:00 საათზე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს შეისწავლოს ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივარზე (№შ-20-6/4641, 08.09.2020) თანდართული ვიდეორგოლი და წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა (ი. მახარაძე).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
