წვდომის მენიუ

შპს “ფიგენსოფთ ჯორჯია FIGENSOFT GEORGIA Ltd“-სთვის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: გ-20-12 / 706

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2020 10:27

მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2020

შპს “ფიგენსოფთ ჯორჯია FIGENSOFT GEORGIA Ltd“-სთვის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  მიმართა  შპს  “ფიგენსოფთ ჯორჯია FIGENSOFT  GEORGIA  Ltd“-მ  (ს/კ404460793) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4564, 04.09.2020) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, კომპანიას სურს ავტორიზაციის გავლა ფიქსირებული და მობილური ქსელის საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდებაზე.

კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ტექნიკური სქემა, თუ როგორ მოხდება ფიქსირებული და მობილური ქსელის საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდება. კომპანიის მიერ წარმოდგენილი საქმიანობის აღწერის მიხედვით შპს “ფიგენსოფთ ჯორჯია FIGENSOFT GEORGIA Ltd“ ამჟამად იყენებს მობილურ ოპერატორებთან მიერთებას SMPP პროტოკოლის მეშვეობით და მომხმარებელს სთავაზობს შეტყობინებების გაგზავნის მომსახურებას სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ავტორიზაცია არის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით“. ამავე მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი „ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს“;

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურების ზოგადი მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ  ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 7 მარტის 2002/21/EC დირექტივის (ჩარჩო დირექტივა) თანახმად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება განმარტებულია როგორც მომსახურება, რომელიც მიეწოდება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ და ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით სიგნალის მთლიანდ ან ძირითადად გადაცემას.  (Article  2  (c)  of  the  previous Framework Directive (2002/21/EC) defined  an electronic communications service as a service normally provided for remuneration which consists wholly or mainly in the conveyance of signals on electronic communications networks).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ პირი დაექვემდებაროს ავტორიზაციას, საჭიროა შემდეგი ორი პირობის კუმულატიურად არსებობა:

1. პირი უნდა ახორციელებდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მას უნდა გააჩნდეს ისეთი ქსელის ელემენტები, რომლებიც სიგნალს გადასცემენ და არიან მობილური ქსელის ოპერატორთან ურთიერთჩართული.

2. გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება უნდა იყოს ფასიანი.

შპს “ფიგენსოფთ ჯორჯია FIGENSOFT GEORGIA Ltd“-ს ავტორიზაციის საკითხის განხილვა დაიწყო 2020 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე. საკითხის შემდგომი შესწავლისა და ქსელის ელემენტების შემოწმების განხორციელების მიზნით საკითხის განხილვა გადაიდო და ჩაინიშნა 2020 წლის 17 სექტემბერს.

კომისიის 2020 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 15 სექტემბერს კომპანიის ოფისში განხორციელდა შემოწმება თუ როგორ ხდება სიგნალის მიწოდება მობილური ოპერატორებისათვის და შემოწმების შედეგად არ დადასტურდა შპს “ფიგენსოფთ ჯორჯია FIGENSOFT GEORGIA Ltd“-ს წერილში აღნიშნული გარემოებები. ჩატარებული შემოწმებით დასტურდება, რომ შპს “ფიგენსოფთ ჯორჯია FIGENSOFT GEORGIA Ltd“-ს საქართველოში არ გააჩნია ისეთი ქსელური ელემენტები, რომლებიც სიგნალს გადასცემენ და არიან მობილური ქსელის ოპერატორთან ურთიერთჩართული (კერძოდ არ აქვს სმს პლატფორმა რომელიც დაკავშირებულია მობილური ოპერატორებთან SMPP პროტოკოლით). უფრო დეტალურად, კომპანიას არ გააჩნია თავისი პლატფორმა სადაც ის ამუშავებს სმს-ებს და შემდგომ ურთიერთჩართვის გზით უგზავნის მობილური ოპერატორის სმს ცენტრს, საიდანაც შეუფერხებლად მიეწოდება აბონენტებს).

შესაბამისად, ვინაიდან შპს“ ფიგენსოფთ ჯორჯია FIGENSOFT GEORGIA Ltd“ ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას, იგი არ ექვემდებარება ავტორიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რის გამოც მისი მოთხოვნა ავტორიზაციის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დამე-11 მუხლების, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   უარი   ეთქვას   შპს   “ფიგენსოფთ   ჯორჯია   FIGENSOFT   GEORGIA   Ltd“-ს   (ს/კ   404460793) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “ფიგენსოფთ ჯორჯია FIGENSOFT GEORGIA Ltd“-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “ფიგენსოფთ ჯორჯია FIGENSOFT GEORGIA Ltd“-სთვის ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს “ფიგენსოფთ ჯორჯია FIGENSOFT GEORGIA Ltd“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები