წვდომის მენიუ

შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 685

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2019 18:31

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2019

შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-2026, 16.10.2019) და სამსახურებრივი ბარათიდან (N19-10-2215, 15.11.2019) ირკვევა, რომ შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის ივნისი, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა).

კომისიის  აპარატის  სამართლებრივი  დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათის  (N19-10-2236, 20.11.2019) პასუხად, კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის   სამსახურებრივი   ბარათიდან   (N19-10-2315;   28.11.2019)   ირკვევა,   რომ   შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკს“ არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები 2019 წლის ივნისიდან.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (N19-10-2026, 16.10.2019) და სამსახურებრივი ბარათიდან (N19-10-2215, 15.11.2019), ასევე კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2315; 28.11.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 5 დეკემბერი. აღნიშნულის   თაობაზე   შეტყობინება   (N   გ-19-03/3779,   29/11/2019)   ფოსტით   გაეგზავნა   შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკს“, რომელიც კომპანიას  ჩაბარდა 2019 წლის 4 დეკემბერს.

კომისიის 2019 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე  შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადადიდო და დაინიშნა 2019 წლის 12 დეკემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-19-03/3845, 06/12/2019), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 11 დეკემბერს. ზემოაღნიშნული შეტყობინება ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-interneishenal-netvorks.page).

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  მოხსენებითი ბარათი (N19-10-2026, 16.10.2019) და სამსახურებრივი ბარათი (N19-10-2215, 15.11.2019);

2.    კომისიის  აპარატის  სამართლებრივი  დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი  (N19-10-2236, 20.11.2019);

3. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი (N19-10-2315; 28.11.2019);

4. კომისიის  შეტყობინება  (Nგ-19-03/3779,  29/11/2019)  და  აღნიშნული შეტყობინების შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01007010259 );

5.    კომისიის   შეტყობინება   (N   გ-19-03/3845,   06/12/2019)   აღნიშნული   შეტყობინების   შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01007010309), ასევე, კომპანიის კომისიის სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-interneishenal-netvorks.page);

6.     ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკის“ შესახებ;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.     შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკ“ 2017 წლის 14 აგვისტოდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi);

2.     შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკ“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2011  წლის  25  მარტის  N144/22 გადაწყვეტილების      ნაწილობრივ     ძალადაკარგულად     ცნობისა     და     სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4. ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა);

5.    შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკს“ არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები 2019 წლის ივნისის თვიდან;

6.    შპს     „ინტერნეიშენალ     ნეთვორკის“     მიმართ     ბოლო     ერთი     წლის     განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ- ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული   ფორმით  წარუდგინონ  კომისიას   ინფორმაცია    გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2011  წლის  25 მარტის  N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ  ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების   ფორმების  შევსებისა და პერიოდულად  კომისიაში  წარმოდგენის  ვალდებულება  ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების      შევსება     და     კომისიაში     წარმოდგენა,     ამ     ფორმებში     მითითებული პერიოდულობით;

5.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობითა  და  რეგულირების  საფასურის  გაანგარიშებების  წარმოუდგენლობით  შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა,  ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 2019 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. ასევე, 2019 წლის ივნისის თვიდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს  „ინტერნეიშენალ  ნეთვორკს“  მიეცეს  წერილობითი  გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.  შპს  „ინტერნეიშენალ  ნეთვორკს“  დაევალოს  2019  წლის  ივნისის,  ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების    რეგულირების    ყოველწლიური  საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკს“ დაევალოს 2019 წლის ივნისის თვიდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს  კომისიის ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შპს „ინტერნეიშენალ   ნეთვორკისთვის“   გაგზავნა   და   კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5.    დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.  გოშუა) შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6.     გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   მისი   დამოწმებული   ასლის   შპს   „ინტერნეიშენალ ნეთვორკისთვის“  ჩაბარების დღიდან;

7.     გადაწყვეტილება    შეიძლება    გასაჩივრდეს    ქ.    თბილისის    საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოთ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) და  კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ.რეხვიაშვილი).

კახი ბექაური    თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები