შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვისა და არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2020 12:33
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2019
შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვისა და არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომი „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4334; 11.11.2019), საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,მაგთიკომმა“ და შპს ,,ვიონი საქართველომ“ არასტანდარტული სახის SMS მომსახურების (A2P SMS და Bulk SMS მომსახურება) მიწოდების მიზნით შპს ,,გლობალ სელს“ შესთავაზეს ხელშეკრულების დადება, რომლის პირობებს შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის.
შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4334; 11.11.2019) აღნიშნულია, რომ კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-16/355 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის მიერ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის დარეგულირებამდე, მჭიდროდ დაკავშირებულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე მობილური ოპერატორების მიერ განისაზღვრა და შპს ,,გლობალ სელისთვის“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების არმქონე პირისთვის შემოთავაზებულ იქნა იდენტური ფასი, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებისა და არსებული საბაზრო რეალობის გათვალისწინებით სცდება ყოველგვარ სამართლიან, გონივრულ და არადისკრიმინაციულ პირობებს; ასევე, შემოთავაზებულ იქნა იდენტური ტექსტის მქონე ხელშეკრულების პროექტი, რაც განმცხადებლის განმარტებით, მიუთითებს ბაზრის ძირითადი მოთამაშე ოპერატორების ერთობლივ წინასწარ შეთანხმებულ მოქმედებაზე. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებით. შპს ,,მაგთიკომისა“ და შპს ,,ვიონი საქართველოს მიერ“ მოთხოვნილია თანხმობა მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეწყვეტენ მომსახურებას. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებით შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობები ცალსახად არასამართლიანი, არაგონივრული და დისკრიმინაციულია და შპს ,,გლობალ სელის“ მიერ ამ პირობებზე თანხმობის მიცემა გამოიწვევს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის შეწყვეტას, შემოსავლების და მომხმარებლების დაკარგვას, ასევე, მომხმარებლებთან არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევას/შეუსრულებლობას.
შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს კომისიამ შესაძლო უმოკლეს ვადაში მიმართოს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს და თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმაროს მას საკითხის სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით გადაწყვეტის შესაძლებლობის უზრუნველყოფაში. ასევე, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დამატებით განემარტოთ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმატებით (შეთანხმების მიღწევით) ან წარუმატებლად (შეთანხმების მიუღწევლობით) დასრულებამდე და ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კომისიის მიერ დავის გადაწყვეტამდე, არ მოახდინონ შპს ,,გლობალ სელისთვის“ მომსახურების შეჩერება ან შეწყვეტა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე შენარჩუნებულ იქნას მათ მიერ პროცესის ინიცირებამდე არსებული სტატუს-კვო.
შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ ვინაიდან, ნებისმიერი ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა/მიღება წარმოადგენს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტს და ორივე მათგანი მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია, აშკარაა, რომ კომისიის მიერ აღნიშნული მომსახურების ბაზრის საბითუმო სეგმენტის დარეგულირებამდე, ბაზრის ძირითადი მოთამაშე ავტორიზებული პირების მიერ შესაძლოა მოხდეს ამ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების გაძლიერება, არაკონკურენტული და არასამართლიანი გარემოს შექმნა - ბაზრის მცირე მოთამაშის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს აღნიშნულ სეგმენტზე კონკურენციის უზრუნველყოფის და არსებული კონკურენტული გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, კომისიამ ჩაატაროს შესაბამისი კვლევა და ანალიზი, რათა დადგინდეს მომსახურების ბაზრის ამ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები და განისაზღვროს მათი ვალდებულებები, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვისა და არაკონკურენტული ქმედებების განხორციელების თავიდან აცილების მიზნით.
შპს „გლობალ სელის“ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შპს „გლობალ სელმა“ შპს „მაგთიკომს“ და შპს „ვიონი საქართველოს“ გაუგზავნა შენიშვნები და მოსაზრებები შემოთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით (წერილები N11.11.2019/1; 11.11.2019; N11.11.2019/2; 11.11.2019). შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის მისთვის შემოთავაზებული ხელშეკრულების 5.1 პუნქტს და მიაჩნია, რომ ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით 1 (ერთი) ცალი მოკლე ტექსტური შეტყობინების ღირებულება - 0.0025 ლარი, დღგ-ს ჩათვლით არ არის სამართლიანი და გონივრული და გამორიცხულია ამ ფასის ხარჯზე ორიენტირებული პრინციპით დაანგარიშების ობიექტურობა. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებით, არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით და მობილური ოპერატორების მიერ მომხმარებლებისთვის დღემდე შეთავაზებული და მოქმედი საფასო პოლიტიკის მიხედვით, მობილური ოპერატორების მიერ შემოთავაზებული ურთიერთჩართვის გონივრული და სამართლიანი ფასი არ უნდა აღემატებოდეს 0,001 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რის შედეგადაც შპს ,,გლობალ სელი“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების არმქონე ოპერატორი, ძალიან მცირე მოგებით და შემოსავლის 50%-იანი შემცირებით, შეძლებს მომხმარებლების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ამ მომსახურების შენარჩუნებას, ხოლო მობილური ოპერატორები, აქამდე არსებული ნულოვანი შემოსავლის ნაცვლად, შეძლებს დამატებითი შემოსავლის მიღებას, რაც შესაძლებელია განხილულ იქნას გონივრულ, სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომად.
შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მობილური ოპერატორებისთვის გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, მობილური ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფი ცალსახად განაპირობებს მომხმარებელთა დანაკარგს, შემოსავლების დანაკარგს, მომხმარებლების წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით დამდგარ შედეგზე ზიანის ანაზღაურების დამატებით ვალდებულებებს, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ არათანაბარი კონკურენციის პირობების შექმნას. ასევე, შპს ,,გლობალ სელს“ მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს მხარეთა ვალდებულება, მომხმარებლებს არ შესთავაზონ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ურთიერთჩართვის ტარიფზე ნაკლები ან ტოლფასი ოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მხარეთა კონკურენციის მინიმალური პირობები და შპს ,,გლობალ სელს“ არ შეექმნას შესაბამისი მომსახურების მიწოდების და საქმიანობის შეზღუდვის წინაპირობა. ამასთანავე, შპს ,,გლობალ სელს“ მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო პირობებით გამოწვეული ცვლილებების ძალაში შესვლის ვადა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი და ასეთ ვადად უთითებს მხარეთა შეთანხმებიდან 1 თვეს ან 2020 წლის პირველ იანვარს.
შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მობილური ოპერატორებისთვის გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულების 1.1.5 და 1.1.6 პუნქტებს, რომლებიც მხარეებს ავალდებულებენ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისთვის დაიცვან ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობები. შპს ,,გლობალ სელის“ განმარტებით, მომხმარებლების წინაშე ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება და მათთვის მომსახურების მიწოდება შეთანხმებული ფასითა და პირობებით შეუძლებელი იქნება.
შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მობილური ოპერატორებისთვის გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულების 4.1.4 და 6.6. პუნქტებს, რომლებიც მხარეებს ავალდებულებს არ გამოიყენონ ერთმანეთთან არსებული ტექნიკური შეერთებები იმ მიზნით, რომ განხორციელდეს არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით შეტყობინებების გაგზავნა მეორე მხარის ქსელის გავლით ან მეშვეობით სხვა ავტორიზებული პირის (მესამე პირის) ქსელის ან აბონენტების მიმართულებით. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმის სახით დაწესებულია 0.003 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
შპს ,,გლობალ სელის“ განმარტებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების არმქონე პატარა ოპერატორის ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეუძლებელია თითოეული ინიცირებული მოკლე ტექსტური შეტყობინების გადამოწმება პორტაბელობის მონაცემთა ბაზასთან, რაც უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ მობილური ოპერატორის კუთვნილი სანომრე ინდექსის ამა თუ იმ ნომერზე გაიგზავნოს მობილური ოპერატორის ქსელის მიმართულებით. ამასთანავე, შპს ,,გლობალ სელს“ მიაჩნია, რომ ტრანზიტისთვის შემოთავაზებული ფასი არაგონივრულად დიდია და ითხოვს მის შემცირებას 0.001 ლარის ფარგლებში ან ხელშეკრულებით მობილური ოპერატორის უფლების განსაზღვრას არ დააბოლოვოს თავის ქსელში შემავალი ის შეტყობინებები, რომლებიც გაგზავნილია სხვა ქსელის კუთვნილ სატელეფონო ნომრებზე, ხოლო შპს ,,გლობალ სელი“ აიღებს ვალდებულებას გამოაგზავნოს მხოლოდ ის შეტყობინებები, რომლებიც ინიცირებულია ხელშეკრულების მხარის, მობილური ოპერატორის სანომრე ინდექსების ნომრებზე.
შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მობილური ოპერატორებისთვის გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, ხელშეკრულების პროექტის 4.1.1. და 5.1.1 პუნქტებთან დაკავშირებით, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს შეერთების ტექნოლოგიების ჩამონათვალში განისაზღვროს SS7 ან/და SMPP ტიპის შეერთებები და SMS-ის გაგზავნისას გამოყენებული შეერთების ტიპის მიუხედავად, დატარიფიცირებას დაექვემდებაროს მხოლოდ ,,მიღებულია“ (Delivered) სტატუსის მქონე მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მობილური ოპერატორებისთვის გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს ხელშეკრულების პროექტის 5.5 პუნქტით დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის ვადად საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ნაცვლად, განისაზღვროს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი. ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეწარმე სუბიექტის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და წარდგენა ხდება დასაბეგრი ოპერაციის თანხაზე, ხოლო სადავო მონაცემები არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას მის საბოლოო შეთანხმებამდე, შპს ,,გლობალ სელს“ მიზანშეწონილად მიაჩნია, ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა არასადაო ნაწილზე, ხოლო სადაო ნაწილთან დაკავშირებით - მხარეთა მიერ მონაცემების შეთანხმებისა და მისი დოკუმენტურად (ოქმის სახით) დადასტურების შემდეგ.
შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მობილური ოპერატორებისთვის გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულების 5.7 და 5.8 პუნქტებს, რომლებიც შპს ,,მაგთიკომს“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ უფლებას აძლევს შეუწყვიტონ შპს ,,გლობალ სელს“ მომსახურება, თუ ის არ დაეთანხმება ცალმხრივად შეცვლილ მომსახურების ტარიფს და ითხოვს ხელშეკრულებაში ტარიფის ცვლილების შესაძლებლობა განისაზღვროს სამართლიანობის, გონივრულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით.
შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მობილური ოპერატორებისთვის გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, ხელშეკრულების 6.4 პუნქტთან დაკავშირებით, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს ფროდთან დაკავშირებული საფუძვლიანი ეჭვის არსებობის პირობებში, ხელშეკრულებით განისაზღვროს მხოლოდ მომსახურების იმ შესაბამისი ნაწილის დროებით შეჩერების უფლება, რომელთან მიმართებით არსებობს ფროდის ეჭვი და არა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების სრული შეჩერების შესაძლებლობა.
შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მობილური ოპერატორებისთვის გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, ხელშეკრულების 2.1.8 და 2.1.9 პუნქტებთან დაკავშირებით, შპს ,,გლობალ სელს“ მიაჩნია, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც უკავშირდება მათ შორის, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებების ისეთ სისტემებს, როგორიცაა Glovo, Wolt და ა.შ. ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს ფარგლებს გარეთ წამოწყებულ მომსახურებად, ვინაიდან, აღნიშნული კომპანიები საქართველოში ოპერირებს ქართული წარმომადგენლობის (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული იურიდიული პირის მეშვეობით).
შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მობილური ოპერატორებისთვის გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულების პროექტის მე-3 მუხლსა და 6.5 პუნქტს რომელთა მიხედვით, ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის მხოლოდ ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურების გაწევას, ხოლო საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS გაგზავნის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეაჩეროს/შეზღუდოს ამგვარი მომსახურების მიწოდება საკუთარი აბონენტებისთვის და თითოეულ ამგვარ SMS-ზე მეორე მხარეს დაარიცხოს საფასური 0.24 ლარის ოდენობით და ასევე, ყოველ ასეთ შემთხვევაზე ჯარიმის სახით დაარიცხოს 1000 ლარი. შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს დაცულ იქნას ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი, ასევე, თუ ხელშეკრულება არ ვრცელდება საერთაშორისო სახის არასტანდარტული SMS მომსახურებაზე, მოწოდებულ იქნას ხელშეკრულების პროექტი სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით და ფასებით ან ხელშეკრულება გავრცელდეს მომსახურების ამ მიმართულებაზეც მობილური ოპერატორების მიერ შეთავაზებული ფასით (0.24 ლარი) საჯარიმო სანქციების გარეშე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 21 ნოემბერს, რის თაობაზეც შეტყობინებებით (Nგ-19-03/3616; 18.11.2019; Nგ-19-03/3617; 18.11.2019) ეცნობათ შპს ,,გლობალ სელს“, შპს ,,მაგთიკომს“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“.
კომისიის 2019 წლის 21 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადნენ შპს ,,გლობალ სელის“ დირექტორი გ. მადუაშვილი, შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი. ესართია და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე.
შპს ,,ვიონი საქართველოს“ და შპს ,,მაგთიკომის“ მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ შეთავაზებულ სადავო სახელშეკრულებო პირობებზე მორიგების მიზნით, კომისიის მოსამზადებელი სხდომის გამართვის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 28 ნოემბერი, რის თაობაზეც კომპანიების წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე.
კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,გლობალ სელის“ დირექტორი გ. მადუაშვილი, შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი. ესართია და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლ.გიორგაძე. კომპანიების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მათ შორის სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმება ვერ შედგა. შპს ,,გლობალ სელის“ დირექტორის განცხადებით, შპს ,,ვიონი საქართველომ“ გაიზიარა შპს ,,გლობალ სელის“ შენიშვნები და წინადადებები შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებზე, გარდა ტარიფისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და ასევე, „ერთის მხრივ შპს „მაგთიკომსა“ და მეორეს მხრივ შპს „ვიონი საქართველოს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-16/355 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „გლობალ სელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ შორის SMS მომსახურების პირობებთან დაკავშირებით არსებული დავა შედიოდა კომისიის კომპეტენციაში და კომისიაში უნდა დაწყებულიყო შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვა. შესაბამისად, კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის Nგ-19-16/655 გადაწყვეტილებით, შპს „გლობალ სელის“ განცხადების (Nშ-19-6/4334; 11.11.2019) განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 19 დეკემბერი, რის თაობაც შპს ,,გლობალ სელი“, შპს ,,მაგთიკომი“ და შპს ,,ვიონი საქართველო“ გაფრთხილდნენ კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4609; 29.11.2019), საიდანაც ირკვევა, რომ სს ,,სილქნეტმა“ არასტანდარტული სახის SMS მომსახურების (A2P SMS და Bulk SMS მომსახურება) მიწოდების მიზნით შპს ,,გლობალ სელს“ შესთავაზა ხელშეკრულების დადება, რომლის პირობებს შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებაში (Nშ-19-6/4609; 29.11.2019) აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ მისთვის მიწოდებული ხელშეკრულების პროექტის პირობები შპს ,,მაგთიკომის“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტების პირობების იდენტურია და შპს ,,გლობალ სელს“ გააჩნია იგივე მოთხოვნები და შენიშვნები შპს ,,სილქნეტის“ ხელშეკრულების პროექტის მიმართ, რაც წარმოადგინა კომისიაში 2019 წლის 11 ნოემბრის Nშ-19-6/4334 განცხადებით შპს ,,მაგთიკომის“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ მომსახურების ხელშეკრულებების პროექტებთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 5 დეკემბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-19-03/3801; 02.12.2019; Nგ-19-03/3802; 02.12.2019;) ეცნობათ შპს ,,გლობალ სელს“ და სს ,,სილქნეტს“.
კომისიის 2019 წლის 5 დეკემბერს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,გლობალ სელის“ დირექტორი გ. მადუაშვილი და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი ნ. ნიჟარაძე.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და ასევე, „ერთის მხრივ შპს „მაგთიკომსა“ და მეორეს მხრივ შპს „ვიონი საქართველოს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-16/355 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „გლობალ სელს“ და შპს ,,სილქნეტს“ შორის SMS მომსახურების პირობებთან დაკავშირებით არსებული დავა შედიოდა კომისიის კომპეტენციაში და კომისიაში უნდა დაწყებულიყო შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვა. ამასთანავე, შპს ,,გლობალ სელის“ 2019 წლის 11 ნოემბრის Nშ-19-6/4334 განცხადებაში აღნიშნული საკითხი და მოთხოვნები შპს ,,გლობალ სელის“ 2019 წლის 29 ნოემბრის Nშ-19-6/4609 განცხადებაში აღნიშნული საკითხისა და მოთხოვნების იდენტურია. ორივე შემთხვევაში განმცხადებელი სადავოდ ხდის მობილური ოპერატორების მიერ მისთვის შეთავაზებული მომსახურების ხელშეკრულების პირობებს. შესაბამისად, შპს ,,გლობალ სელის“ ორივე განცხადებაში აღნიშნული საკითხები და მოთხოვნები ერთგვაროვანია და სამართლებრივად დაკავშირებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებების უფრო სწრაფად და სწორად განხილვის მიზნით, კომისიის 2019 წლის 5 დეკემბრის Nგ-19-16/677 გადაწყვეტილებით შპს ,,გლობალ სელის“ 2019 წლის 11 ნოემბრის Nშ-19-6/4334 განცხადებისა და 2019 წლის 29 ნოემბრის Nშ-19-6/4609 განცხადების განხილვის თაობაზე საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და შპს ,,გლობალ სელის“ განცხადებების განხილვა დაინიშნა ერთად, 2019 წლის 19 დეკემბერს, რის თაობაზეც კომისიის 2019 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე გაფრთხილდნენ შპს ,,გლობალ სელი“ და სს ,,სილქნეტი“.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, შპს ,,ვიონი საქართველოს“, შპს ,,მაგთიკომს“ და სს ,,სილქნეტს“ წერილობით (Nგ-19-08/3902;11,12,2019) მოეთხოვათ 2 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში იმ ხელშეკრულებების წარმოდგენა, რომლებიც ძალაშია და რომლის საფუძველზეც ხორციელდება მათი კომპანიის მიერ, როგორც მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებზე, ასევე სხვა ავტორიზებულ პირებზე და უცხო ქვეყნის (არარეზიდენტ) პარტნიორ კომპანიებზე, როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული SMS მომსახურებების მიწოდება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე, შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4334; 11.11.2019) განხილვის დროს, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ე. იმედაძის მიერ სხდომაზე მიცემული განმარტების საფუძველზე გაირკვა, რომ მობილურ ოპერატორებს სრულად არ ჰქონდათ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ხოლო შპს ,,ვიონი საქართველოს“ არ ჰქონდა წარმოდგენილი არცერთი მოთხოვნილი დოკუმენტი. შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის ი. ესართიას განმარტებით, მობილურ ოპერატორებთან და სხვა ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც ძალაში შედის 2020 წლის პირველი იანვრიდან, კომისიაში წარმოადგინეს საათნახევრის წინ. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ე. იმედაძემ განაცხადა, რომ მათ აღნიშნული დოკუმენტაცია არ მიუღიათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გლობალ სელის“ განცხადების განხილვა გადაიდო 2019 წლის 30 დეკემბრისთვის.
საკითხის შესწავლის მიზნით, შპს ,,ვიონი საქართველოს“, შპს ,,მაგთიკომს“, სს ,,სილქნეტს“ და შპს ,,გლობალ სელს“ წერილობით (Nგ-19-08/4041; 24.12.2019) მოეთხოვათ 2017 და 2018 წლების, აგრეთვე 2019 წლის 11 თვის (იანვარი - ნოემბერი) განმავლობაში ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურებებიდან (A2P SMS და Bulk SMS ცალ-ცალკე) და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების და შესაბამისი SMS რაოდენობების შესახებ ინფორმაციის, ასევე, ანაზღაურების გარეშე აღნიშნული მომსახურებების განხორციელებისას, მხოლოდ მიღებული SMS რაოდენობების შესახებ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა, თვეების ჭრილში, იურიდიული პირების მიხედვით (როგორც ავტორიზებული, ასევე არა ავტორიზებული პირები).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,მაგთიკომის“, შპს ,,ვიონი საქართველოს“, სს ,,სილქნეტის“ წერილები (Nშ-19-6/4858; 18.12.2019; Nშ-19-6/4881; 19.12.2019; Nშ-19-6/5052), რომელთა თანახმად, აღნიშნული წერილებით კომპანიებმა კომისიაში წარმოადგინეს კომისიის მიერ მოთხოვილი ხელშეკრულებები. კომისიაში ასევე, შემოვიდა შპს ,,გლობალ სელის წერილები (Nშ-19-6/5025; 30.12.2019; Nშ-19-6/5027; 30.12.2019) კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე.
კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,მაგთიკომის“, შპს ,,გლობალ სელის“ და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი. ამასთანავე, შპს ,,ვიონი საქართველოს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების მითითებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ვიონი საქართველო“ გაფრთხილებული იყო საკითხის განხილვის გამართვის თარიღისა და დროის თაობაზე კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის თაობაზე შესრულებული იყო. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
2019 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ე. იმედაძემ წარმოადგინა დეპარტამენტის პოზიცია მობილური ოპერატორების მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ არასტანდარტული სახის SMS მომსახურების მიწოდების თაობაზე შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით. შეთავაზებული ხელშეკრულების 5.5 პუნქტთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ თუ მხარეებს შორის არ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, შეუძლებელია ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და შპს ,,გლობალ სელისთვის“ შეთავაზებულ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იყოს ეს დაზუსტება. ხელშეკრულების 6.4 პუნქტთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო პირობებიდან არ ჩანს ფროდის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ოპერატორი შეაჩერებს მთლიანად მომსახურებას თუ მხოლოდ იმ ნომრებს შეზღუდავს, რომლებთან მიმართებით არსებობს ფროდის ეჭვი. ხელშეკრულების 2.1.8 და 2.1.9 პუნქტებთან დაკავშირებით, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებების ისეთ სისტემების, როგორიცაა Glovo, Wolt და ა.შ. გამოყენებით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები უნდა იყოს თუ არა მიჩნეული საქართველოს ფარგლებს გარეთ წამოწყებულ მომსახურებად, ე. იმედაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებდა. ე. იმედაძემ ასევე განმარტა, რომ შპს „გლობალ სელი“ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფს ხდის სადავოდ. ამ ნაწილში დეპარტამენტის წინადადებაა, რომ დაიწყოს ცალკე საქმის წარმოება და A2P Bulk ტიპის SMS-ების მომსახურების კვლევა. კომისიამ გამოითხოვა კომპანიებისგან ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში არასტანდარტული ტიპის SMS-ების მომსახურების ტიპის მომსახურებით მიღებული შემოსავლებისა და SMS რაოდენობების შესახებ იმისთვის, რომ გაიმიჯნოს ეს მომსახურება სტანდარტული მომსახურებისგან. თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას და დაიწყება წარმოება, შეისწავლება საკითხი და წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები, რამდენად სამართლიანია შეთავაზებული ტარიფი.
ხელშეკრულების 4.1.4 და 6.6. პუნქტებთან დაკავშირებით, მეორე მხარის ქსელის გავლით არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის მიზნით ერთმანეთთან არსებული ტექნიკური შეერთებების გამოყენების შემზღუდველი პირობის თაობაზე, კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ლ. ლაშქარავამ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის დეფინიციაზე მითითებით აღნიშნა, რომ ტრანზიტულად გაგზავნილი SMS-ების შეზღუდვის უფლება ოპერატორს არ აქვს. ხელშეკრულების პროექტის 4.1.1. და 5.1.1 პუნქტებთან დაკავშირებით, SS7 ან/და SMPP ტიპის შეერთებების შეერთების ტექნოლოგიების ჩამონათვალში განსაზღვრის თაობაზე, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა დაადასტურა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი ოპერატორების შორის ურთიერთშეთანხმების საგანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომის“, შპს ,,ვიონი საქართველოს“ და სს ,,სილქნეტის“ მიერ არასტანდარტული სახის SMS მომსახურების მიწოდების მიზნით შპს ,,გლობალ სელისთვის“ შეთავაზებული ხელშეკრულების პირობების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ასევე, კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტების მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებების საფუძველზე კომისია აღნიშნავს შემდეგს:
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას: ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ასაბუთებს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტულობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია; ბ) სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით, რომლებიც ასაბუთებენ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია; გ) საკუთარი ინიციატივით.
„ერთის მხრივ შპს „მაგთიკომსა“ და მეორეს მხრივ შპს „ვიონი საქართველოს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-16/355 გადაწყვეტილებით, მოდავე მხარეებს განემარტათ: მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა/მიღება წარმოადგენს მობილური სატელეფონო მომსახურების სახეობას.
ტრადიციული მოკლე ტექსტური შეტყობინება წარმოადგენს ორ აბონენტს შორის შეტყობინებას, რომლის გაგზავნაც შესაძლებელია A ნომრიდან B ნომერზე (ე.წ. P2P). რაც შეეხება მარკეტინგული, კომერციული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა დანიშნულების მოკლე ტექსტური შეტყობინებებს, რომლებსაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ერთი ოპერატორი აპლიკაციის მეშვეობით (A ნომრით, ან მის გარეშე, ე.წ. A2P), დიდი (მასობრივი) რაოდენობით გზავნის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა ოპერატორის ან საკუთარ აბონენტებთან (ე.წ. Bulk SMS), ამგვარი შეტყობინებები წარმოადგენს განსხვავებულ, არასტანდარტული სახის SMS მომსახურებას; მოკლე ტექსტური შეტყობინებების მობილურ ქსელში დასრულების მომსახურების ბაზრის საბითუმო სეგმენტი მიმდინარე ეტაპზე რეგულაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შეუძლიათ მიაწოდონ ასეთი მომსახურება სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით; საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში მოკლე ტექსტური შეტყობინების ნებისმიერი მიზნითა თუ დანიშნულებით გაგზავნისას, ოპერატორების მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი, განურჩევლად გამოყენებული მოწყობილობებისა თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა. ამდენად, მოკლე ტექსტური შეტყობინებების საკუთარ ქსელში დასრულების მომსახურების მიწოდება წარმოადგენს ურთირთჩართვის განუყოფელ ნაწილს, რომლის შეწყვეტაც დაუშვებელია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ამავე გადაწყვეტილებაში კომისიამ განმარტა, რომ SMS მომსახურების ხელშეკრულების პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მხარეები ვალდებულნი არიან მიმართონ კომისიას დავის გადაწყვეტის მიზნით.
შპს ,,გლობალ სელი“ კომისიისგან ითხოვს შპს ,,მაგთიკომის“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ და სს ,,სილქნეტის“ მიერ მისთვის შეთავაზებული არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების თაობაზე შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობების გონივრულობის, სამართლიანობის და არადისკრიმინაციულობის შესწავლას სადავო ნაწილში.
შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის მისთვის შემოთავაზებული ხელშეკრულების 5.1 პუნქტს და მიაჩნია, რომ ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით 1 (ერთი) ცალი მოკლე ტექსტური შეტყობინების ღირებულება - 0.0025 ლარი, დღგ-ს ჩათვლით არ არის სამართლიანი და გონივრული და გამორიცხულია ამ ფასის ხარჯზე ორიენტირებული პრინციპით დაანგარიშების ობიექტურობა. ამასთანავე, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს კომისიამ მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ჩაატაროს შესაბამისი კვლევა და ანალიზი, რათა დადგინდეს მომსახურების ბაზრის ამ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები და განისაზღვროს მათი ვალდებულებები, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვისა და არაკონკურენტული ქმედებების განხორციელების თავიდან აცილების მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია მობილური ოპერატორების მიერ შპს ,,გლობალ სელისთვის“ არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით 1 (ერთი) ცალი მოკლე ტექსტური შეტყობინების ღირებულების გონივრულობის, სამართლიანობის და არადისკრიმინაციულობის დადგენა. აღნიშნული საკითხის სათანადოდ შესწავლისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ აუცილებელია არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება და ამ მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. საკითხის სირთულიდან და შესასწავლი დოკუმენტაციის/მასალის მოცულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების ვადად უნდა განისაზღვროს 3 თვე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მობილური ოპერატორებისთვის გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულების 1.1.5 და 1.1.6 პუნქტებს, რომლებიც მხარეებს ავალდებულებენ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისთვის დაიცვან ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობები. კომისიას მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო პირობების ბუნდოვანების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული პუნქტები უნდა დაზუსტდეს ,,ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობების“ ნაწილში.
შპს ,,გლობალ სელის“ მიერ მობილური ოპერატორებისთვის გაგზავნილი წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების თანახმად, შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულების 4.1.4 და 6.6. პუნქტებს, რომლებიც მხარეებს ავალდებულებს არ გამოიყენონ ერთმანეთთან არსებული ტექნიკური შეერთებები იმ მიზნით, რომ განხორციელდეს არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით შეტყობინებების გაგზავნა მეორე მხარის ქსელის გავლით ან მეშვეობით სხვა ავტორიზებული პირის (მესამე პირის) ქსელის ან აბონენტების მიმართულებით.
ხელშეკრულების პროექტის 4.1.4 და 6.6. პუნქტებთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვა არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით. კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას ევროკავშირის რეგულაციებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს ხელშეკრულების პროექტის 5.5 პუნქტით დღგ-ს ანგარიშ- ფაქტურის წარდგენის ვადად საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ნაცვლად, განისაზღვროს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი. ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეწარმე სუბიექტის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და წარდგენა ხდება დასაბეგრი ოპერაციის თანხაზე, ხოლო სადავო მონაცემები არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას მის საბოლოო შეთანხმებამდე, შპს ,,გლობალ სელს“ მიზანშეწონილად მიაჩნია, ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა არასადაო ნაწილზე, ხოლო სადაო ნაწილთან დაკავშირებით - მხარეთა მიერ მონაცემების შეთანხმებისა და მისი დოკუმენტურად (ოქმის სახით) დადასტურების შემდეგ.
ხელშეკრულების პროექტის 5.5 პუნქტთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ ანგარიშ-ფაქტურა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი/ფორმა, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან (საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და სხვა) დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის (იხ. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტი). შესაბამისად, ანგარიშ- ფაქტურა მომსახურების მიმწოდებელმა მომსახურების მიმღებს უნდა გამოუწეროს მხოლოდ გაწეული მომსახურების შეთანხმებულ ნაწილზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ხელშეკრულების პროექტის 4.1.1. და 5.1.1 პუნქტებთან დაკავშირებით, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს შეერთების ტექნოლოგიების ჩამონათვალში განისაზღვროს SS7 ან/და SMPP ტიპის შეერთებები და SMS-ის გაგზავნისას გამოყენებული შეერთების ტიპის მიუხედავად, დატარიფიცირებას დაექვემდებაროს მხოლოდ ,,მიღებულია“ (Delivered) სტატუსის მქონე მოკლე ტექსტური შეტყობინებები. კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი ოპერატორების შორის ურთიერთშეთანხმების საგანია.
შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულების 5.7 და 5.8 პუნქტებს, რომლებიც შპს ,,მაგთიკომს“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ უფლებას აძლევს შეუწყვიტონ შპს ,,გლობალ სელს“ მომსახურება, თუ ის არ დაეთანხმება ცალმხრივად შეცვლილ მომსახურების ტარიფს და ითხოვს ხელშეკრულებაში ტარიფის ცვლილების შესაძლებლობა განისაზღვროს სამართლიანობის, გონივრულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით. კომისია აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმწოდებელი მობილური ოპერატორი აღნიშნული პუნქტის საფუძველზე მომსახურებას შეუწყვეტს შპს ,,გლობალ სელს“ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, აღნიშნული არ იქნება შესაბამისობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან.
ხელშეკრულების 6.4 პუნქტთან დაკავშირებით, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს ფროდთან დაკავშირებული საფუძვლიანი ეჭვის არსებობის პირობებში, ხელშეკრულებით განისაზღვროს მხოლოდ მომსახურების იმ შესაბამისი ნაწილის დროებით შეჩერების უფლება, რომელთან მიმართებით არსებობს ფროდის ეჭვი და არა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების სრული შეჩერების შესაძლებლობა. კომისია იზიარებს შპს ,,გლობალ სელის“ შენიშვნას და მიაჩნია, რომ მისთვის შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობებიდან მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ ფროდის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერდება მხოლოდ მომსახურების ის ნაწილი, რომელთან მიმართებით არსებოს ფროდის ეჭვი.
ხელშეკრულების 2.1.8 და 2.1.9 პუნქტებთან დაკავშირებით, შპს ,,გლობალ სელს“ მიაჩნია, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც უკავშირდება მათ შორის, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებების ისეთ სისტემებს, როგორიცაა Glovo, Wolt და ა.შ. ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს ფარგლებს გარეთ წამოწყებულ მომსახურებად, ვინაიდან, აღნიშნული კომპანიები საქართველოში ოპერირებს ქართული წარმომადგენლობის (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული იურიდიული პირის მეშვეობით). კომისია აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს შესაბამის ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე. შესაბამისად, ეს საკითხი შესწავლილი იქნება არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
შპს ,,გლობალ სელი“ ასევე, ითხოვს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დამატებით განემარტოთ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმატებით (შეთანხმების მიღწევით) ან წარუმატებლად (შეთანხმების მიუღწევლობით) დასრულებამდე და ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კომისიის მიერ დავის გადაწყვეტამდე, არ მოახდინონ შპს ,,გლობალ სელისთვის“ მომსახურების შეჩერება ან შეწყვეტა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე შენარჩუნებულ იქნას მათ მიერ პროცესის ინიცირებამდე არსებული სტატუს-კვო. შპს ,,გლობალ სელის“ აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად უნდა იქნეს მიჩნეული იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მობილურ ოპერატორებს კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის Nგ-19-16 / 655 და 5 დეკემბრის Nგ-19-16 / 677 გადაწყვეტილებებით განემარტათ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების თაობაზე, ხოლო კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის Nგ-20-18/52, Nგ-20-18/25 და Nგ-19-18/703 გადაწყვეტილებებით მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის მიერ სადავოდ გამხდარი რამდენიმე საკითხის შესწავლა კომისიას შესაძლებლად მიაჩნია მხოლოდ არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილი, VII და IX თავების ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,გლობალ სელის“ განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გარდა განცხადების იმ ნაწილისა, რომელიც ეხება შპს ,,გლობალ სელისთვის“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ შპს ,,მაგთიკომის“ და სს ,,სილქნეტის“ მიერ შეთავაზებული სახელშეკრულებო სადავო პირობებზე შპს ,,გლობალ სელის“ მოთხოვნებს, რომლებიც კომისიამ არ გაიზიარა და ასევე, საკითხებს, რომლებიც მოითხოვს შესწავლას არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 6 თებერვალს, 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 3 თვე;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. გადაწყვეტილება (გარდა მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა) ძალაში შევიდეს მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
9. გადაწყვეტილება (გარდა მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებსთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი