წვდომის მენიუ

შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის 40%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის და 30%-ის გიორგი დალაქიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-11 / 597

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2020 16:24

მიღების თარიღი ივლისი 30, 2020

შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის 40%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის და 30%-ის გიორგი დალაქიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 14 ივლისის №035 წერილით მიმართა შპს „მაიფონმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/3645 14.07.2020), შპს „მაიფონის“ წილის 40%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის და 6,7%-ის გიორგი დალაქიშვილის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისიის 2020 წლის 23 ივლისის სხდომაზე, შპს „მაიფონის“ პარტნიორებმა მოითხოვეს საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება, ვინაიდან სურვილი ჰქონდათ კორექტივები შეეტანათ პარტნიორთა შორის წილობრივ გადანაწილებაში, რასთან დაკავშირებითაც განაცხადეს, რომ წერილობით წარმოადგენდნენ დაზუსტებულ მოთხოვნას.

შპს „მაიფონმა“ 2020 წლის 23 ივლისის №039 წერილით (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-20-6/3809 23.07.2020) მიმართა კომისიას დაზუსტებული მოთხოვნით, შპს „მაიფონის“ წილის 40%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის და 30%-ის გიორგი დალაქიშვილის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების თაობაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერავიო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

სხვა

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება

შპს  „მაიფონი“  ახორციელებს  ფიქსირებული  სატელეფონო  (ხმოვანი)  კავშირით

მომსახურებას VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით.

შპს „მაიფონის“ აქტიური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 10218  აბონენტი, მათ შორის: კორპორატიული - 1891 აბონენტი, ფიზიკური პირი - 8327 აბონენტი.

ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებიდან  (VOIP საცალო მომსახურება - სააბონენტო, წუთობრივი; საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ურთიერთჩართვა) შპს „მაიფონის“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა   2020 წლის 6 თვის განმავლობაში შეადგინა - 744 324 ლარი.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მაიფონის“ წილის 70%-ის მფლობელია შპს „ვ.კ.“, წილის 20%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი დალაქიშვილი, ხოლო წილის 10%-ის მფლობელია - ფიზიკური პირი ანზორ ბუბუტეიშვილი.

შპს „მაიფონის“ დირექტორია გიორგი დალაქიშვილი.

შპს „ვ.კ“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

შპს „ვ.კ“-ს დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ვლადიმერ ზეინკლიშვილი.

შპს „მაიფონის“ განცხადების თანახმად, ფიზიკურ პირ ანზორ ბუბუტეიშვილს განზრახული აქვს შეიძინოს შპს „ვ.კ“-ს კუთვნილი შპს „მაიფონის“ წილის 70%-იდან წილის 40%, ხოლო ფიზიკურ პირ გიორგი დალაქიშვილს განზრახული აქვთ შეიძინოს შპს „ვ.კ“-ს კუთვნილი შპს „მაიფონის“ წილის 70%-იდან წილის 30%. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო განხორციელების შემთხვევაში, კომპანიის პარტნიორებს შორის წილები გადანაწილდება შემდეგი პროპორციით:  გიორგი დალაქიშვილი - 50%, ანზორ ბუბუტეიშვილი - 50%.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მაიფონის“ წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირების, ანზორ ბუბუტეიშვილის და გიორგი დალაქიშვილის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონი“ წილის 100%-ს ფლობს ავტორიზებულ პირ შპს „იუ თი ეს“-ში. შპს „იუ თი ეს“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით. შპს „იუ თი ეს“-ის აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 51 აბონენტი, ხოლო ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა (VOIP საცალო მომსახურება - სააბონენტო, წუთობრივი; საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ურთიერთჩართვა) 2020 წლის 6 თვის განმავლობაში შეადგინა - 77227 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაიფონის“ წილის 40%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის და 30%-ის გიორგი დალაქიშვილის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მაიფონის“ წილის 40%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის და 30%-ის გიორგი დალაქიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „მაიფონს“, შპს „მაიფონის“ წილის 40%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის და 30%-ის გიორგი დალაქიშვილის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „მაიფონს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „მაიფონი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაიფონისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

4.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  შპს „მაიფონისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „მაიფონისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები