მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2020 16:44
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2019
მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2019 წლის 3 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N გ-19-23 / 567 „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. ამავე გადაწყვეტილებით, საკითხის ზეპირი მოსმენის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 7 ნოემბერი. კომისიის 2019 წლის 7 ნოემბრის Nგ-19-19/628 გადაწყვეტილებით, ცვლილება იქნა შეტანილი კომისიის Nგ-19-23/567 გადაწყვეტილებაში და საკითხის ზეპირი მოსმენის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 5 დეკემბერი.
2019 წლის 5 დეკემბერის ზეპირი მოსმენის სხდომაზე №19 საოქმო გადაწყვეტილებით გამოცხადდა შესვენება და ზეპირი მოსმენა გაგრძელდა 2019 წლის 19 დეკემბერს. 2019 წლის 19 დეკემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ მიიღო საოქმო გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის დასრულების და საკითხის არსებითი განხილვის 2019 წლის 30 დეკემბერს ჩანიშვნის შესახებ. 2019 წლის 30 დეკემბრის საკითხის განხილვის სხდომაზე კომისიის გადაწყვეტილებით სხდომა გადაიდო 2019 წლის 31 დეკემბერს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2019 წლის 31 დეკემბერს.
კომისიის სხდომებს ესწრებოდნენ: ლ. გიორგაძე - შპს „მაგთიკომის“ კონსულტანტი, დ. ძიძიგური - შპს „მაგთიკომის “ იურისტი, ნ. დავითაშვილი - შპს „მაგთიკომის“ ტექნიკური დირექტორი, ლ. ბუჩუკური - სს „სილქნეტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, თ. ტყეშელაშვილი - სს „სილქნეტის“ პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი, კ. ყურაშვილი - სს „სილქნეტის“ სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი, მ. ჟორჟიკაშვილი - სს „სილქნეტის“ კორპორატიული სამსახურის ხელმძღვანელი, ზ. გულუა - სს „სილქნეტის“ კორპორატიული გაყიდვების განყოფილების უფროსი, ი. ესართია - შპს „ვიონი საქართველოს“ სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში კომისიის მიერ მიღებულმა რიგმა მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანაში მობილური მომსახურებების ბაზარზე კონკურენტული ფასების ჩამოყალიბების წინაპირობა უზრუნველყო. შესაბამისად, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შენარჩუნებისა და კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, „მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“, კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №267/9 და „მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების („SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №268/9 გადაწყვეტილებების მიღებისას, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, როგორც ეროვნულ როუმინგზე დაშვების, ასევე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (შემდგომში, ასევე MVNO) მიერ მობილური მომსახურების ბაზარზე შესვლის ხელშეწყობისთვის, მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისათვის როგორც ეროვნულ როუმინგზე, ასევე MVNO ქსელთან დაშვებაზე სპეციფიკური ვალდებულებების განსაზღვრა.
შესაბამისად, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის მობილური მომსახურების ბაზარზე დაშვების, წესებისა და ვალდებულებების შემუშავების მიზნით კომისიის მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა საკონსულტაციო კომპანია „PriceWaterhouseCoopers Advisory, s.r.o“ (“PwC”). აღნიშულმა კომპანიამ კომისიასთან ერთად შეიმუშავა სარეკომენდაციო დოკუმენტი ეროვნული როუმინგისა და MVNO-ს მსურველი პირებისათვის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური ოპერატორების კუთვნილ ქსელებთან დაშვების პირობების, მათ შორის დაშვების ფასის ე.წ. Retail Minus მეთოდოლოგიით დათვლის, შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი 2019 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე, დამატებითი შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღების მიზნით.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ე. იმედაძემ წარმოადგინა ინფორმაცია მობილური ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შედეგების შესახებ. წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:
საქართველოში მოქმედი მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ყველა ოპერატორი საკუთარ აბონენტებს მობილური ქსელით მომსახურების სამი ძირითადი სახის სერვისს სთავაზობს:
- მობილური ხმოვანი მომსახურება;
- მონაცემთა გადაცემის (ინტერნეტი) მომსახურება;
- მოკლე ტექსტური შეტყობინების „SMS“ მომსახურება.
მობილურ ქსელში ჩართული აბონენტების რაოდენობის დინამიკა ქვეყანაში მზარდია. 2019 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით მობილური მომსახურებით 5.5 მილიონი აბონენტი1 სარგებლობდა.
მობილური მომსახურების აბონენტთა სიმკვრივის მაჩვენებელმა საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში 2019 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით შეადგინა 147%. აღნიშნული იმ ფაქტის მაჩვენებელია, რომ ზოგ მომხმარებელს აქვს რამდენიმე SIM ბარათი, რაც საშუალებას აძლევს აბონენტს აირჩიოს მისთვის საუკეთესო მომსახურების ვარიანტი.
გადაწყვეტილების სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში