შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივართან (№შ-20-6/4151, 13.08.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2020 15:19
მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020
შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივართან (№შ-20-6/4151, 13.08.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში: „კომისია“) საჩივრით (№შ-20-6/4151, 13.08.2020) მიმართა სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“. საჩივარში მითითებულია, რომ 2020 წ. 11 აგვისტოს შპს „ფორმულას“ ეთერში და ფეისბუქგვერდზე განთავსდა გადაცემა „ფსკერი“, რითაც შპს „ფორმულამ“ დაარღვია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებები და კანონიერი ინტერესები.
2. საჩივრის თანახმად, დასახელებულ გადაცემაში გამოყენებულ იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგო, ამავე მაუწყებლის გადაცემა „ახალი დღის“ ლოგო და ვიზუალური მხარე უცვლელი სახით. საჩივრის ავტორის მტკიცებით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები მის სატელევიზიო გადაცემაზე, გადაცემის შეფუთვასა და ლოგოებზე. ამასთან, სოციალურ ქსელში მასალა გავრცელდა იმგვარად, რომ არ ჰქონდა მითითებული შპს „ფორმულას“ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. შედეგად, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შპს „ფორმულამ“ დაარღვია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.
3. გარდა ამისა, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მიუთითებს კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, კოდექსის გამოყენებისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს გამოქვეყნებული მასალის კონტექსტი და მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) მოსალოდნელი ზიანისა და შეურაცხყოფის მიყენების ფორმა, რომელიც შესაძლებელია მოახდინოს პროგრამაში გარკვეული შინაარსის მასალის გამოყენებამ; ბ) სავარაუდო აუდიტორიის სიდიდე და შემადგენლობა; გ) სავარაუდო აუდიტორიის მოლოდინი კონკრეტული პროგრამის მიმართ, პროგრამის შესახებ აუდიტორიის ინფორმირების შესაძლებლობა და სავარაუდო აუდიტორიაზე პროგრამის შესაძლო ზემოქმედება; დ) პროგრამის შინაარსობრივ ნაწილზე სარედაქციო დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის შენარჩუნების მნიშვნელობა. ამასთან, ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კოდექსის ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება მაუწყებლის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ მასალებზეც.
4. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე. მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. საჩივარში ასევე მითითებულია ქცევის კოდექსის მე-14 მუხლზე, რომელიც, საჩივრის ავტორის მტკიცებით, შეიცავს სახელმძღვანელო რეკომენდაციებს მაუწყებლის მიერ ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ.
5. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მიიჩნევს, რომ გადაცემა „ახალი დღის“ იმიტაცია მიზნად ისახავდა მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი. საჩივარში მითითებულია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ეთერში განთავსებული კონტენტის მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი მიუღებლად მიიჩნევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით ნებისმიერი, თუნდაც იუმორისტული კონტენტის მომზადებას და ეთერში განთავსებას.
6. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგოს, გადაცემა „ახალი დღის“ ლოგოს და ვიზუალის უცვლელი სახით უკანონოდ გამოყენების შედეგად, შპს „ფორმულამ“ შეცდომაში შეიყვანა აუდიტორია, რითაც დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმები. კერძოდ, შპს „ფორმულამ“ ინფორმაცია გაავრცელა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემის ვიზუალით და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახელით, რაც არასწორია, არის შეცდომაში შემყვანი და არღვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ითხოვს საჩივრის წარმოებაში მიღებას და შპს „ფორმულასთვის“ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
8. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივართან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება (№შ-20-6/4307, 19.08.2020) წარმოადგინა შპს „ფორმულამ. იგი მიიჩნევს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს განსახილველად მიღებული.
9. შპს „ფორმულას“ განმარტებით, საჩივარში არასწორად არის მითითებული სადავო გადაცემის ეთერში განთავსების თარიღი, ვინაიდან გადაცემა ეთერში განთავსდა არა 2020 წლის 11 აგვისტოს, არამედ - 2020 წლის 26 ივლისს. იგი მიუთითებს, რომ „ფსკერი“ იუმორისტული ჟანრის გადაცემაა, რომლის მიზანია მედიასივრცეში მიმდინარე მოვლენების კრიტიკული კუთხით წარმოჩენა და იუმორისტული ჟანრის დადგმების მიწოდება საზოგადოებისთვის. ამასთან, ყოველ გადაცემაში წამყვანი განმარტავს, რომ სიუჟეტები დადგმულია.
10. შპს „ფორმულას“ მტკიცებით, აღნიშნული მაუწყებლის ეთერში სადავო გადაცემა განთავსდა იმგვარად, რომ მასზე დატანილი იყო როგორც გადაცემა „ფსკერის“, ისე -შპს „ფორმულას“ ლოგო, ხოლო გადაცემის სოციალურ ქსელში ავტორად დაფიქსირდა გადაცემა „ფსკერი“, რაც მიანიშნებდა, რომ გადაცემა ატვირთულა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით.
11. შპს „ფორმულა“ მიუთითებს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი იძლევა ილუსტრაციის სახით ნაწარმოებების მოკლე ნაწყვეტების გამოყენების შესაძლებლობას. მსოფლიოში მიღებული და აპრობირებული პრაქტიკაა იუმორისტულ ჟანრში პაროდიის/იმიტაციის გაკეთება, მეტი სიზუსტისათვის ლოგოს და გადაცემის შეფუთვის გამოყენება, რაც არ არის საავტორო უფლებების დარღვევა. ამის მაგალითად შპს „ფორმულა“ მიუთითებს, რომ აშშ-ში Fox & Friends-ის პაროდია განთავსდა Saturday Night Live - გადაცემაში, NBC-ს (National Broadcasting Company) არხზე.
12. შპს „ფორმულას“ განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიაჩნია, რომ დაირღვა მისი საავტორო და მომიჯნავე უფლებები, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ვინაიდან კომისიის მიერ ამ საკითხის განხილვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იქნება.
13. შპს „ფორმულას“ მოსაზრებით, სადავო გადაცემაში, ასევე ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთულ ვიდეორგოლში ნათლად ჩანს როგორც „ფორმულას“, ისე - გადაცემა „ფსკერის“ ლოგოები, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ გადაცემა იუმორისტული რეკონსტრუქციაა. შესაბამისად, გადაცემა მიზნად არ ისახავდა აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას და დარღვეული არ არის „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმები. შპს „ფორმულამ“ წარმოადგინა გადაცემა „ფსკერის“ 2020 წლის 26 ივლისის გადაცემის ნაწყვეტის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი, აგრეთვე NBC-ის არხზე გასულ გადაცემა “Saturday Night live-ის“ აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი.
14. საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2020 წლის 20 აგვისტოს 15:00 საათზე. სხდომაში მონაწილეობდნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი და შპს „ფორმულას“ წარმომადგენლები ეთერ ქათამაძე და ნიკა ქავთარაძე.
II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით კი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
2. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
3. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი - დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54- ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ...მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“).
4. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ლიცენზიის მფლობელებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ქცევის კოდექსს.
5. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადსახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯაროდაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.
6. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით და მათზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი.
7. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი მაუწყებლობის სახეებია - მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე.
8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.
9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.
ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“. ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს, უკავშირდება თუ არა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარში დასმული საკითხები კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას.
საჩივრის ავტორი, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე დაფუძნებული საზოგადოებრივი მაუწყებელია. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „ფორმულა“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარში მოთხოვნილია მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „ფორმულას“ დაეკისროს პასუხისმგებლობა კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმების დარღვევის გამო.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი - დაუშვებელია ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ დამტკიცებულია კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით.
ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მიხედვით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნორმების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში და მისი განხილვა არ განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას. შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარში დაყენებული მოთხოვნა შპს „ფორმულას“ მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნორმების დარღვევის თაობაზე, არ განეკუთვნება კომისიის განსახილველ საკითხებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარზე (№შ-20-6/4151, 13.08.2020) უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „ფორმულას“ მიერ კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საჩივრით ასევე ითხოვს, რომ შპს „ფორმულას“ დაეკისროს პასუხისმგებლობა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევისათვის.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით კი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ფორმულამ“ საჩივრის ავტორის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით გარანტირებული უფლება დაარღვია სადავო კონტენტის მაუწყებლის ეთერში და სოციალურ ქსელში (ფეისბუქგვერდზე) განთავსებით. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ზემოთდასახელებული ნორმების გათვალისწინებით, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობის კონტროლი მაუწყებლობის სფეროში. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებლობას არ განეკუთვნება სოციალური ქსელის, ფეისბუქგვერდის მეშვეობით კონტენტის განთავსება. შესაბამისად, კომისიის უფლებამოსილებებში არ შედის შპს „ფორმულას“ მიერ სადავო კონტენტის სოციალურ ქსელში (ფეისბუქგვერდზე) განთავსებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საავტორო/მომიჯნავე უფლების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (№შ-20-6/4151, 13.08.2020) უნდა იქნეს მიღებული მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „ფორმულას“ მიერ მაუწყებლის ეთერში კონტენტის განთავსებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამავდროულად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარზე (№შ-20-6/4151, 13.08.2020) უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „ფორმულას“ მიერ სოციალურ ქსელებში (ფეისბუქ-გვერდზე) კონტენტის განთავსებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის 21 და მე-3 პუნქტების, მე-15 მუხლის, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 50-ე და 591 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (№შ-20-6/4151, 13.08.2020) მიღებულ იქნეს განსახილველად მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „ფორმულას“ მიერ მაუწყებლის ეთერში კონტენტის განთავსებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
2. შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარზე (№შ-20-6/4151, 13.08.2020) შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) შპს „ფორმულას“ მიერ კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ბ) შპს „ფორმულას“ მიერ სოციალურ ქსელებში (ფეისბუქგვერდზე) კონტენტის განთავსებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
3. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და შპს „ფორმულას“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2020 წლის 27 აგვისტოს, 15:00 საათზე.
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი